დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„საქართველოში მენეჯმენტის დასავლურობა აშკარად თვალშისაცემია“
„საქართველოში მენეჯმენტის დასავლურობა აშკარად თვალშისაცემია“
სულ ნანახია 1591
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ინტერვიუ სტოკჰოლმის ეკონომიკის ინსტიტუტის რექტორ ანდრეშ ლილენბერგთან

 

გასულ კვირაში საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა სტოკჰოლმის ეკონომიკის ინსტიტუტის რექტორი ანდრეშ ლილენბერგი. მისი შეხვედრები გაიმართა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, ვლადიმერ პაპავასთან და თავისუფალი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან. ასევე - კომერციული ბანკების თუ სხვა დიდი ბიზნესის ხელმძღვანელებთან.  გთავაზოთ ბატონ ანდრეშ ლილენბერგის ინტერვიუს.

 

- ბატონო ანდრეშ, ისეთი პატარა და გეოპოლიტიკური მდებარეობის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, როგორი ეკონომიკური მოდელია ყველაზე ეფექტური?

 

- ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა ყველაფერში, პოლიტიკაში, ბიზნესში. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად აკლია პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, მათ შორის - რუსეთსაც.

არა უბრალოდ გამჭვირვალობა, არამედ აქტიური გამჭვირვალობა, რომ დაანახო ინვესტორებს სამართლიანობა - ბიზნესის კეთების პირობების სამართლიანობა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რეგიონული თვალსაზრისით, გეოპოლიტიკური ინტერესიც არის, მაგრამ, ჯერჯერობით, ყველაზე მნიშვნელოვანი გამჭვირვალობაა. აუცილებელია მოხდეს ამ კუთხით ქვეყნის წარმოჩენა.

 

- ახალმა ხელისუფლებამ ეკონომიკის განვითარების ახალი, როგორც თავად ამბობს, ბუნებრივი და ევროპული გზა შემოგვთავაზა. ერთ-ერთი მათგანი რუსეთთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობებია. როგორ შეაფასებდით რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებს საქართველოსთვის?

 

- შვედეთიც პატარა ქვეყანაა, ისინიც აქტიურად თანამშრომლობენ რუსეთთან, როგორც ინვესტიციებში, ისე სხვა საკითხებში. ხშირად გაურკვევლად იქცევა რუსეთი. მას გეოპოლიტიკურად ვერსად ვერ გადავიტანთ, ამიტომ ბალანსი და დივერსიფიკაცია აუცილებელია როგორც ზოგადად ურთიერთობებში, ისე კონკრეტულად ვაჭრობაში. რუსეთი ისეთია, როგორიც არის, ეს შემდგარი ფაქტია და მისი ანალიზი არსებობს. ისტორია კარგად ვიცით. მე მომხრე ვარ რუსეთთან დაბალანსებული და დივერსიფიცირებული ურთიერთობების.

მე ბრიუსელიდან ჩამოვედი სტამბულში, სტამბულიდან კი - საქართველოში. ბრიუსელის აეროპორტში ხალხი იმ ინტენსივობით არ მოძრაობს, როგორც სტამბულში. სტამბულის აეროპორტი სავსეა. აი ესაა ეკონომიკა, აქ იგრძნობა განვითარება! შეიძლება ბრიუსელი ძალიან კარგი და დემოკრატიული ქალაქია, მაგრამ ბიზნესი კეთდება სტამბულში.

 

- საქართველოს ხელისუფლების მოსვლის შემდეგ აგრარული მიმართულება გააქტიურდა. ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, გრძელვადიან პერსპექტივაში სოფლის მეურნეობაზე ძლიერი აქცენტის გაკეთება რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ? არსებობს მოსაზრება, რომ აქცენტი სატრანზიტო ფუნქციაზე უნდა გაკეთდეს, თუ ეს ორი მიმართულება ერთმანეთს ხელს არ უშლის?

 

- თუ საქართველოს ჰქონდა ფოკუსირება და გარკვეული უპირატესობები მოიპოვა აგრარულ სფეროში, აქედან გასვლა და მისი უგულვებელყოფა სისუსტე და სისულელე იქნება. უნდა აკეთო ის, რაშიც ხედავ უპირატესობებს. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ევროპაში ძალიან გაიზარდა აქცენტი სოფლის მეურნეობაზე. ჯანსაღი კვება დღითიდღე მოთხოვნადი ხდება. შესაბამისად, კიდევ უფრო დიდი აქცენტები უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით და სოფლის მეურნეობა ქვეყნის გარკვეულ სიმბოლოდ უნდა ჩამოყალიბდეს.

 

- რუს სტუდენტებს, რომლებსაც თქვენ ასწავლით, ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით სად წარმოუდგენიათ საკუთარი კარიერის განვითარება - დასავლეთში თუ რუსეთში? როგორია მათი ღირებულებები?

 

- რუსებს აქვთ ნოსტალგია და სიყვარული თავიანთი მიწის მიმართ. ისინი არიან პატრიოტები, კარგად ცხოვრობენ თუ ცუდად, მაინც თავიანთი ქვეყნის პატრიოტები არიან. რუსი სტუდენტებისთვის, რომლებიც ახლა სტოკჰოლმს ამთავრებენ, ეს მათი მესამე უმაღლესი განათლებაა. ისინი არ არიან 18 წლის, მიღწეულნი არიან 35 წლის ასაკს და არიან წარმატებულნი კარიერაში. რუსი სტუდენტები თავიანთ სამომავლო მოღვაწეობას, ძირითადად, რუსეთშივე განიხილავენ.

 

- ჩვენ გვყავს მილიარდერი პრემიერ-მინისტრი, როგორ ფიქრობთ, ჩვენი ქვეყნისთვის უპირატესობაა, რომ ამ ეტაპზე, ბიზნესში გამოცდილი ადამიანი მეთაურობს მთავრობას?

 

- ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ მიდის, ის ბერლუსკონივით არ ებღაუჭება ძალაუფლებას. ბერლუსკონიმ აღარ იცის, რა გააკეთოს, ოღონდ პოლიტიკაში დარჩეს და მისი ქცევები უკვე სასაცილო ხდება და ის მასხარას ემსგავსება. ივანიშვილმა კი თქვა, გააკეთა და ახლა მიდის, რომ ეს სისტემა სხვებმა მართონ.

 

- თქვენი ვიზიტის ფარგლებში რა გეგმები გაქვთ და ბიზნეს-განათლების კუთხით როგორი დონე დაგხვდათ საქართველოში?

 

- შეხვედრები გაიმართა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ვლადიმერ პაპავასთან და თავისუფალი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან. შეხვედრის ფარგლებში განიხილება არა კონკურენცია, არამედ შესაძლებლობა იმისა, რომ ერთობლივი პროგრამა გაკეთდეს, ან დაიწყოს კურსები წელიწადში ერთხელ ან ორჯერ. ეს კი შეიძლება მომავალში გადაიზარდოს იგივეში, რაც ბალტიისპირეთსა და რუსეთშია, სადაც ინსტიტუტი იძლევა ევროპულ დიპლომს. ასევე შევხვდი „თი ბი სი“ ბანკისა და „საქართველოს ბანკის“ პირველ პირებს, საკომუნიკაციო და საგანმანათლებლო ბიზნესის წარმომადგენლებს, ვიყავით „კავკასუს ონლაინში“, „ჯეოსელში“. ვესაუბრეთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ცოცხალ ბიზნესში არიან, დაახლოებით, 8 ასეთი შეხვედრა მქონდა. შეხვედრებისგან მიღებულმა შთაბეჭდილებებმა მოლოდინს გადააჭარბა, მენეჯმენტის დასავლურობა აშკარად თვალში საცემია. კომპანიები ძალიან სწრაფად იზრდებიან და აუმჯობესებენ საკუთარი  მენეჯმენტის გამოცდილებებს. ისინი არათუ განვლილ 15 წელზე საუბრობენ, არამედ მომავალი 15 წლის პერსპექტივებზე ფიქრობენ. ძალიან მომეწონა ის ოპტიმიზმი, რომელიც ქართველი ბიზნესმენების მხრიდან ვიგრძენი.

 

 

comersant.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია