დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი სერჟანოვი 75 წლისაა
სულ ნანახია 1706
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ქუთაისის მდიდარი სპორტული ცხოვრების ისტორიას ღირსეული ადამიანების მთელი გალერეა ამშვენებს, რომლებმაც მრავალწლიანი მუხლჩაუხრელი და პატიოსანი შრომის შედეგად ღირსეული კვალი დაამჩნიეს ჩვენი ქალაქის მრავალსაუკუნოვან სისხლსავსე სპორტულ ცხოვრებას.

 

ერთ-ერთი მათგანია საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი, ღირსების ორდენის კავალერი, ქუთაისისა და სრულიად იმერეთის მხარის სპორტული ცხოვრების მე-20 საუკუნეში აღიარებული ერთ-ერთი წარჩინებული მუშაკი და მოღვაწე გიორგი სერჟანოვი, რომელსაც ამ დღეებში დაბადებიდან 75 წელი უსრულდება.

 

ჯერ კიდევ 60 წლის უკან ქუთაისში დაბადებული და აღზრდილი ნიჭიერი მოჭადრაკე წარმატებით ასპარეზობდა სხვადასხვა რანგის საქალაქო, რესპუბლიკურ, საკავშირო  და საერთაშორისო მასშტაბის სპორტულ  ღონისძიებებში.

 

ამის შემდეგ ნუ გაგიკვირდებათ, რომ ქალაქის სპორტკომიტეტის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ნიჭიერი მოჭადრაკე ქალაქის საჭადრაკო-საშაშო კლუბის დირექტორად რომ დანიშნა და შეიძლება ითქვას, სული შთაბერა მოყვარული მოჭადრაკეების მონაწილეობას საქალაქო სპორტულ ღონისძიებებში.

 

1967 წელს იუბილარი სათავეში ჩაუდგა საქალაქო სპორტკომიტეტის სპორტნაგებობათა სამმართველოს და თითქმის ოთხი ათეული წლის მანძილზე მისი ხელმძღვანელი იყო.

 

დღეს ქართული სპორტის ამაგდარს ეამაყება, რომ მისი უშუალო მონაწილეობით პრაქტიკულად წყდებოდა ქალაქის ურთულესი სპორტული ობიექტების კეთილმოწყობისა და მშენებლობის საკითხი. რა თქმა უნდა, ყველაფრის თავი და თავი მაშინდელი საქალაქო სპორტკომიტეტის თავმჯდომარეები იყვნენ, რომლებიც ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით წყვეტდნენ უმთავრეს საკითხებს.

 

70-იან წლებში ჩატარებული რეკონსტრუქციის  სამუშაოებით   კეთილმოეწყო ქალაქის ცენტრალური სტადიონი, რომელიც იმდროინდელი მოთხოვნილების ყველა ნიუანსებს აკმაყოფილებდა და ღირსეულად მასპინძლობდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში მოასპარეზე უძლიერეს საკლუბო გუნდებს.

 

იმ ხანებში იყო საფუძველი ეყრებოდა ქუთაისში სპორტის ახალ სახეობას, როგორიც რაგბია.

მაშინდელი საქალაქო სპორტკომიტეტის ხელმძღვანელობის ძალისხმევით და გიორგი სერჟანოვის დაუღალავი შრომით, მომავალში საქვეყნოდ ცნობილმა სარაგბო გუნდმა „აია“-მ კეთილმოწყობილი სპორტული ბაზა მიიღო.

 

ამან კი განაპირობა, რომ ლეგენდარულმა „აია“-მ საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონმა და ორგზის პრიზიორმა, ასევე საკავშირო თასის ორგზის მფლობელმა ღირსეულად დაიმკვიდრა ადგილი საბჭოთა სპორტის ელიტაში.

 

რამდენი რამ გაკეთდა იმ პერიოდში იმისათვის, რომ ქუთათურ სპორტსმენებს საუკეთესო საწვრთნელი და საასპარეზო სპორტული ბაზები ჰქონოდა სპორტის სხვადასხვა სახეობებში. მიუხედავად იმისა, რომ ძნელი იყო იმ პერიოდში სპორტის სფეროში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის კეთილმოწყობა, ისიც კარგად მახსოვს ქალაქის ხელმძღვანელ ორგანოებში, საქართველოს სპორტკომიტეტსა, საქართველოს მინისტრთა საბჭოში, თუ საამშენებლო ორგანიზაციებში როგორ დადიოდა კარდაკარ, იღლიაში დოკუმენტებით ამოჩრილი და დიდი ძალისხმევით იცავდა მიტანილ პროექტებს.

 

მისი უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა საცურაო სპორტული კომპლექსი, საჭადრაკო კლუბი „მაია“, საცხენოსნო და სახანძრო გამოყენებითი სპორტის სპორტული ბაზები, დაიგო სინთეტიკური საფარით ბალახის ჰოკეის მოედანი და მძლეოსნობის სარბენი ბილიკები ცენტრალურ სტადიონზე.

 

მაგრამ, ახლა სულ სხვა კუთხით მინდა გავაცნო გაზეთის მკითხველს ჩვენი იუბილარი. თითქმის 43 წლის წინ თბილისში მიმდინარეობდა საქართველოს მეხუთე სპარტაკიადის პროგრამით გათვალისწინებული მძლეოსანთა ასპარეზობა. ჩვენს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ვაჟთა შორის 200, 400, 800 და 1500 მეტრზე რბენაში, აგრეთვე ხტომებსა და ტყორცნებში გამარჯვებულთა შორის დიქტორი რუსი გვარის მძლეოსნებს ასახელებდა და თან მიუთითებდა, რომ ისინი ქუთაისიდან არიანო, კარგად ვიცოდი, რომ ისინი არცერთი ქუთაისელი არ იყო, ყველაფერი ეს გიორგი სერჟანოვის ფანდი გახლდათ. საქმე იმაშია, რომ საბჭოური შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილებში, რომლებიც განლაგებული იყვნენ ამა თუ იმ ქალაქის და რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მოსამსახურე სპორტსმენებს უფლება ჰქონდათ დაეცვათ იმ ქალაქის და რესპუბლიკის სპორტული ღირსება, სადაც ეს სამხედრო ნაწილები იყო დისლოცირებული. ასე რომ, ჩვენი წერილის გმირის დამსახურებაა სახელოვანი სპორტსმენების ქუთაისში განთავსებულ სამხედრო ნაწილებში დროებით მათი გადმოყვანა.

 

რაც მთავარია, ჩვენს იუბილარს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა თავდაცვის სამინისტროში შემავალ ყველა სამხედრო ნაწილების ხელმძღვანელობასთან და მათი მეშვეობით იმ დროისათვის სახელოვანი სპორტსმენები, საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდის წევრები ლენინგრადიდან, სტალინგრადიდან, ვლადივასტოკიდან, ლვოვიდან, როსტოვიდან და სხვა ქალაქებიდან, რომლებიც თავიანთ რესპუბლიკებში ?1 სპორტსმენები იყვნენ. საკავშირო თავდაცვის მინისტრის განსაკუთრებული ბრძანებით ჩამოჰყავდათ ქუთაისში და ისინი ასპარეზობდნენ საქართველოს და საბჭოთა კაშვირის ხალხთა სპარტაკიადებში, ასე მოხვდნენ ქუთაისში ცნობილი მოკრივეები ვიქტორ ულიანიჩი, ბენიამინ დანშინი და ივანე გოროდილოვი, მძლეოსნები ვლადიმერ მოსკალენკო და სერგეი ტოპილინი, აგრეთვე სხვა მრავალი, რომლებმაც საკავშირო ხალხთა სპარტაკიადაზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაიმშვენენ თავიანთი გულ-მკერდი, ხოლო საქართველოს სპორტულ ყულაბაში ოქროს ქულები მოჰქონდათ.

 

იმ პერიოდში საქართველოს სპარტაკიადაზე მეორე ადგილისათვის უშეღავათო ბრძოლა იყო გაჩაღებული აფხაზეთის, აჭარისა და ქუთაისის გუნდებს შორის. საბედნიეროდ, ჩვენი ქალაქის წარგზავნილებმა ღირსეულად დაიკავეს  მეორე ადგილი ქალაქ თბილისის შემდეგ.

 

ბუნებრივია, აფხაზეთის სპორტკომიტეტის მესვეურები განაწყენებული იყვნენ გიორგი სერჟანოვის საქმიანობით და მათი მინისტრთა საბჭო საჩივრით შევიდა საკავშირო თავდაცვის სამინისტროში, თითქოს ჩვენმა იუბილარმა ეს სპორტსმენები უნებართვოდ შემოიყვანა საქართველოში. საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროდან მოსული პასუხი მოკლე და ლაკონური იყო: „ჯარის დისლოცირება საიდუმლოა და ეს საკითხი არ ექვემდებარება მის გაშიფვრას“. ამის შემდეგ აფხაზეთის სპორტკომიტეტის მაშინდელ თავმჯდომარეს, ბატონ ვალერი ლოგუას არაერთხელ უთქვამს - გიორგი სერჟანოვსო საკავშირო თავდაცვის მინისტრთანაც აქვს მოგვარებული ურთიერთობაო. ასეთი „შანსი პეპელა“ გახლავთ ჩვენი იუბილარი.

ფასდაუდებელია გიორგი სერჟანოვის დამსახურება სახელოვანი მოჭადრაკეების, მსოფლიო ხუთგზის ჩემპიონის და მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ცხრაგზის ლაურეატის მაია ჩიბურდანიძის,  საერთაშორისო დიდოსტატების - თამაზ  და გიორგი გიორგაძეების, სოფიკო ტყეშელაშვილის, ვალერი გაფრინდაშვილის, ნანა ძაგნიძის, ინგა ჭარხალაშვილის, დავით ბენიძის, საერთაშორისო ოსტატების - თეა ლანჩავას, სოფიკო ნიკოლაძის, ბესარიონ ხეცურიანის, ხვიჩა სუპატაშვილის, ნათია აფხაიძის, ვალერი მანაგაძის და სხვების წარმოჩენისა და მათი დაოსტატების საქმეში. წლების მანძილზე მისი ხელმძღვანელობით ქალაქის მოჭადრაკეთა ნაკრები გუნდი წარმატებით ასპარეზობდა საქართველოს სპარტაკიადებსა და სხვა რანგის ტურნირებში. სახელოვან მწვრთნელებთან ერთად გიორგი სერჟანოვის დიდი დამსახურებაა, რომ პოპულარულმა საკავშირო საჭადრაკო პრიზმა „თეთრმა ეტლმა“ სამუდამოდ ბინა ჩვენს ქალაქში დაიდო.

 

ჩვენი იუბილარი გიორგი სერჟანოვი დღესაც ახალგაზრდულად გამოიყურება თავის ასაკთან შედარებით, შრომობს ჭაბუკური შემართებით და მუდამ საქმიან ფუსფუსშია.

 

ქალაქის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური და სპორტული სამყარო 75 წლის იუბილეს ულოცავს გიორგი სერჟანოვს და დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უსურვებს.

 

ზურაბ ჯავახაძე

 

 

ქუთაისის სპორტის მუზეუმის დამაარსებელი, საქართველოს კულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი, ღირსების ორდენისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენის კავალერი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია