დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარადოქსები საწვავის ქართულ ბაზარზე
სულ ნანახია 1593
ავტორი:

„მეზობელ სომხეთში საწვავის ფასი, დაახლოებით, ჩვენს დონეზეა, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტირების ხარჯი იქ გაცილებით მაღალია.“

 

თუ საწვავის ქართულ ბაზარს კრიტიკული თვალით გადავხედავთ და სიტუაციას ობიექტურად შევაფასებთ, უამრავ პარადოქსს წავაწყდებით: ზაფხულიდან მოყოლებული, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი მცირდება, რაც საშუალებას იძლევა, რომ „შავი ოქროს“ გაიაფება საქართველოზეც აისახოს. 2014 წლის 15 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე 1 ბარელი ნავთობის ფასი კიდევ ერთხელ შემცირდა და ნიუ-იორკში 81,78 დოლარი, ხოლო ლონდონში - 83,35 დოლარი შეადგინა. PLATT'S-ის მიხედვით კი - 1 ტონა ბენზინის ფასი 805 დოლარი გახდა, შეგახსენებთ: წელს, ივლისში ბენზინის საერთაშორისო ფასი 1 036 დოლარი იყო. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში საწვავის ღირებულებას სწორედ „პლატსის“ ფასი განსაზღვრავს, გაიაფება სავსებით ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ სექტემბრის ბოლოს მსხვილმა კომპანიებმა პროდუქციის ფასი უმნიშვნელოდ - სულ რაღაც 3-6 თეთრით შეამცირეს.

 

არანაკლებ საკამათოა საკითხი, მოგების რა მარჟაზე მუშაობენ ნავთობკომპანიები. ამ საკითხზე მსჯელობა რთულია იმიტომ, რომ ყველა კომპანიის მოგება განსხვავებულია. საქართველოში შემოსული ნავთობის დიდი წილი აზერბაიჯანიდან შემოდის, თუმცა არის კომპანიები, რომლებიც რუსულ, ან ევროპულ საწვავს იყენებენ. ბუნებრივია, მათთვის მოგების მარჟა ნაკლებია, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს მარჟა 30-50 თეთრის ფარგლებში მერყეობს. ისინი გამოთქვამენ ეჭვს, რომ ნავთობის ქართულ ბაზარზე კარტელურ გარიგებებს აქვს ადგილი, რაც კონკურენციის შესახებ კანონის მე-7 მუხლის დარღვევაა.

 

ნავთობის ბიზნესში არსებულ კარტელურ გარიგებებთან დაკავშირებით მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს საკითხი კონკურენციის სააგენტომ უნდა შეისწავლოს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ნათია მიქელაძის თქმით, კონკურენციის სააგენტო საწვავს ვერ გააიაფებს, მან უნდა შეისწავლოს ეს ბაზარი და წარმოადგინოს ფაქტები, რომ კომპანიებს შორის მართლაც არის კარტელური გარიგებები.

 

„სიტუაციას, რომელიც დღეს ნავთობპროდუქტების ბაზარზეა შექმნილი, კარტელური გარიგების ყველა ნიშანი და მახასიათებელი აქვს“ - ამბობს „ჯორჯიან ბიზნეს ინსაიტის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ლექვინაძე.

 

ირაკლი ლექვინაძე: „მსოფლიო ბაზარზე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საწვავის ფასებზე 25%-იანი კლება აღინიშნა, საქართველოში კი ამ მასშტაბის კლება არ ყოფილა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში კარტელური გარიგების ყველა ნიშანი გვაქვს. ამ ბაზარზე მცირე რაოდენობით კომპანია საქმიანობს და მათ შორის კონცენტრაციის ხარისხიც მაღალია, ეს მათ საშუალებას აძლევს, რომ შეთანხმებულად იმოქმედონ და იმაზე მეტი მოგების მარჟა მიიღონ, ვიდრე ეს ნორმალური, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში იქნებოდა შესაძლებელი. საქართველოში საწვავის ფასი არ იკლებს, დასავლეთში კი - გაიაფების პროცესი უკვე დიდი ხნის დაწყებულია, ეს მიუთითებს იმაზე, რომ კონკურენციის ხარისხი მინიმალურ დონეზეა და საქმე გვაქვს პრობლემასთან, რომელსაც კარტელურ გარიგებას ეძახიან.

 

როგორც ვიცი, ერთ-ერთი პირველი სფერო, რომელსაც კონკურნეციის სააგენტო შეისწავლის, სწორედ ნავთობის ბიზნესი იქნება, იქ უკვე შესულია განაცხადები ამ ბაზრის კვლევის მოთხოვნით. რა თქმა უნდა, აუცილებელია ამ ბაზრის კონტროლი, თუნდაც იმიტომ, რომ ნავთობკომპანიები საკმაოდ მაღალ მარჟაზე მუშაობენ, ჩემი აზრით, ეს ციფრი სადღაც 30-40 თეთრია. ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ეს მარჟა შეიძლება უფრო დაბალი ყოფილიყო. როგორ უნდა გამოსწორდეს სიტუაცია? - ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება კონკურენციის სააგენტოს დაინტერესება ამ საკითხით. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვცხოვრობთ და ფასი ვიღაცის დირექტივით ვერ შემცირდება, ეს არ იქნება სწორი მიდგომა. ამიტომ, პრობლემა უნდა გამოასწოროს იმან, ვინც მას ხედავს, ამ შემთხვევაში ეს კონკურენციის სააგენტოა, რომელმაც საფუძვლიანი კვლევა უნდა ჩაატაროს. მართალია, ბოლო ხანებში საწვავის ქართული ბაზარი გაიხსნა და წვრილი მოთამაშეებიც გამოჩნდნენ, მაგრამ ამ ბაზარზე სურათს ისევ 5 კომპანია ქმნის, მათი სახელები ყველამ კარგად ვიცით: „რომპეტროლი“, „ვისოლი“,                        „სოკარი“, „გალფი“ და „ლუკოილი“...


რამაზ გერლიანი, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი: „გავიხსენოთ ის დრო, როდესაც 1 ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 140 დოლარი იყო, დღეს ეს ფასი 81 დოლარიდან 85 დოლარამდე მერყეობს - გააჩნია საწვავის ხარისხს. რაც შეეხება მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებს, ლარში რომ გადმოვიყვანოთ, დასავლეთში ბენზინის ფასი საშუალოდ 1,45 ლარის ექვივალენტია, ხოლო დიზელისა - 1,40 თეთრამდე. განსხვავება ხარისხის მიხედვითაა - ასეთია მსოფლიო ფასები უკვე დამუშავებულ ნავთობზე. ჩვენთან კი, სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი იწყება 2,15 თეთრიდან და 2,35 თეთრამდე ადის. საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფოს არ შეუძლია დირექტივა გასცეს და მიუთითოს, რომ ფასი დასწიონ. თუმცა6 ეს სხვაობა თვალსაჩინოა. მივდივართ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ ამ სფეროში კონკურენცია არის ძალიან დაბალი და ოლიგოპოლიურ-მონოპოლიური ტიპის წარმონაქმნთან გვაქვს საქმე, სადაც ფასები ხელოვნურად რეგულირდება.

 

თუ შევადარებთ, ევროპული ტიპის საწვავის ხარისხი ჩვენთან შედარებით მაღალია, ხოლო ფასი - დაბალი, თანაც, იქ ფასი და ხარისხი ერთმანეთთან შესაბამისობაშია, საქართველოში კი - ფასი მეტია, ხოლო ხარისხი - ნაკლები. ამას ექსპერტული შეფასებები სულაც არ სჭირდება, ნებისმიერ მძღოლს და ავტომანქანის მფლობელს რომ ჰკითხოთ, დაგიდასტურებთ, რომ ეს მართალია. ის ხარისხიც კი, რომელსაც უმაღლესს უწოდებენ, ხშირად ვერ აკმაყოფილებს დასავლურ სტანდარტებს. ქართულ ბაზარზე აზერბაიჯანული საწვავი დომინირებს, რომელიც უფრო დაბალი ხარისხისაა, ვიდრე ევროპული. ასე რომ, დიდი განსხვავება არ არის თქვენი მანქანის ავზში ორლარიან ბენზინს ჩაასხამთ, თუ 2,30-ლარიანს. აქედან გამომდინარე, ფასები, რომელიც ჩვენთანაა, სრულიად არაადეკვატური და ალოგიკურია. რაც შეეხება მოგების მარჟას, ის სულ მცირე, 30-50 თეთრი მაინც იქნება, თუმცა ამის თაობაზე ნავთობკომპანიებიდან ზუსტი ინფორმაციის გამოთხოვა საკმაოდ რთულია, როგორც ჩანს, ეს მათი საიდუმლოა.“

 

- საერთოდ, საწვავის სიძვირეს საქართველოში „პლატსის“ ფასით ხსნიან, თუმცა აშკარაა, რომ ახლა ეს ფასიც შემცირებულია...


- „პლატცი“ მხოლოდ და მხოლოდ საბაბია და როცა ნედლი ნავთობის ფასი მთელ მსოფლიოში მცირდება, ამ ტენდენციას ჩვენმა ქვეყანამაც უნდა აუწყოს ფეხი. თუმცა, აშკარაა, რომ ნავთობკომპანიები შეთანხმებულად მოქმედებენ, ქვეყანაში მონოპოლიური სისტემა შეიქმნა და სახელმწიფო მდგომარეობის გამოსწორებაზე ან ნაკლებად ზრუნავს, ან ვერ მიაგნო ხერხს, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა. კიდევ ერთი პარადოქსი: მეზობელ სომხეთში საწვავის ფასი, დაახლოებით, ჩვენს დონეზეა, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტირების ხარჯი იქ გაცილებით მაღალია, რამდენიმე საზღვრის გადალახვა უხდებათ, რომ საწვავი სომხეთის ტერიტორიაზე შეიტანონ.

 

 bpn.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია