დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბავშვები ძალადობის პირისპირ
ბავშვები ძალადობის პირისპირ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვლი
სულ ნანახია 3875
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვლი
მსგავსი სიახლეები

იცავს თუ არა კანონი ბავშვს?

 

ანანო ქუთაისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობს. სწორედ პედაგოგმა და სკოლის დირექციამ გაახმაურა ბავშვზე ძალადობის ფაქტი. საქმეში სოციალური მომსახურების სააგენტო და საპატრულო პოლიცია ჩაერთო, ბავშვი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს მამიდასთან, მამაზე კი შემაკავებელი ოქმი გამოიწერა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მამას ფსიქიკური პრობლემა აქვს და ე.წ. „თეთრი ბილეთის“ მფლობელია, რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ პოლიციამ მისი დაკავება ვერ შეძლო. თუმცა, შემთხვევის სიმძიმის მიუხედავად, არც მშობლის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა მომხდარა. ერთადერთი შეზღუდვა, რაც მამას დაუწესდა, შემაკავებელი ორდერია. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ პიროვნების ფსიქიკურ პრობლემას, შემაკავებელი ორდერი მისთვის ვერ იქნება დაბრკოლება და შესაძლოა, ბავშვზე ძალადობის ფაქტი ისევ განმეორდეს, რის ალბათობასაც ბავშვის მამიდის ნაამბობი ამყარებს. როგორც მოძალადის და ჰყვება, ოჯახიდან დედასთან ერთად ძმის მიერ მათზე არაერთხელ განხორციელებული ძალადობის გამო წავიდა.

 

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის,  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანების საფუძველზე ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობა მკაცრად ისჯება. არსებული ბრძანებულებით საქართველოს საჯარო სკოლებისა და სააღმზრდელო დაწესებულების ყველა თანამშრომელი ვალდებულია, ბავშვზე შემჩნეული ნებისმიერი ძალადობის  კვალის გამოვლენისას, დაუყოვნებლივ აცნობოს საპატრულო პოლიციასა და სოციალური მომსახურების სააგენტოს.

 

 

ოჯახში ძალადობის შესახებ კანონს, შესაძლოა, ახალი მუხლიც დაემატოს, რომლის მიხედვით, სკოლა ან პედაგოგი ვალდებულია, ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია შესაბამის სახელმწიფო უწყებას მიაწოდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაჯარიმდება.

 

ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ფიზიკური პირი გაფრთხილდება ან დაჯარიმდება 50 ლარის ოდენობით. იურიდიული პირის შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარია.

 

მას შემდეგ, რაც მოხდება შესაბამისი სამსახურების ინფორმირება, იწყება საქმის შესწავლა. პროცესში თუ დადგინდა, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლია, მოხდება სათანადო რეაგირება. რა ღონისძიებები ტარდება კონკრეტულად და როგორ ხდება მსხვერპლის დაცვა, ამის თაობაზე ჩვენთან სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის რეგიონული  საკოორდინაციო ცენტრის უფროსის მოადგილე, მეურვეობა-მზრუნველობის იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე ნათია წივწივაძე საუბრობს:

 

„ყველა უწყებამ, ვისაც ურთიერთობა აქვს ბავშვთან (ეს შეიძლება იყოს სკოლა ან სააღმზრდელო დაწესებულება) ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაშიც კი, აუცილებლად უნდა  აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს. სამართალდამცავი ორგანოები, თავის მხრივ, მეურვეობის და მზრუნველობის ტერიტორიულ ორგანოს უკავშირდებიან.

 

ერთობლივი მუშაობით ხდება ყველა პროცედურის გათვალისწინება, რაც, პირველ რიგში, ბავშვის ინტერესებისთვის არის აუცილებელი. ხშირად მშობლის მიერ ფაქტი თანმიმდევრულად არ კონკრეტდება. არადა, სწორ იდენტიფიკაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

პოლიცია ვალდებულია, ბავშვი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანოს, გაარიდოს მოძალადეს. მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო ახორციელებს ბავშვის შეფასებას. თუ წარმოების პროცესში გამოიკვეთება, რომ  მისი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ბავშვის გადაყვანა, გადაგვყავს უსაფრთხო ადგილზე, რომელსაც თავად ბავშვი ირჩევს, შეიძლება მას სურვილი ჰქონდეს ნათესავთან დარჩენის. მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ხდება სახელმწიფო მზრუნველობაში გადაყვანა, რადგან ყოველნაირად ვცდილობთ ბავშვი ბიოლოგიურ მშობლებთან დარჩეს.

 

ფაქტის გამოვლენისას სოციალური მუშაკი ახორციელებს საკითხის წარმოდგენას მეურვეობის და მზრუნველობის რეგიონულ საბჭოზე. საბჭო იხილავს ბავშვის სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსების საკითხს. თუ ვთვლით, რომ სახელმწიფო მზრუნველობაში გადაყვანა აუცილებელი არაა, ამ შემთხვევაში ხდება მშობლის უფლების შეზღუდვა, ან იმ პირის, რომლისგანაც ხორციელდება ძალადობა, ხდება ბავშვის რეაბილიტაცია. ვატარებთ მონიტორინგს ხომ არ გამოიკვეთება რაიმე რისკები, რაც ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად გამოიხატება. ინფორმაციის მისაღებად სკოლას სისტემატური კავშირი აქვს საპატრულო პოლიციასთან. თუ გამოიკვეთა ძალადობის რისკი, არსებული სამართლებრივი საფუძვლის შემთხვევაში, გამოიწერება დამცავი ორდერი.

 

იმ შემთხვევაში, თუ მხარეები აღადგენენ ურთიერთობას და აღარ იარსებებს ძალადობის საშიშროება, ორდერი გაუქმდება.

 

შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ ორდერის გამოწერით  წყდება რეაგირება, ეს მხოლოდ ერთ-ერთი მექანიზმია. ბავშვი ყოველთვის მოწმდება. იმ შემთხვევაში, თუ მოძალადე პირი გადალახავს ორდერით დაწესებულ ვალდებულებას, მაშინვე მოქმედებს დამცავი ორდერი. პატრულის მიერ  გატარდება შესაბამისი ღონისძიება - მოძალადე ან სასჯელაღსრულების  დაწესებულებაში, ან სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაჰყავთ.“

 

შემაკავებელი ორდერი მოძალადეს უკრძალავს ძალადობის მსხვერპლთან მიახლოვებას, თუმცა ის მაინც ვერ იქნება  ბავშვის დაცულობის გარანტი. სამწუხაროდ, განმეორების შემთხვევაში ძალადობა, შესაძლოა, სავალალო აღმოჩნდეს.

 

 

***

 

ძალადობის რამდენიმე ფორმა არსებობს: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური. ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალადობა უმეტეს შემთხვევაში ფსიქოლოგიური და ეკონომიკური პრობლემებით არის გამოწვეული, თუმცა ხშირია მოზარდზე  სექსუალური ძალადობის ფაქტებიც.

 

შესაძლოა, ბავშვი უშუალოდ არ იყოს ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ მშობლების და ოჯახის წევრების გახშირებული კამათი და ჩხუბი ახდენს ბავშვის ტრამვირებას. ძალადობის მსხვერპლი ბავშვები  დათრგუნული და გარიყულები არიან, არ კონტაქტობენ თანატოლებთან. ჰგონია, რომ მის შესახებ ყველამ იცის, ზოგჯერ ეს მოჩვენებითია, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში - სიმართლე. ხშირად ძალადობის მსხვერპლზე სკოლაში   მეზობელი ბავშვები ჰყვებიან, ამ შემთხვევაში ბავშვები ბულინგის მსხვერპლები ხდებიან, რაც მათ ტრამვირებას კიდევ უფრო ართულებს. საზოგადოება კი ყოფილი  მსხვერპლისგან მოძალადეს იღებს.

 

ძალადობის მსხვერპლი ბავშვი პოტენციური მოძალადე რომ არის, ადასტურებს ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგი იაგო ბალანჩივაძე. როგორც ის აღნიშნავს, ძალადობის ფაქტები მნიშვნელოვნად გახშირდა. ბავშვი, რომელიც ძალადობის ობიექტია, ან თუნდაც ფაქტის შემსწრეა, იღებს ფსიქოლოგიურ ტრამვას. ის ვერ ახდენს აგრესიას მშობლებზე, მაგრამ ის მოძალადე ხდება თანატოლებში. იქცევა აგრესიულად და ცდილობს, დაჩაგროს მასზე სუსტი.

 

ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ აუცილებელია, მოხდეს სპეციალისტების დროული ჩარევა, რაც საუკეთესო შედეგს იძლევა.

 

ძალადობის მსხვერპლი ბავშვი და მშობელი, რომლის მიმართაც სისტემატურად ხორციელდება თავდასხმა, თავშესაფრებსა და ოჯახური ძალადობის ცენტრებში მიჰყავთ. ოჯახური ძალადობის ცენტრი ქუთაისში ერთი წლის წინ დაარსდა. სოციალური მუშაკის ნანა იდაძის თქმით, დაზარალებულს თავშესაფარში დარჩენა სამი თვის განმავლობაში შეუძლია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში დროის გაზრდა შეიძლება.

 

არსებული კანონმდებლობით, თავშესაფრებში ბენეფიციარების კეთილდღეობისთვის ყველა პირობა უნდა იყოს შექმნილი და, საჭიროების შემთხვევაში, ყველა დაზარალებულს უნდა მოემსახუროს.

 

თუმცა, ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის წარმომადგენელი რამდენიმე თვის წინ მომხდარ შემაშფოთებელ ფაქტს იხსენებს (პიროვნების ვინაობას რიგი მიზეზების გამო არ ვასახელებთ):

 

„ფაქტი, რომლის შესახებაც გიამბობთ, რამდენიმე თვის წინ ჩვენს სკოლაში მოხდა. შევამჩნიე ერთ-ერთი მოსწავლე სისტემატურად დათრგუნული იყო, არ კონტაქტობდა სხვებთან. მოგვიანებით იარებიც აღმოვაჩინე. ბავშვის ოჯახური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მეზობელი ბავშვებისგან მოვიპოვე. როდესაც გავიგე, რა მდგომარეობა იყო, მივმართე სოციალურ მომსახურების სააგენტოს, საიდანაც შეტყობინებისთანავე მოვიდნენ სკოლაში. მათ თავის მხრივ საპატრულო პოლიცია და ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახური გამოიძახეს. მივიდნენ ბავშვის სახლში, გამოიკითხეს მდგომარეობა, მოახდინეს შეფასება, ოჯახის წევრების გაფრთხილება, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო ძალადობის განმეორების შემთხვევაში. გაატარეს რაღაც ღონისძიებები და წავიდნენ. ვინაიდან შეტყობინების პირველი შემთხვევა იყო, არ მოხდა ბავშვის გადაყვანა თავშესაფარში და ის მოძალადეებთან ისევ მარტო დარჩა. სოციალურ მუშაკს მივმართე კითხვით, ძალადობის განმეორების შემთხვევაში, რატომ არ ხდებოდა ბავშვის გადაყვანა თავშესაფარში? პასუხი იყო გამაოგნებელი, უბნის ინსპექტორმა მითხრა, რომ თავშესაფრები არ არის და ბავშვი სად უნდა წავიყვანოთო? გამოდის, რომ ბავშვი ძალადობის პირისპირ მარტო დატოვეს. შემაკავებელი ოქმი არსებობს, მაგრამ მის ამოქმედებას ვადები უნდა, ან რომც ამოქმედდეს, ეს ვერ იქნება უსაფრთხოების გარანტი, რადგან, შესაძლოა, ადამიანმა, რომელსაც ნერვული შემოტევა აქვს, ზიანი მიაყენოს ბავშვს, სამსახურის ჩარევა კი დაგვიანებული აღმოჩნდეს.“

 

დავინტერესდით, გაგვეგო, რა ვითარებაა თავშესაფრებში, ბავშვთა სოფლებსა და ოჯახური ძალადობის ცენტრებში, თუმცა, როგორც სოციალური მუშაკი აღნიშნავს, მიზეზთა გამო თავშესაფრების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, რის გამოც თავშესაფრებში შესვლა რიგ პროცედურებთან არის დაკავშირებული.

 

რაც შეეხება სტატისტიკას, მიმდინარე წლის განმავლობაში იმერეთის მასშტაბით ბავშვზე ძალადობის 21 შემთხვევაა რეგისტრირებული, ამათგან მხოლოდ ორ შემთხვევაში მოხდა ბავშვის სპეციალურ სააღმზრდელო დაწესებულებაში გადაყვანა.

 

ფსიქოლოგების თქმით, ხშირია ფაქტები, როდესაც მოძალადე აფექტის მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ, ჩადენილი დანაშაულის გამო სინანულს განიცდის, ნერვიულობს და პირობას დებს, რომ აღარ განმეორდება, თუმცა, ვიდრე მოძალადე სინანულშია, მომსახურების სააგენტო სამართალდამცავ ორგანოებთან ძალადობის ხარისხს ადგენს და ვიდრე საზოგადოება მიხვდება, ძალადობის ფაქტს გულგრილად უყურებს და ამით თავადაც ძალადობის თანამონაწილეა, ანანო და კიდევ ბევრი „ანანო“ ძალადობის პირისპირ მარტო რჩება.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია