საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
წყალს სასმელად ვერ ვიყენებთ, გადასახადს კი გვახდევინებენ
წყალს სასმელად ვერ ვიყენებთ, გადასახადს კი გვახდევინებენ
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 1416
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე
მსგავსი სიახლეები

ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, სასმელი წყლის დეფიციტია. ქალაქში სამდღიანი უწყლობის შემდეგ მოსულ „ნანატრ“ წყალს მოსახლეობა სასმელად ვერ იყენებს. მიზეზი სპეციფიური, არასასიამოვნი სუნი, გემო და შეფერილობაა. ამის გამო აქ მცხოვრებლები იძულებული არიან, მარკეტებს მიმართონ სასმელი წყლის შესაძენად.

 


აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები ქალბატონის, მზევინარ ასათიანის განცხადებით, სასმელი წყლის პრობლემა ამ ქუჩისათვის ახალი არ არის. ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ბარათაშვილის ქუჩაზე წყალს დასალევად ვერ იყენებენ.


„თავდაპირველად მილი გასკდა და რამდენიმე დღის უწყლობის შემდეგ, ონკანებში უვარგისი წყალი მოდიოდა, მხოლოდ სარეცხად ვიყენებდით, ყველას ეშინოდა, არ მოწამლულიყო. რამდენჯერმე მივმართეთ მერიას დახმარების თხოვნით, ვწერეთ განცხადებები, ხშირად ვაწუხებდით  „წყალკანალის“  სამსახურს. ისინი კი მოდიოდნენ, მიჰქონდათ წყალი, როგორც გვეუბნებოდნენ, ექსპერტიზაზე და გვიმტკიცებდნენ, რომ ვარგისიანია და შეიძლება ამ წყლის დალევაო, მაგრამ ჩვენ მაინც ვერ გამოვიყენეთ სასმელად, საშინელი გემო ჰქონდა. ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევის დროს, „წყალკანალის“ სამსახურის წარმომადგენელს პირადად უნდოდა დაემტკიცებინა ჩვენთვის წყლის ვარგისიანობა, მიწოდებული ჭიქა კი ლამის ხელიდან გაუვარდა, იმდენად არ ესიამოვნა გემო,“   განაცხადა მზევინარ ასათიანმა.


მოსახლეობის თქმით, წყლის პრობლემა ყოველთვის იყო ბარათაშვილის ქუჩაზე, შესაბამისი სამსახურის გამოხმაურების მიუხედავად, დღესაც არ არიან კმაყოფილი წყლის სისუფთავით.


„წყალს ქლორის სუნი ასდის, შვილო, ჭურჭელში რომ ვაგროვებთ ყვითელი ნალექი აქვს და საშინელი გემო.  შუშხუნებს, ონკანს რომ ვუშვებ, ეს როგორ დავალევინო ანგელოზ ბავშვებს, ნაგროვებ წყალს  უფრო დაეტყო სიყვითლე და სუნი.  არადა, გრაფიკით მოდის, რა უნდა ვქნათ, მოგვხედოს ვინმემ!  მოვლენ მერე და გადაიხადე გადასახადიო, გვეტყვიან. რატომ გადავიხადოთ, როცა სასმელ წყალს მარკეტში ვყიდულობთ?!“ განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ქალბატონმა.


რედაქცია დაუკავშირდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სერვის-ცენტრს და აღნიშნული ქუჩის მოსახლეობის პრობლემასთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა, რამდენად ცნობილია მათთვის აღნიშნული ქუჩის პრობლემა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრის დირექტორის, მიხეილ თათარაძის  ცნობით: „კომპანიამ ჯერ კიდევ ივლისის თვეში მოსახლეობიდან ანალოგიური საჩივრის საფუძველზე მოახდინა ბარათაშვილის ქუჩის წყალმომარაგების ქსელის შესწავლა და უზრუნველყო რამდენიმე წერტილოვანი დაზიანებების ლიკვიდაცია. 12, 16 და 22 ივლისს ქსელიდან აღებული სინჯებით დასტურდებოდა, რომ სასმელი წყალი სუფთაა და ტექნიკურ სტანდარტებს შეესაბამებოდა“.


რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, მიხეილ თათარაძის განცხადებით: „კომპანიის ცხელ ხაზზე მსგავსი პრობლემა არ დაფიქსირებულა. სერვის-ცენტრი თქვენი შეტყობინების საფუძველზე დღესვე მოახდენს რეაგირებას. კერძოდ, აღებული იქნება სასმელი წყლის სინჯები,  მოხდება ქსელის დეტალური შესწავლა და შესაბამისი რეაგირებაც“.

 

ბარათაშვილის ქუჩის მცხოვრებთა პრობლემა აქ არ მთავრდება. მათი თქმით, წყლის გარდა, კანალიზაციის და ელექტროსადენების პრობლემაც აქვთ. კერძოდ, ყოველი ძლიერი წვიმის დროს ეტბორებათ ეზოები, რადგან არ არსებობს წყლის საწრეტი და  გამტარი მილები. ასევე, მათი განცხადებით, ჭექა-ქუხილის და ქარის დროს ხშირად ითიშება შუქი, სუსტი და მოძველებული სადენების გამო. როგორც ცნობილი გახდა, მათ გასული წლების განმავლობაში არაერთხელ მიმართეს დახმარების თხოვნით მერიას ამ პრობლემების აღმოსაფხვრელადაც, თუმცა, უშედეგოდ.


„ტენდერით გათვალისწინებულ დროს დაელოდეთო, გვეუბნებიან, მაგრამ არ ვიცით, ეს დრო როდის მოვა. ხელი ჩავიქნიეთ უკვე და აღარ დავრბივართ ამ პრობლემებზე. ახლა წყლის გამოც არ მიგვიმართავს არავისთვის, აზრი არ აქვს. მოვლენ და დაგვიწყებენ მტკიცებას, კარგია და დალიეთო. არადა, ფაქტი სახეზეა, რა მდგომარეობაშიც ვართ! შევხედავ ერთი, სანამ გვამყოფებენ ასე?“ - აცხადებს ბარათაშვილის ქუჩის  მცხოვრები მზევინარ ასათიანი. 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია