დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უნდა შეიწყალონ თუ არა უვადო პატიმრები?
უნდა შეიწყალონ თუ არა უვადო პატიმრები?
სულ ნანახია 1685
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

სახალხო დამცველმა ინიციატივით მიმართა პარლამენტს, რომ უვადო პატიმრობამისჯილთა საქმეების გადახედვა, 20-ის ნაცვლად, 15-წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ მოხდეს და სწორედ ამ ვადის გასვლის შემდეგ გახდეს შესაძლებელი მათი გათავისუფლება.

 

სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძის თქმით, ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი. შესაბამისად, ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე, მისი საქართველოში დამკვიდრება ძალიან მნიშვნელოვანია. შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ელენე თევდორაძე კი უვადო პატიმრობაში მყოფი პირების შეწყალების წინააღმდეგია. თევდორაძის თქმით, არ შეიძლება, ჰუმანური აქტი ისეთი დანაშაულებისთვის გასამართლებულებს შეეხოს, როგორიც მკვლელობა და დიდი ოდენობით ნარკოტიკების რეალიზაციაა.  „ჩვენთან უვადო პატიმრობა ვრცელდება მკვლელობასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკების გასაღებაზე, ვერ ვიტყვი, რომ ჰუმანური აქტი მკვლელის მიმართ აუცილებელია,“ - განაცხადა ელენე თევდორაძემ.

 

 

მისივე განმარტებით, დაზარალებული ოჯახების პოზიცია უნდა გაითვალისწინოს როგორც შეწყალების კომისიამ, ასევე პრეზიდენტმა.

„პრეზიდენთან კონსულტაციას უმჯობესია, შეწყალების კომისიამ კონსულტაცია გაიაროს იმ დაზარალებულ ადამიანებთან, რომლებმაც დაკარგეს თავისი ახლობლები, თავიანთი ოჯახის წევრები. მე, ზოგადად, მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული პირის შეწყალებასთან დაკავშირებით, იყო ეს უვადო თუ ვადიანი პატიმრობა, უარყოფითი პოზიცია მქონდა ხოლმე, რადგან ჩემთან ძალიან ხშირად მოდიოდნენ დაზარალებულთა ოჯახების წევრები და ტირილით მეხვეწებოდნენ, რომ შეწყალება არ შეხებოდათ ასეთ ადამიანებს - დაზარალებულის პოზიცია არ იყო ჩემთვის უმნიშვნელო. არ ვიცი, რა ჩანაწერია ახალ საპროცესო კოდექსში, მაგრამ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ჩემი მუშაობის დროს არსებობდა 25-წლიანი ვადა - მხოლოდ მისი გასვლის შემდეგაც შეიძლებოდა უვადო პატიმრობაში მყოფი პირების შეწყალების საკითხის განხილვა. მე ამ ჩანაწერის მომხრე ვარ,“ - აღნიშნა ელენე თევდორაძემ.

 

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ შეწყალების კომისია და საქართველოს პრეზიდენტი უვადო მსჯავრდებულთა მიმართ ჰუმანურ დამოკიდებულებაზე იმსჯელებენ. მისი თქმით, უახლოეს დღეებში, პრეზიდენტის ინიციატივით, შედგება შეხვედრა, სადაც აღნიშნულ თემას განიხილავენ.


„უახლოეს დღეებში, შევხვდებით პრეზიდენტს მისივე სურვილით. არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც ჩამოსაყალიბებელია პოზიცია. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ უვადო მსჯავრდებულთა თემაა. ჩვენ ბევრი უვადო პატიმარი გვყავს, მათ შორის სამი ქალი. გვინდა მეტი ჰუმანიზმი გამოვიჩინოთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, თუ არ იქნება მედიისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა, გაგვიჭირდება ამის საზოგადოებისთვის სწორად მიწოდება,“ - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

 

უნდა შეეხოს თუ არა შეწყალება ისეთ პირს, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი? - გაზეთმ P.S.-მა რამდენიმე ადამიანი გამოკითხა. გამოკითხულთა აზრი ასეთია:

 

გიორგი  ინასარიძე,  სტუდენტი:  „უვადო პატიმრობა სასჯელის უმაღლესი ზომაა, ესე იგი, იმ ადამიანმა რაღაც ძალიან სერიოზული დანაშაული ჩაიდინა და შესაბამისადაც უნდა დაისაჯოს. მიმაჩნია, რომ ეს კანონი არ უნდა შეიცვალოს, ან 15 წელზე მეტი მაინც უნდა იყოს, სხვანაირად უსამართლობა იქნება.“

 

მირიან ბერულავა, ტელეოპერატორი: „არ შეიძლება ისეთი კატეგორიის ადამიანების გარეთ გამოშვება, რომლებსაც ბრალი ედებათ განსაკუთრებით   მძიმე   დანაშაულში. ჰუმანურობა კარგია და ყველას უნდა მიეცეს პატიების უფლება, თუმცა ეს უნდა მოხდეს 25 წლის შემდეგ, რაც მთავარია, გამოშვებამდე უნდა შემოწმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და აქ იგულისხმება მისი ფსიქიკური მდგომარეობა, ხოლო გარეთ გასვლის შემდეგ უნდა აუყვანონ ამ კატეგორიის პატიმრებს ფსიქოლოგი.“

 

თამუნა ახობაძე,  ჟურნალისტი:  „გააჩნია ბრალდებას, მე, პირადად, ასეთი ჰუმანურობისგან თავს შევიკავებდი იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ საზოგადოებისთვის.“

 

თეონა უგულავა: „გააჩნია სასჯელს, თუ მძიმეა დანაშაული, მის ჩამდენზე არ შიძლება შეღავათები გავრცელდეს. ვფიქრობ, ესეთი შემწყნარებლური კანონი უნდა იყოს ასაკოვანი ხალხის მიმართ.“

 

ბექა ქავთარაძე, რეჟისორი, პუბლიცისტი: „ვფიქრობ, რომ სამუდამო პატიმრობიდან 15 წელზე ჩამოსვლა ცოტაა, კი, ჰუმანურობა აუცილებელია, მაგრამ საშიშ რეციდივისტებთან მიმართებაში რამე სხვა არის მოსაფიქრებელი, მათი შეწყალება, ვითომ არაფერი ჩაუდენიათ, და გარეთ გამოშვება რამდენად პროდუქტიული იქნება საზოგადოებისთვის.“

 

მაია   კოპალიანი,  ეკონომისტი:  „თუ მსჯავრდებულს ძალიან მძიმე დანაშაულისთვის აქვს სამუდამო პატიმრობა მისჯილი და მისთვის ზედმეტი ფუფუნება იქნება 15-წლიანი სასჯელი. გააჩნია დანაშაულის სიმძიმეს, ეს საკითხი არ არის ცალსახად გასარჩევი, სერიოზულ გადახედვას საჭიროებს. უსამართლობა იქნება პიროვნებას, რომელსაც 3 ადამიანი ჰყავს მოკლული და რომელსაც ქურდობა ან რამე შედარებით მსუბუქი დანაშაული აქვს ჩადენილი, ორივეს 15 წელი მიუსაჯონ.“

 

მალხაზ წიფიანი:  „ვფიქრობ, რომ სამუდამო პატიმრობა უნდა შეიცვალოს, ეს ძალიან ჰუმანური იქნება, თუმცა სამუდამო პატიმრობის 15-წლიანი სასჯელით ჩანაცვლება არ მიმაჩნია სწორად. 15 წელი ძალიან ცოტაა. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ ადამიანებზე, რომლებიც კვლავაც წარმოადგენენ საზოგადოებისთვის საფრთხეს,  უნდა გავრცელდეს სამუდამო, ხოლო შედარებით ლოიალური უნდა იყოს კანონი ასაკოვანი ადამიანების და ისეთ დამნაშავეებთან მიმართებაში, ვისაც კანონდარღვევის პირველი შემთხვევა აქვთ.“

 

თეონა კვირიკაშვილი: „თუ ადამიანს სამუდამო აქვს მისჯილი, ესე იგი შესაბამისი დანაშაულს გამო აგებს პასუხს. სახელმწიფო არ უნდა იყოს შემწყალებელი ისეთი დანაშაულის ჩამდენის მიმართ, როგორიცაა: გაუპატიურება, მკვლელობა, სადისტური ქმედება და ა.შ. რაც შეეხება 15 წელს, სამუდამო მისჯილისთვის ეს ზედმეტი ფუფუნება იქნება. თუ  კანონის შეცვლაზეა საუბარი, სასჯელი  15 წელზე მეტი უნდა იყოს.“

 

 

ჟანა ჯანელიძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია