დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„თანაინვესტირების ფონდის“ შუქ-ჩრდილები
„თანაინვესტირების ფონდის“ შუქ-ჩრდილები
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 1899
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი

ირაკლი ბერძენაძე: „მსოფლიოში არ არსებობს ინვესტორი, რომელიც კაპიტალს დებს უკვე განწირულ პროექტში“

 

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეკონომიკური პრობლემები საქართველოში არავის უკვირს. მართალია, ყველა ხელისუფლება გვპირდებოდა, რომ ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, თუმცა, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ცუდად ან ძალიან ცუდად ცხოვრობს და ამის მიზეზად ექსპერტები სახელმწიფოს მიერ საკითხისადმი არასწორ მიდგომას ასახელებენ. ბოლო დროს 6 მილიარდიანი ფონდის იდეამ მოსახლეობაში იმედები გააჩინა, თუმცა, არსებობს კრიტიკული მიდგომა ამ საკითხისადმი. ფინანსურ და საინვესტიციო საკითხებზე „პოსტსკრიპტუმი“ ესაუბრა საერთაშორისო ფინანსურ ექსპერტს ამერიკა, აზია და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ირაკლი ბერძენაძეს.

 

- ბატონო ირაკლი, როგორ შეაფასებდით 6 მილიარდიანი ფონდის დაარსებას?!

 

- სანამ უშუალო შეფასებას დავიწყებდი, მაქვს ზოგადი კითხვა, თუ რას ნიშნავს 6 მილიარდიანი ფონდი და ყველაზე უფრო მეტად საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფონდის სახსრების დაანონსება ამ რაოდენობით მაშინ, როდესაც ქვეყნის ბიუჯეტი აღნიშნულ თანხაზე ნაკლებია (6 მილიარდ დოლარზე ნაკლები), მინიმუმ არასერიოზული მიდგომაა და მაქსიმუმ, ეს არის საშუალება, რომ საკუთარი თავი დაარწმუნო იმაში, რომ რაღაც უნარი მაინც შეგწევს, მაგრამ მომავლის გარეშე. აღნიშნული ფონდის იდეა, ჩემი აზრით, იდეითვე დასრულდება, რადგან მე არსად წამიკითხავს ამ ფონდის შესახებ, თუნდაც მოკლე ან გრძელვადიანი გეგმა, მისი არეალი, კონკრეტული საქმიანობის მიზნები და რაც მთავარია, რაზე იქნება გათვლილი. ზოგადად, იქ, სადაც კაპიტალიზმია (სამწუხაროდ, საქართველოში არ არის კაპიტალიზმი და საბაზრო ეკონომიკის არანაირი ნიშან-წყალი არ არსებობს) სახელმწიფო უწყობს ხელს, რომ მოხდეს კერძო სექტორის განვითარება და აღნიშნული ფონდები არა სახელმწიფომ, არამედ კერძო სექტორმა დააარსოს. ამისათვის დასავლეთის ბევრ ქვეყანაში არსებობს Hedge fund, mutual fund, კერძო საინვესტიციო ფონდები, რომლებიც არიან უფრო მეტად მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული. იქ, სადაც სახელმწიფოა, ბიზნესი ვერ იქნება თავისუფალი, რადგან გამომდინარე ქართული მენტალიტეტიდან, ამ თანხის განკარგვა ვის მიერ და როგორ მოხდება, არ იქნება კონტროლქვეშ, მითუმეტეს, მაშინ, როდესაც ინფორმაციის მიღება საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებებიდან და მასზე დაქვემდებარებული სუბიექტებიდან თითქმის შეუძლებელია. სხვა კუთხით კი შემიძლია ვთქვა, თუ რატომ არის არარეალური აღნიშნული ფონდი: რეალურად 6 მილიარდი დოლარი, ეს ის ფულადი რესურსია, რომლის შემოდინება ქვეყანას დამატებით ძალიან დიდ პრობლემას შეუქმნის. მაქვს კითხვა, სანამ აღნიშნული ფონდის წარმატებაზე საუბრობს ხელისუფლება, აქვს თუ არა მას განსაზღვრული, თუ რა ფისკალურ პოლიტიკას დაუპირისპირებს ამ ფონდის საქმიანობას, რომ არ მოხდეს ქვეყნის ფინანსური მაჩვენებლების შეცვლა, ინფლაციის გაზრდა, ქვეყანაში ჭარბი რესურსების ნეგატიური გავლენის შემცირება. ამას გარდა, გაურკვეველია, თუ ვინ არიან აღნიშნულ ფონდში ინვესტირების მსურველები და მეორე, მთავარი კუთხით, ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პირდაპირი და არაპირდაპირი საგარეო ვალი, რომლის ბიუჯეტი ფონდის დაანონსებულ ბიუჯეტზე ნაკლებია, რომელი სერიოზული ბიზნესკომპანია განახორციელებს ინვესტიციას? ან ინვესტორი, რომელიც განახორციელებს ინვესტირებას, როგორ დავუმტკიცებთ ჩვენ ინფრასტრუქტურის არარსებულ ქვეყანაში მოგების მიღების ალბათობას? ეს, ფაქტობრივად, არარეალურია. მე არ მინახავს არცერთი ინვესტორი მსოფლიოში, რომელიც კაპიტალს დებს უკვე განწირულ პროექტში.

 

- როგორც გაჟღერდა, ამ ფონდის პირველი სამიზნე იქნება ანაკლიის პორტის ინვესტირება. როგორ შეაფასებდით ამ პორტის პოტენციალს?

 

- ანაკლიის პორტი არის მეორე ძალიან დიდი უკიდურესობა და უდიდესი წამგებიანი პროექტი დღეს საქართველოსთვის. დღეს საქართველო არ იმყოფება იმ სიტუაციაში, რომ გაიღოს რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი ახალი პორტის ასაშენებლად, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყანას აქვს ფოთის და ბათუმის პორტი და მათ განვითარებისთვის არაფერი კეთდება. არ ვიცი, რატომ აიტაცა დღევანდელმა ხელისუფლებამ,  რომელზეც მე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი, ეს არაფრისმომტანი იდეები, რომელიც ჰქონდა წინა მთავრობას, მაგრამ ეს ვიცი, რომ დღეს ქვეყანას არ აქვს ის ფუფუნება, რომ ააშენოს ახალი პორტი. უცნობია, რაზე გათვლით აშენებენ ახალ პორტებს, არის თუ არა დათვლილი მონაცემები, მაგალითად, თურქეთში, რომელიც, ჩემი აზრით, მთლიანად ახლო აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ აზიის დამაკავშირებელი კვანძია,  სულ 18 მთავარი პორტი არსებობს, ამათგან, დაახლოებით, 9 პორტი შავ ზღვაში აქვთ. თუ გადავხედავთ მათ ტვირთბრუნვას, ვნახავთ, რომ რეალურად დატვირთვის მაჩვენებელი არის 60-65%, იმ ქვეყნისთვის,  რომელიც ითვლება მთელ MENA-ს რეგიონში წამყვან ქვეყნად, არის ნატო-ს წევრი, 75 მილიონიანი მოსახლეობის უდიდესი ბაზარი და არაპირდაპირი კუთხით, დაახლოებით, 400-500 მილიონიანი ბაზრის პირდაპირი მომწოდებელი. როგორ ფიქრობთ, შესწევს კი საქართველოს ძალა, გაუწიოს კონკურენცია თურქეთის პორტებს? ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ისეთი პორტები, როგორიც არის დუბაის, შანხაის, ჰონ კონგის პორტები, რომლებიც ითვლება მსოფლიოს ყველაზე დიდ პორტებად, დღესაც ვერ მუშაობენ დატვირთვით. მაგალითად, დუბაის პორტი სახელმწიფო დაფინანსებაზეა, რომ ნახოთ თქვენ დუბაის პორტის ფინანსური მაჩვენებლები, მიხვდებით, რომ მიუხედავად მისი სიდიდის, სახელმწიფო დაფინანსების როლი აღნიშნულში საკმაოდ დიდია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შესწევს დღეს საქართველოს უნარი რომ შეინახოს პორტი? მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ აღნიშნული პორტი იქნება დატვირთული, ჯერ მარტო აღნიშნული პორტის იდეის რეალიზებას სჭირდება წლები და შემდგომ დაუმტკიცო მომავალ კლიენტებს, რომ პორტი არის უსაფრთხო. ამასთანავე ჩვენი დიდი კონკურენტი არის თურქეთის პორტები, რომლებიც მომსახურების და ფასების კუთხით ძალიან ბევრ ევროპისა და აზიის ქვეყნებს სჯობს. ჩემი აზრით, უმჯობესია უკვე არსებული პორტების რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურის განვითარება, ვიდრე ქვეყანამ გადაყაროს დიდი ფინანსური რესურსები იმაში, რაც შემდგომ არარენტაბელური იქნება.

 

- თუ ინვესტიციების შემოდინება იქნება, ძირითადად, რა მიმართულებით იქნებოდა მომგებიანი?

 

- მომგებიანი იქნება საფინანსო სფერო, ენერგეტიკა, წარმოება, ავიაცია, ტურიზმი.

 

- ამბობენ სკეპტიკოსები, რომ ეს ფონდი იქნება ერთგვარი „თავშესაფარი“ პრემიერისათვის ან რომელიმე პოლიტიკური ფიგურისთვის?

 

- მე ვერ დავეთანხმები აღნიშნულ სკეპტიკოსებს, რადგან პრემიერს არაფერი არ სჭირს საიმისო, რომ ფონდი იყოს მისი თავშესაფარი, თუ გადავხედავთ მის   ქონებას,    რომელსაც  აქვეყნებს  „ფორბსი“, აქ  ვნახავთ, რომ მისი ქონება წლიურად იზრდება. ამას გარდა, ის არის საკმაოდ გამჭრიახი პიროვნება საფონდო ბირჟაზე და იცის სად, როგორ და როდის უნდა მოახდინოს ინვესტიცია ფასიან ქაღალდებში. ის არის ბიზნესმენი, რომელმაც კაპიტალი იშოვა ისეთ დროში, როდესაც ყველაზე მეტი დაკვირვება იყო საჭირო და თითოეული ნაბიჯი იყო გასათვლელი. მეტიც, ჩემი პირადი აზრი თუ გინდათ, ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ეს ფონდი ზედმეტი თავის ტკივილია და მისი სურვილი ნამდვილად არის საქმის გაკეთება, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ მისი გარემოცვა ისე არ ფიქრობს, როგორც ის. რაც შეეხება სხვა ბიზნესმენებს, არ ვიცი ვინ მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველოში ბიზნესმენების 80% არ არის ბიზნესმენი, ეს კატეგორია ხალხი არის, რომელთაც არათუ არ ეთქმით ბიზნესმენი, არამედ არც გაეგებათ ბიზნესი. გადავხედოთ ნებისმიერ მათგანს და ვნახავთ თუ როგორ დააგროვეს მათ კაპიტალი, თითქმის ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ საფარქვეშ მყოფია ან წინა ხელისუფლების ძალადობრივი გზით გამდიდრებული პირებია. შეიძლება რომელიმე პოლიტიკური ფიგურისთვის და სამთავრობო ბიზნესისთვის იყოს თავშესაფარი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, ჩვენ მესამე სამყაროს ქვეყანას მივეკუთვნებით, სადაც პოლიტიკური პროცესები არ არის ისეთივე სტაბილური, როგორც განვითარებულ ქვეყნებში და ასეთი ფონდები და ბიზნესმენები, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, წარსულს ბარდებიან, რადგან ხელისუფლებით გამდიდრებული ბიზნესმენი ხელისუფლების წასვლასთან ერთად კარგავს თავის კაპიტალს.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია