„ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში,“ – განმარტავს სამოქალაქო კოდექსი.
საქართველოში საქორწინო ასაკად დაწესებულია 18 წელი, დასაქორწინებელ პირთა წინასწარი თანხმობა არ წარმოშობს შემდგომში დაქორწინების ვალდებულებას. მაგალითად, ნიშნობა ვერ გახდება სასამართლოში იძულებითი დაქორწინების მოთხოვნის შესახებ სარჩელის წარდგენის საფუძველი. კანონით, ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრები, დაუქორწინებლობის შემთხვევაში, მხარეებს უკან უბრუნდებათ.
დაქორწინება ფორმდება სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ, დაქორწინების მსურველი პირების განცხადების საფუძველზე. დაქორწინების მსურველი პირების განცხადებას ძალა აქვს შეტანიდან 2 თვის განმავლობაში. ქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება განმცხადებელთა მიერ მითითებულ დროს. განმცხადებლებს უფლება აქვთ, შეცვალონ განცხადებაში მითითებული დაქორწინების დრო.
დაქორწინების მსურველ პირებს პირადად შეაქვთ განცხადება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. განცხადებაში მათ უნდა დაადასტურონ, რომ მათთვის არ არსებობს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, რომ მათთვის ცნობილია ერთმანეთის ოჯახური მდგომარეობა, იციან, მერამდენეა თითოეული მათგანისთვის ეს ქორწინება, აგრეთვე აუცილებლად უნდა აღნიშნონ, ჰყავთ თუ არა შვილები.
სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, რომელიც მიიღებს დასაქორწინებელ პირთა განცხადებას, თავის მხრივ, ვალდებულია, გააცნოს მათ ქორწინების რეგისტრაციის პირობები და წესი, განუმარტოს მეუღლეთა და მშობელთა უფლება-მოვალეობანი, აგრეთვე გააფრთხილოს ისინი, რომ პასუხს აგებენ ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების დაფარვისთვის.
სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა ასევე უნდა დაადგინოს, რომ დასაქორწინებელი პირებისთვის არ არსებობს ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები და მათთვის ცნობილია ერთმანეთის ჯანმრთელობა და ოჯახური მდგომარეობა.
სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უარი ქორწინების რეგისტრაციაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
რაც შეეხება ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებებს, კანონით დაქორწინება არ დაიშვება იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან. პირდაპირ აღმავალი, ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის;
ასევე, არ შეიძლება იმ პირების დაქორწინება, რომელთაგან თუნდაც ერთი, სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ არის ცნობილი.
სამოქალაქო კოდექსი ხელმეორედ დაქორწინების წესსაც განსაზღვრავს. ხელმეორედ ქორწინების შემთხვევაში პირი ვალდებულია, ქორწინების რეგისტრაციისას წარმოადგინოს მოწმობა წინა ქორწინების შეწყვეტის შესახებ. თუ ერთ-ერთი მეუღლე გარდაიცვალა, მეორე მეუღლის ახალი ქორწინების რეგისტრაციისთვის აუცილებელია მეუღლის გარდაცვალების მოწმობის წარდგენა.
კანონი განქორწინების დაუშვებლობის წესსაც არეგულირებს. ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში, ქმარს უფლება არა აქვს, ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე.
ქორწინების რეგისტრაციის მნიშვნელობა
თუ ქორწინება ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის, წარმოეშობათ თუ არა ქალსა და მამაკაცს ქონებრივი უფლება-მოვალეობანი ერთმანეთის მიმართ? პასუხი ერთმნიშვნელოვანია - არა!
ორი ადამიანი ოჯახის შექმნის მიზნით ქორწინდება და ისინი თანახმა არიან ჰქონდეთ ყველაფერი საერთო: უფლება-მოვალეობები, ვილები, ქონება. ყველა ის უფლება-მოვალეობა, რაც ქორწინების შედეგად უნდა წარმოეშვათ მეუღლეებს, მხოლოდ ქორწინების ოფიციალურად რეგისტრაციის შემდეგ იქნება სახეზე. გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრების ფაქტის დადგენაა საჭირო, „არაოფიციალურ ქორწინებაში“ დაბადებული ბავშვის უფლებების დასაცავადაა მიმართული. მაგალითად, თუკი მამა არ აღიარებს თავს ბავშვის მამად, შეიძლება სასამართლომ მხედველობაში მიიღოს ბავშვის დაბადების მომენტისათვის ან მანამდე ამ კონკრეტული პიროვნებისა და ბავშვის დედის თანაცხოვრება, საერთო მეურნეობის წარმოება და ა.შ. ეს ლოგიკურიცაა, რადგან არაოფიციალური ქორწინება იმას არ ნიშნავს, რომ მშობლებს შვილის მიმართ მოვალეობები არ აქვთ. მეუღლეთა უფლება-მოვალეობანი პირდაპირ არის დამოკიდებული ქორწინების რეგისტრაციაზე, მშობლების – არა.
ყველაზე კარგი გამოსავალი ქორწინებამდე ყველაფრის კარგად გააზრება და დაგეგმვაა. მეუღლეებს განქორწინების უფლებაც ისევე აქვთ, როგორც ქორწინების, მაგრამ ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, განქორწინების დროს ქონების განაწილებაა საჭირო. არცთუ იშვიათად, ეს უსიამოვნების მიზეზიც ხდება ხოლმე.
იმისათვის, რომ განსაზღვროთ, თუ რა ქონება შეადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, ერთი მარტივი პრინციპი უნდა დაიმახსოვროთ: მეუღლეთა თანასაკუთრება (ანუ საერთო საკუთრება) არის ის ქონება, რაც მეუღლეებმა ქორწინების პერიოდში შეიძინეს. ქორწინების პერიოდში მეუღლეებს თანასაკუთრებაზე თანაბარი უფლებები აქვთ, განქორწინების შემთხვევაში კი იგი მათ შორის თანაბრად ნაწილდება (თუმცა, სხვაგვარი შეთანხმებაც შესაძლებელია). ეს წესი ძალაშია იმის მიუხედავად, კონკრეტული ნივთი თუ სხვა რამ ქმარმა შეიძინა თუ ცოლმა, ერთ-ერთი მათგანი მუშაობს თუ ორივე და ა.შ. არსებობს ერთადერთი გამონაკლისი – თანასაკუთრებაში არ შედის მხოლოდ ერთ-ერთი მეუღლის მიერ მემკვიდრეობით ან ჩუქების შედეგად მიღებული ქონება.
ქორწინებამდე შეძენილი ქონება ქორწინების პერიოდში და მის შემდეგაც კერძო საკუთრებაა და მასზე შემძენის მეუღლეს არავითარი უფლება არ წარმოეშობა. განსხვავებული წესი შეიძლება შემოღებულ იქნას მეუღლეთა მიერ საქორწინო კონტრაქტის დადების გზით, რომლის შინაარსის განსაზღვრაშიც მეუღლეებს სრული თავისუფლება აქვთ.
ქორწინების პერიოდში შეძენილ უძრავ ქონებასთან (სახლი, ბინა, მიწის ნაკვეთი და ა.შ.) დაკავშირებით ერთი რამ არის გასათვალისწინებელი: უძრავი ქონება აუცილებლად საჯარო რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. ხშირად ისე ხდება, რომ რეგისტრაციას მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი ახორციელებს თავის სახელზე.
საჯარო რეესტრში უძრავი ქონების კონკრეტული პიროვნების სახელზე რეგისტრაცია ნიშნავს, რომ ეს პიროვნება ამ ქონების მესაკუთრეა და უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ გაასხვისოს იგი. მესაკუთრის ეს უფლება უპირისპირდება თანასაკუთრებაზე მეუღლეთა თანაბარი უფლებების არსებობას. შესაძლოა „მესაკუთრის“ მეუღლე სრულიადაც არ იყოს თანახმა ამ ქონების გასხვისებაზე, მაგრამ უპირატესი ამ შემთხვევაში სწორედ საჯარო რეესტრის მონაცემია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მესაკუთრედ არარეგისტრირებული მეუღლის თანხმობის გარეშე ამ ქონების გასხვისება სრულიად კანონიერია და ასეთ შემთხვევებში დავა უმეტესწილად უშედეგოა.
უსიამოვნო წუთების თავიდან აცილების კიდევ ერთი გარანტია რეგისტრირებული ქორწინებაა. დაიწყეთ ერთმანეთთან ურთიერთობა და ოჯახის შექმნა სწორი სამოქალაქო ურთიერთობებით და სამართლებრივი პრობლემები და უსიამოვნო წუთები ნაკლებად შეგაწუხებთ.
ქორწინების შეწყვეტა
ქორწინების შეწყვეტის ორი საფუძველი არსებობს: მეუღლის გარდაცვალება და განქორწინება. საქართველოს კანონმდებლობა არც იძულებით დაქორწინებას იცნობს და არც იძულებით ოჯახის შენარჩუნებას. განქორწინებისთვის ერთ-ერთი მეუღლის სურვილიც საკმარისია. მეუღლეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ განქორწინდნენ. კანონი ამ კუთხით მხოლოდ ერთადერთ შეზღუდვას ითვალისწინებს: ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში, ქმარს უფლება არა აქვს, ცოლის თანხმობის გარეშე, შეიტანოს სარჩელი განქორწინებაზე. სხვა ნებისმიერ დროს, როგორც ცოლს, ისე ქმარს, სრული უფლება აქვთ, მოითხოვონ განქორწინება.
კანონი იცნობს განქორწინების ორ წესს:
- განქორწინება სასამართლოს გზით;
- განქორწინება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
სასამართლოს ჩარევა საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეუღლეებს შორის არსებობს რაიმე სახის დავა - ქონებრივი, შვილებთან დაკავშირებით და ა.შ. რომელსაც ისინი ურთიერთშეთანხმებით ვერ წყვეტენ. თუ კი განქორწინება სასამართლოს გზით გაქვთ გადაწყვეტილი, მაშინ უნდა მიმართოდ რაიონულ ან საქალაქო სასამართლოს თქვენი და თქვენი მეუღლის საერთო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ კი ამ დროისთვის ცალ-ცალკე ცხოვრობთ, სასამართლოს უნდა მიმართოდ თქვენი მეუღლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სასამართლოს უნდა მიმართოდ სამოქალაქო სარჩელით, რომელსაც აქვს სპეციალური დადგენილი ფორმა და რომელიც შეგიძლიათ მოიპოვოთ სასამართლოში, ან ადვოკატის მეშვეობით. სარჩელის შეტანისას საჭიროა, გაითვალისწინოთ სახელმწიფო ბაჟის საკითხი. სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობა არის 100 ლარი, მაქსიმალური 3000 ლარი. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ღირებულების ქონებრივი სარგებლის მიკუთვნებას ითხოვთ. თუმცა თუ ალიმენტის გადახდას ითხოვთ, მაშინ ბაჟის გადახდისგან თავისუფლდებით. საყურადღებოა, რომ განქორწინების გადაწყვეტილების გამოტანისას, სასამართლო თავად განსაზღვრავს, თუ რომელმა მეუღლემ უნდა გადაიხადოს კანონით გათვალისწინებული ბაჟი და ასევე, თუ საჭიროდ მიიჩნევს, რომ ბაჟი გადაახდევინოს ორივე მეუღლეს, იგი განსაზღვრავს თითოეული მეუღლის მიერ გადასახდელ თანხას.
განქორწინების საქმის განხილვისას, სასამართლო იღებს გარკვეულ ზომებს მეუღლეთა შესარიგებდად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს შესარიგებლად მისცეს დრო, არაუმეტეს ექვსი თვისა. თუკი სასამართლო დაადგენს, რომ მიუხედავად ამ ზომებისა, მეუღლეთა შემდგომი თანაცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მაშინ იგი იღებს გადაწყვეტილებას განქორწინების შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს სამოქალაქო რეესტრში. დარეგისტრირება შესაძლებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან, არა უგვიანეს სამი წლის განმავლობაში, რომელიმე მეუღლის ინიციატივით. თუკი ეს სამი წელი ისე გავიდა, რომ არცერთმა მეუღლემ გადაწყვეტილება არ გაატარა რეგისტრაციაში, მეუღლეები კვლავ დაქორწინებულად ჩაითვლებიან.
ხოლო თუკი მეუღლეები თან-ხმდებიან განქორწინებასა და მის პირობებზე, მაშინ სასამართლოსადმი მიმართვა საჭირო არ არის და განქორწინება ხდება, უბრალოდ, ერთობლივი განცხადების შეტანით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, ერთ-ერთი მეუღლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მოეთხოვებათ მომსახურეობის საფასურის გადახდა, რაც შეადგენს 45 ლარს. განცხადებაში მეუღლეები ადასტურებენ, რომ თანახმანი არიან განქორწინებაზე და ერთმანეთს შორის დავა არ აქვთ. განქორწინება ხდება განცხადების შეტანის დღიდან 15 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი სახეზეა განსაკუთრებული გარემოება, ერთ-ერთი მხარის სიცოცხლისთვის რეალური საფრთხე, ბავშვის დაბადება და ა.შ. განქორწინების რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს განცხადების შეტანის დღესვე. ქორწინება შეწყვეტილად ითვლება განქორწინების რეგისტაციის მომენტიდან.
განქორწინება შეიძლება ერთ-ერთი მეუღლის განცხადებითაც მოხდეს იმ პირთან, რომელიც:
კანონით დადგენილი წესით აღიარებულია უგზოუკვლოდ დაკარგულად;
სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო, ცნობილია ქმედუუნაროდ;
სასამართლოს მიერ, მსჯავრდებულია დანაშაულისთვის და მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა, არანაკლებ სამი წლის ვადით.
ასეთ შემთხვევაში, მეუღლე ვალდებულია, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წარუდგინოს სათანადოდ დამოწმებული, კანონიერ ძალაში შესული დოკუმენტაცია. თუკი განქორწინების შემდეგ, გარდაცვლილად გამოცხადებული ან უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარებული მეუღლე გამოჩნდება, მაშინ გაუქმდება სასამართლოს გადაწყვეტილება და ქორწინება შეიძლება აღდგეს მეუღლეთა ერთობლივი განცხადების შეტანით სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში. ქორწინების აღდგენა დაუშვებელია, თუ გარდაცვლილად გამოცხადებული ან უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის მეუღლე უკვე დაქორწინებულია სხვა პირზე.
ქორწინების ბათილობა
ქორწინება შეიძლება ბათილად იქნას ცნობილი, თუკი თავიდანვე დარღვეული იყო დაქორწინების კანონით დადგენილი პირობები. აუცილებელია იცოდეთ, რომ ქორწინების შეწყვეტა და ქორწინების ბათილობა სულ სხვადასხვა სამართლებრივი ინსტიტუტებია. თუკი ქორწინების შეწყვეტის დროს, ქორწინება და მის შედეგად წარმოშობილი ყველა სამართლებრივი შედეგი ჩვეულებრივ შემდგარად ითვლება, ქორწინების ბათილობის დროს ითვლება, რომ ქორწინება არ მომხდარა და, შესაბამისად, არ წარმოშობილა არავითარი სამართლებრივი შედეგი. ქორწინება შეიძლება ბათილად ცნოს მხოლოდ სასამართლომ. არავის აქვს უფლება, მიუთითოს ქორწინების ბათილობაზე, თუკი იგი სასამართლომ არ აღიარა.