დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ფსიხო“ - ჯანმრთელობის ცნობა, თუ კორუფციის წყარო?
„ფსიხო“ - ჯანმრთელობის ცნობა, თუ კორუფციის წყარო?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვლი
სულ ნანახია 8032
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვლი
მსგავსი სიახლეები

ჯანმრთელობის ცნობის მისაღებად საჭირო პროცედურებიდან ერთის დარღვევაც კი დანაშაულია

 

2014 წლის მარტში შსს მომსახურების სააგენტოს შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც მართვის მოწმობის მისაღებად ჯანმრთელობის ცნობა, იგივე „ფსიხო“, გახდა საჭირო. კანონში ცვლილების განხორციელებამდე მართვის მოწმობის მსურველი ვალდებული იყო, მხოლოდ „ფსიხოს“ ალტერნატიული ვარიანტი, ე.წ. „დალტოტესტი“, ჩაებარებინა.

 

ცვლილებამ სამედიცინო დაწესებულებებში ჯანმრთელობის მსურველთა რიგები დააყენა. ცნობის ღირებულება  პოლიკლინიკებში 15-დან 30 ლარამდე მერყეობს. აღნიშნულ თანხაში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლის ღირებულების 20 თეთრიც არ შედის.

 

კანონში შესულმა ცვლილებამ მოქალაქეთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც ისინი აღნიშნავენ, მართვის მოწმობის მისაღებად ისედაც სოლიდური თანხის გადახდა უწევთ და დამატებით „ფსიხო“-სთვის გაღებული 20-30 ლარი მათ ჯიბეებზე მძიმედ აისახება. მათი თქმით, მათ „დალტოტესტის“ ჩაბარების საშუალებაც უნდა ჰქონდეთ.

 

„25 ლარი გადამახდევინეს მხოლოდ ერთ ფურცელში. იმედი მქონდა, მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე გასვლამდე, სხვა თუ არაფერი, წნევას მაინც გამიზომავდნენ. ვერ ვხვდები, რატომ ითხოვენ „ფსიხოს“, თუ ექიმი არ გვამოწმებს. როგორ ხართ? ამის კითხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად, არ მგონია, საკმარისი იყოს.

 

ტყუილად დამატარებდნენ ზევით-ქვევით. ეს მხოლოდ კორუფციის მორიგი წყაროა. ხელისუფლებისთვის ეს ცნობა თუ აუცილებელია, მაშინ ექიმს სრულფასოვანი შემოწმება და სამსახურში დროულად მისვლა მოთხოვონ. რიგები დგას პოლიკლინიკებში და ხალხი ხმას ვერ იღებს. მიეჩვივნენ არაფრის ფულის სანაცვლოდ კეთებას,“ განაცხადა მოქალაქე დავით იობიძემ.

 

თუმცა, ჯანმრთელობის ცნობის მომლოდინეთა გრძელ რიგში ისეთებსაც შეხვდებით,   რომლებიც „ფსიხოს“ მიღების მარტივ პროცესს იმით ამართლებენ, რომ ისედაც კარგად არიან და ხალხის რიგებში გაჩერება და დროის კარგვა სულაც  არაა აუცილებელი. ხშირად კი  მოქალაქეები ექიმებს ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ ინფორმაციას შეგნებულად უმალავენ.

 

ჯანმრთელობის ცნობის მსურველთა რაოდენობა რომ გაიზარდა, ადასტურებენ პოლიკლინიკის წარმომადგენლებიც. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, დღეში 80-ზე მეტი პაციენტს უწევენ მომსახურებას.

 

დღეში რამდენიმე ათეული პაციენტის მიღებას და მათ ზუსტ დიაგნოსტირებას ეჭვქვეშ აყენებს დავით ნაზარიშვილის სახელობის „საოჯახო მედიცინისა და საოჯახო სამედიცინოს რეგიონალური სასწავლო ცენტრის“ დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში, ოჯახის ექიმი შორენა იობიძე.  ოჯახის ექიმის განმარტებით, დღეში რამდენიმე ათეული პაციენტის მიღება და სრულყოფილი შემოწმება შეუძლებელია. „კლინიკაში ყველა საჭირო გამოკვლევის ჩატარება ზუსტად რომ მოხდეს, დღეში 10 პაციენტის მიღებაც კი ბევრი იქნებოდა,“ – ამბობს ის. 

 

თუმცა, ნაზარიშვილის საოჯახო სამედიცინო ცენტრის ექიმი იმასაც იმასაც ირწმუნება, რომ ექიმები პატიოსნად მუშაობენ და ჯანმრთელობის ცნობის გასაცემად მისულ ადამიანებს რეალურად უტარებენ გამოკვლევას.

 

„შეუძლებელია, რომელიმე ექიმმა არ გასინჯოს პაციენტი. როგორ შეიძლება. ადამიანს მიეცეს მართვის მოწმობა და არ შეუმოწმდეს მხედველობა, ან სმენა. ამ შემთხვევაში ექიმიც მოსალოდნელი  უბედური შემთხვევის თანამონაწილეა. პირველ რიგში, ეს ადამიანური თვალსაზრისით არის დანაშაული, რადგან, ისედაც ბევრი უბედური შემთხვევა ხდება და ჯანმრთელობის ცნობის შეუმოწმებლად გაცემა დაუშვებელია,“ აღნიშნავს შორენა იობიძე.

 

ჯანმრთელობის ცნობის მიღება დიდ დროს რომ მოითხოვს, საჭირო პროცედურათა რაოდენობაც მოწმობს. ანკეტის შევსების შემდეგ პაციენტი მიდის ოჯახის ექიმთან, რომელიც ამისამართებს თვალის და ყელ-ყურის ექიმებთან, რის შემდეგაც ხდება ნევროპათოლოგთან და ქირურგთან გადამისამართება, კეთდება ანალიზი, ბოლოს კი  კვლავ ოჯახის ექიმი ავსებს „ფორმა 100“-ს, შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში წარსადგენად.

 

ჯანმრთელობის ცნობის მისაღებად საჭირო ყველა ზემოთჩამოთვლილი პროცედურის გავლის აუცილებლობას ვერ ხედავს ქალაქის №4 შერეული პოლიკლინიკის განყოფილების გამგე ეთერ გუბელაძე. როგორც გუბელაძე აღნიშნავს, ანკეტის გახსნის შემდეგ მოქალაქე იმ სპეციალისტთან იგზავნება, რომლის ჩარევის აუცილებლობასაც თავად თვლიან საჭიროდ.

 

ეთერ გუბელაძე, №4 შერეული პოლიკლინიკის განყოფილების გამგე: „ანკეტის გახსნის შემდეგ, აუცილებელია, პაციენტი ოჯახის ექიმმა და ასევე თვალის ექიმმა გასინჯოს. ყელ-ყურის ექიმი აუცილებელი არაა, თუ არ ჩავთვალეთ საჭიროდ. მე ექიმი ვარ და ადამიანი ვერ გამომაპარებს, თუ რამე პრობლემა აქვს. თუ ხელს ვერ იყენებს კარგად, ხომ შევხედავ?! ყოველ შემთხვევაში, ოჯახის ექიმი ამას აუცილებლად მიხვდება.  ამის შემდეგაც დაიწერება დასკვნა შესაბამისი კატეგორიების მიხედვით. თავიდან დღეში 80 ცნობას გავცემდით, ზოგჯერ სამუშაო დღე სრულდებოდა, მაგრამ მსურველები კვლავ იყვნენ. ამჯერად დღეში, საშუალოდ, 20-30 მოქალაქეს ვუწევთ მომსახურებას.“

 

გაზეთი „P.S.“ შეეცადა, დაედგინა ზუსტი მონაცემები 1 მარტიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით არსებული მომსახურების სააგენტოს მართვის მოწმობის მისაღები გამოცდა რამდენმა ადამიანმა გაიარა და შესაბამისად, „ფსიხოსთვის“ პოლიკლინიკებში თანხა რამდენმა მოქალაქემ დატოვა, რამდენს შეადგენს მოქალაქეების ჯიბეებიდან, ხშირ შემთხვევაში, არაფრისთვის გადაყრილი თანხა? ამ ინფორმაციისთვის სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს წერილობით მივმართეთ. თუმცა, რედაქციას პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია