დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კიდევ ერთი ნაბიჯი აფხაზეთის ანექსიისკენ
კიდევ ერთი ნაბიჯი აფხაზეთის ანექსიისკენ
ავტორი: ცოტნე გაბადაძე
სულ ნანახია 1952
ავტორი:
ცოტნე გაბადაძე
მსგავსი სიახლეები

რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ აფხაზეთთან თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხების გაფორმებას აპირებს. შეთანხმების ტექსტის პროექტი მან წინასწარ გამოაქვეყნა. საქართველოში საპარლამენტო ოპოზიციამ კი ამის თაობაზე რეზოლუციის მიღება მოითხოვა.

 

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შეთანხმების პროექტი აფხაზეთშიც კი საჯარო განხილვის საგანი  გახდა. პროექტი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ  დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებთან განიხილა. განხილვის შედეგად გამოჩნდა, რომ აფხაზებისთვის რუსეთის მიერ შეთავაზებული წინადადება მთლად მისაღები არ გახლავთ.

 

როგორც რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, დოკუმენტში არსებობს გარკვეული საკითხები, რომელსაც არ ეთანხმება და მისი ხედვები განსხვავებულია. დე ფაქტო პრეზიდენტმა სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილებაც მიიღო, რომელიც აღნიშნულ საკითხებზე რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებს გამართავს. გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამის უწყებებს შეთანხმების პროექტის ე.წ. აფხაზური ვარიანტის მომზადება აქვთ დავალებული.

 

 

რას არ ეთანხმება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისულება?!

 

რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ე.წ. აფხაზური მხარე არ აპირებს სრული შეიარაღებული ძალები ჩართოს შეთანხმების იმ პუნქტში, რომელიც გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფებების შექმნას გულისხმობს. მისივე თქმით, საუბარი შეიძლება იყოს ცალკეულ შენაერთებზე, რომლებიც რუს სამხედროებთან ერთად მომზადებას გაივლიან. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლობაზე და კოორდინაციაზე და აღნიშნა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე სამართალდაცვითი ქმედებები ე.წ. აფხაზეთის ძალოვანი უწყებების კომპეტენციაა.

 

 

 

რაც შეეხება შემჭიდროვებულ ვადებს, ხაჯიმბამ ეს სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური ვითარებით ახსნა.

 

„ჩვენ მოვლენათა განვითარების სხვადასხვა ვარიანტებისთვის უნდა ვიყოთ მზად, რასაც მოითხოვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. რუსეთისთვის, სხვადასხვა სახელმწიფოების მონაწილეობით სამოკავშირეო-ინტეგრაციული მოდელების შექმნა  ძალიან მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. ჩვენ პირდაპირ ვართ დაინტერესებული ამ პროცესის განვითარებაში და მას მხარს უნდა ვუჭერდეთ. სამოკავშირეო ურთიერთობები, რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების შემდეგ ჩამოყალიბდა და შესაბამისი შეთანხმებების ხელმოწერა, ჩვენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ჩვენ ამ საკითხში  თანმიმდევრულნი უნდა ვიყოთ,“ - განაცხადა ხაჯიმბამ.

 

 

რა დაინახეს აფხაზებმა?

 

 

რუსეთის მიერ შეთანხმების გამოქვეყნებას საქართველოშიც გამოეხმაურნენ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების პროექტი მოსკოვის მიერ სოხუმის ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პროექტით დადასტურდა, რომ რუსეთს აფხაზეთის დამოუკიდებლობის რეალურ აღიარებაზე არასდროს უფიქრია.

 

„ეს დოკუმენტი არის აფხაზეთის ანექსიისკენ გადადმული კიდევ ერთი ნაბიჯი. აშკარად გამოჩნდა, რომ რუსეთი არც ფიქრობდა აფხაზეთის დამოუკიდებლობის რეალურ აღიარებაზე და ფიქრობდა ანექსიაზე. სწორედ ამიტომ გამოიწვია ამ დოკუმენტის ტექსტმა სერიოზული შეშფოთება თავად აფხაზურ საზოგადოებაში. ეს დოკუმენტი მიმართულია, პირველ რიგში, სწორედ აფხაზური საზოგადოების და აფხაზური თვითმყოფადობის წინააღმდეგ,“ - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

მისივე შეფასებით, ამ დოკუმენტით აფხაზებმა დაინახეს ისიც, რასაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მათ წლების განმავლობაში ეუბნებოდა რუსეთი არ არის აფხაზეთის მეგობარი. სახელმწიფო მინისტრი „საინტერესო მოვლენად“ მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ აფხაზეთის დღევანდელმა ე.წ. მთავრობამ აღნიშნული დოკუმენტის გამოქვეყნება საჭიროდ ჩათვალა. მისი თქმით, აფხაზები ახლა მაინც უნდა მოეგონ გონს და საინტერესო მოვლენაა ის, რომ აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ეს დოკუმენტი აფხაზური საზოგადოების მსჯელობის საგნად აქცია. როგორც მინისტრი მიიჩნევს, აშკარად ჩანს, რომ ეს პროექტი გამოიწვევს ვნებათაღელვას.

 

 

შეთანხმებაზე ხელისუფლების რეაგირება სუსტი და არაადეკვატური იყო?!

 

საერთაშორისო საკითხებში ექსპერტი გიორგი რუხაძე მიიჩნევს, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებაზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირება სუსტი და არაადეკვატური იყო. როგორც რუხაძემ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, ხუთი დღე საკმარისი იყო იმისთვის, რათა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საელჩოებისთვის დავალება მიეცა და დასავლურ სახელმწიფოებს ამაზე რეაგირება მოეხდინათ. მისივე თქმით, თუკი დოკუმენტი უცვლელი ფორმით იქნება მიღებული, ამით რუსეთი დაწყებულ ციკლს დაასრულებს და აფხაზეთის ანექსიას მოახდენს.

 

„თვითონ ამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ის საქართველოს პოლიტიკური სპექტრის გამაერთიანებელი უნდა გახდეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, პარლამენტი რეზოლუციას მიიღებს და ქართული პოლიტიკური სპექტრი ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის წარსდგება. თუმცა მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების რეაგირება ადეკვატური არ იყო და შეიძლება ითქვას, დაგვიანებულიც კი იყო,“ - მიიჩნევს გიორგი რუხაძე.

 

ექსპერტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან                     „სერიოზულ ჩავარდნად“ აფასებს  იმ ფაქტს, რომ 5 დღის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვერ შეძლო საზღვარგარეთის ქვეყნებში ჩვენს საელჩოებს ძალიან სერიოზულად ემუშავათ და იმ ქვეყნის ხელისუფლებამდე ეს ინფორმაცია მიეტანათ, რომ მათ შესაბამისი რეაგირება მოეხდინათ.

 

„ასევე, პრემიერ-მინისტრის რეაგირება იყო ძალიან სუსტი. ვერ დამისახელებთ ვერცერთ სახელმწიფოს, მსხვილ თუ წვრილ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელმაც ამ საკითხზე რაიმე რეაგირება გააკეთა. მაგალითად, ჩემი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, იმის ნაცვლად, რომ არჩილ გეგეშიძე რაღაც სემინარებზე იჯდეს და მიხეილ სააკაშვილის ჭკვიანურ თუ სულელურ კომენტარებზე კიდევ კომენტარებს აკეთებდეს, ის ამ დროს ამერიკელ მაღალჩინოსნებს კარდაკარ და დერეფან-დერეფან უნდა დასდევდეს, იმისთვის, რომ პირველ რიგში ამ საკითხზე გააკეთონ რეაგირება,“ - განაცხადა რუხაძემ.

ექსპერტი სტრატეგიულ შეცდომად აფასებს აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატის გაგრძელებას ამ ფონზე და მიიჩნევს, რომ  ამ ეტაპზე ეს შეხვედრები უნდა შეჩერდეს, რადგან ასეთ ვითარებაში მორალურად მიუღებელია ვაჭრობაზე და ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბარი.

 

„სტრატეგიული შეცდომა იყო აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ამ რაუნდის გამართვა. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე აბაშიძე-კარასინის ფორმატი უნდა შეჩერდეს, რადგან მორალურად მიუღებელია, როდესაც ერთი სახელმწიფო შენი ტერიტორიის ღია ანექსიას ახდენს, შენ კი ამ დროს ვაჭრობაზე და ხილ-ბოსტანზე ესაუბრო. საქართველოს ხელისუფლებამ ამ საკითხის ყირიმის საკითხთან მიბმა და დასავლელი პარტნიორების დარაზმვა უნდა მოახდინოს, რადგან ერთადერთი ბერკეტი, რაც საქართველოს გააჩნია, დასავლეთის მხარდაჭერა და ჩართულობაა. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან  აქვე შეიძლება დასავლეთის მიერ დამატებითი სანქციების შემოღების ინიციატივა წამოვიდეს, თუმცა ეს ცოტა სასაცილო იქნება, რადგან თავად საქართველო არ შეუერთდა თავის დროზე ამ სანქციებს და მორალური უფლება, რომ საქართველომ ეს სხვას მოსთხოვოს, ალბათ, არ აქვს,“ - განაცხადა რუხაძემ „პირველ პრესკლუბში“.

 

უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებული კრიტიკა გამოიწვია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარმა, რომელიც მან აღნიშნული შეთანხმების თაობაზე გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება, შემაშფოთებელია. პრემიერი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელშეკრულება ამ ფორმით გაფორმდება, ის, პირველ რიგში იქნება საფრთხის შემცველი აფხაზებისთვის, „როგორც ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ერისთვის“.

 

„არ მინდა დავიჯერო, რომ აფხაზეთის მოსახლეობა და აფხაზი ერი სწორედ ამისკენ მიისწრაფვის. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ წარმოებულ 25-წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის, აღიარებისა და ე.წ. დამოუკიდებლობის მიღწევისთვის. ჩემი ინფორმაციით, აფხაზეთში არაერთგვაროვანი პოზიცია დაფიქსირდა, საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ ამ ტექსტის მისამართით,“ - განაცხდა პრემიერმა.

პრემიერის კომენტარში თვითგამორკვევის ხსენებამ განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში. ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართვაც კი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ამ ერთმა სიტყვამ მრავალწლიანი სამართლებრივი ბრძოლა წყალში გადაყარა.

 

„გუშინ, საქართველოს მთავრობის ფორმალურმა ხელმძღვანელმა, აფხაზეთის ეთნიკური წმენდა და ოკუპაცია (ასე უწოდებდა მსოფლიო ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში მომხდარ ტრაგედიას) გამოაცხადა აფხაზეთის ბრძოლად თვითგამორკვევისათვის. ამ იურიდიული ტერმინის გამოყენებით ხდება ჩვენი მრავალწლიანი სამართლებრივი ბრძოლის მთლიანად წყალში გადაყრა.

 

„თვითგამორკვევა“ ძალიან კონკრეტული შინაარსის საერთაშორისო სამართლებრივი ტერმინია, რომელიც გზას ხსნის აფხაზეთის „დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის“ საერთაშორისო აღიარებისკენ. ამ ტერმინის გამოყენებით საქართველოს მთავრობა უმძიმეს დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის მთლიანობას და შეურაცხყოფს საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ისევე როგორც აფხაზეთიდან დევნილ ნახევარ მილიონ ჩვენს თანამემამულესა და თითოეულ ქართველს,“ - განაცხადა მიხეილ  სააკაშვილმა.

 

თუმცა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას შეფასებით, პრემიერმა მხოლოდ ის თქვა, რომ პოლიტიკა, რასაც რუსეთი აწარმოებს, თვითონ აფხაზების ინტერესებსაც ეწინააღმდეგება. 

 

„პრემიერი რას გულისხმობს, მე გეტყვით - რაც მან თქვა არის ის, რომ ეს პოლიტიკა, რასაც რუსეთი აწარმოებს, თვითონ აფხაზების ინტერესებსაც ეწინააღმდეგება. მათ უნდათ შეინარჩუნონ საკუთარი იდენტობა, ამას შეინარჩუნებენ მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალ სივრცეში - საქართველოსთან ერთად ევროპაში. ეს არის ის მესიჯი და გზავნილი, რაც პრემიერმა გაუგზავნა აფხაზებს,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

 

როგორც ჩანს, თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ამ შეთანხმებაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეაგირება მომავალში კვლავ იქნება. ეს მხოლოდ საქართველოს პარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებით შემოიფარგლება, თუ მთავრობა სხვა დიპლომატიურ ბერკეტებსაც აამოქმედებს, ამას მომავალი გვიჩვენებს.

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია