დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სად გადის ზღვარი უმადურობასა და მადლიერებას შორის
სულ ნანახია 2065
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

მოგესალმები, ძვირფასო მკითხველო!

 

 

მე, საქართველოს მოქალაქეს, ამჟამად მისგან შორს მყოფს, დიდი ხანია, მაქვს სურვილი, ქართული პრესის საშუალებით გამოვხატო ჩემი აზრი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, მაგრამ ყოველთვის ვიკავებდი თავს, ვცდილობდი, ემოციებს არ ავყოლოდი.

 

ბოლო პერიოდში, საქართველოში განვითარებული პოლიტიკური პროცესების შემდეგ დავრწმუნდი, რომ დუმილი არ შეიძლება.

 

ალბათ, მკითხველი მიხვდება, თუ რაზეც ვაკეთებ მინიშნებას. ჩემი აღშფოთება გამოიწვია საქართველოს მინისტრთა კაბინეტში, ასე ვთქვათ - „ვულკანის ამოფრქვევამ“ და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს,  „ვულკანი“ წარმოშვა, პოლიტიკური პარტიის -         „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა და მათი წევრების განცხადებებმა.

 

თავიდან ვიფიქრე, ეს ყველაფერი ახალგაზრდული ემოციების ბრალია და დაფიქრდებოდნენ ნამოქმედარზე, თუმცაღა უფრო და უფრო აღვივებენ ცეცხლს, აგრძელებენ ქართველი ხალხის ნერვებზე თამაშს. მაშინ, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრის ნათქვამის გამო ბოდიშს იხდის,  მაშინ, როდესაც თავად პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს, რომ ისე არ უნდა ეთქვა.

 

ბატონი ალექსანდრე პეტრიაშვილი გამოდის სატელევიზიო ეთერში პრეტენზიებით. მე მაქვს მასთან კითხვა, ვის უწოდა მან „უმადურები“? ცხადია, „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ გაწეულ მუშაობას, „დაუნახაობის“ გამო, უწოდა მან უმადურები პრემიერ-მინისტრს და, ალბათ, თვით ბიძინა ივანიშვილსაც. ეს უკვე  მეტისმეტია, ბატონო ალექსანდრე, თქვენ იმდენად პასუხსაგები პოსტი გეჭირათ მინისტრთა კაბინეტში, უნდა ხვდებოდეთ, თქვენგან ნათქვამი ეს სიტყვა რასაც ნიშნავს. მე მაინტერესებს, თქვენი კარგი მუშაობის გამო, პრემიერ-მინისტრმა, ან ვინმე სხვა პიროვნებამ (ვისაც თქვენ გულისხმობდით) რატომ უნდა გამოხატოს მადლიერების გრძნობა? თქვენ ბრძანდებოდით სახელმწიფო მოხელე, დიდი თანამდებობის პირი, ამდენად, თქვენი მუშაობის შედეგად მადლიერება ან უმადურება უნდა გამოხატოს იმ ხალხმა, ვისაც თქვენ ემსახურებოდით, ამ შემთხვევაში კი - ქართველმა ხალხმა. აქედან გამომდინარე, კვლავ გისვამთ კითხვას, თქვენ ის სიტყვები (რაც უმადურობას ეხებოდა) ქართველი ხალხის მისამართით თქვით? თუკი ეს ასეა, მაშინ თქვენ დიდი შეცდომა დაგიშვიათ და არასოდეს გექნეთ ამ ხალხისაგან მხარდაჭერის იმედი, თუკი ეს ასე არ არის და ვინმე პიროვნებების მისამართით თქვით, მაშინ უფრო დიდი შეცდომა დაგიშვიათ. თქვენ დაგიქირავათ ქართველმა ხალხმა და მათ წინაშე იყავით ვალდებული, გეკეთებინათ ის, რაზეც აიღეთ პასუხისმგებლობა.

 

ასევე პოლიტიკურად მიუღებელი განცხადებები გააკეთეს თვით ბატონმა ირაკლი ალასანიამ და ქალბატონმა მაია ფანჯიკიძემ. თუკი, ორი დღით ადრე, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ყველაფერი კარგად იყო და საქართველო ბრწყინავდა, გეკითხებით - იმ დღეს, როცა გაგანთავისუფლეს, რა მოხდა ისეთი, რომ საქართველო უფსკრულში აღმოჩნდა? თქვენ არ გაქვთ უფლება, ქართველი ხალხი დააბნიოთ და შეცდომაში შეიყვანოთ, ამიტომ ველოდებით ყველა თქვენგანის გამოჩენას სატელევიზიო ეთერში და საპირისპირო (ანუ სასიკეთო) განცხადებების გაკეთებას.

 

ბატონმა ირაკლი ალასანიამ მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა. მაშინ, როდესაც „თავისუფალი დემოკრატები“ საღამოთი „ქართული ოცნების“ ოფისში მივიდნენ, მალევე უკან გამოვიდნენ და ბატონი ირაკლი ალასანია უკმაყოფილებით აცხადებს: მე აქ  ბიძინა ივანიშვილთან სალაპარაკოდ არ მოვსულვარო. უბრალოდ, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

 

მე გეკითხებით, ვინ არის თქვენთვის (ასევე მთელი საქართველოსთვის) ბიძინა ივანიშვილი? ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პიროვნება, რომელმაც გადაარჩინა მთლიანი საქართველო,  მათ შორის თქვენც, მის მიმართ ჩვენ ყველანი ვალში ვართ. ეს პიროვნება რომ არ ყოფილიყო, მერწმუნეთ, ნახევარი საქართველო ციხეში იქნებოდა და, შესაძლოა, მათ შორის თქვენც.

 

თქვენ რა გგონიათ, ბატონი ბიძინა მთლიანად წავიდა და თქვენ საქმეში არ ჩაერეოდა? მე, რომელსაც პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ მქონია, არასოდეს მიფიქრია, რომ ბატონი ბიძინა აღარ დაინტერესდებოდა იმ ხალხის ქმედებებით, რომლებიც  მან მოიყვანა მთავრობასა და პარლამენტში. მას იმოდენა პასუხისმგებლობა აკისრია ქართველი ხალხისაგან, რომ თვით ეს ხალხი არ აპატიებს ჩაურევლობას, ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური კრიზისის დროს. არ დაგავიწყდეთ, საპარლამენტო არჩევნებში 2012 წელს, ქართველმა ხალხმა მას მისცა ხმა და არა თქვენ ყველას, აღებულს ერთად. ყოველივე ამის შემდეგ, კვლავ ვეკითხები ბატონ ალექსანდრე პეტრიაშვილს, ვინ უფრო გამოხატა უმადურობის გრძნობა და სად გადის ზღვარი უმადურობასა და მადლიერებას შორის?

არ მინდა, ვინმემ ისე გამიგოს, თითქოს „თავისუფალი დემოკრატების“ მტერი ვიყო, სრულიადაც არა, პირიქით, მე ისინი სულ მომწონდნენ, ვგრძნობდი, რომ მათ რაღაც აკლდათ, რაც ხელს უშლიდათ ქართულ პოლიტიკაში თავისი სათქმელი ეთქვათ და „ის რაღაც“ მათ შეუვსო ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. მიხაროდა და მსიამოვნებდა, როდესაც        „ქართული ოცნების“ რიგებში ვხედავდი სიმპათიური, კარგი და ჭკვიანი ახალგაზრდების ჯგუფს. მეგონა, დიდხანს განაგრძობდნენ კოალიციაში მოღვაწეობას სხვებთან ერთად და მონაწილეობას მიიღებდნენ ქვეყნის აღმშენებლობის საკითხებში, მაგრამ ისინი თურმე ხელის აქნევას ელოდებოდნენ (იმ ჩიტის არ იყოს, ანდაზაში რომ არის) და თავიანთი ავტორიტეტი გადააყოლეს ამბიციებს. ამით თავის თავიც დააზარალეს და საკუთარი ქვეყანაც.

 

შეიძლება პოლიტიკაში დიდად განსწავლული არ ვიყო, მაგრამ არასოდეს შემშლია ადამიანური ქმედებები, ყოველთვის ვხედავ და ვამჩნევ სიკეთეს, არასოდეს უმადური არ ვყოფილვარ, არც მეგობრობა შემშლია.

 

თავისუფალი დემოკრატების“ შემთხვევაში კი, მეგობრებმა ბატონ ირაკლი ალასანიას  მგლური სამსახური (და არა ძმური) გაუწიეს, როცა ერთი უშვებს შეცდომას, მეგობარი იმის არის, რომ მას სიკეთისაკენ და სისწორისაკენ მიუთითოს.

 

მე მოგიწოდებთ, თქვენ კიდევ გაქვთ შანსი გამოასწოროთ თქვენი საქციელი, ქართველი ხალხი შემწყნარებელი არის და ყველაფერს დაივიწყებს, თუკი თქვენ ნორმალურად განსაზღვრავთ მომავალ ქმედებებს, თქვენდა საბედნიეროდ, იმდენი შეცდომა არ დაგიშვიათ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუშვა, თუმცა შანსი მათაც არ დაუკარგავთ ჯერ კიდევ. ამისათვის საკმარისია მხოლოდ ერთი სიტყვა, დავმარცვლავ ბო-დი-ში.

 

ამ წერილით ვინმეს გულის მოგებას არ ვაპირებ. დაახლოებით, 2 წლის უკან წავედი საქართველოდან, მეც მაწუხებდა უმუშევრობა, მაწუხებს ნოსტალგია, მაწუხებს (ისევე როგორც ყველა ქართველ ემიგრანტს) და მტკივა ჩემი საქართველო, დედა სამშობლო, მაგრამ არავისთვის თხოვნით არ მიმიმართავს, მიშველე-თქო. ამდენად, სრულიად გულწრფელი ვარ  ჩემს სიტყვებში, თუკი საჭირო შეიქნება (და ღმერთმა ნუ ქნას), გავაკრიტიკებ „ქართულ ოცნებასაც“, მაშინ, როცა დავინახავ მათგან არასწორ ქმედებებს.

 

ახლა ორიოდე სიტყვით მინდა, ჩემს ქართველ ხალხს მივმართო, როგორც ამჩნევთ, დღესდღეობით საქართველოში, სხვადასხვა    რაიონებში    დაიწყო   „თავისუფალი    დემოკრატების“ პარტიის წევრებმა კოალიცია „ქართული ოცნების“ რიგების დატოვება. არაა გამორიცხული, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა გამოიყენონ ეს სიტუაცია და დაიწყონ მიტინგების მომზადება, ან რაიმე ავანტურისტული ქმედებები (თოვლის გუნდის აგორებით, დიდი მასა მიიღება). მოგიწოდებთ, ჩემო კარგებო, ემოციებს არ ავყვეთ, ერთმანეთს ხელი ჩავჭიდოთ და ხმა მივაწვდინოთ, გახსოვდეთ სულ ორი წელიწადია, რაც ქვეყნის სათავეში მოვიდა „ქართული ოცნება“, ვაცადოთ მათ იმის კეთება, რაზედაც ისინი არიან ორიენტირებულები. არ დაგავიწყდეთ 90-იანი წლების ქვეყნის ნგრევის ხანა, შემდეგ ათი წელიწადი სააკაშვილის მთავრობა ანგრევდა ქართულ ტრადიციებს, ახლა ვხედავთ, რომ დაიწყო ამ ნანგრევების შენება, ამისათვის საჭიროა ჩვენი გაერთიანება, ერთმანეთზე სიყვარულის გამოცხადება და ეს გრძნობა იქნება, რაც ნანგრევებს გაგვამთლიანებინებს.

 

პატივისცემით პაატა ელბაქიძე

 

უკრაინა, ქ. კიევი

 

 

პაატა ელბაქიძემ დაამთავრა ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის უნივერსიტეტი. 1994-1995 წლებში მუშაობდა ქუთაისის მერიის „გამარჯვების“ მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ.

 


1996-2008 წლებში შინაგან საქმეთა ორგანოებში, ოპერატიული სამსახურის შემდეგ თანამდებობებზე - ინსპექტორად, უფროს ინსპექტორად, ქვეგანყოფილების უფროსად, რეგიონალური განყოფილების უფროსის მოადგილედ, განყოფილების უფროსად და შინაგან საქმეთა საქალაქო სამმართველოს უფროსად (წყალტუბოში).
2013 წლის აპრილში წავიდა საქართველოდან უკრაინაში, ქალაქ კიევში, სადაც ეწევა კერძო საქმიანობას.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია