დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სისხლი და ხორცი - მდინარე რიონში
სისხლი და ხორცი - მდინარე რიონში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 3449
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

 შეესაბამება თუ არა ქუთაისში ცხოველთა სასაკლაოები თანამედროვე სტანდარტებს?

 

ცხოველთა სასაკლაო, იგივე „ბოინი“,  უნდა იყოს გარანტი იმისა, რომ ბაზარზე ხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქცია შევა, ამიტომ „ბოინებზე“ არსებული სანიტარული ნორმები სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. თუმცა, რიგი მოგვარებული პრობლემებისა, ქუთაისში „ბოინებზე“ არაერთი დარღვევა ფიქსირდება. ნიკეას დასახლებაში არსებულ ცხოველთა სასაკლაოებზე დაკლული პირუტყვის სისხლი  მდინარე რიონში ჩაედინება, რასაც ასევე მდინარეში ჩაყრილი ნარჩენები ემატება.

 

მიუხედავად იმისა, რომ მდინარეში ჩამდინარე სისხლი სააგენტო psnews.ge-ს მიერ კამერაზეც აღიბეჭდა, „ბოინების“ წარმომადგენლები მათ მიერ რიონის დაბინძურების ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ.

 

თვითმხილველი კი, რომელიც რედაქციას დაუკავშირდა, აღნიშნავს: „ხშირად შემინიშნავს, როგორ გაჰქონდათ ნარჩენები და მდინარეში ყრიდნენ, ამასთან ერთად, არამგონია, კანალიზაცია ჰქონდეთ, შესაბამისად, სისხლი და მოხმარებული წყალი  მდინარეში ჩაედინება“.

 

გაზეთი „P.S.“ შეეცადა, ვითარებას ადგილზე გაცნობოდა, რისთვისაც ნიკეას დასახლებაში არსებული „ბოინების“ სიახლოვეს, მდინარე რიონის სანაპიროები დავათვალიერეთ. ზედაპირულად ნარჩენების აღმოჩენა ვერ მოხერხდა, თუმცა მდინარესთან დაკავშირებული პატარა არხით რიონში წითელი შეფერილობის სითხე, სავარაუდოდ, სისხლი ჩაედინებოდა, რაც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა და  არასასიამოვნო სუნიც იგრძნობოდა. მდინარეში ჩამდინარე სითხე რომ სისხლია, დაადასტურეს იქ მყოფმა მეთევზეებმა და აღნიშნეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა და ხშირად შეუმჩნევიათ ასეთი სიტუაცია, თუმცა  მდინარეში ნარჩენები არ შეუნიშნავთ.

 

მდინარე რიონში მათი „ბოინიდან“ გამდინარე სისხლის ჩაღვრის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ ცხოველთა სასაკლაო შპს „ლომთა“-ში. თანამშრომლები „ბოინზე“ არსებული ვითარებით ჩვენმა დაინტერესებამ გააღიზიანა, „ბოინის“ ვეტექიმმა ნინო აგიაშვილმა ჩვენთან საუბარში  აღნიშნა, რომ შესაძლოა, სისხლი მეორე  „ბოინიდან“ - შპს „მანა“-დან ჩადიოდეს მდინარეში, რადგან აღნიშნულ „ბოინს“ საერთოდ არ აქვს კანალიზაცია.

 

„სად ჩადის სისხლი? წამოდით და მაჩვენეთ, შეუძლებელია ჩვენგან გადიოდეს, ალბათ, მეორე „ბოინიდან“ გამოდის, არც კანალიზაცია აქვთ და არც შესაბამისი დონეები, რითიც სისხლის დალექვა მოხდება. არ ვიცი, ალბათ, მაგათგან გამოდის. წარმოუდგენელია აქედან გადიოდეს ეგ სისხლი. ჩვენი „ბოინი“ ქალაქის კანალიზაციაზეა დაერთებული, კანალიზაცია კი სად გადის, ეგ აღარ ვიცით,“ – განაცხადა ნინო აგიაშვილმა, რომელიც „ბოინის“ წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას პარლამენტის დეპუტატს კობა დავითაშვილს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ დავითაშვილი არასწორი კონსულტაციით შეცდომაში შეიყვანეს, რაც იყო მიზეზი იმისა, რომ დეპუტატმა ბოინების გაუქმების მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

 

მდინარის დაბინძურების ფაქტზე კონკურენტი „ბოინის“ კვალს  ხედავს   „ლომთას“ ერთ-ერთი თანამშრომელიც. ისიც ადასტურებს, რომ, მეორე „ბოინზე“  ცხოველთა სისხლი საერთოდ მიწაში ჩადის, რადგან კანალიზაცია არ აქვთ, თუმცა ერთი უცნაური ვერსიაც გამოთქვა, „სისხლი სად ჩადის, ეგ კი არაა პრობლემა, მთავარია, როგორ ჩადის. გაფილტრულია ეგ სისხლი. „კრასკა“ რომ ჩადის მდინარეში, საკითხავია, როგორ მიედინება? გაფილტრული თუა, ეს აღარაა ქიმიურად საშიში, ასევე სისხლიც წითელი ფერის რომ ჩადის, ეგ არაფერია, მთავარია, რომ  გაფილტრულია,“ – აღნიშნა ლავრენტი სულაქველიძემ.

 

არხი, რომლითაც რიონში სისხლი ჩადის, ცხოველთა სასაკლაო „მანა“-დან რომ არ გადის, ამის დასტურად ორ „ბოინს“ შორის არსებული საკმაოდ დიდი მანძილიც გამოდგება, თუმცა ეს არაა გარანტი იმისა, რომ, თავის მხრივ,  „მანა“-დან სისხლი და ნარეცხი წყალი რიონში არ იყრის თავს.

 

ბრალდებას კონკურენტების მიერ მათ წინააღმდეგ მიმართულ ბინძურ კამპანიად მიიჩნევს შპს „მანას“ ხელმძღვანელი მამუკა კუბლაშვილი, რომელიც აღნიშნავს, რომ ბაზარზე მათმა გამოჩენამ ცხოველთა სხვა სასაკლაოებს პრობლემები შეუქმნა, რაც გახდა მიზეზი უსაფუძვლო ბრალდებებისა.

 

 „რა უნდა გითხრათ? ეს არის ჩვენი მისამართით აგორებული ბინძური კამპანია. სხვა რომ ვერაფერი მოიგონეს, შეეცადენ, მათ მიერ მდინარის დაბინძურების ფაქტი ჩვენთვის დაებრალებინათ. ჩვენთან პროფესიონალები მუშაობენ, ყველა გვენდობა და გაცილებით კარგი მუშაობა გვაქვს. ჩვენს კონკურენტებს ვერ მოუნელებიათ ბაზარზე ჩვენი შემოსვლა, რითაც ხალხის ხარჯზე ფულის შოვნის საშუალება არ მივეცით. ვიდრე ჩვენ მუშაობას დავიწყებდით, „ბოინზე“ დაკლულ პირუტყვში, ერთ კილოგრამ ხორცზე 1 ლარს ახდევინებდნენ, რაც 150-დან 300 ლარამდე მერყეობდა. ახლა კი ეს თანხა 10-დან 30 ლარამდეა. ეს არ მოსწონთ და ამიტომ გვებრძვიან. რაც შეეხება ნარჩენებს, დასუფთავების სამსახურს გააქვს, ხშირად გვამოწმებენ და დარღვევა არ აღმოუჩენიათ. არსებობს რიგი საკითხები, რაც  სტანდარტებს, ჯერჯერობით, არ შეესაბამება, მაგრამ მათ მოგვარებას ეტაპობრივად ვცდილობთ. გვაქვს სპეციალური კოლექტორი, სადაც სისხლი და ნარეცხი წყალი გროვდება,“ – განაცხადა მამუკა კუბლაშვილმა.

 

„მანა“-ს ერთ-ერთი თანამშრომლის განცახდებით კი, მათგან საკმაოდ მოშორებით არის ორმო, სადაც ჩაედინება სისხლი, რომელიც შემდეგ სპეციალური მანქანით იტუმბება. ჩვენს თხოვნაზე, ეჩვენებინა აღნიშნული ორმო, გვითხრა, რომ „ბოინიდან“ შორსაა და ფეხით მისვლას ვერ შევძლებდით.

ჩვენის მხრივ შევეცადეთ, „ბოინზე“ მიღებული ინფორმაცია ადგილზე გადაგვემოწმებინა და მითითებულ ტერიტორიაზე გვეპოვა ორმო, სადაც სისხლი გროვდება, მაგრამ „ბოინთან“ ნახევარკილომეტრიან რადიუსში ვერანაირი ორმო ვერ აღმოვაჩინეთ, საიდანაც ხდება სისხლის ამოტუმბვა. ტერიტორიაზე არსებული რთული რელიეფი კი რამდენიმე ასეულ მეტრზე მილების გაყვანის საშუალებას ნაკლებად იძლევა.

 

 

***

 

შპს „მანა“ კანალიზაციით რომ არ სარგებლობს, ადასტურებს დასავლეთ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაც. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ შპს „მანა“ მათთგან მხოლოდ წყალს იღებს, შპს „ლომა“ კი მათი აბონენტი მხოლოდ წყალარინების კუთხით არის და მათ მიერ მიწოდებული წყლით არ სარგებლობს. არ გამორიცხავენ, რომ ეს უკანასკნელი წყალს არტეზიული ჭის მეშვეობით იღებდეს.

 

 

***

ცხოველთა სასაკლაოზე ჰიგიენურ ნორმებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული სურსათის უვნებლობის სამსახური ამოწმებს, რომელსაც არც ამ დრომდე და არც ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ დარღვევები არ აღმოუჩენია. გარკვეული პერიოდის წინ სამინისტროს გადაწყვეტილებით, კერძო საკუთრებაში გადასული „ბოინებიდან“ ნარჩენები  დასუფთავების სახელმწიფო სამსახურს კვირაში მხოლოდ ერთი დღე გააქვს, რაც გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ნარჩენები მდინარეში გადაეყარათ, ვინაიდან „ბოინების“ ხელმძღვანელობას დასუფთავების სამსახურის ყოველდღიური მომსახურეობა სოლიდური თანხა უჯდება.

 

როგორც ცხოველთა სასაკლაოებზე აღნიშნავენ, პირუტყვის დაკვლა და შემოწმება წესების სრული დაცვით ხდება, თუმცა საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პირუტყვის ზედაპირული შემოწმება მხოლოდ „ბოინზე“ მიყვანის შემდგომ ხდება. არსებული წესდება  კი პირუტყვის ვეტექიმის მიერ უშულაოდ სოფელში შემოწმებას მოითხოვს, რადგან თავიდან იქნას აცილებული დაავადებული პირუტყვის ტრანსპორტირება, რაც განვლილი პერიმეტრის დაბინძურებას და „ბოინზე“ არსებული სხვა პირუტყვის დაავადებას გამოიწვევს, ამით კი ბაზარზე ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქცია მოხვდება.

 

„ბოინებზე“ არსებულ სიტუაციას მეტ-ნაკლებად დადებითად აფასებენ ხორცის მაღაზიების მეპატრონეები, თუმცა აღნიშნავენ, რომ „ბოინზე“ პირუტყვის დაკვლა მძიმე ტვირთად დააწვა მათ, რამაც ხორცის ღირებულების გაზრდა გამოიწვია. ერთი კგ საქონლის ხორცის საბაზრო ღირებულება ამ დროისთვის 11 ლარს შეადგენს.

 

ცხოველთა სასაკლაოებზე პირუტყვის დაკვლაში მხოლოდ ბიზნესინტერესებს ხედავს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია. წულაია აღნიშნავს, რომ „ბოინი“ წინა ხელისუფლებამ მხოლოდ ფულის ახალ წყაროდ აქცია და ადამიანების უსაფრთხოებაზე არავის უფიქრია. მოგვიანებით კი წინამორბედების წამოწყება ახალმა ხელისუფლებამაც წარმატებით გააგრძელა.

 

„რა უსაფრთხოება, რის ადამიანების ინტერესები, ეს მხოლოდ ბიზნესია ხელისუფლების და მეტი არაფერი. „ბოინები“ მხოლოდ იმიტომ შემოიღეს, რომ ხორცის ბაზარი ეკონტროლებინათ. მათ ნაქებ „ბოინზე“ უამრავი დარღვევაა. ჯერ ერთი, რომ არ შეიძლება ვეტექიმის მიერ შეუმოწმებელი პირუტყვის ტრანსპორტირება. ეს სოფლებში უნდა ხდებოდეს, რადგან თუ პირუტყვი დაავადებულია, ის ქუთაისში ჩამოსვლამდე ქმნის საფრთხეს. ასევე უნდა ხდებოდეს პირუტყვის ერთი დღით დაყოვნება, თუმცა „ბოინებზე“ საქონელი იმ დღესვე იკვლება. სახელმწიფო თუ მოსახლეობაზე ზრუნავს, მაშინ უნდა მოწმდებოდეს ბაზარზე გამოტანილი როგორც საქონლის, ასევე  ღორის და ქათმის ხორციც. რა მნიშვნელობა აქვს, ქათამი მომკლავს თუ კვერცხი? ძროხის ხორცი თუ ყველი? ყველა პროდუქცია უნდა შემოწმდეს. რაც შეეხება „ბოინებს“, არანაირი სტანდარტი დაცული არაა. ის ფაქტი, რომ „კაფელია“ დაგებული, არაფერს ცვლის, არ ხდება ჰიგიენის დაცვა. მიუშვებენ წყალს და გადარეცხავენ. ვინ ზრუნავს ადამიანებზე? სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ ფულის კეთებაზეა გადასული, თუ „ბოინების“ თანამშრომლები, რომლებიც მხოლოდ კონკურენციით არიან დაკავებულნი? ჩვენზე ვინ იზრუნებს, როდესაც  საკუთარ თანამშრომლებზე არ ზრუნავენ? მიდით და იკითხეთ, რამდენი ხანი ამუშავებენ და თუ უხდიან შესაბამისად. ყველა ნორმასთან ერთად შრომითი ხელშეკრულებაც ირღვევა, თუმცა ამ ყველაფერს ხელისუფლება მშვიდად ხვდება,“ – განაცხადა გოგი წულაიამ.

 

ვიდრე „ბოინები“ ერთმანეთის, ჩვენი და, ამავდროულად, დეპუტატის დადანაშაულებას აგრძელებენ, რთული სათქმელია, რამდენად ჯანსაღი ხორცი შედის ბაზარზე. „ბოინი“ თავის თავში უსაფრთხო და შემოწმებულ პროდუქციას გულისხმობს, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ცხოველთა სასაკლაოებიდან ნარჩენები მდინარეში იყრება უკონტროლოდ დარჩენილი, თუმცა ლიცენზირებული „ბოინი“ ვერ იქნება სრული გარანტი ბაზარზე შესული ხორცის უსაფრთხოებისა.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია