დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რთველი რაჭაში, რეკორდული ფასი და ყურძნის ჯიშების დაცული სისუფთავე
რთველი რაჭაში, რეკორდული ფასი და ყურძნის ჯიშების დაცული სისუფთავე
სულ ნანახია 3621
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

კახეთის შემდეგ, „რთველი 2014“  რაჭაშიც წარმატებულად მიმდინარეობს - მოსახლეობას ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ აქვს. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან დავითაშვილის თქმით, შარშანდელი რეკორდი წელსაც გამეორებულია -  8 ლარი 1 კილოგრამ ალექსანდროულსა და მუჯურეთულის ჯიშზე შენარჩუნებულია.


სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან დავითაშვილმა და რაჭა-ლეჩხუმისა და ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ 11 ოქტომბერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში     „რთველი 2014“-ის საკოორდინაციო შტაბი დაათვალიერეს და რთველის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

 

„ჩვენ პირობას ვასრულებთ და რთველის პროცესს მაქსიმალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ, იმისთვის, რომ ყველა გლეხს მივცეთ მოსავლის დაბინავების საშუალება,“ -  აღნიშნა  სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ოთარ დანელია მხარის გუბერნატორთან ერთად სოფელ სადმელში კერესელიძეების ოჯახსაც ეწვია. კერესელიძეების ოჯახი წელს 3 ტონამდე ყურძნის ჩაბარებას აპირებს.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მხრიდან მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდაჭერა გრძელდება. დარგის ხელშეწყობამ და ჩვენ  მიერ გატარებულმა სწორმა პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ მოსახლეობა ახალი ვენახების გაშენებას იწყებს. ისევე როგორც კახეთში, რაჭაში რთველი წარმატებით მიმდინარეობს. მევენახეებმა 600 ტონაზე მეტი ყურძენი უკვე ჩააბარეს. ამ ეტაპზე, დაახლოებით, 100-150 ტონა ყურძენია ჩასაბარებელი. გვინდა, აღვნიშნოთ, რომ არცერთ მევენახეს დაუბინავებელი ყურძენი არ დარჩება,“ - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ამბროლაურის რაიონის სოფელ ძირაგეულის მკვიდრი ირინა კერესელიძე რაჭაში რთველის მიმდინარეობას ნორმალურს უწოდებს. მისი თქმით, ყველაზე მთავარი ისაა, რომ გლეხს მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩენია:

„ჩემი ოჯახი რთველის პროცესით კმაყოფილია - ყველამ ჩააბარა ყურძენი. ხარისხის გასინჯვა მიმდინარეობდა, რომ ყურძნის ფალსიფიცირება აეცილებინათ თავიდან. ალექსანდროული და მუჯურეთული ჩაბარდა 8 ლარად, ძელშავი და ნარევები, ჩემი ინფორმაციით, 2 ლარად ჩაიბარეს. ჩემმა ძმამ, აპოლონ კერესელიძემ, ერთ ჩაბარებაზე მიიტანა ერთი ტონა და 500 კილოგრამი.  ამხელა რაოდენობა მასიურად არ იყრებოდა, სათითაოდ ამოწმებდნენ,  თითო მტევნის გასინჯვას კი  დრო უნდოდა. ჩაბარებას რაც შეეხება, ჩვენ თვითონ მიგვქონდა ადგილზე.  ფულს ბანკის საშუალებით გვიხდიან -  ნაწილი უკვე ჩაგვერიცხა, დანარჩენი მალე უნდა ჩაირიცხოს. მთავარია, გლეხმა მოსავალი ჩააბაროს და კმაყოფილი დარჩეს. ჩვენ ყურძენი ჩავაბარეთ და სხვა რაღა უნდა გლეხს?“ - გვითხრა  ირინა კერესელიძემ.

მინისტრი საკოორდინაციო შტაბში ღვინის კომპანიების წარმომადგენლებსაც შეხვდა. ოთარ დანელია მინისტრის მოადგილესთან, იური ნოზაძესთან ერთად ბუგეულის ღვინის ქარხანაში ყურძნის ჩაბარების პროცესსაც დაესწრო და რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად მევენახეებისგან მოისმინა. ოთარ დანელიამ მათ რაჭაში რთველის ორგანიზებულად და შეუფერხებლად ჩატარების გარანტია მისცა.

ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან დავითაშვილმა 5 ოქტომბერს გახსნა. აღნიშნული შტაბი რთველის ორგანიზებულად   ჩატარებას   უზრუნველყოფს.    შტაბის   წევრები   ხელს უწყობენ   რაჭის  რეგიონის  მევენახეებს, ორგანიზებულად მოახდინონ ყურძნის რეალიზაცია.

„რაჭაში რთველი მალე დასრულდება. რამდენიმე დღეში მოსავალი სრულად დაიკრიფება. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო ყურძნის ჯიშების სისუფთავე, რაც იმის გარანტია იქნება, რომ მომხმარებელი ნამდვილი ხვანჭკარის შეძენას შეძლებს. რაც შეეხება ფასს, შარშანდელი რეკორდული ფასები წელსაც შენარჩუნდა. ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე მოთხოვნა დიდია და, შესაბამისად, ფასიც მაღალია - 1 კგ-ს ფასი 8 ლარს შეადგენს,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ამ ეტაპზე რაჭის რეგიონში ყურძენს 14 ღვინის კომპანია იბარებს. 11 ოქტომბრის მონაცემებით რაჭაში მოკრეფილია 600 ტონაზე მეტიყურძენი (მუჯურეთული და ალექსანდროული), მოსახლეობის შემოსავლებმა 5 მლნ ლარს მიაღწია.

ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებისა და ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის მაქსიმალურად დაცვის მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები ერთობლივ ღონისძიებებს ატარებენ.

რთველის მიმდინარეობის პერიოდში, ამოქმედდა „ცხელი ხაზი“: 2470101, რომელიც დაინტერესებულ პირებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება. დამატებითი ინფორმაციის, კითხვებისა და კომენტარებისათვის მოსახლეობას შეუძლია მიმართოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე: rtveli2014@georgianwine.gov.ge.

„რთველი 2014“ საქართველოში დასასრულს უახლოვდება. სულ ამ დროისთვის 118 291 ტონა ყურძენია დაკრეფილი, რომლის ღირებულება 164 217 596 ლარს შეადგენს.  აქედან, რქაწითელის რაოდენობა   73 036 ტონაა -   74 178 080 ლარის ღირებულების; საფერავი - 40 309 ტონა,  78 847 925 ლარის ღირებულების,  კახური მწვანე - 2 200 ტონა, 2 725 753 ლარის ღირებულების,  ალექსანდროულ-მუჯურუთული - 700 ტონა, 5 600 000 ლარის, სხვა ჯიშები - 2 767 ტონა, 8 506 554 ლარის.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წლის 9 თვეში (იანვარ-სექტემბერი) მსოფლიოს 39 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 42 800 528 (0,75 ლ) ბოთლი შეადგინა, რაც 62%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

 

 

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ბელორუსი, სადაც რუსეთი ლიდერობს 65%-ით ექსპორტის მთლიან მოცულობაში. ღვინის ექსპორტმა რუსეთში 2014 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, 27 937 836 ბოთლი შეადგინა. საექსპორტო ქვეყნების ათეულშია ჩინეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და აზერბაიჯანი. ღვინის ექსპორტმა თანხაში 137 104 668 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 64%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამასთან, სექტემბრის მდგომარეობით 14 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8 787 177 (0,5 ლ) ბოთლი ბრენდი. 2014 წლის განვლილ 9 თვეში, ბრენდის ექსპორტმა თანხაში 29 043 599 აშშ დოლარის მიაღწია, რაც 41%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებში კვლავ ლიდერობს უკრაინა, სადაც იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით ექსპორტმა - 4 281 222 ბოთლი შეადგინა, მეორე ადგილს 3 976 884 ბოთლით რუსეთი იკავებს.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია