დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველო-რუსეთი. საქმე ?1. განაჩენი საქართველოს სასარგებლოდ
საქართველო-რუსეთი. საქმე ?1. განაჩენი საქართველოს სასარგებლოდ
ავტორი: ცოტნე პაატაშვილი
სულ ნანახია 2019
ავტორი:
ცოტნე პაატაშვილი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივ გაძევებას უკავშირდებოდა, გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა.

მოსამართლემ წაიკითხა გადაწყვეტილების მხოლოდ დასკვნითი ნაწილი. სრული ვერსია გამოქვეყნდება სასამართლოს საიტზე. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შვიდწლიანი განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება ღია სხდომაზე გამოაცხადა. სასამართლოს დიდმა პალატამ  გადაწყვეტილება მხარეების საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლების თანდასწრებით გამოაცხადა. საქართველოს სახელით გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჩაიბარა. აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფოს ინტერესებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იცავდა. რუსეთის მხრიდან გადაწყვეტილებას რუსეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

2007 წლის 26 მარტს საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი შეიტანა. საჩივარი უკავშირდება რუსეთის მიერ 2006 წლის შემოდგომაზე გატარებულ სადამსჯელო პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების დევნასა და შევიწროებაზე და მიზნად ისახავდა ქვეყნიდან მათ მასობრივ გაძევებას.

 

რუსეთის მიერ განხორციელებული მასობრივი დევნა შეეხო ათასობით ადამიანს. საჩივარში საილუსტრაციოდ მოყვანილი იყო 130-მდე ქართველის ინდივიდუალური შემთხვევა. 2009 წლის 15 დეკემბერს იმ პალატამ, რომელიც საქმეს იხილავდა, საჩივრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქმე განსახილველად სასამართლოს დიდ პალატას გადასცა.

 

2011 წლის 31 იანვრიდან 2011 წლის 4 თებერვლამდე დიდი პალატის 17 მოსამართლის წინაშე გაიმართა მოწმეთა დაკითხვა. აღნიშნული პროცედურის ფარგლებში დაიკითხა მხარეთა მიერ წარდგენილი 10-10 მოწმე. 2012 წლის 13 ივნისს გაიმართა ბოლო საჯარო სხდომა და პროცედურა დაიხურა. ბოლო სხდომის შემდეგ გამართულ თათბირზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება.

 

იუსტიციის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 2006 წელს დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი და საქართველოს სახელმწიფომ ეს დავა გამარჯვებით დაასრულა. ამასთან, გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა კოორდინირებულ პოლიტიკას ქართველების წინააღმდეგ დაკავებისას, დაპატიმრებისას და მასობრივად ქვეყნიდან გამოძევებისას. შესაბამისად, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე ოქმის მეოთხე მუხლი; დაკავებისა და დაპატიმრების დროს ქართველები დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ, რითაც დაირღვა მე-3 და მე-5 მუხლები.

 

როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, რაკი ამდენი დარღვევა დადგინდა, რუსეთს აქვს სამართლებრივი ვალდებულება, კომპენსაცია გადაუხადოს საქართველოს მისი მოქალაქეების უფლებების დარღვევისთვის, კომპენსაციის ოდენობაზე შესათანხმებლად საქართველოს და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს 12-თვიანი ვადა მიეცათ.

 

„მე მინდა, ყველა იმ ქართველს, რომელიც გახდა დამამცირებელი მოპყობის მსხვერპლი, მივულოცო ეს გამარჯვება და ვუთხრა, რომ ევროპულმა სასამართლომ მათი უფლებები დაიცვა“ განაცხადა  თეა წულუკიანმა.

 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტიც და ყველა ადამიანს, ვინც ამ საქმეში 7 წლის განმავლობაში იყო ჩართული, მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროპულ სამართალს თავისი ძალა აქვს.

 

„მინდა კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნო იმ ადამიანებს, ვინც ამ ძალადობის მსხვერპლი იყო მაშინ და ეს გადაწყვეტილება მათაც მივულოცო. ბუნებრივია, ამ გამარჯვების კონკრეტული შედეგების მოპოვებას დამატებითი პროცედურები სჭირდება. ეს შესაბამის სარჩელებს და განხილვებს გულისხმობს. ბუნებრივია, ჩვენ ამ პროცესებს გავაგრძელებთ, რომლის შედეგად ის ადამიანები, ვინც რუსეთისგან იზარალა, ევროპულ სამართალს მიიღებენ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძის თქმით, ამ გადაწყვეტილების შესრულებისთვის 12 თვეა მოცემული და ამ პერიოდში საქართველოსა და რუსეთის იუსტიციის სამინისტროები უნდა შეთანხმდნენ კომპენსაციის ოდენობაზე.

 

„სულაც არ მგონია, რომ ეს მარტივი იქნება. ერთია საემიგრაციო პოლიტიკა და მეორე ადამიანური მოპყრობა... იმაზეა ლაპარაკი, რომ ეს იყო საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური დევნა და მათ მიმართ არაადამიანური, შეურაცხმყოფელი მოპყრობა. ყველას გვახსოვს, როდესაც ქართველები სატვირთო თვითმფრინავებით ჩამოიყვანეს. ყველა ქვეყანა პატივს სცემს ერთმანეთის საემიგრაციო პოლიტიკას, მაგრამ არაადამიანური, მიზანმიმართული მოპყრობა და ადამიანის უფლებების დარღვევა არის აბსოლუტურად სხვა საკითხი,“ - განაცხადა მინისტრმა ღია მმართველობის ფარგლებში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. მისივე თქმით, თუ რუსეთი სასამართლოს მიერ დაკისრებულ ვალდებულებას არ შეასრულებს, სასამართლოს გააჩნია ბერკეტები იმისთვის, რომ შემდეგი ნაბიჯები განახორციელოს.

 

„ჩემი ღრმა რწმენით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან დიდი მოვლენაა. საქართველოს მთავრობამ, პირველად ისტორიაში რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში რაღაცაში მოუგო. ეს რაღაც არ არის ევროპული სასამართლოს მხრიდან რუსეთის მიერ ერთი მუხლის დარღვევის აღიარება. ეს არის ძალიან სერიოზული რამ, ვინაიდან საერთაშორისო სასამართლომ აღიარა და დაადგინა, რომ რუსეთის პოლიტიკა და პრაქტიკა ევროპულ სტანდარტებთან მიმართებაში შეუსაბამოა“ - ამგვარად შეაფასა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელმა, ცნობილმა უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია