დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ისრაელი VS პალესტინა - დაუსრულებელი კონფლიქტი
ისრაელი VS პალესტინა - დაუსრულებელი კონფლიქტი
ავტორი: ცოტნე გაბადაძე
სულ ნანახია 4691
ავტორი:
ცოტნე გაბადაძე

ისრაელსა და პალესტინას შორის კვლავ დაძაბული ვითარებაა. ჰამასის მიერ განხორციელებული დარტყმები ისრაელის ანტისარაკეტო სისტემებმა მოიგერიეს, თუმცა მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. 


ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირება, რომელიც უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს,  XIX საუკუნიდან  იღებს სათავეს. მათ შორის არსებული კონფლიქტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი დაპირისპირებაა, რომელსაც  უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ეწირება. 2008 წელს მათ შორის ურთიერთობა უფრო გამწვავდა და ნამდვილ ომში გადაიზარდა. მრავალი წლის განმავლობაში მხარეები ვერ თანხმდებიან კონფლიქტის დასასრულის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რის გამოც ახლო აღმოსავლეთის ამ კონფლიქტმა საერთაშორისო საზოგადოებისა და სისტემის წამყვანი სახელმწიფოებისა თუ ორგანიზაციების ყურადღება დიდი ხანია მიიპყრო.  გაეროს, ევროსაბჭოსა და აშშ-სთვისაც  კი გადაუჭრელ ამოცანად იქცა ნახევარსაუკუნოვანი დაპირისპირების აღმოფხვრა და  რეგიონში მშვიდობის დამყარება.

 

ეს 2012 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა პალესტინელებმა მიზანში თელავივი ამოიღეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ  პალესტინა გააფრთხილა, რომ თუ სარაკეტო თავდასხმები არ შეწყდება, ის სახმელეთო ოპერაციისთვის რეზერვისტების გამოძახებას დაიწყებს.

 

„ისრაელის სახელმწიფო სიმშვიდისა და უსაფრთხოების აღსადგენად ოპერაციას აწარმოებს. ჩვენ არ შევეგუებით ქალაქებზე სარაკეტო იერიშებს, ამიტომ მე გავეცი ბრძანება გავაფართოოთ არმიის მიერ წარმოებული ოპერაცია, რომელიც ჰამასის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ჩვენ არ მივისწრაფვით ომისკენ, თუმცა ჩვენი მოქალაქეებისა და შვილების სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

 

სამხედრო  იერიშებს წინ უძღოდა ღაზას სექტორის მიმართულებით 130-მდე რაკეტის გაშვება, რასაც პალესტინის მხრიდან, დაახლოებით, 24 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ჰამასის 5 მებრძოლი. პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა საერთაშორისო საზოგადოებას დახმარება ტელემიმართვით სთხოვა:

 

„ის, რაც ღაზას სექტორში, დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში ხდება, არ არის ომი ორ არმიას შორის. პალესტინელები უაიარაღო ხალხია, რომლებიც ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ. დროა საერთაშორისო საზოგადოებამ და უშიშროების საბჭომ აიღოს პასუხისმგებლობა და ჩვენი ხალხის დაცვის გარანტიები შექმნას,“ - განაცხადა მაჰმუდ აბასმა.

 

ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშების განხორციელებას ამერიკის შეერთებული შტატები გმობს. აღნიშნულის შესახებ საგანგებო განცხადება თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯოშ ერნესტმა გააკეთა.

 

„ვგმობთ სარაკეტო იერიშებს ისრაელის წინააღმდეგ. ღაზას სექტორის ტერორისტული ორგანიზაციები მიზანში რიგით მოქალაქეებს იღებენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელის უფლებას დაიცვას თავი ამგვარი იერიშებისგან,“ - განაცხადა ჯოშ ერნესტმა.

 

ისრაელის ავიაშეტევების შედეგად ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. პალესტინის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაღუპულთა შორის უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, 560-მდე ადამიანი კი დაჭრილია.

 

ამასთან, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, აშშ მზად არის შუამავლის როლი შეასრულოს ისრაელსა და პალესტინელ „ბოევიკებს“ შორის ცეცხლის შეწყვეტაში.
„აშშ მზად არის ხელი შეუწყოს მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტას, 2012 წლის ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დაბრუნების ჩათვლით“ - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ისრაელის განცხადებით, ოპერაცია      „უძლეველი კლდის“ დაწყებიდან დღემდე, ისრაელმა ღაზას სექტორიდან გამოშვებული 500-მდე რაკეტა ჩამოაგდო, მათ შორის უმრავლესობა ანტისარაკეტო სისტემა „რკინის გუმბათის“ მეშვეობით.

 

ძალადობის შეჩერების აუცილებლობაზე ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა. 

 

„უკიდურესად შეშფოთებულები ვართ იმ ძალადობით, რომელშიც მონაწილეობენ ისრაელის ძალები და ჰამასი. მოხდა სარაკეტო შეტევები და მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ გაიაზროს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და უარი თქვას ძალადობის ამ სპირალზე. საქართველო არ არის შორს ამ რეგიონიდან და ეს კითხვა მართებულად არის დასმული,“ - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მინისტრთან ერთად ეკონომიკური დიპლომატიის შესახებ სემინარი გახსნა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს, პრობლემის შექმნის შემთხვევაში, შეუძლიათ, საქართველოს საელჩოს და საკონსულოებს მიმართონ, ასევე, ისარგებლონ საგარეო უწყების ცხელი ხაზით. 

 

„ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ჩვენს საელჩოსთან და საკონსულოსთან. ჯერჯერობით, მადლობა ღმერთს, არაფერი ცუდი ჩვენს მოქალაქეებს არ შეხვედრიათ და შესაბამისად, არანაირი შეტყობინება არ მიგვიღია იქიდან რაიმე საშიში მდგომარეობის გამო, მაგრამ საელჩო და საკონსულო არის მუდმივი მუშაობის პროცესში და ყველა მოქალაქეს, ვისაც სადმე რაიმე დაბრკოლება შეექმნება, შეუძლია მიმართოს საელჩოს და საკონსულოს, გარდა ამისა, რა თქმა უნდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზს და რეაგირება იქნება მყისიერი,“ - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია