დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ფლეშკა“ - რვეულის ნაცვლად!
„ფლეშკა“ - რვეულის ნაცვლად!
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 2074
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე

ჩაანაცვლა თუ არა სახელმძღვანელო ინტერნეტმა?

 

 

სულ რაღაც 5-6 წლის წინაც კი მოზარდები ერთმანეთისთვის საუკეთესო საჩუქრად კარგ წიგნს მიიჩნევდნენ. მშობლები ცდილობდნენ, საბავშო ბიბლიოთეკა გაემდიდრებინათ და საკუთარი შვილისთვის კიდევ უფრო შეეყვარებინათ კითხვა.

 

 

რა ხდება დღეს? ახლა აღარც წიგნია საუკეთესო საჩუქარი და არც მშობლები იღწვიან შვილების წიგნიერი განათლებისათვის. დღევანდელი მოზარდები დიდი ქართველი მწერლების შემოქმედებას იმდენად იცნობენ, რამდენადაც სკოლაში გაეცნობიან, ანუ სავალდებულო სასკოლო პროგრამის ფარგლებში, რაც ინტერნეტში მოძიებას ნიშნავს.

 

დღეს ბავშვმა შეიყვარა კომპიუტერი და შეიძლება ითქვას, რომ ბოლომდე გადაეშვა ამ ვირტუალურ სამყაროში. ბევრი მოზარდი ამბობს, რომ მისთვის საჭირო ცოდნას კომპიუტერიდანაც იღებს. თუმცა, მას რომც არ უნდოდეს ეკრანიდან ამოიწეროს ესა თუ ის დავალება, ამას სახელმძღვანელოები მაინც ავალდებულებს.


საკამათო აღარაა, რომ ახალგაზრდა თაობას კითხვა არ უყვარს და არ უნდა. ისინი თანამედროვე ტექნიკურ საშუალებებს ანიჭებენ უპირატესობას და ამბობენ, რომ ასე გაცილებით სწრაფად, მარტივად და მოხერხებულად ღებულობენ საჭირო ინფორმაციას. წიგნის მაღაზიებსა და ბიბლიოთეკებს კი იშვიათად აკითხავენ.

 

ახალგაზრდებისაგან განსხვავებით, უფროსი ასაკის მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ კომპიუტერი წიგნს ვერ შეცვლის და კითხვა, პირველ რიგში, ლოგიკური აზროვნებისა და მეტყველების განვითარებისთვისაა აუცილებელი.

 

საჯარო სკოლების პედაგოგები ამბობენ, რომ გასულ წლებთან შედარებით წიგნიერების დონე გაცილებით დაბალია.

 

„ადრე სრულიდ განსხვავებული თაობა იყო. სახელმძღვანელოებში საკმარისი ინფორმაცია თუ არ ეწერა, ჩვენ თვითონ ვაძლევდით ბავშვებს მიმართულებას, თუ სად, რომელ სახელმძღვანელოში უნდა მოეძიებინათ ესა თუ ის ინფორმაცია. ვეძებდით გარჩევებს, ვაძლევდით ესეებს, ყოველი გაკვეთილი რაღაც ახალი აღმოჩენით სრულდებოდა, ვმართავდით დისკუსიებს და ახალგაზრდების გონება თანდათანობით ვითარდებოდა კამათსა და მსჯელობებში. ბავშვები ერთმანეთს უმტკიცებდნენ საკუთარი ნააზრევის, მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის სიზუსტეს და შედეგიც აშკარა იყო: მათი აზროვნება ძალიან აქტიური გახდა, მაგრამ ძალზედ სამწუხაროა, რომ ეს ფაქტი წარსულში დარჩა ტკბილ მოგონებად, ვინაიდან დღეს, აღარავის აინტერესებს წიგნებში „ქექვა“ და ყველა ინტერნეტს არის მიჩერებული. ეს არ არის ახალი თაობის დანაშაული, ეს სახელმწიფოს დანაშაულია, რადგან ის ავალდებულებს პედაგოგს და შემდეგ მოსწავლეს, რომ დავალება „ფლეშკაზე“ ჩაწერილი მოუტანოს მასწავლებელს და არა რვეულზე საკუთარი ხელით და აზრით დაწერილი. დაკოპირებული დავალებები არც ჩემთვის, პედაგოგისთვის არ არის საინტერესო და ვერ ვაფასებ ობიექტურად,“ - ამბობს აბაშის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში მოღვაწე ირინა მასწავლებელი.

 

და მართლაც, პედაგოგებს თითქმის ყველა სახელმძღვანელო ავალდებულებს მოსწავლეებს მათ წიგნებში არასრულად მითითებული ინფორმაციის ამა თუ იმ ვებგვერდზე მოძიებას. შესაბამისად, ბავშვები ვალდებულნი არიან, ნაცვლად სახელმძღვანელოებში ძიებისა, ინტერნეტის საშუალებით გაიგონ მეტი მათი გაკვეთილის, თუ დავალების შესახებ.

 

გადავხედეთ თანამედროვე სახელმძღვანელოებს და ვნახეთ, რომ თითქმის ყველა გაკვეთილის ბოლოს მითითებულია ვებგვერდი, სადაც მათი გაკვეთილის გაშლილი ვერსია ეგულებათ მოსწავლეებს, პედაგოგები კი დავალებების ე.წ. „ფლეშკით“ მიტანას სთხოვენ მოსწავლეებს. ვებგვერდებსაც შევავლეთ თვალი და იქ აბსოლუტურად ამომწურავი ინფორმაციების ლაბირინთში აღმოვჩნდით.  ერთი შეხედვით ზღვა მასალის წყაროა, მაგრამ როცა დავალებების შესრულებაზე მიდგება საქმე, სერიოზულ პრობლემას ვაწყდებით. არსებობს ე.წ. ბლოგები, სადაც ნებისმიერ თემაზე დაწერილი ესეები არის განთავსებული. მთავარია, „დაგუგლოთ“ საჭირო სიტყვა და რამდენიმე ათეული ვერსია გადაიშლება ჩვენს თვალწინ. მოსწავლეც უცვლელად გადმოიტანს მის ჩიპზე, ან თუნდაც რვეულში და დავალებაც მზად არის.

 

ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას სოფლის სკოლებში, სადაც ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ინტერნეტზე და შესაბამისად, ახალგაზრდებს უძნელდებათ ამა თუ იმ დავალების შესრულება. რაც შეეხება ქალაქის სკოლებს, თუ ბავშვს ოჯახში არ აქვს კომპიუტერი, ინტერნეტ კაფეებში შეუძლია შესვლა და დავალების „ფლეშკაზე“ გადაწერა.

 

გარდა იმისა, რომ არსებობს კომუნიკაციის პრობლემა, სოფლის სკოლაში მოღვაწე პედაგოგები იმითაც არიან უკმაყოფილონი, რომ ბავშვები დავალებას პირატულ გვერდებზე ნახულობენ და იქედან იწერენ, რის გამოც თითქმის ყველას სხვის მიერ ნააზრები აქვს გადაწერილი რვეულში.

 

ჩემი რესპონდენტი ანანო აბაშის ერთ-ერთ რაიონში ცხოვრობს. იგი მეხუთე კლასშია და საკმაოდ მოწადინებულია სწავლაზე, გამორჩეული მოსწავლეა კლასში. მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ კარგად არის გათვითცნობიერებული თანამედროვე ტექნიკაში, ძალიან კარგად იცის კომპიუტერი, მაინც არ მოსწონს, როცა მასწავლებელი დავალებების ინტერნეტში მოძიებას ავალებს და ცდილობს, სკოლის ბიბლიოთეკას მიმართოს, თუმცა, საბოლოოდ, მაინც იძულებული ხდება, რომ ისევ კომპიუტერს დაუბრუნდეს, ვინაიდან განსხვავება მის მიერ ბიბლიოთეკაში მოძიებულ ინფორმაციასა და მისი თანაკლასელების ინტერნეტში ნანახ დავალებებს შორის ძალზედ დიდია. ინტერნეტი მეტ რესურსს იძლევა, რაც შეიძლება გაშლილად წარმოაჩინონ სხვადასხვა საკითხები, მაგრამ სხვაობა ხარისხშიც არის, ამჯერად ანანოს და მისნაირების უპირატესობით: მისი მასალა ინდივიდუალურია და ანანოს შეუძლია უპასუხოს პედაგოგის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას დავალების შესრულებასთან დაკავშირებით, განსხვავებით სხვებისგან, რომლებსაც მასიურად ერთნაირი თემები მიაქვთ ხოლმე სკოლაში, ისიც სხვისი ნააზრევი და ხშირ შემთხვევაში, არც კი წაუკითხავთ დაკოპირებული მასალა.

 

ვესაუბრეთ ანანოს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, ნანა მასწავლებლის თქმით, სკოლაში აღარ არის ძველებური „ცოდნის ზეიმი“.

„სრულიად განსხვავებული თაობა მოვიდა, მაგრამ არ გვაქვს უფლება ის ყოველივე, რაც დღეს ხდება, თაობას დავაბრალოთ. სახელმძღვანელო მე, მასწავლებელს არ უნდა მიმითითებდეს, რომ ინტერნეტი დავიხმარო გაკვეთილის ახსნაში. ამით მეც მაკნინებს, როგორც პედაგოგს და მოსწავლესაც არასრულფასოვან განათლებას აძლევს. 5 წლის წინ მიხაროდა გაკვეთილზე შესვლა. რამდენჯერ გაგვიცდენია ახალი გაკვეთილის ახსნა ძველზე მსჯელობასა და გარჩევაში. ვკამათობდით, ვეჯიბრებოდით. დღეს კი რა ხდება? რაც წიგნში წერია, ძალიან მწირი ინფორმაციაა, სამაგიეროდ ვებგვერდების მთელი ჩამონათვალია მითითებული. დავალებას კი ბავშვები „დაგუგლავენ“ და იქიდან დაკოპირებულს მომიტანენ, ისიც „ფლეშკაზე“ ჩაწერილს, მე კი არ მაქვს იმის უფლება, რომ მათ სხვა სახით მოვთხოვო დავალებების შესრულება. თვითონ მოსწავლეები მომიბრუნდებიან და მპასუხობენ: „მასწ! წიგნში წერია, რომ „ფლეშკაზე“ ჩაწერეთო.“

 

ამ თემასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ბადრი ვაშაკიძეს.

 

მისი თქმით, ინტერნეტი ამოუწურავი ინფორმაციის მატარებელია და აზრი, რომ „ფლეშკამ“ ჩაანაცვლა წიგნიერება, არასწორია.

 

„ის, რომ სახელმძღვანელოებში მითითებულია დამატებითი ინფორმაციის წყარო, არ არის ცუდი და ვფიქრობ, არ აყენებს ზიანს მოსწავლეების გონებას. ყველა სახელმძღვანელოს სახელმწიფო უშვებს სკოლებში და შესაბამისად, თითოეული გრიფირებული წიგნი აკმაყოფილებს სახელმწიფო სტანდარტებს. მასწავლებლები უნდა ამოწმებდნენ მოსწავლეების მიერ მიტანილ დავალებებს, თუნდაც „ფლეშკაზე“ ჩაწერილს და სხვაობასაც უნდა ნახულობდეს. თავად უნდა აკონტროლოს, რომ ყველამ ერთნაირი ნამუშვარი არ მიუტანოს. რაც შეეხება ინფორმაციის მოძიებას, მოზარდს ინდივიდუალურად უნდა შეეძლოს მისთვის საჭირო ინფორმაციის პოვნა. თუ შინაგანი მოტივაცია აქვს მოზარდს სწავლისთვის, მას თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებები ვერ შეუშლის ხელს ცოდნის დაგროვებაში,“ - განაცხადა ბადრი ვაშაკიძემ.

აშკარაა, რომ ინტერნეტმა მოიცვა სრულიად სამყარო და მათ შორის საგანმანათლებლო სფეროშიც აქტიურად დაიმკვირდა ადგილი. ბევრი ფიქრობს, რომ ცუდ გავლენას ახდენს მოზარდების გონებაზე, ზოგიც პირიქით, მიესალმება ახალ ნოვაციებს. მაგრამ ფაქტია, რომ ეს საკითხი დავის საგანია.

 

ბოლო დროს წიგნის წაკითხვა ინტერნეტითაც გახდა შესაძლებელი. რამდენად კითხულობენ, ვერ გეტყვით, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ანანოს თაობის ბევრი მოზარდი ენთუზიაზმით ეძებს ინტერნეტში სხვის მიერ დაწერილ აზრებს და საკუთარს უწოდებს. კარგია, რომ ზოგს თვითდაჯერებას ჰმატებს სხვისი აზრების გათავისება, მაგრამ რა ქნას ანანომ და მისმა მშობელმა? რომლებიც წიგნების თაობიდან მოდიან და რთული გასაგებია, თუ რატომ უნდა ჩაწეროს მისმა შვილმა დავალება მეხსიერების ბარათზე და არ დაწეროს რვეულში? ამას დღეს ჩამორჩენილობა ჰქვია. „თაობათა ომი“ კი, ამ კუთხითაც ღვივდება...

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია