საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
წარსულის დაბრუნება
წარსულის დაბრუნება
ავტორი: ეკა შალამბერიძე
სულ ნანახია 1281
ავტორი:
ეკა შალამბერიძე
მსგავსი სიახლეები

„დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ხონსა და ქუთაისის 15 კომპაქტურ ჩასახლებას ესტუმრა. გვაინტერესებს, რის მიხედვით შეარჩია ბატონმა სუბარმა ეს ჩასახლებები“

 

ადამიანურ ყოფიერებასთან შეუსაბამო საცხოვრებელი პირობები, გუმათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ყოფილი  პანსიონატის შენობაში შესახლებული დევნილებისთვის, უკვე 2 წელია, ყოველდღიურობაა. შენობაში შესვლისთანავე ავტომატურად ჩნდება განცდა - აქ დრო გაჩერდა.

 

21-უ საუკუნის ადამიანებს აქ კვლავ მე-20 საუკუნე აქვთ.  90-იანი წლებისთვის დამახასიათებელი რიგები, ოღონდ, ამჯერად ყოველდღიურად რიგში დგომა  არა სურსათის, არამედ ონკანის  და  ერთადერთი საპირფარეშოთი სარგებლობისთვის უწევთ.

 

90-იანი წლების მსგავსად, რიგი იმდენად გრძელი და შემაწუხებელია რომ საპირფარეშოს კარზე შინაგანაწესიც გააკრეს: „აქ დგომა აკრძალულია!“

 

ყოფილ პანსიონატში  ამჟამად 32 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. შენობა ორსართულიანია: ერთი საპირფარეშოთი და 3 პირობითად სველი წერტილით.

 

 ფანჯრების უმრავლესობაზე  მინის ფუნქციას ცელოფნები ასრულებს, შესაბამისად, წვიმის დროს ოჯახებში წყალი როგორც ჭერიდან, ასევე ფანჯრებიდანაც  შედის.

 

თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, პრობლემას წვიმაც და მზეც ერთნაირად ქმნის, რადგანაც მაღალი ტემპერატურა აქ მღრღნელების და მწერების  კერებს აჩენს, დეზინფექცია კი ბინებს 22 წლის განმავლობაში არასდროს ჩატარებია.

 

მანანა კილასონია: „ამას პრობლემებიც აღარ ჰქვია, რა პირობებშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ადამიანი ძაღლია და ყველაფერს ეგუება, თორემ, წარმოუდგენელიც კია ამ პირობებში როგორ შეიძლება არსებობა,  არის ოჯახები და დასახლებები, სადაც რაღაც აქვთ და რაღაც არა, აი, ჩვენ არაფერი გვაქვს, აქ ყველაფერი მწყობრიდან გამოსულია, სასმელ წყალს ისეთ ანტისანიტარულ პირობებში ვიღებთ, რომ სასმელად კი არა, წესით, სარეცხადაც უვარგისია.“

 

ადამიანურ ყოფიერებასთან შეუსაბამო პირობების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შენობის სარდაფია, რომელიც 22 წელია ჩამდინარე ფეკალური მასებით ივსება.

 

„აქ სისუფთავეს, ძალიანაც რომ მოინდომო, ვერ დაიცავ, არ არსებობს კანალიზაციის სისტემა და წლებია, ფეკალური მასები პირდაპირ სარდაფში ჩადის, განსაკუთრებით ზაფხულში ისეთი აუტანელი სუნია, მწერების და მღრღნელების შემოტევას ვეღარ ვუძლებთ და მთელი ზაფხული იმის შიშით, რომ ქვეწარმავლებმა არ დაგვკბინონ, ფანჯრებს ვერ ვაღებთ. ბავშვები ყოველ კვირას იწამლებიან.“

 

დევნილების გულისწყრომის მიზეზი, როგორც ამბობენ, მთავრობის მხრიდან უყურადღებობაა.

 

„ტელევიზიით ვნახეთ, რომ დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ხონსა და ქუთაისის 15 კომპაქტურ ჩასახლებას ესტუმრა. გვაინტერესებს, რის მიხედვით შეარჩია ბატონმა სუბარმა ეს ჩასახლებები, ჩვენთან გამორჩეულად მძიმე სოციალური პირობებია და ჩვენი ბედით რატომ არ უნდა დაინტერესებულიყო? საარჩევნოდ დაგვპირდნენ, რომ გაგვასახლებდნენ და ახლა შესაბამისი ქულების რაოდენობას აღარ გვანიჭებენ, ამ შენობას რეაბილიტაცია შეუძლებელია ჩაუტარდეს, საცხოვრებლად შეუსაბამოა, ვითხოვთ გაგვასახლონ, ჩვენ პენსიონრებმა ამ სიდუხჭირეში უკვე გავიარეთ ჩვენი, მაგრამ იქნებ ბავშვებს მაინც მისცენ საშუალება, ასეთ არაადამიანურ პირობებსა და გარემოში რომ არ გაიზარდონ.“

 

გია სანთელაძის ინფორმაციით, მიმდინარეობს ნიკეასა და ავტომშენებლის ტერიტორიებზე ახალი კორპუსების მშენებლობა, იმისთვის, რათა დევნილების შესახლება და მათი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა მოხდეს.

 

„ჩვენ თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობას დეტალურად ვიკვლევთ, სამინისტრო მათთვის ალტერნატიული ფართების შეთავაზებაზე აქტიურად მუშაობს, ამისთვის უკვე კონკრეტულ უბნებზე  ფართებიც არის გამოყოფილი, თუმცა დევნილთა განსახლება არ მოხდება კომპლექსურად და ეს დამოკიდებული იქნება ქულების რაოდენობაზე, რომელიც თითოეულ ოჯახს აქვს მინიჭებული.“

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია