დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საფეხბურთო სკანდალი და მადლობა შსს-ს
საფეხბურთო სკანდალი და მადლობა შსს-ს
სულ ნანახია 1583
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე რვა მსაჯი დააკავა. შსს-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დაკავებულ პირებს ბრალად ედებათ მოქალაქეებთან წინასწარ გარიგება ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების სრული შემადგენლობა კი გადადგა, ხოლო ბრალდებულ მსაჯებს კი ფედერაციამ სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში არის აღნიშნული, უწყების თანამშრომლებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კომიტეტის ეროვნული კატეგორიის არბიტრები დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები 2500-დან 5000 აშშ დოლარამდე თანხის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ მოქალაქეებს მათი მსაჯობით ჩასატარებელ თამაშებში ფეხბურთელთა დასაჯარიმებელი ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე, რასაც ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ. ამ სქემით ბრალდებულები აღნიშნულ მოქალაქეებს საშუალებას აძლევდნენ წინასწარ შეპირებული ჯარიმების რაოდენობის მიხედვით გაკეთებული ფსონით მოგება მიეღოთ. გამოძიების ხელთ არსებული მონაცემებით, ანალოგიური სქემით მოქმედებენ სხვა მსაჯებიც, რომელთა მიმართ გამოძიება გრძელდება. გამოძიებას აწარმოებს შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო. კომერციული მოსყიდვის ბრალდებით დაკავებული მსაჯების ნაწილი ბრალს აღიარებს, ნაწილი - არა.

 

პროკურორ ზვიად ფხაკაძის თქმით, დაკავებული ბრალდებულების მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების  სახით წინასწარ პატიმრობას მოითხოვს.        „გარკვეული თანხის სანაცვლოდ ისინი უთანხმდებობდნენ კერძო  პირებს. თითოეულ მსაჯს, რომელიც პასუხისგებაშია მიცემული, თამაშზე 5-ზე მეტი ყვითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა გარკვეული თანხის სანაცვლოდ, რომელიც განისაზღვრებოდა ეროვნული ჩემპიონატის ლიგების მიხედვით,“ - განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.

 

გამოძიების მონაცემებით, ანალოგიური სქემით მოქმედებენ სხვა მსაჯებიც, რომელთა მიმართ გამოძიება გრძელდება. გამოძიებას აწარმოებს შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო. თუ როდის გაიმართება აღკვეთი ღონისძიების შესახებ სასამართლო პროცესი, ამ დროისთვის უცნობია.

გუშინვე სამსაჯო კომიტეტმა კომიტეტის სხდომაზე ბრალდებულ მსაჯებს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა.

 

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან საქმიანობის უფლებამოსილების სამი წლის ვადით ჩამორთმევას ითვალისწინებს).

 

საგამოძიებო ორგანოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია  მხარდაჭერას უცხადებს და მადლობას უხდის. როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ე.წ. „მოდულის“ შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა, ის გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს.  მისივე თქმით, კორუფციულ გარიგებებში ბრალდებული მსაჯების დაკავებაც სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად მოხდა. შსს-ს ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების სრული შემადგენლობა გადადგა.

„არავის დავუბარებივარ, ეს არის თანამშრომლობის ერთ-ერთი წესი. ჩვენ გვაინტერესებს, რა ხდება. თუ ხვალაც და ზეგაც იქნება საჭირო, კიდევ მოვალთ. ჩვენ წინ გვაქვს ტურები, უნდა დავნიშნოთ მსაჯები, ოქტომბერში ფიფა-ში უნდა წარვადგინოთ ახალი მსაჯები და გვინდა, რომ არაფერი გაგვეპაროს, თუ სადმე რამე ეჭვი არსებობს, გამოვრიცხოთ,“ - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

 

ეხბურთის ფედერაციაში იმედს გამოთქვამენ, რომ ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით გამოძიება გაგრძელდება და კორუფციულ გარიგებებში მონაწილე ყველა პირი პასუხს აგებს.

 

კორუფციის თემა ფეხბურთში ახალი არ არის და ეს პრობლემა არა მხოლოდ საქართველოშია. ამას „უეფა“-ს პრეზიდენტი მიშელ პლატინიც კი აღიარებს. 2013 წელს მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია არ მოითმენს ჩაწყობილი თამაშების არსებობას, რადგან სწორედ ის მიაჩნია სპორტის ამ სახეობის განვითარების გზაზე უმთავრეს პრობლემად.

 

„თუ რაიმე მნიშვნელოვანს შევიტყობთ, თუ გვექნება მტკიცებულებები იმისა, რომ ამა თუ იმ თამაშის შედეგი წინასწარ იყო შეთანხმებული, ნულოვანი ტოლერანტობით უმკაცრეს სანქციებს მივიღებთ. მწამს, რომ საფეხბურთო სამყარო, ყველა ის ადამიანი, ვისაც ფეხბურთი უყვარს, ამ ბოროტების დამარცხებაში დაგვეხმარება. ჩაწყობილი თამაშები ყველაზე სერიოზული პრობლემაა, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში არსებობს. თუ თქვენ ხვალ თამაშზე წახვალთ, რომლის შედეგიც წინასწარ იქნება ცნობილი, სტადიონზე მისვლასაც ხომ აზრი აღარ ექნება?! ასეთ შემთხვევაში სპორტის ეს სახეობა მოკვდება. ჩვენი მიზანია, დავიცვათ ფეხბურთი და ოდნავი დანდობის გარეშე მივუდგეთ იმ ადამიანებს, ვინც წესებს არღვევს. მნიშვნელობა არა აქვს, ფეხბურთელებთან გვექნება საქმე, მსაჯებთან თუ ოფიციალურ პირებთან. უკან დახევას არ ვაპირებთ,“ - განაცხადა უეფას პრეზიდენტმა ინტერვიუში.

 

როგორც ჩანს კორუფციის თემამ ქართული ფეხბურთის მესვეურებიც საკმაოდ შეაწუხა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დიდი ხანია აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. წლის განმავლობაში სფფ-მ ოფიციალური წერილით რამდენჯერმე მიმართა შსს-ს და სთხოვა უეფა-დან მიღებული ინფორმაციის გადამოწმება საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში საეჭვო მატჩებთან დაკავშირებით.

 

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებსა და შსს-ს ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც კიდევ ერთხელ დაისვა საკითხი ჩაწყობილი მატჩების გამოძიებასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა საქმეში გასარკვევად ორკვირიანი ვადა ითხოვეს.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს გაწეული სამუშაოსთვის და თანამშრომლობისთვის. გამოძიება გრძელდება და იმედი გვაქვს, ამ კორუფციულ გარიგებებში მონაწილე ყველა პირი და მხარე სათანადოდ აგებს პასუხს,“ - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

 

 

ცოტნე გაბადაძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია