დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ჭეშმარიტი მხატვრობა სუვენირებმა ჩაანაცვლა“
„ჭეშმარიტი მხატვრობა სუვენირებმა ჩაანაცვლა“
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 3942
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე
მსგავსი სიახლეები

რა პრობლემები აქვთ ქუთაისელ მხატვრებს?

 

ქუთაისში მოღვაწე მხატვრები ხელოვანთა სალონის აღდგენას ითხოვენ, ეს ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, რაც ადგილობრივ ხელოვანებს აწუხებთ. მათ არა აქვთ სამხატვრო სალონი, სადაც პერიოდულად  გამოიფინება  მათი ნამუშევრები.

 

ქალაქის მერი შოთა მურღულია მხატვართა კავშირის წევრების პრობლემებს 17 ოქტომბერს გაეცნო. მხატვრებთან შეხვედრა ქუთაისის მერიაში გაიმართა.

 

მათი საუბარი შეეხო ხელოვანთა სალონის აღდგენის საკითხს, სადაც გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. აგრეთვე - მხატვრების პერსონალური გამოფენების მოწყობის აუცილებლობას.


შოთა მურღულიას თქმით, ყველა პრობლემურ საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და მათი მოგვარების მიზნით მხატვრებთან შეხვედრა მომავალშიც არაერთხელ გაიმართება.

 

სამხატვრო სალონის არქონა, არარსებული დაფინანსება და ნამუშევრების ნაკლები რეალიზაცია - ეს ის ძირითადი პრობლემებია, რაც აწუხებს დღეს ქუთაისელ ხელოვანებს.

 

სამხატვრო გალერეის ხელმძღვანელის, მოქანდაკე გიორგი კიკვაძის თქმით, მათ ქუთაისის მერი, შოთა მურღულია მომავალი წლისთვის ზემოთ აღნიშნული ყველა პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.

 

„ფართის გამოყოფა, ნამუშევრების ქალაქგარეთ გატანა და დაფინანსება, რაც დაგვეხმარება ნახატების რეალიზაციაში, მეტი სტიმულის მომცემი იქნება ჩვენთვის. მხატვარს შესაბამისი გარემო სჭირდება სამუშაოდ,“ - განაცხადა გიორგი კიკვაძემ.

მისივე თქმით, დღეს ჭეშმარიტი მხატვრობა სუვენირებმა ჩაანაცვლა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ნამდვილი მხატვრობის რეალიზაციას.

 

„ხალხი ნაკლებად ყიდულობს ნახატებს, მითუმეტეს, - ჩვენს პირობებში, როცა ამ ნახატების სახალხოდ გამოტანასაც ვერ ვახერხებთ, შესაბამისი ფართის არარსებობის გამო. ცნობილი მხატვარი ისედაც ახერხებს საკუთარი ნამუშევრების რეალიზაციას. მათ ნახატებს ყიდულობენ კერძო კოლექციონერები. თუმცა, არიან ახალგაზრდები, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი შემოქმედების განთავსების ადგილი, სადაც წარმოდგენილი ექნებათ მუდმივი კოლექციები. შესაბამისად,  საქართველოში ჩამოსული უცხოელები მხოლოდ გალერეას ათვალიერებენ და არ ჩანს, რა პირობებში უწევთ მხატვრებს საკუთარი ნამუშევრების შექმნა. შემდგომში კი იმედია, ეცოდინებათ, რომ არსებობს ქუთაისში ადგილი, სადაც შეძლებენ ადგილობრივი ხელოვანების შემოქმედების შეფასებას და შეძენას,“ - განაცხადა გიორგი კიკვაძემ.

 

ამ ეტაპზე ქუთაისელ მხატვრებს საკუთარი კერძო სტუდიები აქვთ, სადაც ინდივიდუალურად მუშაობენ. ზოგი ახლობლობით თავშეფარებული რომელიღაც ნახევრად დანგრეულ შენობაში, ზოგიც ქირით დროებით დამკვიდრებული. ჩაიკეტებიან ოთახებში და იღებენ იშვიათ შეკვეთებს, რაც ნამდვილად არ არის საკმარისი, მაშინ, როცა თავადვე უწევთ ნამუშევრისთვის საჭირო მასალის შეძენა, ფართის დაქირავება, შასაბამისი ინვენტარის მომარაგება და ა.შ.

მოქანდაკე გიორგი კიკვაძის თქმით, როცა ქუთაისში უცხოეთიდან საპატიო  სტუმარი ჩამოდის, მერია ყიდულობს ხოლმე სასაჩუქრედ მათ ნამუშევრებს, თუმცა მერთან ბოლო შეხვედრისას მიიღეს პირობა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურ ფინანსურ მხარდაჭერას  გაუწევს ხელოვანებს, ხოლო ნახატების შეძენა მერიის მხრიდან სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.

 

„ყველა თემაზე დადებითი პასუხი მივიღეთ. იმედი გვაქვს, მომავალ წელს უკეთეს გარემოში ვიმუშავებთ,“ - განაცხადა გიორგი კიკვაძემ.

 

დააფინანსებს თუ არა ქუთაისის მერია ადგილობრივ მხატვრებს და დაეხმარება თუ არა მათ ქალაქგარეთ ნამუშევრების გატანაში, ეს მომავალ წელს გაირკვევა, მანამდე კი ქუთაისელი მხატვრების ძირითადი შემოსავალი იშვიათი შეკვეთებია, ძირითადად ეკლესიების მიერ შეკვეთილი ხატები და ქანდაკებები.

 

მსგავსი პრობლემა აქვს მხატვართა ძირითად ნაწილს, მათ შორის, - ქუთაისში, წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე საკმაოდ შელანძღულ შენობაში მომუშავე სამ ახალგაზრდა ხელოვანს. რომლებიც გულდაწყვეტილები არიან იმის გამო, რომ შეკვეთებზე მუშაობა ვერ აკმაყოფილებს მათ შემოქმედებით წყურვილს.

 

„შეკვეთაზე როცა ვმუშაობთ, იმდენად ვერ ვიღებთ სულიერ სიამოვნებას, როცა ვხატავთ, ვძერწავთ, მთელ სულსა და გულს ვდებთ ჩვენს საქმეში. თუმცა, ხარჯს, რისი გაღებაც გვიწევს შესაბამისი ნამუშევრის შესაქმნელად, ვერ ავუდივართ,“ - განაცხადა მხატვარმა გიორგი გამთენაძემ.

 

ქუთაისის სამხატვრო გალერეაში წელიწადში ერთხელ ტარდება გამოფენა-გაყიდვა. თუმცა,  გაყიდვა ხმამაღალი ნათქვამია, რეალიზაცია, ფაქტობრივად, არ ხდება.

 

„კარგი იქნება, გამოჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც რეალურად  შეაფასებენ ჩვენს შრომას და შეიძენენ ნახატებს, ასევე კარგი იქნება, რომ გვქონდეს შესაბამისი ფართი, რაც უცხოელი დამთვალიერებლისთვისაც მისაღები იქნება და სამხატვრო სალონი შევა ქუთაისის ტურისტულ რუქაში. ეს  ქალაქისთვისაც სახელი იქნება და ქვეყნისთვისაც,“ - განაცხადეს ახალგაზრდა მხატვრებმა.

 

შეასრულებს თუ არა ადგილობრივი ხელმძღვანელობა დანაპირებს, ამას ერთი წლის შემდეგ ვნახავთ. მხატვრები კი აგრძელებენ ენთუზიაზმით მუშაობას და იმედოვნებენ, რომ მომავალში  ცოტათი მაინც გაუმჯობესდება მათი მდგომარეობა.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია