დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
როგორ გვესმის ადგილობრივი თვითმმართველობა და რას ვითხოვთ მისგან
როგორ გვესმის ადგილობრივი თვითმმართველობა და რას ვითხოვთ მისგან
სულ ნანახია 4445
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც სახელმწიფო მოწყობის, სახელმწიფოს ინსტიტუციონალური განვითარების, ასევე მმართველობაში საზოგადოების ჩართულობის მხრივ. ეს ურიგო არაა დემოკრატიის განვითარებისთვის - ფაქტია. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დემოკრატიისთვის უკვე გადავდგით საკმაოდ დიდი ნაბიჯი, მაგრამ მხოლოდ სამართლებრივი კუთხით. ახლა დადგა ჯერი სამართლებრივი საკითხების ეფექტურად განხორციელებისა, რისთვისაც, ჩვენი აზრით, აუცილებლობას წარმოადგენს ცნობიერების ამაღლების პროცესის დაწყება მთელი ქვეყნისათვის, ანუ სამივე სექტორის - სამთავრობო, ბიზნეს და საზოგადოებრივი სექტორების წარმომადგენლებისათვის, რაც, ჩვენი აზრით, გამოიხატება შემდეგში:

 

· ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სამოქმედო გეგმის შედგენა რეალური შესაძლებლობათა და პერიოდის განსაზღვრით;

· მართვის სისტემის პრინციპების შესახებ სისტემატიური ინფორმირებულობა საზოგადოებაზე ყველა საშუალებითა და ხერხებით;

· სამოქმედო გეგმის შესრულების სისტემური ინფორმირებულობა საზოგადოებისათვის დაგეგმილი და მიღებული შედეგების მიხედვით გეგმის კორექტირებაში საზოგადოების ჩართვის აუცილებლობით;

· მაქსიმალური გამჭვირვალობის ხერხების გამოყენებით საზოგადოების ინფორმირებულობისათვის და მისგან ჩართულობის მოთხოვნა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლების მიერ ვალდებულებათა შესრულების შესახებ;

· მაქსიმალური ხელშეწყობა თვითმმართველობის რეფორმის პროცესებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საკითხით დაინტერესებისათვის მომუშავეთათვის (ჩართულობის ცენტრი, ჟვანიას სახელობის სკოლა, არასამთავრობო ორგანიზაციები, მასმედია, უნივერსიტეტები, ახალგაზრდული ორგანიზაციები). ხელშემწყობი პირობების შექმნა დაწყებული ერთობლივი თანამშრომლობიდან, დამთავრებული საჯარო დისკუსიებამდე;

· სხვა მუნიციპალიტეტების გამოცდილებათა გაზიარება, რა არის უკეთესი და რა უნდა გადმოვიღოთ, რა არის უარესი და არ არ უნდა გავაკეთოთ.

ვისაც გამოუჩენია ინტერესი და დაუწყია თვითმმართველობის შესახებ ინფორმაციათა მოძიება, მან საკმაოდ ბევრი უცხო და საზოგადოებისათვის სასარგებლო პროცესები გაიგო სახელმწიფო მოწყობის აღნიშნულ სისტემაზე, მის ძირითად პრინციპებზე და მიღებულ შედეგებზე. პირველს, რასაც დაასკვნის ინტერესის მქონე პიროვნება, ესაა შემდეგი:

· თვითმმართველი ორგანოს მმართველი ორგანო და მის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები ნორმალურად წარმოადგენენ პარტნიორებს, რომლებიც ერთად გეგმავენ, ასრულებენ, აკონტროლებენ და აფასებენ შესრულებულ სამუშაოებს, ასევე ერთად იზიარებენ პასუხისმგებლობას ტერიტორიული ერთეულის მოწყობაზე. აღნიშნული პრინციპი ხელს უწობს დემოკრატიული პრინციპის განხორციელებას ხალხთან - ანუ „დემოსთან“ ერთად. აღნიშნული პრინციპების ეფექტურად განვითარებისა და მისგან მაქსიმალური მოგების მიღებისათის აუცილებლობას წარმოადგენს, კარგად ვიცოდეთ ის აუცილებელი პრინციპები, რაც წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამედროვე ფუნდამენტს და ღირებულებას საერთოდ, განსაკუთრებით, ევროკავშირის სივრცეში, საითკენაც მივისწრაფვით.

· თვითმმართველობის განხორციელების ძირითად პრინციპებს წარმოადგენს დეცენტრალიზაცია, დეკონცენტრაცია და სუბსიდიარება.

 

ნება მიბოძეთ, განვმარტოთ თითოეული სიტყვის არსი, რას ნიშნავს იგი და როგორ ვრცელდება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაზე.

ა) დეცენტრალიზაცია

 

საქართველოში სახელმწიფო მართვის სამი დონეა - ცენტრალური, ანუ ეროვნული, რეგიონული, ანუ ავტონომიური, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობა. ყველა დონის მმართველობა დაკავებულია თავისი შესაბამისობით მართვის პროცესში ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი საკითხების ეფექტურად გადაწყვეტისათვის, რაც ხდება უფლება-მოვალეობათა განაწილების პრინციპით, ანუ გამომდინარე აწთქმულიდან, მიმდინარეობს დეცენტრალიზაციის პროცესი. მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ - დეცენტრალიზაცია წარმოადგენს უფლებამოსილებათა გადანაწილების პრინციპს იერარქიულად დამოუკიდებელ ხელისუფლების დონეებს შორის, რომელთა ძალაუფლების წყაროს ხალხი წარმოადგენს.

 

დეცენტრალიზაცია თავის მხრივ მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს - პოლიტიკურს, ადმინისტრაციულს და ფისკალურს. განვიხილოთ ისინი სათითაოდ:

 

პოლიტიკური დეცენტრალიზაცია წარმოადგენს ადგილობრივ დონეზე წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევას და მართვის საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში პოლიტიკური გადაწყვეტილებათა მიღების უფლებების მინიჭებას.

 

ადმინისტრაციული დეცენტრალიზაცია ნიშნავს თვითმმართველობის ორგანოებისათვის ფართო უფლებამოსილებათა გადაცემას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მათ შორის - სახელმწიფო საქმეების მართვისა და საჯარო მომსახურების სფეროში.

 

ფისკალური დეცენტრალიზაცია - თვითმმართველობისათვის კომპეტენციათა განხორციელებისათვის საჭირო ფინანსების გადაცემა.

 

ბ) დეკონცენტრაცია წარმოადგენს ცენტრალური ხელისუფლების ინსტიტუციების ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიებზე მათი წარმომადგენლობის ფორმირებას მოქნილი და ეფექტური მართვისა და ხალხთან დაახლოების მიზნით, ისინი არ წარმოადგენდნენ დამოუკიდებელ იურიდიულ პირებს და ატარებენ ერთიან საერთო სახელმწიფოებრივ პოლიტიკას. ასეთი მაგალითებია იუსტიციის სამინისტროს საჯარო და სამოქალაქო რეესტრი, ისინი ერთნაირი სისტემით, ერთიანი სახელმწიფო ფორმით და ერთიანი პოლიტიკით ასრულებენ საჯარო თუ სამოქალაქო საკითხების რეგულირებას მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც არ უნდა იყვეს ის განთავსებული - ფოთში, ქუთაისში, თელავსა თუ მესტიაში.

 

გ) სუბსიდიარობა, ანუ დაბალი მმართველობის დონეების გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ჩართულობა.

 

ერთ-ერთმა ამერიკელმა დიპლომატმა დ. მონაგმა გამოთქვა ასეთი აზრი - „არასდროს დააკისროთ დიდ ერთეულს იმის გაკეთება, რაც მცირე ერთეულსაც შეუძლია, რისი გაკეთებაც ოჯახს შეუძლია, მუნიციპალიტეტს არ უნდა გავაკეთებინოთ, რისი გაკეთებაც მუნიციპალიტეტს შეუძლია, სახელმწიფომ არ უნდა შეასრულოს“.

 

განიხილავდა რა ევროპის გამოცდილებებსა და ფედერალისტურ მომავალს დუსან სადინსკი, ის მივიდა შემდეგ დასკვნამდე: „სუბსიდიარობის პრინციპი ერთდროულად ახალი კომპეტენციათა ათვისებისაკენ ერთდროულად მიმართული სწორი გზაცაა და ცენტრალური მმართველობის უაზრო ეიფორიისაგან თავის დაღწევის შესანიშნავი მეთოდიც“.

 

დადებითი და მიმზიდველი გამონათქვამების გარდა, არსებობს ისეთი დამაფიქრებელი აზრებიც, რომლებიც შეიძლება მოვიხმოთ. ცნობილმა ევროპელმა პოლიტიკოსმა ჟაკ დელორმა გამოთქვა შემდეგი: „ყველა ფედერალური წყობის სისტემაში, ისეთში, როგორიცაა - ევროპული საზოგადოება სუბსიდიარების პრინციპი, მუდმივად წინააღმდეგობაში იმყოფება გადამეტებული ძალაუფლების მექანიზმებთან, რაც ცენტრალური ხელისუფლების ზედმეტად გადატვირთვას იწვევს“.

 

მოკლედ და კონკრეტულად ქართულად სუბსიდიარება შეიძლება ასე გავიგოთ - ის, რაც შეიძლება აკეთოს დაბალი დონის მმართველობითმა ორგანომ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოს მასზე იერარქიულად ზემოთ მდგომმა დონის მმართველობამ, ანუ ჩემ საქმეში არავის არაფერი არ ესაქმება. 

 

ამდენად, ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია გავიგოთ ერთი ძირითადი პრინციპი, რომ სუბსიდიარების პროცესი ნამდვილად მოითხოვს ღრმა ჩაფიქრებას, დახვეწას,  გონივრულად და ბრძნულად მისადაგებას ადგილობრივი პირობებისათვის. ეს კომპონენტი ნამდვილად განსხვავდება ისეთი გამოცდილი, დახვეწილი და გამომდგარი პრინციპიდან, როგორიცაა დეკონცენტრაცია, რომელიც გვხვდებოდა ადრინდელ სისტემებშიც.

 

ჩვენ განვიხილეთ თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები, ახლა გთავაზობთ მეორე მონახაზს იმის შესახებ, თუ რას ემსახურება ადგილობრივი თვითმმართველობა და რითია ის უკეთესი ყოფილ სახელმწიფო მოწყობაზე.

 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითადი ფუნქციები

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის დაახლოება მოსახლეობასთან, იგი მოიცავს ორ ძირითად ფუნქციას: 1. ადგილობრივი სერვისების მიწოდება მოსახლეობაზე და 2. მოსახლეობასთან სიახლოვე, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი ფუნქცია ერთმანეთზე დამოკიდებული და აუცილებელი პირობაა.

 

1. სერვისების მიწოდება

ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიური მოთხოვნილების (კომუნალური მეურნეობა, სოციალური საკითხები, ქალაქმოწყობა, ადმინისტრირება, საქალაქო განვითარება და სხვა) მიწოდების უზრუნველყოფა. დასავლეთის პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ სწორედ აღნიშნული მეთოდით ხდება შესაძლებელი ეფექტურობის, ასევე ეფექტიანობის მაღალი ხარისხის მიღწევა, სხვა დანარჩენ მეთოდებთან შედარებით.

 

2. მოსახლეობასთან სიახლოვე

ადგილობრივი თვითმმართველობის ყოველდღიური, უშუალო კონტაქტი მოსახლეობასთან, პრობლემების დინამიკის ყოველდღიური მონიტორინგის ნებითი თუ უნებლიე შესაძლებლობა როგორც ქალაქის ადმინისტრაციიდან, ასევე მის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებლების მხრიდან და შესაძლებლობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ყოველდღიური ოფიციალური თუ არაოფიციალური შეხვედრები იწვევს მოსახლეობასთან სიახლოვეს.

ყოველივე ზემოთ მოყვანილი კომპონენტებისაგან ნამდვილად შორს დგას რეგიონული თუ ცენტრალური ხელისუფლება და კონკრეტული მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შესაძლებლობა ზედა დონის მმართველობასთან ყოველდღიური ურთიერთობისა.

 

ამდენად, მოსახლეობასთან ნებსითი თუ უნებლიე სიახლოვე ნამდვილად წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს ჩვენი სახელმწიფო მართვის თანამედროვე პრინციპების ჩამოყალიბების საქმეში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასურველად მიგვაჩნია, ქუთაისის მოსახლეობამ რაც შეიძლება სწრაფად აიმაღლოს ცნობიერება ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი, პრინციპიალური, ფუნქციონალური მოთხოვნები და არსი. ასევე სასურველია, ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურული ჩამოყალიბება და შესაბამისი კადრებით დაკომპლექტება, რათა მოსახლეობას მიეცეს საშუალება ჩამოაყალიბოს მასთან პარტნიორული დამოკიდებულება.

 

ჩვენის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციები ვიზრუნებთ პროცესის სამართლიანად წარმართვისათვის ვაწარმოოთ მონიტორინგი და ჩავერთოთ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებაში ხელშეწყობის მიზნით, გამომდინარე ჩვენი შესაძლებლობებიდან.

 

ზაზა ხელაძე

 

 

სტატია დამუშავდა პროექტის „მივიტანოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსი ქუთაისელებამდე“ ფარგლებში, რომელიც სრულდება იმერეთის რეგიონის ახალგაზრდული სამეცნიერო-საინფორმაციო ასოციაციის მიერ ფრიდრიხ ებერტის ფონდთან პარტნიორობით, რასაც დიდი მადლიერების გრძნობით ავღნიშნავთ.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია