დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საჯარო სამსახურში მიღების წესები იცვლება
საჯარო სამსახურში მიღების წესები იცვლება
სულ ნანახია 2060
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

საჯარო სამსახურის ბიურომ საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის პრეზენტაცია გამართა. რეფორმა მიზნად ისახავს გამართული და გამჭვირვალე საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბებას და ისეთი საკითხების რეგულირებას, როგორიცაა: საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები; საჯარო სამსახურის მართვის, კოორდინაციისა და ზედამხედველობის ცენტრალიზებული სისტემა; საჯარო სამსახურში მიღება; კლასიფიკაციის სისტემა; ანაზღაურების სისტემა; საჯარო მოხელეების მართვა და ა.შ.

„ალიას“ ესაუბრება საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი ეკა ქარდავა:

- ეს არის ძირითადად ევროპული ქვეყნების მოდელი, როგორიცაა, მაგალითად, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ბალტიისპირეთი, ამ ქვეყნების მაგალითზე, მათი რეფორმის განზოგადების შედეგად მოხდა ჩვენი რეფორმის მნიშვნელოვანი სისტემის ჩამოყალიბება.


ჩვენთვის საინტერესო იყო პროფესიული ინსტიტუტის არსებობა, რომელიც ერთგვარი დაცულობის ელემენტებით ხასიათდება. პროფესიული საჯარო მოხელე არის ის ბირთვი, რომელსაც უნდა დაემყაროს მთლიანად ქვეყანაში ერთიანი საჯარო სამსახური. მოხელე იწყებს თავის კარიერას ნულოვანი საფეხურიდან და თავისი კარიერული წინსვლის, შეფასების, სხვადასხვა სწავლება-გადამზადების, შედეგების გათვალისწინებით მიიწევს რანგების, კლასების შესაბამისად მაღლა და მაღლა. ეს არის პროფესიული მოხელის ის ინსტიტუტი, რომელსაც ემყარება ევროპული დოგმატიკა, და რომელიც ერთგვარად ნიშნავს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს. ასეთი პირები დაცულები არიან პოლიტიკური ცვალებადობის შემთხვევაში განთავისუფლებისგან, უფლებების შეზღუდვისგან და ა.შ.


- ბევრმა ადამიანმა წინა ხელისუფლების პირობებში შრომის წიგნაკი პირდაპირ პარლამენტში გახსნა. მსგავსი პრეცედენტებისგან ამ რეფორმის შედეგად რამდენად ვიქნებით დაცული?


- დავიწყოთ იქიდან, რომ პარლამენტის წევრები არ მოიაზრებიან პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტში, პარლამენტის აპარატში დასაქმებული პირები არიან საჯარო მოხელეები, მაგრამ არჩევითი თანამდებობები, როგორიცაა დეპუტატი, არის პოლიტიკური არჩევითი თანამდებობა, ამიტომ ამ რეფორმის შინაარსს არ ექვემდებარება მათი საკითხი. მათ სპეციალურად არეგულირებს შესაბამისი კანონმდებლობა. იგივე პარლამენტის წევრობასთან დაკავშირებით კონსტიტუცია გვეუბნება, რა ასაკიდან შეიძლება იყოს არჩეული პარლამენტის წევრი. ამიტომ პროფესიით მოხელის ცნება და არჩევით პოლიტიკურ თანამდებობაზე პირის გამწესება აბსოლუტურად სხვადასხვა საკითხებია  და ერთობლიობაში ვერ განვიხილავთ.

 

- დანიშვნით თანამდებობაზეც მსგავსი სიტუაცია იყო წინა ხელისუფლების პირობებში. „კმარელი“ გოგო-ბიჭებით გაავსეს სამინისტროები და პროფესიონალები ქუჩაში გამოყარეს...


- ბუნებრივია, როცა კანონი იარსებებს, მსგავსი პრეცედენტებისგან აბსოლუტურად დაზღვეულები ვიქნებით. ჩვენ ვამბობთ, რომ კადრების შემოდინება მოხდება დაბალ საფეხურზე, დაბალი რანგის თანამდებობებზე, ხოლო საჯარო სამსახურებში დაბალ და მაღალ რანგებზე პირების გამწესება მოხდება დაწინაურების წესით, რაც ერთგვარად შიდა კონკურსის წესით განისაზღვრება.

 

- ანაზღაურებასთან დაკავშირებით როგორ მოხდება? თუ მაღალი რანგის პროფესიონალი გყავთ, ესე იგი, ლოგიკურად, უნდა მიეცეს მაღალი ხელფასი და დაბალი რანგის და პროფესიონალიზმისას - დაბალი. აქ ჩნდება კითხვა, რატომ უნდა გააჩეროთ დაბალი პროფესიონალიზმის მქონე ადამიანი სამსახურში, როცა მისი ჩანაცვლება შეგვიძლია მაღალპროფესიონალური კადრით?

 

- ეს საკითხი რეფორმის შინაარსს ოდნავ ცდება, თუმცა მესმის, რომ დღევანდელ რეალობასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ ეს კითხვა. დღეს არ შექმნილა საჯარო სამსახური ქვეყანაში, არ იყო ის თავისუფალი პოლიტიკური ნებისა და შეხედულებისგან და ასეთი დაბალკვალიფიციური კადრები არის ნაყოფი იმ 90-იანი წლებიდან მომდინარე და სწორედ ეს გვინდა შევცვალოთ, ამიტომაც ვაკეთებთ ამ რეფორმას და ვათავისუფლებთ საჯარო სამსახურს პოლიტიკური წნეხისგან.

 

- გასაგებია, მაგრამ 2-3 წლის წინათ დანიშნულ მოხელეს ხომ ამბიცია ექნება, როცა ეტყვიან, თავისუფალი ხარო. როგორ აუხსნით, ეს რეფორმამ მოიტანაო?

 

- ამისთვის არსებობს შეფასების სისტემა, ატესტაცია, რომელიც დღეს მოქმედი კანონითაც გვაქვს ჩვენ გაწერილი. ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დაბალკვალიფიციური კადრი, თუ ის ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, შესაბამისად, განთავისუფლდება სამსახურიდან, მაგრამ ეს არის შემდგომი ეტაპი, ამიტომ მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად მოხდება ე.წ. საკადრო წმენდა საჯარო სამსახურიდან. ჩვენ ვსაუბრობთ დღეს რეფორმაზე, როგორი გვინდა, იყოს საჯარო სამსახური, მაგრამ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რა მიდგომა იქნება შემოთავაზებული, ეს კიდევ შემდგომი მსჯელობის საგანი გახდება.

 

- ატესტაცია მოხდებაო, ამბობთ, ვინ გადაწყვეტს ამა თუ იმ ადამიანის კვალიფიკაციის ბედს და რამდენად ობიექტურად ჩატარდება? წლებია გვესმის, რომ ატესტაციები შირმაა და სამსახურებში ჩაწყობით იღებენ...

 

- ეს უნდა გადაწყვიტოს შეფასების სისტემამ, არ იქნება ერთი და ორი ადამიანის სუბიექტურად გადასაწყვეტი, როგორც არის ეს დღეს. მოხელეების შემოწმება წელიწადში ერთხელ მოხდება. მათი შედეგების გათვალისწინებით მოხდება ადამიანური რესურსების სწორი მართვა და მერე - გადაწყვეტილების მიღება შემდგომში მათი დაწინაურების მიზნით. ან მოხდება მისი გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება რაღაც კონკრეტულ სეგმენტში, მაგალითად, შეიძლება ადამიანმა კარგად იცოდეს კონკრეტული უნარ-ჩვევები, მაგრამ იგივე ეთიკაში სჭირდებოდეს გადამზადება, მარტო ერთ რამეში მოუმზადებლობის გამო ხომ ვერ გავათავისუფლებთ პირს სამსახურიდან, მით უმეტეს, როცა საუბარია ინსტიტუტის გაძლიერებაზე, მაღალ კვალიფიკაციაზე, სტაჟზე. სხვადასხვა მექანიზმი იდება კანონში.

 

- ვაკანსიების ნაწილში ხომ არაფერს ცვლით, ისევ კონკურსის შედეგად აიყვანთ საჯარო სამსახურში პირებს? როგორც ვიცი, როცა ვაკანსია ცხადდება, თითო ადგილზე ათობით განცხადება შედის ხოლმე.

 

- ხვალიდან ახლებური ცხოვრების და ყველაფრის მოწესრიგების გარანტია არ გვაქვს. ის პრობლემები, რასაც ახლა მეუბნებით, არის არსებული მდგომარეობის მოწესრიგების თვალსაზრისით წამოჭრილი საკითხები. მე მესმის, რომ ახლა ეს აინტერესებს მკითხველს, მაგრამ დღევანდელი კონცეფციიდან ეს თემები ზოგადია, უნდა გადავიდეთ ორდონიან სისტემაზე, ჯერ მოხდება სერტიფიცირება და ვისაც ექნება კვალიფიკაციის შესაბამისი სერტიფიკატი, ის უკვე ირჩევს სასურველ უწყებას და მერე იღებს მონაწილეობას კონკურსში. ერთ ვაკანსიაზე შეიძლება მართლაც ათეულობით პრეტენდენტი იყოს და ეს აიხსნება ამ ვაკანსიის მომხიბვლელობით.

 

 

ჟანა ასანიძე,

გაზეთი „ალია“

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია