დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისში ხალხისათვის წართმეული და გაყიდული შენობები, შესაძლოა, ახალ მეპატრონესაც ჩამოერთვას
ქუთაისში ხალხისათვის წართმეული და გაყიდული შენობები, შესაძლოა, ახალ მეპატრონესაც ჩამოერთვას
ავტორი: ირინა მაკარიძე
სულ ნანახია 4278
ავტორი:
ირინა მაკარიძე
მსგავსი სიახლეები

„არ იყიდო, წართმეულია“ -  წითელი საღებავით  გაკეთებული ეს  წარწერები, უკვე რამდენიმე წელია, ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში,  „თეთრი  ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობების სავიზიტო ბარათად იქცა.

 

სასტუმროების ამუშავების განზრახვით, რეკონსტრუირებულ შენობებს, რომელთაც ყოფილი მეპატრონეები ვეღარ იბრუნებენ, არც ახალი მეპატრონის მზრუნველი ხელი ეტყობა. ფაქტია, რომ უფუნქციოდ დარჩენილი შენობები ვერც ქალაქს რგებს რაიმეს და რაც წლების წინ ხალხის ფულით ქალაქის რეაბილიტაციის ფარგლებში გაკეთდა, ისიც დროის სვლის გამო, უფასურდება.

 

საინტერესოა, ვის ეკუთვნის ამჟამად ეს შენობები და რა ბედი ელით მათ?

 

საკრებულოს ლეიბორისტი წევრი სამსონ  გუგავა წინა ხელისუფლების  დროს დაზარალებულ მესაკუთრეებთან ერთად აქციებში მონაწილეობდა.

 

„ქუთაისში რამდენიმე ათეული ადამიანია, რომელთაც ქონება ჩამოართვეს. ზოგ მათგანს მიზერული კომპენსაცია გადაუხადეს. ისინი დღემდე წართმეული  საკუთრების  დაბრუნებას ითხოვენ. რამდენიმე წლის წინ ჩვენ აქციებსაც  ვატარებდით დაზარალებულ მესაკუთრეებთან ერთად და მთავრობას მოვუწოდებდით, რომ დაებრუნებინა ხალხისთვის წართმეული ქონება...  ახალი ხელისუფლების მიერ დეკლარირებული „სამართლიანობის აღდგენა“ კი  ის  იქნება, თუ ამ ადამიანებს წართმეულ ქონებას დაუბრუნებენ,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში  სამსონ გუგავამ.

 

რთულად აქვს საქმე შენობების ახალ მესაკუთრესაც. მართალია, მისთვის არაფერი წაურთმევიათ, მაგრამ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შესაძლოა, ნაყიდი შენობების ნაწილი უკან დააბრუნებინონ.

 

კომპანია ამერიკელი ბიზნესმენის, შიმონ შიტრიტის საკუთრებაა. შიმონ შიტრიტი ამავე დროს ქუთაისის საპატიო მოქალაქეცაა.

 

ქართულ-ებრაულ კომპანიას - „შიტრიტ ჯგუფი საქართველოში“, საქართველოს პრეზიდენტის 2010  წლის  ბრძანებულების საფუძველზე, ქუთაისში  12  შენობა გადაეცა,  მათ შორის რეაბილიტირებული უბნის  ნაწილში.

 

ამ ჯგუფმა ქუთაისში 2011 წელს ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე 13 ობიექტი  3 143 000 ლარად შეიძინა. მის მფლობელობაშია ქუთაისში  პუშკინის, ცისფერყანწელთა და გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობები, სადაც სასტუმროების მოწყობა იგეგმებოდა. „შიტრიტ  ჯგუფს“ ასევე  შენობები  აქვს აღმაშენებლის, რუსთაველის, ირაკლი აბაშიძის გამზირებზე,  ნიკეასა და წმინდა ნინოს  ქუჩებზე. გარდა ამისა, ჯგუფის საკუთრებაში კერძო მფლობელებიდან გადავიდა ასევე ჯაჭვის ხიდთან, ყოფილი ყვავილების ბაზრობის ტერიტორია, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს და ჭავჭავაძის გამზირზე, მაგდონალდსის წინ არსებული შენობა. ხოლო  ყოფილი სახანძრო სამსახურის შენობა, რომელიც ამორტიზირებულ  მდგომარეობაშია, ჯგუფმა ქალაქისაგან პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე იყიდა.

 

მაშინდელი ქალაქის მერის, გია თევდორაძის იმდროინდელი განცხადებით, ქუთაისში „შიტრიტ ჯგუფის“ შემოსვლის პირობა ქალაქში 5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობდა, თუმცა ნაკისრი ვალდებულებებიდან ჯგუფმა მხოლოდ ერთი, სასტუმრო Empire-ს ამუშავება შეძლო.

კომპანიის წარმომადგენლები, როგორც  ცნობილია, ვალდებულების შეუსრულებლობის ერთ-ერთ მიზეზად ქვეყანაში  შეცვლილ  პოლიტიკურ ვითარებას, მათ შორის, პარლამენტის თბილისში დაბრუნების შესაძლებლობასაც ასახელებენ, რადგან ქუთაისში სასტუმროების ქსელის განვითარების გეგმა სწორედ პარლამენტის ქუთაისში მუშაობის საკითხთან იყო დაკავშირებული.

ბოლო წლებში ჯგუფს, შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, რამდენჯერმე ჯარიმები გადაუვადეს და საქმიანობის გაგრძელების საშუალება მისცეს.  თუმცა, მდგომარეობა ვერც ამით შეიცვალა. ამჯამად აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შესაძლოა, ქონების ნაწილი ჩამოერთვას.

ამის შესახეშ „P.S.“-ს  ქუთაისის მერის მოადგილემ, კოტე  ქავთარაძემ განუცხადა: „ქუთაისის მერია,  ეკონომიკის  სამინისტროსთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობს იმაზე, რომ ამ  ჯგუფმა თავისი ვალდებულებები შეასრულოს.“

ქავთარაძის თქმით, „არ არის  გამორიცხული, რომ შეუსრულებელი ვალდებულებების სანაცვლოდ, ქალაქს ქონების გარკვეული ნაწილი ისევ დაუბრუნდეს.“

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია