დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის უპირატესობაა მართლმსაჯულების პროცესში საზოგადოების ჩართულობა
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის უპირატესობაა მართლმსაჯულების პროცესში საზოგადოების ჩართულობა
ავტორი: ნატო გუბელაძე
სულ ნანახია 7406
ავტორი:
ნატო გუბელაძე
მსგავსი სიახლეები

ინტერვიუ ქუთაისის სასამართლოს მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილთან

 

გიორგი ქაშაკაშვილი 2003 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;


2003-2006 წლებში მუშაობდა სხვადასხვა იურიდიულ ფირმაში იურისტად და ადვოკატად.


სასამართლო სისტემაში მუშაობა დაიწყო 2006 წელს. 2006-2007 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომის მდივნად, 2007-2008 წლებში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად; 2008-2009 წლებში სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, 2009 წლიდან 2013 წლის ივნისამდე მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ, ხოლო 2013 წლის 1 ივლისიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

 

 

საქარველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 5 წლის წინ ამოქმედდა. დღემდე მხოლოდ 8 საქმეა განხილული და ყველა შემთხვევაში ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს. ერთ-ერთი საქმე ქუთაისის სასამართლომ განიხილა, რომელსაც ახალგაზრდა მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილი თავმჯდომარეობდა.

 

რას წარმოადგენს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რა არის მისი უპირატესობები და  რაზეა დამოკიდებული ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დამკვიდრება საქართველოში, - ამ საკითხებზე სწორედ გიორგი ქაშაკაშვილს ვესაუბრეთ.

 

 

- ბატონო გიორგი, სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი მიმართულება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამოქმედებაა. იქნებ დასაწყისისთვის განგვიმარტოთ, რას წარმოადგენს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და როგორია ნაფიცი მსაჯულების შერჩევის წესი. რა განმარტებას იძლევა კანონი?

 

- ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დიდი ისტორია აქვს. აღსანიშნავია, რომ ხევსურეთის ჩვეულებითი სამართლისათვის დამახასიათებელი იყო სამართალწარმოების ისეთი სახე, როგორიც იყო რჯული, ანუ 4-დან 12-მდე რჩეული კაცისგან (ძირითადად უხუცესებისგან) შემდგარი სასამართლო. საგულისხმოა, რომ ამ სასამართლოს წევრებს მსაჯულებს უწოდებდნენ. დღეის მდგომარეობით მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად კი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 12 ძირითადი და 2 სათადარიგო მსაჯულისაგან, თუმცა სასამართლოს შეუძლია საქმის სირთულიდან გამომდინარე დანიშნოს 2-ზე მეტი სათადარიგო მსაჯული. ნაფიცი მსაჯულები შეირჩევიან საქართველოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული, 18 წელს გადაცილებულ პირთა სიიდან. ნაფიცი მსაჯული უნდა ფლობდეს სისხლის სამართლის პროცესის ენას, ცხოვრობდეს ტერიტორიაზე, რომელიც შედის იმ სასამართლოს განსჯადობაში, სადაც მიმდინარეობს პროცესი და ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები ხელს არ უნდა უშლიდეს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაში. ასევე ყურადსაღები მომენტია ის, რომ პირი ვერ იქნება ნაფიცი მსაჯული, თუ იგი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირია, გამომძიებელია, პოლიციელია, ირიცხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სასულიერო პირია,  აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეა, ბრალდებულია, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირია,  ფსიქოლოგია, ფსიქიატრია,  იურისტია, ან თუ მისი მონაწილეობა ნაფიც მსაჯულად აღნიშნულ საქმეში აშკარად უსამართლო იქნებოდა ამ პირის მიერ გამოხატული მოსაზრებების ან პირადი გამოცდილების საფუძველზე.

 

- რა საქმეებს იხილავენ ნაფიცი მსაჯულები და რა წინაპირობები უნდა არსებობდეს, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა  საქმე განიხილონ?

 

- ნაფიცი მსაჯულები, დღეის მდგომარეობით,  იხილავენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე-114-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებს; ასევე საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მითითებული თანამდებობის პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმეებს, რომელთაც ეკავათ, ან უკავიათ შესაბამისი თანამდებობა და იმ პირთა საქმეებს, რომელთაც ბრალი ედებათ დანაშაულის ჩადენაში ზემოაღნიშნულ პირთან ერთად. თუ ბრალდებულს ბრალი წაუყენეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც  სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებული შუამდგომლობს, რომ  საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი ბრალდება ნაფიც მსაჯულთა განსჯადია, მაგრამ ბრალდებული თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას, საქმე განიხილება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე ჩვეულებრივი წესით.

 

- როდიდან ამოქმედდა საქართველოში, მათ შორის ქუთაისში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი?

 

- ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სისხლის სამართლის საქმეების განხილვა საქართველოში დაიწყო, ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედებასთან ერთად, 2010 წლის 1 ოქტომბრიდან და 2012 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედებდა მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მოქმედებს ქუთაისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში.

 

- არის თუ არა პირობები ქუთაისის სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა პროცესების გასამართად? (ვგულისხმობ სპეციალურ სასამართლო დარბაზს და სხვა ტექნიკურ საშუალებებს)

 

- ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით პროცესების გასამართად აბსოლუტურად ყველა პირობაა შექმნილი. არსებობს სხდომის დარბაზი, რომელშიც სპეციალური გამომყოფი ბარიერით არის შემოსაზღვრული ადგილი, სადაც ნაფიცი მსაჯულები სხდებიან, აღნიშნული დარბაზი აღჭურვილია სპეციალური დამატებითი მიკროფონებით ნაფიც მსაჯულთათვის. ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ინფრასტრუქტურაც მორგებულია ნაფიც მსაჯულებზე, კერძოდ, მათთვის მოწყობილია სასადილო და სათათბირო ოთახები. მოქმედი კანონმდებლობით და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით საქმის განხილვის პერიოდში ნაფიცი მსაჯულები უზრუნველყოფილნი არიან საკვებით და საცხოვრებელი ფართებით, მათ ასევე უნაზღაურდებათ ის ხარჯები, რაც ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულების გამო გასწიეს.

 

- როგორც ცნობილია, ქუთაისში ერთი საქმე განიხილა  ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, რომელსაც თქვენ თავმჯდომარეობდით. გთხოვთ, გვიამბოთ ამ საქმესთან დაკავშირებული დეტალები. კერძოდ: როდის გაიმართა სასამართლო პროცესი; რა საკითხს ეხებოდა პროცესი (შინაარსობრივად); როგორ მოხდა ნაფიცი მსაჯულების შერჩევა; ვინ იყვნენ პირველი ნაფიცი მსაჯულები (თუ შეგიძლიათ ჩამოთვალეთ გვარსახელები, რამდენი იყვნენ სულ?); რას ითხოვდა ბრალდება და რა გადაწყვეტილება მიიღეს ნაფიცმა მსაჯულებმა; ახლა რა ეტაპზეა ეს საქმე?

 

- ნაფიც მსაჯულთა შერჩევა და საქმის განხილვა დაიწყო 2013 წლის ოქტომბრის თვეში და დასრულდა ნოემბრის დასაწყისში. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების დროს, განაწყენების ნიადაგზე შურისძიების მოტივით, განიზრახა რა ორი ადამიანის მოკვლა, დანის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა ნაწილებში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა მათ, რის შედეგადაც ერთი გარდაიცვალა, ხოლო მეორე დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს. მას შემდეგ, რაც წინასასამართლო სხდომაზე გადაწყდა, რომ საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით უნდა განხილულიყო, დაინიშნა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა. სხდომის გამართვამდე 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შედგა ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა 100-პირიანი სია.

 

ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე საცხოვრებელი ადგილის მისამართზე გაეგზავნათ სასამართლოს მიერ მხარეებთან მოთათბირების საფუძველზე დამტკიცებული კითხვარი. აღნიშნული კითხვარები მსაჯულობის კანდიდატებმა შეავსეს და დაუბრუნეს სასამართლოს, რომელიც, თავის მხრივ, სასამართლომ გააცნო მხარეებს. აღნიშნული კითხვარების გაცნობის შედეგად, ასევე შერჩევის სხდომებზე დასმული კითხვების გათვალისწინებით, მოწვეული ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებიდან საბოლოოდ შეირჩა 12 ძირითადი და 2 სათადარიგო ნაფიცი მსაჯული, რის შემდეგაც დაიწყო საქმის არსებითი განხილვა. განხილვის დასასრულს ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვაში დააფიქსირა პოზიცია, რომ ბრალდებული ცნობილი უნდა ყოფილიყო დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ორი პირის მიმართ და ასევე განზრახ მკვლელობაში, თუმცა მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს ნაწილობრივ გამამართლებელი ვერდიქტი და ბრალდებული მხოლოდ განზრახ მკვლელობაში სცნეს დამნაშავედ. აღნიშნული გადაწყვეტილება დაცვის მხარის მიერ გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და სააპელაციო სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე გამოტანილი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა. რაც შეეხება საქმეზე შერჩეული ნაფიცი მსაჯულების პერსონალურ მონაცემებს, აღნიშნულზე თავს შევიკავებ, ვინაიდან მიზანშეუწონლად მიმაჩნია მათი პირადი თანხმობის გარეშე აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება.

 

- ბატონო გიორგი, თქვენთვის ისტორიული პროცესი იყო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში მონაწილეობა, როგორი იყო ეს განცდა - ჩვეულებრივ პროცესთან შედარებით, რაიმე განსხვავებული სირთულით გამოირჩეოდა?

 

- უპირველესად, სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი პირველი მოსამართლე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც უძღვებოდა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით სისხლის სამართლის საქმის განხილვას. აღნიშნული ტიპის საქმეები, რა თქმა უნდა, ხასიათდება გარკვეული სპეციფიკური თავისებურებებით. მეტად ფრთხილი მიდგომა სჭირდება იმ საკითხს, რომ ნაფიცი მსაჯულები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათ არ ესმით იურიდიული ტერმინოლოგია. აღნიშნულის გათვალისწინებით ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი მათთვის ჩემს მიერ გაკეთებული განმარტებები ყოფილიყო მაქსიმალურად ადვილად გასაგები და აღსაქმელი.

 

- ჩვეულებრივ სასამართლო პროცესზე რომ განხილულიყო ეს საქმე, როგორ ფიქრობთ, იგივე განაჩენი დადგებოდა?

 

- ვინაიდან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი მიიღეს სხდომის თავმჯდომარის მიერ გამოსაყენებელი კანონის განმარტებების  და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე დამოუკიდებლად, მათი კომპეტენციის ფარგლებში, მითითებულის გათვალისწინებით და აღნიშნული ინსტიტუტის არსიდან გამომდინარე, მიზანშეუწონლად მიმაჩნია და თავს შევიკავებ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებაზე.

 

- უახლოეს მომავალში ხომ არ იგეგმება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ საქმის განხილვა?

 

- დღეის მდგომარეობით ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ერთ სისხლის სამართლის საქმეზე უკვე მიმდინარეობს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომები, ხოლო მეორე სისხლის სამართლის საქმეზე უახლოეს პერიოდში დაიწყება შერჩევის პროცედურები.

 

- როგორც ცნობილია, ჯერჯერობით, საქართველოში 8 საქმე აქვს განხილული ნაფიც მსაჯულებს. უკვე ჩატარებული პროცესების ანალიზის საფუძველზე, თუ არის რაიმე კონკრეტული პრობლემა გამოვლენილი, რომლის დახვეწაც საჭიროა?

 

- ამჟამად რაიმე კონკრეტული პრობლემა გამოვლენილი არ არის, თუმცა ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ნაფიც მსაჯულთა სისტემის წარმატება თუ წარუმატებლობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეეწყობა ის ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების ღირებულებებს, რომლებიც გულისხმობს კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასა და პატივისცემას, საზოგადოების ამ პროცესებისადმი ნდობა სასურველ შედეგს გამოიღებს, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

 

- როგორ ფიქრობთ, მაინც რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს და რამდენად გახდება ის პოპულარული საქართველოში?

 

- იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რაც ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით განხილულ საქმეებზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ჯერჯერობით აქვს, რაიმე უარყოფითი მხარის წინ წამოწევა გამიჭირდება, თუმცა მიმაჩნია, რომ გარკვეული დადებითი ასპექტები გამოიკვეთა, რომლებიდანაც აღვნიშნავდი საზოგადოების ჩართულობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. აღნიშნული ხელს უწყობს საზოგადოების მართლშეგნების ჩამოყალიბებას და ჯანსაღ განვითარებას, ასევე ზრდის ნდობის ხარისხს სასამართლოს მიმართ, ვინაიდან თავად საზოგადოება გვევლინება გადაწყვეტილების მიმღების როლში ამავე საზოგადოების ერთ-ერთი წევრის მიმართ. ამდენად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სისხლის სამართლის საქმეების განხილვა ქვეყნის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია  დემოკრატიისაკენ მიმავალ გზაზე. საქართველომ აირჩია ახალი და მაღალი სტანდარტი მართლმსაჯულებისა, რომელიც მოიცავს როგორც მოსამართლის, ისე საზოგადოების როლს, არჩევანი კი, ძირითადად,: იმ ადამიანზეა, ვინც ბრალდებულად არის წარდგენილი სასამართლოში.

 

ნატო გუბელაძე

 

 

 

ვინ შეიძლება გახდეს ნაფიცი მსაჯული

 

 

პირი ნაფიცი მსაჯული გახდება, თუ:

· შეყვანილია ამომრჩეველთა ერთიან საარჩევნო სიაში;

· ფლობს სისხლის სამართლის პროცესის ენას;

· ცხოვრობს ტერიტორიაზე, რომელიც შედის იმ სასამართლოს განსჯადობაში, სადაც მიმდინარეობს პროცესი;

 

· შეზღუდული არა აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები, რაც ხელს შეუშლის ნაფიცი მსაჯულის ფუნქციის განხორციელებას.

 

 

პირი ვერ იქნება ნაფიცი მსაჯული, თუ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი აცილების საფუძველი, ან იგი არის:

 

· სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი;

 

· გამომძიებელი;

 

· პოლიციელი;

 

· ირიცხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში;

 

· სასულიერო პირი;

 

· საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე;

 

· ბრალდებული;

 

· ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირი;

 

გამოხატული მოსაზრებების ან პირადი გამოცდილების გათვალისწინებით, მისი მონაწილეობა ნაფიც მსაჯულად საქმეში აშკარად უსამართლობა იქნება;

 

· ფსიქოლოგი;

 

· ფსიქიატრი;

 

· იურისტი.

 

 

პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს ნაფიც მსაჯულის ფუნქციის განხორციელებაზე, თუ:

 

· უკანასკნელი წლის განმავლობაში იყო ნაფიცი მსაჯული;

 

· ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი შეცვლა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს;

· ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;

 

· ხანგრძლივი ვადით იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ;

 

· 70 წელს გადაცილებული.

 

 

ნაფიც მსაჯულთა უფლება-მოვალეობები

 

ნაფიც მსაჯულს უფლება აქვს, თავის წერილობით მიმართვაზე მიიღოს:

 

· სასამართლოსგან განმარტება გამოსაყენებელი კანონის თაობაზე;

 

· წინასწარი ინფორმაცია საქმის გარემოებებისა და გამოსაკვლევი მტკიცებულებების შესახებ;

 

· სასამართლო სხდომის დროს დამატებითი განმარტება:

 

· სხდომის თავმჯდომარისაგან – კანონის შესახებ;

 

· მოწმეთაგან – ფაქტობრივი გარემოებების შესახებ;

 

· მხარეთაგან – დასკვნითი სიტყვების შესახებ;

 

· ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირის დროს - დამატებითი განმარტება მოსამართლისაგან კანონის შესახებ;

 

· მოსამართლე ნაფიც მსაჯულებს განუმარტავს სხდომის მიმდინარეობისას ჩანაწერების გაკეთების უფლებას. ნაფიც მსაჯულებს სათათბირო ოთახში გასვლამდე ეძლევათ სასამართლო სხდომის ოქმი, გარდა იმ ნაწილებისა, რომლებიც ეხება დაუშვებელ მტკიცებულებებს.  

 

 

ნაფიც და სათადარიგო მსაჯულებს ეკრალებათ:

 

· სხდომის მიმდინარეობისას სასამართლო სხდომის დარბაზის დატოვება;

 

· ვერდიქტის გამოტანამდე საქმის განხილვისას მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება ან საკუთარი აზრის გამოთქმა განსახილველ საქმესთან დაკავშირებით;

 

· განსახილველი საქმის გარემოებებთან დაკავშირებით სხდომის თავმჯდომარის გარდა სხვა პირებთან ურთიერთობა;

 

· განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება სხდომის ფარგლებს გარეთ;

 

· ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს  თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევა;

 

· სასამართლოს შენობაში წესრიგის დარღვევა და სხდომის თავმჯდომარის შესაბამისი მითითებების შეუსრულებლობა.

 

· ნაფიცი მსაჯული ვალდებულია დაესწროს განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო  სხდომებს  და ნაფიც  მსაჯულთა სასამართლოს  თათბირს;

 

· ვერდიქტის გამოცხადებამდე ნაფიც მსაჯულებს არ უნდა ეცნობოთ ბრალდებულის ადრინდელი სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ პასუხისგებაში ყოფნის ან ნასამართლობის შესახებ (თუ ეს არ არის წარდგენილი ბრალდების ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანი ან  გამიზნული არ არის ბრალდებულის ჩვენების სანდოობის შესამოწმებლად), აგრეთვე ნებისმიერი სხვა მტკიცებულების შესახებ, რომელსაც კავშირი არა  აქვს  ბრალის  დამტკიცებასთან. 

 

 

 თუ ბრალდებულს ბრალი წაუყენეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც  სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

 

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით პროცესების გასამართად აბსოლუტურად ყველა პირობაა შექმნილი.

 

 

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, სისხლის სამართლის საქმეების განხილვა ქვეყნის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია  დემოკრატიისაკენ მიმავალ გზაზე. 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია