დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლებმა რთველში მიიღეს მონაწილეობა
ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლებმა რთველში მიიღეს მონაწილეობა
სულ ნანახია 1881
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ახალგაზრდული მოძრაობის პროექტის გახორციელება ქართული ღვინის პოპულარიზაციის, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისა და ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლების მიზნით დაიწყო.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 28 სექტემბერს სტუდენტებმა გურჯაანში რთველში, მიიღეს მონაწილეობა. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის 150-მდე სტუდენტმა გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში, თამარ დიღმელიშვილის ვენახში 15 ტონამდე რქაწითელის ჯიშის ყურძენი დაკრიფეს.

 

ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთი კოორდინატორი ზაზა გრიგალაშვილი, სტუდენტების რთველში წაყვანას მიესალმება და აღნიშნავს, რომ მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანია მომავალი თაობისა და დარგის ჯანსაღი განვითარებისათვის.

 

„ღვინის ეროვნული სააგენტოს ეს ინიციატივა ახლა იდგამს ფეხს. გვინდა, ჩვენ გარშემო შემოვიკრიბოთ ქართული ღვინით დაინტერესებული ადამიანები. შეიძლება, არც იყოს მევენახე, მაგრამ უყვარდეს ქართული ღვინო. ჩვენს მოძრაობაში ჩართულმა ახალგაზრდებმა გვინდა, მოიპოვონ ინფორმაციები, შემოგვთავაზონ ახალი ხედვა და იდეები. მე, პირადად, სკოლაში ვმუშაობდი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის უფროსკლასელები მყავდა ჩართული. ახლა გადავწყვიტეთ, სტუდენტებისკენ გადავიხაროთ. სტუდენტობა მთავარი ძალა იქნება ქართულ მეღვინეობაში. ახალგაზრდებს რთველში ყოფნა შეიძლება ისე მოეწონოთ, რომ ბევრმა ვენახის გაშენებაც დაგეგმოს. თუ ადგილობრივი სტუდენტებიც შემოგვიერთდებიან, ისინი, ვინც კახეთიდან არიან და თბილისში სწავლობენ, ძალიან კარგი იქნება,“ - ამბობს ზაზა გრიგალაშვილი.

 

სტუდენტები საკუთარ ვენახში სიხარულით მიიღო თამარ დიღმელიშვილმა, რომელსაც ახალგაზრდები, თავის მხრივ, ყურძნის დაკრეფაში დაეხმარნენ. რთველის მასპინძელმა ჟურნალისტებთან საკუთარ საქმიანობაზე ისაუბრა:

 

„ვაზის სიყვარული მამისგან გამომყვა. ვცდილობ, ყველანაირი პირობა შევუქმნა ვენახს რაც სჭირდება, მაგრამ ბუნება ყოველთვის ვერ გვახარებს - ხშირად ისეტყვება ყურძენი. თუმცა, ყველანაირად ვცდილობ, ზარალი ავიცილო თავიდან. შარშან ჰექტარზე მივიღე 12 ტონამდე. წელს 20 ტონა ჩავაბარე და ვვარაუდობ, რომ 15 ტონას კიდევ დავკრეფთ. ასევე მაქვს საგურამოს მეურნეობიდან ჩამოტანილი ნერგები, რომელიც შარშან მაჩუქეს. ეს მეურნეობა ძალიან ძლიერია, უამრავი ძველი ქართული ყურძნის ჯიში ააღორძინა იქ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. 1 500 ცალი შარშან ჩავყარე, წელს კი - 4500. ძირითადად, ყურძენს მარნებს ვაბარებ. 15 ტონის ქვევრები და შენობა მე თვითონაც მაქვს სოფელ შაშიანში და ვაპირებ, ვაწარმოო ღვინო. შემოდგომიდან სანერგეს გაკეთებასაც ვგეგმავ. რაც ჩაფიქრებული მაქვს, ჩემი ქვეყნის ხელისუფლების შემწეობით, იმედია, გავახორციელებ,“ - განაცხადა რთველის მასპინძელმა.

 

თამარ დიღმელიშვილმა სახელმწიფოს მიერ მევენახისთვის გაწეული დახმარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამგვარმა ღონისძიებებმა კარგი შედეგი გამოიღო, ზოგადად, სოფლის მეურნეობისთვის:

 

„წლების წინ, კილოგრამ ყურძენზე (რქაწითელზე) ერთი ლარი საოცნებო ფასი იყო. წელს თავისუფლად გვიხდიან ამ თანხას, მაგრამ ცნობილია, რომ ადამიანი, რაც მეტ ფასში აბარებს, მით მეტი უნდა. ძალიან მადლობელი ვარ სახელმწიფოსი, რადგან ამ ხნის მანძილზე ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია მევენახეებს - შხამქიმიკატებით დახმარება იყო თუ ფულადი ანაზღაურება სეტყვის პერიოდში, ყველაფერი ძალიან წაგვადგა.“

 

სტუდენტები რთველში მონაწილეობის მიღებით კმაყოფილები ჩანდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ასეთი საქმიანობა მათთვის ძალიან სახალისო და საინტერესო იყო:

 

მზია პავლიაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი: „ჩვენი უნივერსიტეტიდან პირველად ვართ რთველში. ძალიან გვიხარია, ვერთობით და ვეხმარებით კახელებს ყურძნის დაკრეფაში. ბავშვები აღფრთოვანებულები და მონდომებული არიან, რომ იშრომონ.“

 

გიორგი იოსელიანი, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი: „ძალიან საინტერესოა რთველი. ბევრი ასეთი ივენთი უნდა ჩატარდეს ახალგაზრდებისთვის. არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ სკოლის მოსწავლეებისთვისაც.  გასახარია, რომ ბევრი სტუდენტი ჩაერთო ამ აქტივობაში და იმედს ვიტოვებ, კიდევ უფრო მეტი მოვა. ეს არის პოზიტიური გამოცდილება და ძალიან სასიამოვნო აურაც ტრიალებს.“

 

ტატო ოქრუაშვილი, თსუ. იურიდიული ფაკულტეტი: „იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს რთველის დიდი ინტერესი გვქონდა. მოხალისედ წამოვედით და ჩავერთეთ რთველში. ვფიქრობ, ასეთი სოციალური სამსახური, ჩვენი პროფესიის გარეთ, სხვა უნარ-ჩვევებსაც გაგვივითარებს. თან დროს შრომაში სასიამოვნოდ და სახალისოდ ვატარებთ.“

 

რთველის დასრულების შემდეგ, სტუდენტებმა კახეთის რეგიონში მდებარე ღვინის ქარხნები - „თბილღვინო“, „თელიანი ველი“ და „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ (KTW) დაათვალიერეს, სადაც ადგილზე გაეცნენ ყურძნის ჩაბარებისა და წარმოების პროცესს. ახალგაზრდებმა ასევე ქართული ღვინოებიც დააგემოვნეს.

 

სტუდენტებისთვის შექმნილი ახალგაზრდული მოძრაობის პროექტის ფარგლებში ახალგაზრდული ჯგუფი არსებობს, სადაც გაერთიანებული არიან საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. მათთვის ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი ლექცია-სემინარებს და შეხვედრებს მართავს შემდეგ თემებზე: ქართული ღვინის კულტურა და ისტორია, ვაზის ჯიშები, მევენახეობის ზოგადი საფუძვლები, ღვინის დაყენება და მოხმარების კულტურა, ენოლოგია და ქართული ღვინის კულტურის უძველესი საფუძვლები და სხვა. ამასთან, სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან ვაზის დარგვასა და მოვლაში, რთველის პროცესში, ფესტივალებში, დეგუსტაციებსა და გამოფენებში.

 

 

მსგავსი ინიციატივა, ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, უზრუნველყოფს მომავალი თაობების განათლებას და მათი ინიციატივების გააქტიურებას მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარებაში. წახალისებული იქნება სტუდენტების წარმატებული იდეები და განათლების ხელშეწყობა უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია