დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქართული სასამართლო გამჭვირვალობის სტანდარტებს არღვევს?
ქართული სასამართლო გამჭვირვალობის სტანდარტებს არღვევს?
ავტორი: ცოტნე გაბადაძე
სულ ნანახია 2212
ავტორი:
ცოტნე გაბადაძე
მსგავსი სიახლეები

4 ივლისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-მ მიმდინარე გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის მეორე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ასახული მონიტორინგის პერიოდი მოიცავს 2013 წლის ივლისიდან 2014 წლის მაისამდე 11 საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომებს.

 

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, დამკვირვებლები ესწრებოდნენ იმ სასამართლო სხდომებს, სადაც რვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის - ივანე მერაბიშვილის, გიგი უგულავას, ნიკანორ მელიას, ბაჩანა ახალაიას, დათა ახალაიას, ნიკა გვარამიას, მეგის ქარდავას და ცეზარ ჩოჩელის - საქმეები იხილებოდა. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესების ნაწილი უკვე დასრულებულია და საქმეებზე საბოლოო განაჩენებია გამოტანილი, თუმცა ანგარიშმა ასევე მოიცვა საქმეები, რომელთა განხილვა ამჟამადაც მიმდინარეობს. მაგალითად, ვანო მერაბიშვილის სამი საქმიდან ორი დასრულებულია, ორივე საქმეში ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი, ერთი საქმე ამჟამად მიმდინარეობს. ბაჩანა ახალაიას ხუთი საქმიდან სამი დასრულებულია, მათგან ორ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგა, ერთზე კი - გამამტყუნებელი. ამ უკანასკნელ საქმეზე ის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა. თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარეობს ოთხი საქმე. მეგის ქარდავას წინააღმდეგ არსებული საქმეებიდან ჩვენი მონიტორები ორს აკვირდებოდნენ. ორივე საქმეში მეგის ქარდავა დამნაშავედ სცნეს.

 

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს, მონიტორინგმა  ზოგადი ტენდენციები გამოავლინა. მაგალითად, წინა მონიტორინგის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესებულია პროცესებზე პროკურატურის წარმომადგენელთა გამოსვლები. მათი პოზიცია ზოგ შემთხვევაში გაცილებით არგუმენტირებული იყო. წინა მონიტორინგის პერიოდისგან განსხვავებით, ბრალდება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე არ არის დაფუძნებული. საქმეთა ნაწილზე პროკურატურას სხვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებებიც მოჰყავდა.

 

ასევე, ზოგ შემთხვევაში სასამართლოთა შენობებში ვერ ხერხდებოდა მოწმეების განცალკევება. ამის შედეგად ერთ საქმეზე დაბარებული რამდენიმე მოწმე სხდომის დაწყებას დერეფანში ერთად ელოდებოდა და მათ კომუნიკაციის შესაძლებლობა ჰქონდათ. მონიტორები ხშირად აფიქსირებდნენ, რომ მოწმეები დერეფანში ერთმანეთს ესაუბრებოდნენ.

 

მონიტორინგის პერიოდში ვრცელდებოდა მაღალი თანამდებობის პირთა განცხადებები, რომლებიც პირდაპირ არღვევდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციას. როგორც ორგანიზაცია აცხადებს, ასეთი შემთხვევები შესაძლოა სასამართლოზე არაპირდაპირ ზეწოლად შეფასდეს. პროცესების მიმდინარეობისას პოლიტიკოსები საქმეთა პოლიტიზირებას ცდილობდნენ, რასაც შეეძლო არაპირდაპირ გავლენა მოეხდინა მოსამართლეებზე.

 

რაც შეეხება ცალკეულ საქმეებს, ორგანიზაცია რამდენიმე გამოკვეთილ გარემოებას აღნიშნავს. მაგალითად,  ვანო მერაბიშვილის და გიგი უგულავას საქმეებში პროკურატურის რამდენიმე მოწმე თავად იყო ბრალდებული და მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა. თუმცა, ამ მოწმეთაგან ზოგიერთის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მათი ბრალდების მხარის მოწმედ გამოსვლის პერიოდში შეწყდა. ამ მოწმეებმა ჩვენებებს ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ მისცეს.

 

რამდენიმე სხდომაზე პროკურორები პროცესის უსაფუძვლოდ გაჭიანურებას სხვადასხვა მიზეზის გამო ცდილობდნენ (მაგალითად, გიგი უგულავას და ბაჩანა ახალაიას საქმეები). ერთ შემთხვევაში პროცესის გაჭიანურება დაცვის მხარემ სცადა.

ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ წარმოებულ სამ სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნული მოსამართლეები (ბესიკ ბუგიანიშვილი, დავით მგელიაშვილი და გიორგი დარახველიძე) ამ საქმეების განხილვამდე მცირე ხნით ადრე, სხვადასხვა სასამართლოებიდან ერთსა და იმავე დღეს გადმოიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ  ასეთი პრაქტიკა არ პასუხობს გამჭვირვალობის სათანადო სტანდარტებს და სასამართლოში საქმეთა განაწილების სისტემის ხარვეზიანობაზე მიუთითებს.

 

როგორც მონიტორინგშია აღნიშნული, გიგი უგულავას სასამართლომ სხდომაზე მისი არყოფნისას მერის უფლებამოსილება შეუჩერა. მართალია, სასამართლო უფლებამოსილია ასეთი შუამდგომლობა მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილოს, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა და ის პირდაპირი არჩევნებით არჩეულ თბილისის მერს ეხებოდა, უმჯობესი იქნებოდა, მერის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ შუამდგომლობა მხარეთა  თანდასწრებით  განხილულიყო და დაცვის მხარეს საკუთარი არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა მისცემოდა.

 

ბაჩანა ახალაია თითქმის ერთი წლის განმავლობაში იყო დაპატიმრებული, თუმცა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ არსებობდა. მართალია, ეს კანონის დარღვევას არ წარმოადგენს, რაც, ერთი მხრივ, კანონმდებლობის ხარვეზზე მიუთითებს და, მეორე მხრივ, ბადებს ეჭვს, რომ ბრალდების მხარეს შეეძლო ეს ხარვეზი ბოროტად (ბრალდებულის ხანგრძლივად პატიმრობაში დატოვებისთვის) გამოეყენებინა.

გარდა ამისა, მონიტორინგში აღნიშნულია, რომ გამოიკვეთა მოწმე, რომელიც სხვადასხვა თანამდებობის პირის წინააღმდეგ აძლევდა ჩვენებას. მაგალითად, ივანე მერაბიშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა პირმა, რომელიც ბაჩანა ახალაიას საქმეშიც ფიგურირებდა მოწმედ. სწორედ ამ ადამიანს ახალაიას ერთ-ერთ პროცესზე ჩვენების მიცემისას ხელის გულზე დაწერილი ინფორმაცია აღმოუჩინეს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია