დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პიროვნული დისკრედიტაცია თუ პედაგოგის არაპროფესიონალიზმი?
პიროვნული დისკრედიტაცია თუ პედაგოგის არაპროფესიონალიზმი?
ავტორი: მარიამ პატარაია
სულ ნანახია 2713
ავტორი:
მარიამ პატარაია
მსგავსი სიახლეები

სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დავა, შესაძლოა, სასამართლოში გაგრძელდეს

 

15 საჯარო სკოლის დირექტორსა და პედაგოგს შორის ორი წლის წინ დაწყებული დავა დღემდე გრძელდება. მარინე მიქაბერიძე დირექტორს, ლია კუხიანიძეს პიროვნულ დისკრედიტაციასა და სადამრიგებლო კლასის ჩამორთმევაში ადანაშაულებს. მიქაბერიძე, რომელმაც კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, განათლების სისტემის ყველა ინსტანციას მიმართა და სკოლიდან ლია კუხიანიძის განთავისუფლება რამდენჯერმე მოითხოვა, ამბობს, რომ სკოლაში მანამდე არ დაბრუნდება,  ვიდრე კუხიანიძე თანამდებობას  ინარჩუნებს.


 

თავის მხრივ, მიქაბერიძის ბრალდებებს უსაფუძვლოს და პროვოკაციულს უწოდებენ ?15 საჯარო სკოლაში. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მიქაბერიძე მიზანმიმართულად ახორციელებს ცილისწამებას მისი მისამართით და ქმნის სკოლაში კონფლიქტის იმიტაციას.


დირექტორსა და პედაგოგს შორის პიროვნულმა დაპირისპირებამ, რომელშიც ჩართულია არა მხოლოდ ქუთაისის ადგილობრივი რესურს-ცენტრი, არამედ განათლების სამინისტროც, შესაძლოა, სასამართლოში გადაინაცვლოს. ლია კუხიანიძე აცხადებს, რომ ის მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, მარინე მიქაბერიძის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივრის შეტანას არ გამორიცხავს. 


როგორც ირკვევა, ისტორიის პედაგოგსა და სკოლის დირექტორს  შორის დაპირისპირება ორი წლის წინ, ?15  და  ?27  საჯარო  სკოლების შეერთების შემდეგ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ კუხიანიძე კონფლიქტის დაწყების დროდ სკოლების შეერთების მომენტს არ ასახელებს, ფაქტები ცხადყოფს, რომ 2012 წელს მათი ურთიერთობა უკვე გამწვავებული იყო, კერძოდ, 2012 წლის კათედრის სხდომას პედაგოგი მარინე მიქაბერიძე არ ესწრებოდა, რის მიზეზადაც იგი  სხდომის დანიშვნის შესახებ ინფორმაციის არქონას ასახელებს და სატელეფონო ზარების იმ ამონაწერს გვაჩვენებს, რომელიც სხდომის დანიშვნიდან რამდენიმე დღით ადრე არის დაფიქსირებული. მიქაბერიძე ამბობს, რომ მას შეგნებულად არ დაურეკეს და სხდომის გამართვის თარიღი არ აცნობეს.  კიდევ ერთი სხდომის ოქმში კი,  რომელიც მომდევნო წელს, 2013 წლის 5 სექტემბერს გაიმართა, მარინე მიქაბერიძის მისამართით გამოთქმულია შენიშვნა,  დირექციასა და კათედრის წევრებს შორის  მისი მხრიდან კომუნიკაციის არარსებობის გამო.


აღნიშნული კათედრის სხდომაზე, რომელმაც კუხიანიძესა და მიქაბერიძეს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა, ისტორიის პედაგოგს აკადემიური საათების გადანაწილების შედეგად მხოლოდ 9 საათი შეხვდა. მაშინ, როცა, ორმა პედაგოგმა 18-18 საათი მიიღო. ისტორიის კიდევ ერთმა მასწავლებელმა ვახტანგ სვანაძემ კი საათების სიმცირის გამო სკოლა დატოვა.


რატომ შეხვდა სამ სერთიფიცირებულ პედაგოგს საათების განსხვავებული რაოდენობა, ამ შეკითხვაზე სკოლის დირექტორი პასუხობს, რომ კათედრის სხდომაზე ჯერ კიდევ არ იყო დადასტურებული ინფორმაცია მიქაბერიძის მიერ სასერთიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ. აქედან   გამომდინარე, ორ მასწავლებელს,  როგორც სერთიფიცირებულ პედაგოგებს, კანონის მიხედვით მიეცა 18-18 საათი და რადგან ისტორიაში მხოლოდ 45 საათი არსებობს, მიქაბერიძეს ლოგიკურად დარჩა 9 საათი.


კათედრის სხდომის ოქმში კი წერია:


„მარინე, თქვენ არ წარმოგიდგენიათ მე-8 კლასებში საგნობრივითემატური გეგმა. სრულყოფილი არ იყო არც მე-4 კლასის გეგმა.  მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, არ ესწრებოდით კათედრის არცერთ სხდომას. არასწორად გყავდათ შეფასებული მე-8 კლასის მოსწავლეები წლის ბოლოს, რამაც გამოიწვია მშობელთა პროტესტი.  იმის გამო, რომ ვერ მართავდით კლასს, დატოვეთ იგი, მაშინ, როცა დირექციას ედავებოდით საათების სიმცირის გამო. რატომ გამოდის თქვენი კლასიდან არასაგაკვეთილო ხმაური? ამ ყველაფრის შემდეგ არ არის დოგმა, რომ ასეთი სერთიფიცირებული მასწავლებელი სრულად იყოს დატვირთული საათებით,“ - ნათქვამია სხდომის ოქმში.


იმ ცხრა საათის ჩატარებაზე, რომელიც მიქაბერიძეს სხდომის შედეგად გამოეყო, პედაგოგი უარს ამბობს. იგი არ ცხადდება სკოლაში, რის გამოც როგორც სკოლის დირექცია  ამბობს, არაერთხელ შეიცვალა მოსწავლეთა ცხრილი და მასწავლებლები მონაცვლეობით ატარებენ მიქაბერიძისთვის განკუთვნილ  საათებს. მათივე თქმით, მიქაბერიძეს სისტემატური გაცდენის მიზეზი ოფიციალურად არ განუმარტავს და მხოლოდ დედამისმა სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ იგი სკოლაში  ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ დადის. თავად მიქაბერიძე კი, რომელმაც გასულ კვირას დირექტორის გათავისუფლების მოთხოვნით კიდევ ერთი ბრიფინგი გამართა, ამბობს, რომ სკოლაში მისვლას კუხიანიძის დირექტორის პოსტიდან გათავისუფლებამდე არ აპირებს. 


„მე ვარ სერთიფიცირებული პედაგოგი და სრული უფლება მაქვს არამარტო შევიდე  კლასში, არამედ, მყავდეს სადამრიგებლოც, მაგრამ ლია კუხიანიძემ  ჩემთან პიროვნული დაპირისპირების გამო ჩამომართვა სადამრიგებლო კლასიც და წამართვა საათებიც. მე მანამდე არ მივალ სკოლაში, სანამ კუხიანიძეს არ გაუშვებენ,“ - აცხადებს მარინე მიქაბერიძე.


თავად კუხიანიძე კი, რომელიც პედაგოგის  მიმართ პიროვნულ დისკრედიტაციას გამორიცხავს, ამბობს, რომ  მიქაბერიძე მისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო გამუდმებით ცილს სწამებს.


„მიქაბერიძეს, რომელიც არ ცხადდება სკოლაში და შლის სასწავლო პროცესს, ამოძრავებს ერთადერთი მიზანი შემოიტანოს სკოლაში არეულობა და შექმნას კონფლიქტის იმიტაცია. იგი გამუდმებით არღვევს პროფესიული ეთიკის ნორმებს და სახელს უტეხს სკოლას.  აქედან გამომდინარე, მე არ გამოვრიცხავ, რომ მივმართო სასამართლოს და მოვითხოვო არა მხოლოდ ჩემი მხრიდან განხორციელებული დისკრიმინაციული ქმედების დამადასტურებელი დოკუმენტაციების წარმოდგენა, არამედ, მორალური ზიანის ანაზღაურებაც,“ - აცხადებს ?15 საჯარო სკოლის დირექტორი ლია კუხიანიძე.


მანამდე კი, ვიდრე დავა  სასამართლოში გადაინაცვლებს, სკოლის სისტემატური გაცდენისა და სასწავლო პროცესის ჩაშლის გამო, შრომის კოდექსისა და ?15  საჯარო სკოლის შინაგანაწესის საფუძველზე, მარინე მიქაბერიძის მიმართ, შესაძლოა, გაფრთხილება, საყვედური ან სხვა ღონისძიება გატარდეს.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია