საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
საქართველოში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა შეიქმნება
საქართველოში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა შეიქმნება
ავტორი: ცოტნე გაბადაძე
სულ ნანახია 1094
ავტორი:
ცოტნე გაბადაძე

ნატო-ს უელსის სამიტზე საქართველომ წევრობის კანდიდატის სტატუსი (ე.წ. „მაპი“) ვერ მიიღო, მაგრამ დაიმსახურა სპეციალური პაკეტი, რაც ნატო-საქართველოს ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს. მაინც რას ნიშნავს ეს - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებას და დაგვიცავს თუ არა ეს რუსეთისგან?!

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თქმით, უელსის სამიტზე მიღებული პაკეტის იმპლემენტაციის მზადება სამიტის დასრულებისთანავე დაიწყო. „ჩვენი მხრიდან ყველა მოსამზადებელი სამუშაო ჩატარებულია და უკვე გადაიგზავნა ნატო-ს შტაბ-ბინაში. უახლოეს ერთ თვეში ველოდებით ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან თანხმობას, რის შემდეგაც ეს გეგმები საჯარო გახდება,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მიუხედავად  იმისა, რომ ჯერ არ არის ცობილი კონკრეტულად რა სამხედრო ინფრასტრუქტურაზეა საუბარი, ამ ინფორმაციამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყურადღება დაიმსახურა. რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც გარკვეული მუქარაც კი იგრძნობოდა.

 

„რუსეთმა გამოხატა შეშფოთება საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ გავრცელებულ იმ ცნობებთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იგეგმება სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება ნატო-ს ინტერესების შესაბამისად. ასეთი ქმედება საფრთხეს შეუქმნიდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობას, რომელიც ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია,“ - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

თუმცა, რუსეთის საგარეო უწყების სურვილის მიუხედავად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით კი ნატო-ს ინფრასტრუქტურა საქართველოში აუცილებლად შეიქმნება და რეგიონისთვის საფრთხეს არა ნატო-ს ინფრასტრუქტურა, არამედ თავად რუსეთის საოკუპაციო ძალების საქართველოში ყოფნა წარმოადგენს.

 

„მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ნატო-ს ინფრასტრუქტურა შეიქმნება. ეს არის ნატო-ს სამიტზე მიღწეული შეთანხმება. საქართველო-ნატო-ს პაკეტი სწორედ ამას ემსახურება, რომ ჩვენ ქვეყანაში გაიხსნას ნატო-ს ინფრასტრუქტურა. ჩავატაროთ ერთობლივი წვრთნა და ამით ავამაღლოთ როგორც შეკავების ფაქტორი იმ აგრესიისა, რომელიც რუსეთიდან მოდის. ასევე ავამაღლოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა. ეს არის გადაწყვეტილი. ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს რეგიონში, ჩვენ ქვეყანაში სტაბილურობის გამყარებას. ძლიერი საქართველო არის იგივე ძლიერი სტაბილურობის კონტრიბუტორი. რაც შეეხება საფრთხეებს, ყველაზე დიდ საფრთხეს რეგიონისთვის წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩვენ ქვეყანაში და მიმდინარე აგრესია, რომელიც რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ ხორციელდება,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

მინისტრის თქმით, ერთადერთი, რაც დღეს სჭირდება სტაბილურობის გამყარებას, არის ის, რომ რუსეთის მხრიდან აღებული იყოს ვალდებულება, საბრძოლო მოქმედებების გამოუყენებლობაზე იმიტომ, რომ 2008 წელს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში, მთავარი აგრესიული ნაბიჯები გადადგმული იყო რუსეთის მხრიდან. ის რეგიონისთვის სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს.

 

რუსეთის რეაქციას ნატო-ს ინფრასტრუქტურის საქართველოში განთავსებაზე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის თქმითაც, საქართველოს ეს ნაბიჯი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და შესაბამისად, რეგიონის სტაბილურობას არ ემუქრება.

 

„არანაირი ქმედება, რომელსაც საქართველო ახორციელებს თავის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად და ჯარის გასაწვრთნელად, არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ. პირიქით, ეს ემსახურება სტაბილურობის განმტკიცებას რეგიონში. სხვა ბევრი ფაქტორია, რომელსაც ეს მიზანი არ აქვს და სწორედ მათი მოწესრიგებისკენ მოვუწოდებთ ჩვენ ჩვენს კოლეგებს ყოველ ჯერზე. ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და რუსეთის ჯარის ყოფნა ამ ტერიტორიაზე,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი საკუთარ ჯარებს განათავსებს ყველგან, სადაც კი მოესურვება. „ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრაზე ჩვენ განვიხილავთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას სწრაფი რეაგირების ძალების თაობაზე. თუმცა, ამის გარეშეც ალიანსს უძლიერესი ჯარი ჰყავს. მისი განთავსება ჩვენ შეგვიძლია ყველგან, სადაც მოგვესურვება,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის ამ განცხადებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გამოეხმაურა.

 

„მე მივესალმები ნატო-ს ახალი გენერალური მდივნის განცხადებას. სხვა რამ რომ ეთქვა, ეს იქნებოდა გასაკვირი. უელსის სამიტზე, როგორც ნატო-ს წევრები, ისე პარტნიორები შევთანხმდით, რომ იმ საფრთხეებს, რაც რეგიონში რუსეთის აგრესიის კუთხით არსებობს, უნდა დავუპირისპიროთ არა მხოლოდ ფინანსური სანქციები, არამედ სამხედრო შემაკავებელი, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ნატო-ს წევრებმა უნდა გააძლიერონ საკუთარი სუვერენული ტერიტორიების უფრო დიდი, სამხედრო შენაერთებით დაცვა, ასევე პარტნიორ ქვეყნებს დაეხმარონ თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებაში. რაც შეეხება ნატო-ს ორმხრივ, თუ მრავალმხრივ ბაზებს, ერთობლივ წვრთნებს და ადგილსამყოფელს, ეს იქნება საქართველო თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, ეს არის ნატოს გადასაწყვეტი. ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკური და მისასალმებელია მისი ეს განცხადება,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

ნატო-ს ინფრასტრუქტურის განთავსებას საქართველოში მნიშვნელოვან, უალტერნატივო გადაწყვეტილებად მიიჩნევენ ექსპერტები. მაგალითად, როგორც პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში აცხადებს, ასეთ ნაბიჯს საფრთხეების შეკავების ძალაც ექნება: „როდესაც ქვეყანაში იარსებებს - ბაზა იქნება ეს თუ, რაღაც დამატებითი ცენტრი, სადაც რეგულარულად იქნება გარკვეული რაოდენობა წარმოდგენილი ნატო-ს შეიარაღებული ძალების პერსონალისა - ოფიცრებისა, სამხედროებისა - და მუდმივად იქნება აქტივობები აქ, ეს, რა თქმა უნდა, იქნება ერთგვარი შემაკავებელი ფაქტორი. ნატო-ს პერსონალის წინააღმდეგ სამხედრო კონფრონტაცია უცილობლად გამოიწვევს იმას, რომ ნატო იქნება უფრო მეტად ჩართული ამ საკითხში და, შესაბამისად, რუსეთისთვის რისკები უფრო მაღალი იქნება, ვიდრე სხვაგვარად იქნებოდა.“

 

ლევან ცუცქირიძეს არ უკვირს, რომ, უცვლელი საგარეო პოლიტიკური ხედვებიდან და რეგიონში ბატონობის სურვილიდან გამომდინარე, რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს დაახლოებას ნატო-სთან. პოლიტოლოგი მოელის სხვადასხვა სახის ზეწოლას რუსეთის მხრიდან, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის ნატო-სთან სიახლოვე ერთი სწორი არჩევანია და რომ გამოწვევებს საქართველო მტკიცე და სტაბილური განვითარებით უნდა დაუპირისპირდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსის თომას დე ვაალის აზრით, ნატო-ს წითელი დროშის აფრიალება რუსეთს კიდევ უფრო გააღიზიანებს და საქართველოს უფრო დაუცველს გახდის. ანალიტიკოსის აზრით, საქართველომ უნდა სცადოს აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება ამ დროშის ფრიალის გარეშე.

 

როგორც დე ვაალი საკუთარ წერილში წერს, „საქართველო კვლავ ცდილობს დაამტკიცოს, რომ  აშშ-ის ფაქტიური მოკავშირეა... ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო კვლავ ცდილობს დაამტკიცოს, რომ ალიანსის ფორმალური წევრობის გარეშეც კი, აშშ-ის ფაქტიური მოკავშირეა და პენტაგონში დიდ სახელს იხვეჭს ამ პროცესში.“

მისივე თქმით, საქართველოს მიერ ნატო-ში წევრობის დევნის ამბავი დაუმთავრებელი საგაა, რომელიც 1990-იანი წლებიდან მომდინარეობს, როდესაც საქართველოს მთავრობამ პირველად გამოხატა სურვილი, გაერთიანებულიყო ალიანსში. თუმცა ნატო-ს ძირითადი წევრები - საფრანგეთი, გერმანია და იტალია ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ იდეას, რომ საქართველო წევრობის კრიტერიუმების შესრულებაზე გადასულიყო.

 

„როგორც მოსალოდნელი იყო, ქვეყანა უელსის სამიტზე, წევრობისკენ გზას ვერ გაუყვა. სანაცვლოდ, კი ის 4 ქვეყანასთან ერთდ, ალიანსისგან ახალი სტატუსით დაჯილდოვდა. უელსის სამიტის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი თბილისს დაუყონებლივ ეწვია, რაც იყო სიგნალი, რომ მიღებული დეკლარაცია რაღაც მნიშვნელობას ატარებს. ასევე მან საქართველოს მიმართ სოლიდარობა გამოხატა უკრაინის კრიზისის ფონზე. არსებობდა ვარაუდი, რომ საქართველოს მთავრობას, შესაძლოა, აშშ-ისგან შეეძინა Blackhawk-ის ვეტმფრენები. 22 სექტემბერს კი,  Foreign Policy-მ გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი ამ ურთიერთობებში - საქართველოს შეთავაზება სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის შექმნის შესახებ. ამ ინფორმაციამ საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის დაბნეულობა გამოიწვია - ზოგი მას უარყოფდა, როდესაც სხვები - ადასტურებდნენ. ეს საქართველოს მთავრობის დისფუნქციურ  ბუნებას უფრო ასახავს, ვიდრე ინფორმაციის სიზუსტეს. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო კვლავ ცდილობს დაამტკიცოს, რომ ალიანსის ფორმალური წევრობის გარეშეც კი, აშშ-ის ფაქტიური მოკავშირეა, და პენტაგონში დიდ სახელს იხევჭს ამ პროცესსში,“ - მიაჩნია დე ვაალს.

სტატიის ბოლოს, ანალიტიკოსი იმ პოლიტიკაზე საუბრობს, რომლის გატარებაც საქართველოს ყოველთვის სჭირდება.

 

„კერძოდ, უსაფრთხოების სფეროში ძლიერი ორმხრივი ურთიერთობა აშშ-სთან, რაც მას თავს დაცულად აგრძნობინებს, ნატო-ს მიერ წითელი დროშის აფრიალების გარეშე, რომელიც რუსეთს გააცოფებს და ამის გამო, საბოლოოდ, ქვეყანა დაუცველი ხდება. გარდა ამისა, სტანდარტების ცალმხრივი იმპლემენტაცია ქვეყნისთვის კარგი მოდელია, უფრო დიდი სტრატეგიული გამოწვევა კი, ევროკავშირთან ეკონომიკური დაახლოება და ჰარმონიზაციაა,“ - წერს დე ვაალი.  

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია