დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს პრეზიდენტი: „ვერ მოხერხდება ორი ბატონის მსახურება...“
საქართველოს პრეზიდენტი: „ვერ მოხერხდება ორი ბატონის მსახურება...“
ავტორი: ცოტნე გაბადაძე
სულ ნანახია 2057
ავტორი:
ცოტნე გაბადაძე
მსგავსი სიახლეები

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პარლამენტს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოსადმი მიმართვა ირაკლი ალასანიას განცხადებების და თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მოისურვა. თუმცა, პარლამენტმა მას ამ მოვლენებიდან ერთ კვირაში მოუსმინა. შესაბამისად, პრეზიდენტის გამოსვლის მთავარი აქცენტი არ იყო მხოლოდ ქვეყნის ევროპული ორიენტაცია და ამ ორიენტაციის საფრთხეები.

 

როგორც სახელმწიფოს მეთაურის პარლამენტში მისვლამდე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის მიზეზი „თავისუფალი დემოკრატების“ განცხადება იყო, რომლის თანახმად საქართველომ ევროატლანტიკური კურსი შეცვალა და ამიტომ მიმართვას საფუძველი აღარ ჰქონდა.

 

„მისი განცხადება განპირობებული იყო იმით, რა განცხადებაც გააკეთეს      „თავისუფალმა დემოკრატებმა“, შესაბამისად, თუ პრეზიდენტი აღარ მიიჩნევს, რომ საქართველომ ევროატლანტიკურ კურსს გადაუხვია, ამ შემთხვევაში მის მიმართვას საფუძველი აღარც აქვს. თებერვალში მას ისედაც უწევს ანგარიშის წარმოდგენა და შესაბამისად, შეუძლია თებერვალში წარმოადგინოს ანგარიში. ეს ჩემი სუბიექტური აზრია,“ - განაცხადა ქუცნაშვილმა.

 

თუმცა, გიორგი მარგველაშვილი მაინც მივიდა პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოს სიტყვით მიმართა და ისაუბრა არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკასა და ევროინტეგრაციაზე. მან თავის მიმართვაში სხვადასხვა უწყებაში განხორციელებულ და განსახორციელებელ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

 

„მე არ მოვსულვარ პარლამენტში ერთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან სასაუბროდ, არამედ მთლიანად საქართველოს უზენაეს საკანონმდებლო ორგანოსთან მინდა საკითხები განვიხილო. მე მოვედი საქართველოს მთელი მოსახლეობის მანდატით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სახელით, რომ ქართველი ხალხის წარმომადგენლებს გაგიზიაროთ ჩემი ხედვა ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

             

 

მიმართვის მთავარი აქცენტები და ორი ბატონის მსახურება...  

 

პრეზიდენტის თქმით, წინა ხელისუფლების დროს საპოლიციო და უშიშროების სამსახურების შერწყმით და შინაგან საქმეთა სამინისტროში უშიშროების სტრუქტურების ინკორპორირებით, უპრეცედენტო ძალაუფლების მქონე სტრუქტურა შეიქმნა, რომელიც, ფაქტობრივად, დემოკრატიულ კონტროლს არ ექვემდებარებოდა და ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევის მანქანად გადაიქცა.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან სახელმწიფო უშიშროების სამსახურების გამოყოფა, ქმედითი კონტროლის განხორციელება მათ საქმიანობაზე გადაუდებელი აუცილებლობაა და ამ თვალსაზრისით პარლამენტის როლი განსაკუთრებულია. აღსანიშნავია, რომ, ეს ყველაფერი არის მმართველი კოალიციის პროგრამაში და საარჩევნო დაპირება შესასრულებელი,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

გიორგი მარგველაშვილის თქმით, იმისთვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას კითხვები პროკურატურის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით, უნდა მოხდეს მისი ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.

 

„ამისათვის აუცილებელია გაბედული ნაბიჯების გადადგმა და მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. განსაკუთრებით აღვნიშნავდი სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მნიშვნელობას. ბოლო დროს ჩვენ ერთად გადავდგით ნაბიჯები ამ მიმართულებით. იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმებით და ასევე, თუნდაც უზენაეს სასამართლოში მიუკერძოებელი და კვალიციური მოსამართლეების განმწესებით, რისთვისაც მინდა მადლობა მოგახსენოთ,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული საჯარო სამსახური რეფორმის საკითხი.

 

„ერთი რამ ნათელია - ვერ მოხერხდება ორი ბატონის მსახურება. ვერ მოვახერხებთ ერთდროულად  ევროპული მიზნების დეკლარაციას და ამავე დროს, სახელმწიფოს შენებას რაიმე სხვა ყაიდაზე. ამას თუნდაც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია გვასწავლის“ - განაცხადა მარგველაშვილმა. ბუნებრივია, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რა იგულისხმა გიორგი მარგველაშვილმა „ორი ბატონის მსახურებაში“.

 

„საუბარი მქონდა ორ პრინციპზე: თუ შენ ამბობ, რომ ევროპისკენ მიდიხარ - ეს იყო ციტატა ბიბლიიდან. შესაბამისად, იქედანაა წამოსული. ქვეტექსტები არ ყოფილა“ - განმარტა მარგველაშვილმა.

 

კითხვაზე, იგულისხმა თუ არა მასში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ივანიშვილი არ უგულისხმია.

 

„არა. ბიბლია როცა იწერებოდა, მაშინ სხვა პოლიტიკური ვითარება იყო. ეს არის ციტატა ბიბლიიდან, რომ არ შეიძლება შენ ერთდროულად მიდიოდე რაღაცა გზაზე და სხვანაირად ახორციელებდე. აქ მე სააკაშვილის მაგალითი მოვიტანე, რომელიც ძალიან ხმამაღლა აცხადებდა, რომ საქართველო მიდის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე, მაგრამ ქვეყანას აშენებდა არაევროპული სტანდარტებით“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

 

საგარეო პოლიტიური კურსი უცვლელია...

 

დავით უსუფაშვილის განაცხადებით, როგორც თავიდან იყო ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის გამოსვლა საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებს შეეხებოდა, ასე არ აღმოჩნდა და მან მოსაზრებების ფართო სპექტრი განიხილა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, როგორც პრეზიდენტი, ასევე ყველა ერთიანია იმაში, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელია.

 

„საქართველოს პრეზიდენტი ქართველი ხალხის არჩეულია და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, არ ეთანხმება, ბოლომდე არ იზიარებს, არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ, ყურადღებით მოვისმინოთ ეს ყველაფერი. დღეს პრეზიდენტმა წარმოადგინა ფართო სპექტრი მოსაზრებების და ეს ცხადია, არ იყო საგარეო პოლიტიკური მიმართულების თაობაზე მიმართვა, რაც თავდაპირველად გაჟღერდა, რომ თითქოს ამ თემებს ეძღვნებოდა, მაგრამ მან განგვიმარტა, რომ კონკრეტულად ბოლო კვირებში განვითარებულ მოვლენებში ან თავისი გადმოსახედიდან უფრო ფართო პრობლემები დაინახა, რომლებსაც შეხმიანება სჭირდება“ - განაცხადა უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არავის წარმოედგინა ის, რაც მოხდა - საგარეო პოლიტიკური მიმართულების წამყვანი პირების გარეშე დარჩებოდა მთავრობა.

 

„დიახ, ეს იყო მოულოდნელობა, რომლის თავიდან აცილებისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ამიტომ, როგორც ჩანს, ბატონი პრეზიდენტის გადმოსახედიდანაც, საგარეო პოლიტიკური კურსის საფრთხის ქვეშ ყოფნა არ არის მთავარი თემა... ამ ნაწილში მე მგონი, ყველა ერთიანი ვართ, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი ისე როგორც განსაზღვრულია, რჩება უცვლელი“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

პრეზიდენტი დღეს არაფრის  მოსალოცად არ იყო მოსული...

 

პრეზიდენტის აქცენტებს დაეთანხმა, თუმცა მაინც ნაწყენი დარჩა  საპარლამენტო ოპოზიცია. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, აუცილებელი იყო, რომ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის ირგვლივ ოპოზიციას პოზიციის დაფიქსირების საშუალება მისცემოდა.

 

„მან თქვა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები პიროვნებებს არ უნდა ემსახურებოდეს, ის უნდა ემსახურებოდეს ხალხს, ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს. ეს სერიოზული პრობლემაა. მეორე - მან აღნიშნა, რომ პროკურატურის დაქვემდებარების საკითხი გადასაწყვეტია. დღეს პროკურატურა საერთოდ გამოსულია პარლამენტის - ხალხის მიერ არჩეული ორგანოს კონტროლიდან  და ამიტომაცაა გადაქცეული არაფორმალური მმართველის - ოლიგარქის სადამსჯელო პოლიტიკური შურისძიების ორგანოდ“ - განაცხადა ბარამიძემ.

 

გიორგი ბარამიძის თქმით, პარლამენტი არის ადგილი, სადაც წყდება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი. საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს ყველა მიმართულებით პოლიტიკას ქვეყანაში.

 

„პრეზიდენტი დღეს არაფრის მოსალოცად არ იყო მოსული, რაზეც რატომღაც პარლამენტის თავმჯდომარემ ილაპარაკა. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ჭურში არ ვსხედვართ, რომ ის მოვიდა  იმის გამო, რომ ქვეყანაში რთული ვითარებაა შექმნილი. მან ეს თავის გამოსვლაში აღნიშნა და ნათელი იყო, რომ პრობლემებზე ისაუბრებდა და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ პრეზიდენტის გამოსვლის ირგვლივ აუცილებელი საზოგადოებამ გაიგოს, ამა თუ იმ საკითხზე ვის რა პოზიცია აქვს. ნორმალურ ცივილიზებულ ქვეყანაში ასეთი გამოსვლა არ რჩება იმ საშუალების გარეშე, რომ მთავრობის ოპონენტებმა გამოხატონ თავისი პოზიცია. ეს ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცედურაა. რამდენიმე დღის განმავლობაში დაჟინებით მოვითხოვდით, რომ ოპოზიციას მისცემოდა საშუალება, თავისი აზრი გამოეხატა. ეს არის ანბანი“ - განაცხადა ბარამიძემ. მისივე თქმით, პრეზიდენტმა საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

 

პრეზიდენტის მიმართვით და აქცენტებით კმაყოფილი დარჩა  ფრაქცია  „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ზურაბ აბაშიძეც. მისი განაცხადებით, პრეზიდენტმა ძალიან სწორი, მკაფიო აქცენტები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს სახელმწიფო.

 

„ვფიქრობ, რომ ეს იყო პრეზიდენტის ყველაზე საუკეთესო გამოსვლა, რომელიც მე მომისმენია.  სამი წამყვანი მინისტრის გათავისუფლება და გადადგომა - ეს იყო სწორედ საერთო შეშფოთებისა და განწყობების შექმნის საკითხი და ბუნებრივია, რომ ამით განაპირობა პრეზდენტმა თავისი მოსვლა საქართველოს პარლამენტში. მან მიმართა საკანონმდებლო ორგანოს, საზოგადოებას და ძალიან სწორი, მკაფიო აქცენტები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს სახელმწიფო.

 

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, როდესაც თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში მოხდა პოლიტიკური დევნის ნიშნების შემოტანა, როდესაც პროკურატურა ამ თვალსაზრისით გამოყენებულია, როგორც ინსტრუმენტი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყნის განვითარებას საფრთხე შეექმნათ ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის კუთხით - ეს არის ის საკითხები, რაზეც პრეზიდენტმაც ისაუბრა. ჩვენ გვინდა არა მარტო დეკლარირების დონეზე მოხდეს მთავრობის მხრიდან, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, არამედ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები და ქმედებები, რაში იქნება ეს გამოხატული. ამას ჩვენ სერიოზულად დავაკვირდებით“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

ამრიგად, საქართველოს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტმა თავისი აქცენტები უკვე დასვა. გაითვალისწინებს თუ არა ამ აქცენტებს პოლიტიკაში საქართველოს მთავრობა, ეს კიდევ საკითხავია და ამას მომავალი გვაჩვენებს.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია