დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რა საფრთხეებს ატარებს ქალის უკანალზე ტელევიზიით აჟღერებული ფოლკლორი თუ ანეკდოტები?
რა საფრთხეებს ატარებს ქალის უკანალზე ტელევიზიით აჟღერებული ფოლკლორი თუ ანეკდოტები?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 3500
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

უწყინარი ხუმრობა თუ ქალთა დისკრიმინაცია - ტელეკომპანიისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

 

ტელეკომპანია  GDS-ის გადაცემა „ბინა 18-ში“ მომხდარი ფაქტი საყოველთაო განხილვის საგანი გახდა. გადაცემის ავტორების ინიციატივით, ჯგუფი „ბანი“-ს ერთ-ერთმა წევრმა ინსტრუმენტად გოგონების სხეული გამოიყენა. კომპოზიციის შესრულებას გადაცემის წამყვანები, ჯგუფის წევრები და დარბაზში მყოფი მაყურებლები ოვაციებით შეხვდნენ. თუმცა, როგორც გადაცემის   წამყვანები     აღნიშნავენ,      „უწყინარი ხუმრობა“ საზოგადოების უკმაყოფილების მიზეზი და ტელევიზიის ხელმძღვანელობისგან ბოდიშის მოხდის მიზეზი გახდა. რაზედაც გადაცემის წამყვანები და ტელევიზიის წარმომადგენლობა უარს აცხადებენ, იმ მიზეზით, რომ მათ ქალების დისკრიმინაცია არ უფიქრიათ, ეს მხოლოდ გართობა იყო, რასაც მონაწილეები საკუთარი ნებით დათანხმდნენ.

 

პროტესტი მხოლოდ სოციალურ ქსელში გარჩევით არ შემოიფარგლა. უფრო მეტიც, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მომხდარი ქალთა დისკრიმინაციისკენ მიმართულ კამპანიად შერაცხეს. ქალთა წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის მაღალი სტატისტიკის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად მსგავსი ტიპის გასართობი გადაცემები და ანეკდოტები დაასახელეს.

 

მომხდარს ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

 

„სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს სოციალურ სივრცეში გავრცელებული ვიდეო ჩანაწერის გამო, რომელიც ტელეკომპანია GDS-ის მიერ მომზადებული გადაცემა „ბინა 18“-ის ფარგლებში გავიდა. ქალის სხეულის მუსიკალურ ინსტრუმენტთან გაიგივება შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველია არა მხოლოდ მონაწილე ქალების, არამედ მთლიანად საზოგადოებისათვის.

 

ქალის შეფასება მისი გარეგნული, ბიოლოგიური მახასიათებლებით, მისი ობიექტივიზაცია და „ნივთად წარმოჩენა“ წარმოადგენს სექსიზმს, რომელსაც დამანგრეველი შედეგების მოტანა შეუძლია ქალთა უფლებრივი მდგომარეობისათვის საქართველოში.

დღეს, როდესაც საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებელია, ქალები ყოველდღიურად განიცდიან ჩაგვრასა და უთანასწორო მოპყრობას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ხდებიან საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული, სექსისტური შეხედულებების მსხვერპლნი, უჭირთ დაარღვიონ დუმილი და ისაუბრონ ძალადობაზე, შიშსა და დისკრიმინაციაზე, რომელსაც ისინი განიცდიან, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არსებული მიდგომების ცვლილებას და არა მათ განმტკიცებას, რაშიც განუზომელია მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი.

 

ტელევიზია ინფორმაციის მთავარი და პირველადი წყაროა მოსახლეობის თითქმის ყველა ფენისთვის. შესაბამისად, მედიასაშუალებების უზარმაზარი გავლენისა და როლის გათვალისწინებით საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებისა და ინფორმაციის გავრცელების პროცესში, მნიშვნელოვანია გავრცელებული ინფორმაცია არ იწვევდეს საზოგადოებაში სტერეოტიპების გაძლიერებას და არ შეიცავდეს ძალადობის წამახალისებელი და ქალის ობიექტივიზაციისაკენ მოწოდებებს. პირიქით, უკვე აშკარაა მედიის დიდი როლი ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში, და მნიშვნელოვანია, მათი მხრიდან გამოყენებული იქნას ყველა საშუალება ამ პასუხისმგებლობის რეალური განხორციელებისათვის.

 

აუცილებელია, რომ მედიასაშუალებებმა ხელი შეუწყონ ქალის როლის წარმოჩინებას მისი შემოქმედებითი პოტენციალის გათვალისწინებით. გამოხატონ პატივისცემა იმ საქმიანობისა და განუზომელი წვლილისათვის, რომელიც ქალებს შეაქვთ სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების, სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპების დამკვიდრების საკითხში.

 

სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, გაითვალისწინონ საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული მდგომარეობა, ქალთა მიმართ ძალადობის მაღალი მაჩვენებელი და უთანასწორო მოპყრობა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და ხელი შეუწყონ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოებაში ნულოვანი ტოლერანტობის ჩამოყალიბებას ქალთა შეურაცხმყოფელი კუთხით წარმოჩინების, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და შეწყვიტონ სექსიზმის ტირაჟირება.“

  

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის განცხადება

 

„დაუშვებლად მიგვაჩნია ქართული ხალხური სიმღერის არამიზნობრივად, მერკანტილური, მომხმარებლური მიზნით გამოყენება, ე.წ. „პოპულარობის“ მოსაპოვებლად. ეროვნული საუნჯის ხელყოფის უფლება არავის აქვს.“

ცენტრი მიმართავს ფოლკლორულ და შემოქმედებით კოლექტივებს, ასევე სხვა შემსრულებლებს:

„ნუ გახდით მსოფლიოს მიერ აღიარებულ ქართულ ხალხურ სიმღერას საეჭვო, მდარე ხარისხის ექსპერიმენტების სამიზნედ.“

 

რუსუდან გოცირიძე „ასეთი მედიაპროდუქცია ხელს უწყობს ძალადობას“

 

„ძვირფასო თანამემამულენო, თქვენს დაიკოებსა და შვილიკოებს ხვალ რომ წამოარტყამს ვინმე უკანალზე ხელს და შტერ ქალად ჩათვლის, არ გაგიკვირდეთ და გაიხსენეთ, როგორ გულიანად ხითხითებდით ზემოთ მოხსენებულ გადაცემებზე,“ ასეთ კომენტარს აკეთებს „აპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გასულ ვიდეოსთან დაკავშირებით.

 

GDS-ის გადაცემა არ არის ამოვარდნა და ანომალია ჩვენს მედიასივრცეში. უფრო მეტიც, ლოგიკური გაგრძელებაა მისი წინამორბედი გადაცემებისა თუ სარეკლამო როლიკების („ქალური ლოგიკა“, იუმორისტული გადაცემები, ანეკდოტების ვიდეოვერსიები, ალუდას, ბადაგონის, ელიტელექტრონიქსის, მანქანების, ქალებისათვის დაზღვევის ახალი პაკეტის და სხვა მრავალი რეკლამები...).

 

ასეთი მედიაპროდუქცია ხელს უწყობს იმ მავნე სტერეოტიპების დამკვიდრებას, რომლებიდანაც საზრდოებს დისკრიმინაციული მიდგომები და ძალადობა...

 

მესმის, რომ ბევრისათვის ძნელია ამ „კრეატივისა“ და, მაგალითად, ბოლო თვეებში ყოფილი და „მოქმედი“ ქმრების მიერ დახოცილ-დასახიჩრებული 15 ახალგაზრდა ქალის ამბავის ერთმანეთთან დაკავშირება, მაგრამ ვინც იცის ამ კავშირების შესახებ, სიტყვაზე მაინც ვენდოთ (კვლევების მაჩვენებლები ამ შემთხვევაში არ ჭრის).

მესმის, რომ როცა ქალთა უფლებების დამცველები და, ზოგადად, უფლება დამცველები ლაპარაკობენ ამ პრობლემის შესახებ, მაშინვე გრანტების თვლას იწყებს მსმენელ-მაყურებელი. მესმის, რომ მხოლოდ გივი სიხარულიძის ექსპერტულ მოსაზრებას აღიარებს ლეგიტიმურად და მიუკერძოებლად „ნანუკას შოუზე“ და „პროფილის“ სტუმრიანობას მიჩვეული საზოგადოება.

 

მე მგონი, საერთო ენა უნდა გამოინახოს... ერთმანეთისათვის გასაგებ ენაზე უნდა ვუთხრათ ერთმანეთს რა საფრთხეებს ატარებს ეკრანზე წამოხდილი ქალის უკანალზე აჟღერებული ფოლკლორი, ან ანეკდოტები, რომლის პერსონაჟები არიან მთვრალი მიხო და მარო, ან მანქანის მინაზე აკრული ქალის სახე, რომელსაც სწვდება საბარგულში ჩადებული ბოლო კოლოფის ბიძგები... მერე იქნებ აღარ გაუკვირდეს ადამიანს, რატომ ითმენენ ქალები მოძალადე ქმრებს, რატომ ამართლებს ქალების უმრავლესობა ძალადობას, რატომ გვგონია, რომ „კარგი ცხენის მათრახის“ ამბავი ყველაზე ადექვატური ახსნაა, რატომაა საქართველოში აბორტების უდიდესი მაჩვენებელი დაუბადებელ გოგონებზე, რატომ ვერ ამთავრებენ სკოლას რეგიონის გოგონები...

ნუთუ ჩვენი შვილების დანგრეული მომავალი გვიღირს ამ უგემოვნო და უხამს ხალისობად?“

 

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

 

ტელეკომპანია GDS-ის ეთერში 9 ივლისს გადაცემა „ბინა 18“ გავიდა, სადაც ჯგუფი „ბანი“ ასრულებს რაჭულს და მუსიკალურ ინსტრუმენტად ქალის სხეულია გამოყენებული. ვიდეოზე ასახულია, როგორ უკრავს გადაცემის სტუმარი „რაჭულის“ მელოდიას გოგონების უკანალზე. გენდერის სპეციალისტების თქმით, აღნიშნული ვიდეომასალა ქალთა უფლებების დარღვევის, აბუჩად აგდების და განივთების ნიმუშია. იურისტების თქმით, ტელეკომპანიამ ეთიკის სტანდარტები დაარღვია.

"GDS-ის ეთერით, 9 ივლისს გასულ გადაცემა „ბინა 18“-ს, სადაც ქალის სხეული მუსიკალური ინსტრუმენტის სახით არის გამოყენებული, უხეში ფორმით გამოხატავს დისკრიმინაციას ქალთა მიმართ.

 

„მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა გაეროში ქალთა მიმართ ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ, ნაკისრი ვალდებულებებისა და მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას აკეთებდა, ქართული ტელეეთერით ქალთა მიმართ დისკრიმინაციული ელემენტების შემცველი გადაცემა გავიდა.

 

მედია, რომლის როლიც საზოგადოებრივი აზროვნების ფორმირებაში საკმაოდ მაღალია და მისი პირდაპირი მოვალეობაა, ხელი შეუწყოს სხვადასხვა საკითხებისადმი სწორი მიდგომების ჩამოყალიბებას, ეთერს უთმობს მსგავსი ტიპის თემების გაშუქებას, რაც ხელს უწყობს არსებული გენდერული სტერეოტიპების გამყარებას და უხეში ფორმით გამოხატავს დისკრიმინაციას ქალთა მიმართ.

 

მივმართავთ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში 9 ივლისს ეთერში გასული გადაცემის გამო და მიიღოს შესაბამისი ზომები „ბინა 18“-ის შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ.“

 

***

 

გადაცემას განსაკუთრებული აჟიოტაჟი მოჰყვა სოციალურ ქსელში. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

 

ეთერ კველაძე: „ქართველობას გვართმევენ“, დასავლეთი ყვრნის ახალგაზრდობას... „ღვთისმშობლის წილხვედრი“... და ა.შ. ამ კონტექსტში როგორ ჯდება ეს ყველაფერი? კარგი ის უბედურები, ალბათ, ფულისთვის აკეთებენ ამას, მაგრამ „ქართველი ვაჟკაცები“? ხომ აცხადებთ, რომ ჩვენთან ქალის კულტია და მაგ ტელევიზიის პატრონმა ღირსება დაგიბრუნათ? „ბედნიერი ერი“ ის ღირსება, ალბათ, სხვანაირი ვერც იქნებოდა... ყოჩაღ!!!

 

გიორგი ონიანი: „როგორც ვატყობ კონსერვატორიის დასარტყამ ინსტრუმენტების ფაკულტეტს მალე დაემატება ახალი საგანი... დედა რა იყო ეს ა?“ ჩაკრულოს ქვეყანაში... ჩანგის, ჭიანურის, ჩონგურის ქვეყანაში საჯდომზე დაკვრის პოპულარიზაცია ხდებოდეს - ეგ ერის გამოქლიავების მანიშნებელია.“

 

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ისე მაგრად მაინტერესებს, კაცები რომ წაიკუზონ  GDS-ში და წამყვანებმა საჯდომებზე უტყაპუნონ, რა რეაქცია ექნებოდა საზოგადოებას? GDS TV Official - კოლეგებო, არ გსურთს სცადოთ? დამიკმაყოფილეთ ინტერესი. თუ შეიძლება, წაკუზეთ ქართველი ჯიგიტები და დაუკარით მათ უკანალებზე.“

 

გიგა ნასარიძე: „კაცებისას ცუდი ხმა ექნება ჩვენში, მოგუდული. ეგ ხომ თქვეს, რომ სექტემბრიდან იქნება, ბიძინას გადაცემაში. ეს მოთელვა იყო.“

 

მაკა რამიშვილი: „კაცების წაკუზვა ბიძინამ რომ მოითხოვოს, ის სტუდია არ ეყოფათ იმდენი ჩადგება რიგში, ისე ზოგიერთი უკვე წარმოვიდგინე მაგ პოზაში და გავხალისდი.“

 

გადაცემით თავს შეურაცხყოფილად არ თვლის ერთ-ერთი მონაწილე, მოცეკვავე მარი ბაბე, რომლის სხეულიც ინსტრუმენტად გამოიყენეს და აღნიშნავს, რომ მართალია თანხა აიღო, მაგრამ ეს მხოლოდ ფულისთვის არ გაუკეთებია.

 

„თანხა ავიღე, თუმცა თანხა არ წყვეტდა ჩემს იქ მონაწილეობას. მე თვითონ ვიხალისე იქ გამოსვლით და არანაირად არ ვთვლი, რომ ეს გამოსვლა იყო ქალებისთვის შეურაცხმყოფელი. ჩვეულებრივი სახალისო ნომერია, ჩვეულებრივი შოუა. მართალია, საქართველოს ჩარჩოებს გასცდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ შოუ შედგა. ჩემთვის ეს იყო საინტერესო და ახალი, რომელშიც დიდი სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა. მე მოცეკვავე ვარ, ფინანსურად არ მიჭირს, ამის გარდა მე სხვა შოუებშიც ვიღებ მონაწილეობას, ამიტომ ჩემთვის ეს პრობლემა არ არის. არ დაგიმალავთ, თანხა ნამდვილად ავიღე, მაგრამ თანხის გამო ეს არ გამიკეთებია. ეს არანაირად არ არის ქალის შეურაცხყოფა. მე ჩემს თავს არ ვთვლი შეურაცხყოფილად და სხვა რატომ ლაპარაკობს ჩემს მაგივრად. თუ თავად გრძნობენ თავს შეურაცხყოფილად, ეს მათი პრობლემაა. მგონია, რომ ძალიან სისულელეს იძახიან. საერთოდ, რა შუაშია ქალის უფლებები შოუსთან დაკავშირებით. მე ქუჩაში ჩვეულებრივად გავდივარ და არავინ მლანძღავს, არც მე ვგრძნობ თავს შეურაცხყოფილად და სხვები რატომ გრძნობენ, ვერ ვხვდები. კიდე, თუ იქნება მსგავსი შემოთავაზება ასეთ შოუებში, ისევ დავთანხმდები და მივიღებ კიდეც მონაწილეობას,“ - განაცხადა მარი ბაბემ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია