დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
19 ოქტომბერს ჭიათურაში ტრადიციული დღესასწაული „ჭიათურობა“ გაიმართა
19 ოქტომბერს ჭიათურაში ტრადიციული დღესასწაული „ჭიათურობა“ გაიმართა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 3185
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი

„ჭიათურობასთან“ დაკავშირებული საზეიმო კვირეული, რომელიც მრავალი კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიებებით იყო დატვირთული, 13 ოქტომბერს დაიწყო და მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდა მუნიციპალიტეტის ცენტრსა და რამდენიმე სოფელში.

 

კვირეულის ბოლო დღე, 19 ოქტომბერი, ერთდროულად „ჭიათურობასა“ და კაცხის მაცხოვრის სახელობის ტაძრის ათასწლოვან იუბილეს მიეძღვნა.

 

დღესასწაულში, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრებიც იღებდნენ მონაწილეობას. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან მახათაძემ, ტრადიციულად, ჭიათურის საპატიო მოქალაქეები დაასახელა. წელს ეს პატივი წილად ხვდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ეკონომიკის ექსპერტს, ყოფილ ფინანსთა მინისტრ დავით იაკობიძეს და ცნობილ ჟურნალისტს, გეოლოგს, გეოგრაფს, მთამსვლელს, პროფესორ ივანე ჯაფარიძეს. საპატიო ჭიათურელის წოდება მიენიჭა ჭიათურასთან დამეგობრებული ლატვიის ქალაქის, სიგულდას მკვიდრს, აივარს იანსელსიტისს, ადამიანს, რომელიც პირველად ჭიათურაში 1957 წელს ჩამოვიდა (ამდენივე წელს ითვლის ამ ორი ქალაქის მეგობრობა) და ბევრი რამ გააკეთა ჭიათურისა და სიგულდის მეგობრობის განსამტკიცებლად. სიკვდილის შემდეგ საპატიო ჭიათურელის წოდება მიენიჭა საბაგირო გზების პატრიარქს, გიორგი ფანცულაიას.

 

დასკვნითი ღონისძიებისათვის ჭიათურის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებს საკუთარი ეთნოგრაფიული კუთხეები ჰქონდათ მოწყობილი. პავილიონებში სოფლის მეურნეობის პროდუქტები იყო წარმოდგენილი. თითოეულ კუთხესთან საგანგებოდ იყო გაშლილი სუფრა, სადაც დღესასწაულის სტუმრებს ეროვნული კერძების დაგემოვნებისა და ღვინის დაჭაშნიკების საშუალება ჰქონდათ. განსაკუთრებით გამოირჩეოდა მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი თემის, ნიგოზეთის, პავილიონი, რადგან ტრადიციული სუფრის გარდა თემს წარმოდგენილი ჰქონდა ადგილობრივი წარმოების ღვინო ბოთლებით და დაპაკეტებული ჩაი „ნიგოზეთის“ სახელწოდებით (ჩაისა და ღვინის წარმოებაში წვლილი შეიტანა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ინა ასანიძემ. მისი დახმარებით მოხერხდა ღვინის მინის ბოთლებში ჩამოსხმა და ადგილობრივი წარმოების ჩაის პაკეტებში დაფასოება).

სადღესასწაულო კვირეულის  ეპიცენტრი  სოფელი კაცხი გახლდათ, სადაც აღინიშნა ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ქმნილების, კაცხის ტაძრის,  იუბილე. ამ თარიღის აღსანიშნავად სასულიერო პირებმა და მრევლმა ფეხით მსვლელობა მოაწყვეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მშენებარე ტაძრიდან კაცხის მაცხოვრის სახელობის ეკლესიამდე. ტაძრის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე სტუმრებსა და მრევლს მიმართეს ჭიათურა-საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან მახათაძემ. საზეიმო განწყობა აამაღლა იმანაც, რომ წვიმიანი ამინდის შემდეგ ცაზე ცისარტყელამ გამოანათა. ტაძრის ათასი წლის იუბილის აღსანიშნავად მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად დაირგო ათასი ძირი ფიჭვის ნერგი.

 

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით გამოიცა კაცხის ტაძრის ისტორიის ამსახველი ფოტოალბომი. ქალაქის დღე ჭიათურლებთან ერთად უცხოელმა სტუმრებმაც იზეიმეს. დამეგობრებული ქალაქების: სიგულდას (ლატვია), ბირშტონასის (ლიტვა) და კეილას (ესტონეთი) დელეგაციები ჭიათურას საგანგებოდ, „ჭიათურობასთან“ დაკავშირებით ეწვივნენ და ქალაქში მიმდინარე ღონისძიებებს დაესწრნენ. სამწუხაროდ, თურქეთის დელეგაცია ვერ ჩამოვიდა ქალაქ მურღულიდან. კაცხის ტაძრის იუბილისათვის ჭიათურას ეწვივნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანი მიროტაძე, საჩხერის, თერჯოლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების პირველი პირები.

 

კაცხის ტაძარში 21 ოქტომბერს აღავლინა საზეიმო წირვა საჩხერე-ჭიათურის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა.

 

დღესასწაულისათვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მცირე თანხის გამო საჭირო გახდა მატერიალური თანადგომა, რაც „ჯორჯიან მანგანეზმა“ და „ჯორჯია ტრეიდინგმა“ განახორციელა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია