დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოციალური დახმარება როგორც დაბრკოლება
სოციალური დახმარება როგორც დაბრკოლება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1487
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

ვისთვის და რატომ არის სოციალური დახმარება პრობლემა?

 

საქართველოს კანონის „სოციალური დახმარების შესახებ“ მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა.

 

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა, რომლის სარეიტინგო ქულა 56 000 ქვემოთაა, რამდენიმე წელია სახელმწიფოსგან შემწეობას  იღებს. არსებული კანონით სტატუსმქონე ოჯახი ერთ წევრზე 60, დანარჩენ წევრზე კი 50 ლარს იღებს.

 

არსებული კანონმდებლობით ერთჯერადი დამატებითი შემოსავლის დაფიქსირებისთანავე, ოჯახი შემწეობას კარგავს. აღნიშნული ფაქტი ხშირად სიზარმაცის მასტიმულირებელი ხდება. რადგან სოციალურად დაუცველთა უმეტესობა შემწეობის დაკარგის შიშით უარს ამბობს სამუშაოზე. რის გამოც სახელმწიფო ორმაგ ზარალს იღებს ერთი, რომ სახელმწიფო ყოველთვიურად სოლიდურ თანხას გასცემს შრომისუნარიან მოქალაქეებზე, მეორეს მხრივ, სტატუსმქონე მოქალაქეები მალულად მუშაობენ, რის გამოც დამსაქმებელი სახელმწიფოს გადასახადს უმალავს.

 

სოციალური დახმარების გაუმართაობის გამო პრობლემას ხშირად ხვდება არასამთავრობო ორგანიზაცია People in Need. ორგანიზაცია საქართველოში 2005 წლიდან ფუნქციონირებს და სოციალურად შეჭირვებულთა მხარდაჭერის კუთხითაც მუშაობს.

 

ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა პროექტის „სოციალურად დაუცველი  ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში“ ანგარიშსა და მუშაობის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე ქუთაისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე გამოიკვეთა, სოციალური დახმარება ხშირ შემთხვევაში სოციალურად დაუცველთა სტატუსმქონე ოჯახის ახალგაზრდა წევრები საკუთარი საქმიანობის წამოწყებაზე ამბობენ უარს.

 

„ჩვენი ორგანიზაცია განათლების, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისა და სოციალურად გაჭირვებული ადამიანების დახმარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის სხვადასხვა პროექტს ახორცილებს.  ბოლო პროექტის ფარგლებში, ძირითადად, სოციალურად დაუცველი ოჯახის ახალგაზრდა წევრებთან ვმუშაობდით. გავცემდით 1500 ლარიან გრანტებს. სოციალური დახმარების სტატუსმქონე ახალგაზრდებისთვის ჩავატარეთ პროფესიული გადამზადების ტრენინგები, რომელშიც 92 ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.  ტრენინგის დასრულების შემდეგ დასაქმდა ან საკუთარი საქმიანობა დაიწყო 22-მა ახალგაზრდამ. ასევე გავცემდით გრანტებს 5000 ლარის ფარგლებში, სახელმწიფო კოლეჯების სტუდენტებზე დასაქმების მიზნით. კონკურსის ფარგლებში არჩეული 60 სტუდენტისაგან კონკურსით დაინტერესება მხოლოდ 11-მა გამოიჩინა. გამოკითხვის მეშვეობით გავარკვიეთ, რომ სტუდენტების უმეტესობამ გრანტებზე უარი სოციალური დახმარების დაკარგვის შიშით განაცხადა. ხშირად მშობლები უკრძალავენ ახალგაზრდებს საქმიანობის წამოწყებას, რადგან შემწეობის დაკარგვის ეშინიათ. დელიკატური თემაა, მაგრამ, სამწუხაროდ, სოციალური დახმარების პროგრამაში არაერთი ხარვეზია. სწორედ გაუმართავი სოციალური დახმარების პროგრამა ხდება ახალგაზრდებში დემოტივაციის და სიზარმაცის მიზეზი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ სოციალური დახმარება ცუდია, მაგრამ უმჯობესია, უფრო მოქნილი გახდეს და შემწეობა მხოლოდ იმ ადამიანებმა  მიიღონ,  რომლებიც აუცილებლად საჭიროებენ დახმარებას. მაგალითად, პენსიონერები და შშმ პირები. ჩვენ პროექტის ფარგლებში აღმოჩენილ ხარვეზებს იმ არასამთავრობო სექტორს ვაცნობთ, რომლებიც სოციალური კუთხით აქტიურად მუშაობენ, ვეცნობით და ვითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს,“ განაცხადა პროექტის კოორდინატორმა ქრისტინა კვეტენაძემ.

 

„საქრთველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცაციის“, „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ და „თაობათა დიალოგის“ წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ სოციალური დახმარების პროგრამა დახვეწას საჭიროებს, ვინაიდან სახელმწიფოს ხარჯზე შემწეობას უმეტეს შემთხვევაში შრომისუნარიანი ადამიანები იღებენ.  როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, დახმარება არა მთელ ოჯახს, არამედ მხოლოდ იმ პირს უნდა მოეხსნას გარკვეული პერიოდის შემდეგ, რომელიც მუშაობას დაიწყებს ან ახალგაზრდების მოტივაციისთვის გარკვეული შეღავათები დაწესდეს.

 

პაატა კლდიაშვილი, „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ იმერეთის ორაგიზაციის თავმჯდომარე: „სოციალური დახმარების მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკა მოქნილი უნდა იყოს. მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს სოციალური დახმარება შრომისუნარიან პირებზე. თუმცა, მიზნობრივი შეღავათები უნდა დაწესდეს იმ ოჯახებზე, რომელთაც  არასრულწლოვანები ჰყავს სარჩენი და არის სოციალურ ზღვარს ქვემოთ. დახმარება  უნდა მიეცეთ ასევე მათ, რომელთაც შრომისუუნარო პირი ჰყავთ. ახალგაზრდებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, სრულწლოვანების შემდეგ, მიუხედავად იმისა, დაიწყებენ თუ არა მუშაობას, გარკვეული დროით არ უნდა შეუწყდეთ დახმარება. რადგან საწყის ეტაპზე, როდესაც ნაკლები შემოსავლები აქვთ, გარკვეული დამატებითი ფინანსური პრობლემები აღარ შეექმნათ. დახმარება ყველას ერთიანად კი არ უნდა დაენიშნოს, არამედ ინდივიდუალური დიფერენციაცია უნდა მოხდეს. ადამიანს გარანტია არ უნდა ჰქონდეს, რომ დახმარებას მთელი ცხოვრება მიიღებს, რადგან ამით სიზარმაცის სტიმულირება არ მოხდეს. ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს მოტივაცია, მოძებნოს სამუშაო და მთელი ცხოვრება სახელმწიფოს კმაყოფაზე არ  იყოს“.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია People in Need, სოციალური დახმარების მოქნილობის და დახვეწის მიზნით, მუშაობის გაგრძელებას და ცვლილებების ადვოკატირებას აპირებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია