დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისი „გეგის“ 163 000 ლარს თხოვს
ქუთაისი „გეგის“ 163 000 ლარს თხოვს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 2033
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

ქალაქი შესრულებული, შესასრულებელი და შეუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტების პირისპირ

 

ქუთაისის მერიასა და შპს „გეგი“-ს შორის სასამართლო დავა გრძელდება. ადგილობრივი თვითმმართველობა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების სამ პუნქტში ედავება: ხელშეკრულების თვითნებური შეწყვეტა, სამუშაოს არშესრულება და ვადაგადაცილება. ესაა პუნქტები, რომელთა გამოც მერია კომპანიისგან ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ჯარიმის სახით 163 000 ლარის გადახდას ითხოვს. ორივე მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

 

 

როგორც მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების  სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე აღნიშნავს, „გეგი“-ს ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებისას პრობლემები 2013 წლიდან სხვა მუნიციპალიტეტებშიც შეექმნა, რის გამოც კომპანიას გაფორმებული ხელშეკრულებები შეუწყვიტეს.

 

ბასილაძე იმასაც იხსენებს, რომ  2013 წელს კომპანია ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზეც ასრულებდა სამუშაოებს, თუმცა ვადაგადაცილების და დარღვევების მიუხედავად, ადგილობრივმა თვითმმართველობამ მაშინ ხელშეკრულება არ შეუწყვიტა.

 

ტაბიძის ქუჩის კეთილმოწყობისთვის ტენდერით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად, კომპანიას არ გასჭირვებია  2014 წელს ქუთაისში, რუსთაველის ხიდის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ 197000-ლარიან ტენდერში გამარჯვება.  როგორც ბასილაძე ამბობს, ელექტრონულ ტენდერში „გეგი“-ს გამარჯვება იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ მას კონკურენტი არ ჰყავდა და  სატენდერო  წინადადებას    10 000 ლარით ნაკლებად, 187 000 ლარად ასრულებდა.

 

„კომპანიამ თითქმის ყველა პუნქტი დაარღვია. ვხედავდი, სამუშაოებს ვერ ასრულებდნენ, ამიტომ პროექტის ავტორის ნებართვით, შემსრულებელს რჩევა მივეცი, რადგან მინდოდა, სამუშაოები ბოლომდე მიეყვანა, მოგვიანებით კომპანიის მფლობელი იურა თავაძე აქეთ შემომედავა, იმ მიზეზით, რომ თურმე სამსახურის უფროსს რჩევის მიცემა არ შეეძლო,“ აღნიშნავს ბასილაძე.

 

სასამართლოს მიერ მერიის სარჩელის დაკმაყოფილების შემთვხევაში კომპანიას ყადაღა დაედება, რის შემდეგაც დაიწყება ზრუნვა თანხის ამოსაღებად. თუმცა, არაა გამორიცხული, კომპანიის მფლობელმა გააუქმოს შპს „გეგი“ და შეცვალოს  საიდენტიფიკაციო კოდიც (თუ გავითვალისწინებთ, რომ მსგავსი ფაქტი ქუთაისში სინამდვილებში წლების წინაც დაფიქსირდა), ამ შემთხვევაში   ადგილობრივ ხელისუფლებას თანხის დაბრუნების ბერკეტი აღარ ექნება, რის გამოც, ბიუჯეტი 163 000 ლარის დანაკარგს მიიღებს.

 

ახალი სახელით დაფუძნებულ კომპანიას კი ერთადერთი, რა ზარალიც მიადგება, ისაა, რომ გამოცდილების არქონის გამო, ტენდერში გამარჯვების შანსები შეუმცირდება.

რატომ ვერ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გააგრძელებს თუ არა კომპანია რუსთაველის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გაზეთი „P.S.“ ინფორმაციის მოპოვებას უშუალოდ შპს „გეგი“-ს მფლობელისგან შეეცადა, თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად   იურა თავაძესთან  დაკავშირება ვერ მოხერხდა.

 

რაც შეეხება თავად რუსთაველის ხიდს, მიმდინარე პროცესების გამო, ხიდზე კეთილმოწყობითი სამუშაოები შეჩერებულია. გაურკვეველია, როდის ან ვინ დაასრულებს ხიდის კეთილმოწყობას.

 

რუსთაველის და ბალახვნის ხიდების რეაბილიტაცია იმ 56 სატენდერო წინადადებაში შედის, რომელსაც მერიის კეთილმოწყობის სამსახური ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი 11 926 000 ლარით ახორციელებს.

როგორც მერიაში აღნიშნავენ, პროექტებს შორის ყველაზე მასშტაბური ხარებავას ქუჩაზე ღვარსადენის მოწყობითი სამუშაოებია.

 

რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხის ფარგლებში 2014 წელს ქუთაისში 66 ქუჩის გზის საფარის მოწესრიგება მოხდა.

 

თავდაპირველად, გათვალისწინებული ქუჩების გარდა, მიმდინარე წელს ღვარსადენის (521 000) და გზების (460 000) რეაბილიტაციაზე განხორციელებული 972 000 ლარის დანაზოგით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დამატებით 7 ქუჩაზე მიმდინარეობს.

ბასილაძე აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ქუჩების მოსაწყობად გვიან გამოცხადებულ ტენდერებს გულისხმობენ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები, როცა  ხელისუფლებას ტენდერების დაგვიანებით გამოცხადებასა და ბიუჯეტის შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

 

მალხაზ ბასილაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების  სამსახურის უფროსი: „ქალაქში გზის საფარის მოსაწყობად ყველა ტენდერი გამოცხადებულია და სამუშაოებიც მიმდინარეობს. რამდენიმე ქუჩაზე, სადაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აწარმოებს სამუშაოებს, შეფერხდა გზის მოწყობა. რაც შეეხება ბრალდებას ვერმოსწრებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ყველა სამუშაო წლის ბოლომდე დასრულდება, გზის დაგების ხარისხი, ზამთარსა და წვიმაზე კი არა, ასფალტის ტემპერატურაზეა დამოკიდებული. ოპონენტებს შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ,  წვიმასა და თოვლში გზას არავინ დააგებს.

2014 წელს სამი გარდამავალი პროექტი გვაქვს, ესენია: თამარ მეფის ქუჩის სრული მოწესრიგება, რისთვისაც 1 300 000 ლარია გამოყოფილი და ობიექტი მომავალი წლის გაზაფხულზე ჩაბარდება. ასევე მოხდება ორი საბავშვო ბაღის აშენება. ავტოქარხანაში საბავშვო ბაღის მშენებლობა უკვე დავიწყეთ, მალე გამოცხადდება ტენდერი ავანგარდში ასაშენებელ ბაღზეც. რაც შეეხება გელათის ქუჩას,  იქ ამჟამად   „კობრა“ ახორციელებს სამუშაოებს.  „შოთას წყაროს“ მიმდებარე ქუჩებზეც მოხდება წყლის გაყვანა, სადაც წყალგაყვანილობა აქამდე არასდროს ყოფილა. ვინაიდან გელათის ქუჩას შემოვლითი გზა არ აქვს, ტურისტულ სეზონზე ნაწილობრივ შევაჩერეთ გზის შეკეთების სამუშაოები, ტურისტებს გადაადგილება რომ არ შეფერხებოდათ. ტურისტების ნაკადის შემცირებისთანავე განახლდა. მომავალი წლის გაზაფხულზე გელათის ქუჩის კეთილმოწყობა დასრულდება“.

 

რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი 56 000 ლარით მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდა ხარაზოვის ბაღში ე.წ. ნიღბების თეატრის შენობის რეკონსტრუქცია. თუმცა, თეატრი ექსპლოატაციაში ამ დრომდე არ შესულა. როგორც მერიაში აცხადებენ, შენობა ნიღბების თეატრის საკუთრება არ არის. გამომდინარე აქედან, ქუთაისში  მოქმედი რამდენიმე დასი, რომელთაც შენობა არ აქვთ, შეძლებენ ფართით სარგებლობას. ქალაქის საკუთრებაში არსებული შენობის სახელოვნებო აიპი-სთვის გადაცემისა და სახელის შეცვლის მოთხოვნით ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მიმართავს,  დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა, თეატრს ქალაქის კულტურული დაწესებულების სახელი მიენიჭოს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია