დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრემიერის ამბიციები კლიმატური ცვლილებების სამიტზე
პრემიერის ამბიციები კლიმატური ცვლილებების სამიტზე
ავტორი: ცოტნე გაბადაძე
სულ ნანახია 1608
ავტორი:
ცოტნე გაბადაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (გაერო) ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი სიტყვით გაერო-ს კლიმატის ცვლილებების სამიტზე გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, გადადგას პროგრესული ნაბიჯები კლიმატური ცვლილებების შერბილებისკენ. თუმცა, აღნიშნულ სამიტზე მის მიერ დაფიქსირებულ ოფიციალურ პოზიციას თბილისში პოლიტიკური თაღლითობა უწოდეს, რადგან დედაქალაქის საკრებულომ რეკრეაციული ზონების რიცხვი კიდევ უფრო შეამცირა.

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტის შეფასებისას აღნიშნა, საქართველოს დელეგაციამ საერთაშორისო ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრები გამართა.

 

„საქართველო ღირსეულად არის წარმოდგენილი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე. მე მექნება ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლა და შევეხები ჩვენთვის საინტერესო ყველა საკითხს. ვიზიტის ფარგლებში მე მქონდა ასევე შეხვედრები ქუვეითის პრემიერთან, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ევროპელ ლიდერებთან, ასევე, საშუალება მქონდა, გავსაუბრებოდი აშშ-ის პრეზიდენტს. მიღების ფარგლებში ვისაუბრეთ ორი ქვეყნის ურთიერთობებზე. ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი გველოდება წინ,“ - განაცხადა პრემიერმა.

 

 

ვიზიტის ფაგრლებში, ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს კლიმატის ცვლილებების სამიტზე სიტყვით გამოსვლას წინაისტორია და „ინსტიტუციური კინკლაობა“ უძღოდა წინ. ამ სამიტზე გამგზავრებას  გეგმავდა საქართველოს პრეზიდენტი, რომლის სახელზეც მოვიდა მოწვევა გაეროდან კონკრეტულად კლიმატის ცვლილებების სამიტზე დასასწრებად. თუმცა, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაცია გაემგზავრებოდა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და ვინაიდან ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში ერთდროულად ორი დელეგაციის გაგზავნა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს დააზიანებდა, კლიმატის ცვლილებების სამიტსაც მთავრობის მეთაური დაესწრებოდა, და არა სახელმწიფოს მეთაური. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მაინც გეგმავდა ნიუ-იორკში წასვლას სამიტზე დასასწრებად, თუმცა, საბოლოოდ, თავად პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი ჩაიშალა, თუმცა მიზეზები არ დაუკონკრეტებია, ისევ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გაერო-ს კლიმატის სამიტზე სიტყვით მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი  გამოვიდა. მაინც რა განაცხადა მთავრობის მეთაურმა, რასაც ვერ იტყოდა სახელმწიფოს მეთაური?!

 

 

„ჩვენი ამბიციაა, საქართველო გახდეს ჰიდროენერგეტიკის გიგანტი“

 

„დღეს უკვე მოქმედების დროა, ვიდრე კლიმატური ძვრები გამოიწვევს ფართოდ გავრცელებულ და არაპროგნოზირებად ცვლილებებს მთელ მსოფლიოში  და საფრთხეს შეუქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს. არცერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული კლიმატური ცვლილებებისგან. კლიმატური ცვლილებები უშუალო საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას,“ - განაცხადა პრემიერმა სამიტზე.

რაც შეეხება საფრთხეებს, რომელსაც საქართველოში კლიმატური ცვლილებები გამოიწვევს, პრემიერის თქმით, რთული მთიანი ტოპოგრაფია დაუცველს ხდის საქართველოს ბუნებრივი საფრთხეების მიმართ, მათ შორისაა წყალდიდობა, ღვარცოფი და მეწყერი. ზღვის დონის აწევის გამო მოიმატა ქარიშხლებმა და გააქტიურდა სანაპირო ეროზიის პროცესი, რის შედეგადაც განადგურდა  სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა. თუმცა, როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, საქართველო უკვე ახორციელებს სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით. ასევე, პრემიერმა ისაუბრა საქართველოში ჰიდროენერგიის პოტენციალზე და მომავალზე.

 

„საქართველო, თავისი უზარმაზარი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის გათვალისწინებით, იყენებს განახლებად ენერგორესურსებს, რაც საქართველოს ელექტროენერგიის 80 პროცენტზე მეტს შეადგენს. საქართველომ დაიწყო ახალი სტრატეგიის განხორციელება განახლებადი ენერგორესურსების განვითარების ხელშესაწყობად. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ჩვენი ამბიციაა, საქართველო გახდეს ჰიდროელექტროენერგეტიკის გიგანტი. ჩვენ  არა მხოლოდ უზრუნველვყოფთ ჩვენს ქვეყანას ჰიდროელექტროენერგეტიკული რესურსებით, არამედ უნდა გავხდეთ სუფთა ელექტროენერგიის ძირითადი მიმწოდებლები მთელს რეგიონში. თუ მხედველობაში მივიღებთ ჩვენს ვრცელ ხე-ტყის საფარს, საქართველო მაქსიმალურად ეცდება ნახშირბადის გამოდევნას ატმოსფეროდან და საქართველოსა და მისი მეზობლების მიერ გამომუშავებული ნახშირბადის რაოდენობის შემცირებას,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მისივე თქმით, საქართველოში მეტად მნიშვნელოვანია ასევე ქალაქების როლი. ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, საქართველოს 8 ქალაქი, რომელშიც ცხოვრობს მისი მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ახლახან შეუერთდა ევროკავშირის „მერების შეთანხმების“ პროგრამას, რომლითაც აიღო ვალდებულება, 2020 წლამდე  გამონაბოლქვი 20%-ით შეამციროს.

 

როდესაც პრემიერი კლიმატის საერთაშორისო სამიტზე ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებზე საუბრობდა, დედაქალაქში რეკრეაციული ზონების რიცხვი კიდევ უფრო შემცირდა. თბილისში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე შალამბერიძემ პრესკონფერენცია გამართა და საკრებულოს იმ გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა, რომლის თანახმადაც წყნეთში რეკრეაციულ ზონას სტატუსი შეეცვალა.

 

პრემიერმა ღარიბაშვილმა, როგორც „ოცნების“ პარტიულმა თავმჯდომარემ პასუხი გასცეს წყნეთის რეკრეაციული ზონის საცხოვრებელ ზონად გადაკეთების საკითხს, გაერო-ში მისი გამოსვლის სულისკვეთების ფონზე და დაუყოვნებლივი მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს გადაწყვეტილების გაუქმების განხორციელების პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში პრემიერის ოფიციალური პოზიცია, რომელიც მან გაერო-ში კლიმატის ცვლილებების სამიტზე დააფიქსირა, პოლიტიკურ თაღლითობად ჩაითვლება და მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება,“ - განაცხადა შალამბერიძემ. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას სხვა საარჩევნო დაპირებები მისცა და არა რეკრეაციული ზონების სტატუსების შეცვლა.

 

როგორც შალამბერიძემ „პირველის პრესკლუბში“ განაცხადა, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების სამიტზე სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე საათში თბილისის საკრებულომ, სასწრაფო წესით დედაქალაქის გენერალურ გეგმაში  შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც წყნეთის გზატკეცილის სარეკრეაციო ზონას სტატუსი შეეცვალა და იგი გახდა „საცხოვრებელ ზონა - 6“.

 

„თავისუფალი საქართველოს“ გენერალური მდივნის თქმით, კლიმატის ცვლილებების პრობლემებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს, ჩვენი ქვეყნის ბუნებას, ყოვლად დაუშვებლად მიიჩნევს რეკრეაციული ზონების საცხოვრებელ მასივებად გადაკეთების პოლიტიკას  და ითხოვს დაუყოვნებლივ გაუქმდეს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული მოსახლეობისათვის საზიანო გადაწყვეტილება და თბილისის მერმა შეისწავლოს ზიანი, რომელიც დღემდე   წყნეთის გზატკეცილის რეკრეაციულ ზონაში განხორციელდა.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია