დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სიტყვას ითხოვს მკითხველი „პირველი არხი“... ვისი არხი?!
სულ ნანახია 1436
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

შარშან რეპრესირებულებმა პარლამენტის შენობასთან აქცია გავმართეთ. საქმე ეხებოდა ხელისუფლების მხრიდან ჩვენი კომპენსაციების შეჭმის საკითხს. მიუხედავად მრავალი თხოვნისა და მათი მხრიდან შეპირებისა, აქციის გასაშუქებლად „პირველი არხი“ ვერაფრით მივიყვანეთ. არც ამ თუ სხვა საჭირბოროტო საკითხებზე გამართული პრესკონფერენციების გაშუქებაზე შეუწუხებიათ თავი ოდესმე.

 

იგი ხალხის გვერდით არასდროს დამდგარა. ამის ნათელი დადასტურება იყო ასევე ამა წლის 14 ოქტომბერს „მოამბეში“ გასული სიუჟეტი, რომელიც წყალტუბოს მუზეუმის გასაჭირს შეეხებოდა. კერძოდ, საუბარი იყო, რომ სახურავიდან წყალი ჩამოდის და ექსპონატები ზიანდება, ადგილობრივი ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს და მარტო თანამშრომლები ცდილობენ კულტურის კერის გადარჩენას, მაგრამ არაფერი გამოსდითო...

 

ტელეეთერში გამომსვლელთა შორის იყო სამუზეუმო ქსელის უფროსი ია კუხალაშვილი. არადა, 4 წლის წინ, როცა მუზეუმი და ამავე შენობაში მოთავსებული ყოფილი კურორტის ბიბლიოთეკა შეაკეთეს და 136 ათასი ლარი გახარჯეს (თავიდან 200 ათასი ყოფილა გათვალისწინებული, მაგრამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ესეც უკმარებია), მაშინ არავის გახსენებია, რომ მუზეუმს სახურავი ჰქონდა შესაკეთებელი, საგამოფენო დარბაზები ჰქონდა გასაფართოებელი და ასევე ექსპონატების დასაცავად ტემპერატურული რეჟიმი იყო საჭირო. არადა, 64 ათასი ლარი მორჩათ, ხოლო რაც გახარჯეს, ისიც არამიზნობრივად იქნა გამოყენებული. შენობაში სრულებით არ იყო საჭირო ორი მთავარი ბიბლიოთეკის გადატანა, რომელთაც საკუთარი ბინებიც და უკეთესი ადგილმდებარეობებიც ჰქონდათ და რომელთაგან ერთ-ერთის ბინა დღეს გაპარტახებულია (ნარკომანთა ბუდედ და საზოგადოებრივ ტუალეტადაა ქცეული და არც არავინაა გამკითხავი). ასევე აუცილებლობას არ წარმოადგენდა იქ აიპ „სამუზეუმო და საბიბლიოთეკო გაერთიანების“ თანამშრომელთა გადაყვანა, მით უმეტეს, გაერთიანების ხელმძღვანელი ირმა კილასონია მაშინ ეწინააღმდეგებოდა ამას.

 

აი, როდის უნდა გამოეფხიკათ ყურები ზოგიერთებს, მაგრამ იმ დროს, როცა ამ ამბებთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემებზე გაზეთებში წერილებს ვაქვეყნებდი და ერთხელ ტელეკომპანია „პირველი არხიც“ მოვიყვანე აქ მდგომარეობის გამოსასწორებლად, და ასევე, ერთხელ, წყალტუბოს ავტოსატრანსპორტო გაერთიანების ხელმძღვანელს ქუთაისის რაიონულ პროკურატურაშიც კი ვუჩივლე მუზეუმ-ბიბლიოთეკის მიმართულებით სამგზავრო ტრანსპორტის არ დანიშვნისათვის. მაშინდელი (და ახლანდელი) სამუზეუმო ქსელის უფროსი ია კუხალაშვილი ქება-დიდებას ასხამდა როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე მშენებლებს და ბრმად მოიხსენიებდა ყველას, ვინც მათ რაიმეში ედავებოდა. აი, რას წერდა იგი გაზეთ „წყალტუბოს“ 2010 წლის 8 თებერვლის ნომერში: „... ბრმა უნდა იყო, ან ძალით იბრმავებდე თვალებს, რომ ვერ შეამჩნიო სასიკეთო ძვრები ქალაქში... დაიგო ახალი ასფალტის საფარი... შენდება და მშვენდება ახალი ბიბლიოთეკები და კლუბები... ბევრი რამ გაკეთდა კურორტის ახალი ბიბლიოთეკისთვისაც, მალე აქ წყალტუბოს მთავარი ბიბლიოთეკა დაიდებს ბინას. მავანს და მავანს იქნებ ვინმესთვის გუნდრუკის კმევად მოეჩვენოს ეს წერილი. აკი ბევრჯერ შემატოვეს ბაგეზე სათქმელად მომზადებული მადლიერების სიტყვა ჩემი ქალაქის ხელმძღვანელებზე“...

 

შემდეგ ქალბატონი ია ხაზგასმით აღნიშნავდა, თუ როგორ ხელმძღვანელობდა შაბათ (დასვენების) დღეს გამგებლის მოადგილე ზურაბ ჯიმშელეიშვილი (თანაც დილით ადრე!) ეზოს გასაწმენდად შემოსულ ტრაქტორს; თუ როგორ მივიდა მაშინდელი პასუხისმგებელი მუშაკი ზურაბ ჯანელიძე 31 დეკემბერს ღამის 11 საათზე: - „დღე ვერ ვიცლი და ახლა მინდა ვნახო, სამუშაოებს რა მიამატესო“. და ასევე თუ როგორ დარბოდა ქალაქის კულტურის განყოფილების გამგე - ლილი გედენიძე ცოცხით ხელში ბიბლიოთეკასა და მუზეუმს შორის დასასუფთავებლად. იქვე ჩამოთვლილია ასევე საკრებულოსა და გამგეობის 20-მდე თანამშრომელი, რომელთაც ლამის ამ მუზეუმში დაუდიათ ბინა. ასევე, აღნიშნულია სამი მამუკას ღვაწლზე (როგორც სამების ჰიპოსტაზებზე), ყოველდღე მობილიზებულ ქალაქის დასუფთავების სამსახურისა თუ სახანძრო რაზმის საქმიანობაზე (ეტყობა მუშაობის ისეთი ცეცხლი დაანთეს იქ ამ ხალხმა, რომ საჭირო ხდებოდა მისი ხანდახან წყლით განელება). ოღონდ ერთი რამ არ მესმის: ტენდერში გამარჯვებული ხომ მხოლოდ ერთი კომპანია იყო და არა მთელი ქალაქის მაშინდელი ხელმძღვანელობა? თუ ესენიც წილში ისხდნენ მათთან. არ ეწყინოთ და ზემოთ ჩამოთვლილი ხელისუფალნი საკუთარ მოვალეობებსაც ვერ ასრულებდნენ, როცა რაიმე საკითხზე მიმართავდი და აქ რამ გადარიათ? ასეა თუ ისე, მოკლედ რომ ვთქვათ, ქება-დიდების ჰიმნია მიძღვნილი სრულიად მთელი წყალტუბოს მაშინდელი ხელისუფლების მიმართ, „მავანთა და მავანთა“ გულის გასახეთქად.

 

და აი, ამ ტაკიმასხრობის შედეგი: გზა მუზეუმის მიმართულებით დღესაც არაა დასრულებული, და არც ტრანსპორტი დადის იქ დღეს ნორმალურად, რაზედაც ერთ დროს მე იმდენს ვჩხუბობდი გაზეთებში, ტელევიზიაში და პროკურატურაში. შენობის სახურავიდანაც წყალი ჩადის, საგამოფენო დარბაზების არასაკმარისი ფართის გამო, ექსპონატები საწყობში უწყვიათ, ახალი ხელისუფლებიდან კი საყვედურებით შველას ითხოვენ, თან ჩივიან, რომ არავინ დადის მუზეუმის დასათვალიერებლადო.

მოკლედ, მართლა ბრმა თუ არ არის ადამიანი, ნათლად დაინახავს, თუ ვინ მიიყვანა წყალტუბო თავის მუზეუმ-ბიბლიოთეკებ-საკონცერტო დარბაზ-ქუჩებ-სანატორიუმებიანად სრულ განადგურებამდე, ხოლო ახალი ხელისუფლების დანაშაული კი ის არის, რომ არ მიმდინარეობს კვლევა-ძიება იმ ძარცვა-გლეჯისა, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა.

 

„პირველ არხს“ კი მოვუწოდებდი, შეეცნოს თავისი მისია, რომ ის საზოგადოებრივი არხია და არა „ნაციონალი“ პარტიულებისა, რომ ისინი ხალხის ფულით ფინანსდებიან და ხალხს უნდა ემსახურონ.

 

 

მევლუდ ბობოხიძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია