საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ჭიათურას თანამედროვე ბაგირგზები ექნება
ჭიათურას თანამედროვე ბაგირგზები ექნება
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 1790
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ ჭიათურაში თანამედროვე საბაგირო გზების ქსელი გაიმართებოდა და ეს იქნებოდა 21-ე საუკუნის პროექტი ჭიათურისათვის.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საფრანგეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ჭიათურაში საბაგირო გზების სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა და ფრანგული კომპანიის „Pomagalski“-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კრისტიან ბუვიემ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიალს საფრანგეთის ელჩი საქართველოში, რენო სალენსიც დაესწრო.

 

ახალი საბაგირო გზების მშენებლობას საფრანგეთის მთავრობა 13 მლნ ევროთი დააფინანსებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭიათურის საბაგირო გზის 4 მონაკვეთს ჩაუტარდება, რომლის ჯამური სიგრძე 2.5 კილომეტრს (2480 მეტრს) შეადგენს. რეაბილიტირებული საბაგირო გზები ქალაქის ცენტრს გარეუბნებთან დააკავშირებს. საბაგირო გონდოლური ტიპის იქნება, რომლის სიჩქარე წამში 5.5 მეტრია, კაბინები კი 6 ადამიანზე იქნება გათვლილი.

 

პირველი მონაკვეთი, რომლის სიგრძე 950 მეტრია, ჭიათურის ცენტრს ნაგუთთან, სიგრძით მეორე 800 მეტრიანი საბაგირო გზა ქალაქის ცენტრს სანატორიუმთან, მესამე, 430 მეტრიანი სიგრძის მონაკვეთი კი - ჭიათურის ცენტრს მუხაძის ქუჩას  დააკავშირებს. მეოთხე საბაგიროთი კი  ჭიათურის ცენტრი და რუსთაველის ქუჩა დაუკავშირდება ერთმანეთს. ბაგირგზები თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით აღიჭურვება, რომელიც ქსელის უსაფრთხოდ მუშაობას უზრუნველყოფს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭიათურაში საბაგიროების მოსაწყობად თანამედროვე აღჭურვილობისა და ტექნიკის მოწოდებას ფრანგული კომპანია „Pomagalski“ უზრუნველყოფს. ის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საბაგირო გზებისა და ბაგირიანი ტრანსპორტირების სისტემების პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლოატაციაში გაშვების სფეროში. ჭიათურის საბაგირო ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც ყოველდღიურად10 ათასზე მეტი პირი სარგებლობს.

 

„საბაგირო გზები დღემდე იმ მანქანა-დანადგარებით ფუნქციონირებს, რომელიც მისი თავდაპირველი ექსპლოატაციის დროს 1963 წელს დამონტაჟდა. ბაგირგზებზე სარემონტო სამუშაოები 1990-იანი წლებიდან აღარ ჩატარებულა, რაც მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილებას რისკის ქვეშ აყენებს. ჭიათურის საბაგიროს სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს,“ - აცხადებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე სულხან მახათაძე.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია