დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ძალადობა, ინტროექტები და არჩევანი
ძალადობა, ინტროექტები და არჩევანი
სულ ნანახია 1461
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

გენდერული ნიშნით?

 

მგონია, რომ ეს  გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობებია. თუკი ამ ამბების ირგვლივ გაკეთებულ კომენტარს გადახედავთ, სიტყვის „ქალი“ მაგივრად სიტყვა „კაცი“ ჩასვამთ და თუ არაფერი შეიცვლება, მაშინ დაგეთანხმებით, რომ ეს გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობები არაა.ჩემს მიერ გადაკეთებული რეალური კომენტარი განვიხილოთ:

 

ძალადობას კი ვგმობ, მაგრამ ღალატმა კაცს შეიძლება ყველაფერი ჩაადენინოს. ჩვენთან მანდილოსანი ოჯახის სიმბოლოა, ამიტომ მისი ღალატი განსხვავებულია. კაცს უჭირს გამოწვევაზე უარის თქმა, ეს სირცხვილიცაა. ქალი კდემით უნდა იყოს შემოსილი, რადგან ის პირველ რიგში შვილების დედაა.

წარმოიდგინეთ, ასეთი რამ რომ ეწეროს:

 

ძალადობას კი ვგმობ, მაგრამ ღალატმა ქალს შეიძლება ყველაფერი ჩაადენინოს. ჩვენთან ვაჟკაცი ოჯახის სიმბოლოა, ამიტომ მისი ღალატი განსხვავებულია. ქალს უჭირს გამოწვევაზე უარის თქმა, ეს სირცხვილიცაა. კაცი კდემით უნდა იყოს შემოსილი, რადგან ის პირველ რიგში შვილების მამაა.

ყურში გხვდებათ? მეც.

 

არა, იმიტომ კი არა, რომ „ქალს უჭირს უარის თქმა გამოწვევაზე“ (უმარავი ქალია დედამიწის ზურგზე, ზოგს რა უჭირს და ზოგს - რა). უბარლოდ, ეს მსჯელობა ლოგიკას მოკლებულია, რაც ბევრისათვის რატომღაც მეორე პრაგრაფში უფრო ნათლად ჩანს, ვიდრე პირველში. არადა, ორივე ერთნაირად უსაფუძვლოა. ჰოდა, როდესაც ასეთი დამოკიდებულებაა მკვლელობის მიმართ, როდესაც ქალს ვაბრალებთ, ეგება უღალატა, ეგება გამოიწვიაო, როდესაც კაცის მიერ ქალის მკვლელობაზე ვიძახით - კაცმა კი არ მოკლა ქალი, არამედ უბრალოდ მოძალადემ მსხვერპლი მოკლაო (ვითომ მსხვერპლი უსქესო არსებაა), როდესაც არ ვამჩნევთ სტატისტიკას, ე.ი. ჩვენ, როგორც საზოგადოება გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას ჩავდივართ.

 

ეს კომენტარი საზოგადოებაში ხშირად მოსმენილი აზრების კარგი მაგალითია. აერთიანებს მრავალ მოსაზრებას, რომელიც არსებობს, ტრიალებს, რომლებსაც არგუმენტადაც იყენებენ, რომლებიც ჩვენს ქცევასა და წარმოდგენებს არეგულირებს. გარედან შემოსული აზრებია, ისინი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე საჭირო იყო, მათ ფსიქიკის ადაპტაციაში რაღაც როლი ჰქონდა. ასეთ აზრებს გეშტალტ ფსიქოლოგიაში ინტროექტების სახელწოდებით მოვიხსენიებთ

 

გენდერული ინტროექტები

 

გენდერული ინტროექტების სქემა ასეთია:

მე ბიჭი ვარ. სამყარო მუდმივად იცვლება. ცხოვრებაში მუდამ ახალი გამოწვევბი მხვდება. მათგან ზოგიერთს, შესაძლოა, ვერ გავუმკლავდე. მაგალითად, ბავშვობაში, სათამაშის გაყოფისას მომხდარი ჩხუბის დროს მეუბნებიან „არაუშავს, ბიჭი ხარ, არ იტირო. თავი დაიცავი“. ამ დროს მტკივა. თუკი რამე დამაწყნარებელ წინადადებას არ მოვუსმინე, ტკვილი როგორ დავივიწყო? და მეც ვიჯერებ, რომ ჩხუბი, ფიზიკურად რომ უსიამოვნოა, სინამდვილეში კარგი რამ ყოფილა. ჩემდა უნებურად მიყალიბდება ეს აზრი „ბიჭი ვარ და ჩხუბით თავი უნდა დავიცვა“. თუ კი ეს აზრი აღარვინ განმიმტკიცა, თავისით გაქრება. მაგრამ თუ მოვისმინე, ერთხელ, ორჯერ, მესამეჯერ უკვე შეხსენების გარეშე ამით დავიწყნარებ თავს. ამით გავამართლებ ჩემი ხელშეუხებელი ფიზიკური მთლიანობის დარღვევას. ბავშვობაში ჩემი„მე“-სთვის ეს აუცილებელი, ხელჩასაჭიდებელი, გადამრჩენელი სტრატეგიაა.

 

გადის დრო და სუფრასთან შეკრებილი ბიძები, ისინი, რომლებიც ჩემთვის უდიდეს ავტორიტეტს წარმოადგენენ, რომლებსაც ძალიან მინდა მოვეწონო, რომლებიც სულ ათასში ერთხელ თუ შემამჩნევენ (რადგან ისე სულ დედასთან ვარ), გვერდზე დამისვამენ, თავის ტოლად ჩამთვლიან და ძალიან მნიშვნელოვან რამეს მასწავლიან, მაგალითად „ოჯახში კაცია მთავარი“. ვიზრდები და ხშირად მესმის ასეთი ფრაზები, მამისგან, მეზობელი ლამარასაგან. და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი აზრი ხდება, რადგან მე უფროსები მესაუბრებიან. ჩემთვის აუცილებელია მათი მოსმენა, მათი აღიარება.

მაგრამ, მე ბიჭი ვარ. სამყარო მუდმივად იცვლება. ცხოვრებაში მუდამ ახალი გამოწვევები მხვდება. მე კი ძველი, ოდესღაც მნიშვნელოვანი სტრატეგიით ვაგრძელებ ახალ, სხვა ტიპის გამოწვევებთან ბრძოლას. გამკვლავების ძველი სტრატეგია ახალ სიტუაციაში აღარ მეხმარება, თუმცა იმდენად გამჯდარი მაქვს, რომ ამას ვერც კი ვამჩნევ. მე მაქვს გამოუსადეგარი, მაგრამ მნიშვნელოვანი წარმოდგენა, ანუ ინტროექტი.

 

 

ინტროექტი, როგორც ასეთი

 

ინტროექტების უმრავლესობა ბავშვობიდან მოდის და აქ კარგად ჩანს ამ ინტროექტების შემქმენელების - დედა, მამა, ოჯახი, მასწავლებელი - როლი. ბევრი ინტროექტი მოზარდობის დროს ყალიბდება - როდესაც ადამიანი საკუთარი რწემენეის ძიებაშია. ამ შემთხვევაში გარემო, თანატოლები უფრო დიდ მნიშვნელობას იძენენ. პრობლემა იმაში კი არ არის, რომ რაღაც ღირებულებათა სისტემა მივითარდება, პრობლემა იმაშია, რომ ეს ღირებულებათა სისტემა იმდენად ურყევი და უდრეკელია, რომ ზოგიერთ შეუსაბამო სიტუაციაში ხელს მიშლის.

 

მოქნილობის სიმწირე ინტროექტის მთავარი მახასიათებელია, რაც ხშირად ადვილად ჩანს. მაგალითად, ინტროექტი ხშირად იწყება სიტვით „უნდა“. „ქალი უნდა დაემორჩილოს კაცს“ - ეს უპირობო მოცემულობაა. მე, ინტროექტის მატარებელ პიროვნებას მავიწყდება, ვინ მითხრა, რომ ეს ასე „უნდა“, რისთვის, რა დროს, რა პირობებში მითხრეს, მაგრამ მახსოვს, რომ „უნდა“.

 

ერთმა ლექტორმა მითხრა, მოგონებები კრისტალიზებული მარილივით არის, იყრება მარილი წყალში, იხსნება,  დრო გადის, წყალი ორთქლდება, მარილები რჩება, ხოლო წყალი, წყალი აღარ გვახსოვს და ჩვენც გვჯერა, რომ ყოველთვის მხოლოდ მარილი არსებობდა.

 

ინტროექტები აბსოლუტურია. ინტროექტი მოქმედებს პრინციპით, ყველგან და ყოველთვის ასეა, ყველასათვის. ეს კი, უბრალოდ, სიმართლე არ არის: შეუძლებელია ერთი და იგივე გზა მისაღები იყოს სხვადასხვა აღზრდის, ასაკის, პოზიციის, გამოცდილების, შინაარსის მქონე ადამიანისათვის. ის კი არა, ილუზიაა, რომ ადამიანი უცლელ მთლიანობას წარმოადგენს - ადამიანი იზრდება, იცვლება. მინდა ეს მე თუ არა, 30 წლის ასაკში ჩემი ემოციები და ფიქრები განსხვავდება 5 წლის ასაკში ჩემი ემოციებისა და ფიქრებისაგან და ლოგიკურია, რომ გამოწვევებთან გამკვლავების ზოგიერთი სტრატეგია, თუნდაც ის, რომელიც გუშინ მეხმარებოდა, დღეს, სხვა სიტუაციაში, ჩემთვის დამღუპველია. მაისური, რომელსაც 5 წლის ასაკში ვიცვამდი, დღეს აღარ ჩამეტევა, რადგან ჩემი სხეული შეიცვალა. ასეა ფსიქიკაც. ასეა გარემოც. ცვლილება მუდამ ხდება, გვინდა ჩვენ ეს თუ არა.

 

ამიტომ არის, რომ გეშტალტ ფსიქოლოგიაში ხშირად ვიმეორებთ „უნდა“ არ არსებობს. თუკი ადამიანს მისი ინტროექტები უშლის, ვცდილობთ, ეს ინტროექტები გამოვააშკარავოთ.

 

 

კომენტარის ანალიზი

 

ადამინისათვის, რომელსაც გარკვეული ინტროექტი არ გააჩნია, ძალიან ადვილია ამ ინტროექტის „უსუსურობის“ დამტკიცება.

 

მაგალითად, განვიხილოთ ზემოთხსენებულ კომენტარში მოცემული ინტროექტები.

 

1. ძალადობას კი ვგმობ, მაგრამ - შეუძლებელია ადამიანი თან ძალადობას გმობდეს, თან „მაგრამ“-ს იძახდეს. ან პირველი ნაწილია სიცრუე, ან „მაგრამ“-ის მერე დაწერილი. ალბათ, პირველი ნაწილი. უამრავი ადამიანისათვის მისაღებია ძალადობის გარკვეული ფორმები, მაგალითად კარატეში, სადაც ძალადობა შეთანხმებული წესებით მიმდინარეობს. „არასოდეს უნდა ვიძალადო“ ისევეა ინტროექტი, როგორც „ყოველთვის უნდა ვიძალადო“.

 

2. ღალატის გამო კაცმა შეიძლება ყველაფერი ჩაიდინოს - შეიძლება. შეიძლება არ ჩაიდინოს. შეიძლება მოკლას. შეიძლება თავი მოიკლას. შეიძლება განქორწინება მოითხოვოს და ქალის მიერ ნაშოვნი ნახევარი ქონება წაიღოს. შეიძლება  გაუხარდეს, ძლივს არ მოვიშორე ეს წურბელა, თან ისე, რომ სულ მისი ბრალიაო. უამრავი რამ შიძლება. თავისთავად, ღალატის საპასუხოდ მკვლელობა კაცის ან ქალის უპირობო რეაქცია არაა.

3. ქალი ოჯახის სიმბოლოა - როგორი ქალი? ზოგადად ქალი? გათხოვილი ქალი? ჯარისკაცის დედა? უშვილო ქალი? თუკი სიმბოლოა, მერე რა - ყველა სიმბოლო ჭეშმარიტია? რადგან ახლა ასეა, სულ ასე უნდა იყოს? ვისთვის არის სიმბოლო? თუ ზოგისთვის ეს ასე არ არის, მაშინ?

 

4. კაცს უჭირს უარის თქმა გამოწვევებზე - იხ. წინა პარაგრაფი. ჯერ ერთი, ყველაფერს სახელი დავარქვათ და თუ სექსუალურ გამოწვევბზე გვაქვს საუბარი, ეგრე დავწეროთ. მეორეც, ამ პლანეტაზე ერთი კაციც რომ გამოჩნდეს, რომელსაც არ უჭირს სექსუალურ გამოწვევებზე უარის თქმა (მაგალითად ასექსულია), ეს არგუმენტი ძალას კარგავს.

 

 5. ქალი კდემამოსილი უნდა იყოს - ვინა სთქვა თითქოს... ვისთვის არის საჭირო რომ ქალი კდემამოსილი იყოს? ქალისთვის? კაცისთვის? შვილისათვის? მეზობელი ლამარასათვის? რატომ უნდა იყოს კდემამოსილი? ვინც კდემამოსილია უფრო ბედნიერია? ვინც კდემამოსილია უფრო უბედურია? ვინც კდემამოსილია უკეთ ინარჩუნებს ოჯახს? რას ნიშნავს ჩემთვის „კდემამოსილი“? საიდან წამოვიდა ეს „უნდა“? რაში გვეხმარება ან რაში გვიშლის ხელს? მე რომ ვთქვა ქალი კდემამოსილი არ უნდა იყოს, ვისი სიტყვა გადაწონის? ეს წინადადება კლასიკური ინტროექტია - სიტყვა „უნდა“, მუდამ და ყოველთვის, ყველა ქალი, ა.შ.

 

5. პირველ რიგში შვილების დედაა - თუ მაინცა და მაინც კდემამოსილია, ვერ იქნება შვილების დედა... ეს ისე, ხუმრობით, თორემ ყველას აქვს საკუთარი არჩევნის უფლება. ვინ თქვა, რიმ ქალი, პირველ რიგში, შვილების დედაა? ეგება და ამჟამად, პირველ რიგში, შვილიშვილების ბებიაა? ეგება და ლექციას ატარებს და იმ 1 საათის განმავლობაში, პირველ რიგში, ლექტორია? იქნებ 5 წლისაა და, პირველ რიგში, შოკოლადით გათხუპნული მოუსვენარი გოგონაა? იქნებ, პირველ რიგში, გამოჩენილი მუსიკოსია? იქნებ, პირველ რიგში, მონაზონია? ესეც ძალიან გამჯდარი, ურყევი ინტროექტია, რომელიც გარკვეული ასაკის, მდგომარეობისა და სურვილების ქალის ერთ მდგორმარეობას იმავე ქალის ან ყველა სხვა ქალის ყველა სხვა მდგომარეობაზე მაღლა აყენებს.

 

რატომ არის ერთი შეხედვით უსაფუძვლო ინტროექტებთან დამშვიდობება ასეთი რთული? იმიტომ, რომ ყველა მათგანი ოდესღაც რაღაცაში მეხმარებოდა. ეს იგივეა, ადამიანს რომ მთხოვონ, იმ ძველ მეგობარს დაშორდი, ადრე რომ სულ გეხმარებოდა და ახლა სულ რომ გატყუებსო. შეიძლება ვერც კი დავიჯერო, რომ მატყუებს. რომც დავიჯერო, შეიძლება მასთან ყოფნა იმდენად მნიშვნელოვანი იყოს ჩემთვის, რომ ტყუილსაც ვაპატიებ.

 

 

 

არჩევანი და პასუხისმგებლობა

 

ახლა კიდევ ერთი ინტროექტი არ ჩამოგვიყალიბდეს: ინტროექტები ყოველთვის ცუდია. ინტროექტებს ყოველთვის უნდა ავარიდოთ თავი. არა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც 1000 ინტროექტი მაქვს თავში, რომელიც რაღაცაში მადგება. ამ მომენტში ხელს არ მიშლის. მაგრამ, როგორც კი შემიშლის, დიდი შიშის მიუხედავად, მაინც დავაკვირდები. იმიტომ, რომ მე მინდა გაცნობიერებულად, გააზრებულად მივიღო გადაწყვეტილება და არა უხსოვარი დროიდან ჩემს თავში ჩაფლული ინტროექტის ზეგავლენით. მე მინდა, სამყაროს ცვლილებას, ჩემს ცვლილებას წამოვეწიო და უფრო ეფექტურად გავუმკვალვდე გამოწვევებს. თუმცა, ზუსტად ასეთივე უფლება მაქვს ჩავეჭიდო ძველ ინტროექტს. უბრალოდ, უნდა ვაღიარო, რომ ეს ჩემი ძველი ნაცნობია, ჩემი ძველი მშველელი, და არა - ყველასთვის მისაღები, სასარგებლო, დიდი მორალური დატვირთვის მქონე ჭეშმარიტება.

 

გამოწვევის წინ ვართ ახლა, ახალი დროის, ამ საუკუნის, ამ წლის, ამ თვის, ამ წუთის გამოწვევის წინ ვართ და საინტერესოა, გადავხედავთ აქამდე მოცემულ მოდელს („ბიჭი ვარ და უნდა ვიძალადო. კაცი ოჯახის თავია“), გავაცნობიერებთ რომ ეს ჩვენი პირადი, შეიძლება სხვისთვის მცდარი მოცემულობაა, თუ ცვლილებას ავირჩევთ.

 

ჩვენია ეს არჩევანი.

 

ლიკა ბარაბაძე

 

 

tabula.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია