დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ახალი მოწვევის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე და დეპუტატთაგადანაწილებული მანდატები ქუთაისში
ახალი მოწვევის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე და დეპუტატთაგადანაწილებული მანდატები ქუთაისში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 2459
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

15 ივნისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. ქვეყნის  მოსახლეობა საკუთარი ქალაქის მერს და მუნიციპალიტეტის გამგებლებს პირდაპირი წესით ირჩევდა.

 

თუმცა, თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი მხოლოდ 1 485 372-მა ადამიანმა დააფიქსირა. ამომრჩეველთა უპრეცენდენტო სიმცირე დაფიქსირდა ქუთაისშიც. 153 537 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ      43 000-მა მიიღო, რაც საერთო მონაცემების მხოლოდ 28%-ია, თუმცა არსებული მონაცემები საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ქუთაისი იმ 4 თვითმმართველ ქალაქთა რიცხვში აღმოჩენილიყო, რომლებიც არჩევნების მეორე ტურს გადაურჩა. მეორე ტური დაინიშნა თბილისშიც, ასევე საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში, რომელთაგანაც 4 იმერეთის რაიონია.

 

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა შოთა მურღულიამ ხმათა მხოლოდ 50,75% მიიღო. მეორე ადგილზე ქუთაისის ყოფილი მერი, „ნაციონალი“ გია თევდორაძე, 26,07%-ით გავიდა. ამომრჩეველთა 13,46%-მა დაუჭირა მხარი ქუთაისის ყოფილ მერს, თემურ შაშიაშვილს.

 

ქალაქის პირველობისთვის სულ 7 კანდიდატი იბრძოდა, რომელთაგანაც მხოლოდ სამმა გადალახა 5%-იანი ბარიერი.

 

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამომრჩეველთა სიმცირეს მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირებენ, „ნაციონალები“ და სხვა ოპოზიციური პარტიები „ოცნებების“ აუსრულებლობით გამოწვეულ იმედგაცრუებას. ამიტომაც „მეორე ადგილოსანმა“ თევდორაძემ „მეოცნებე“ მურღულიას გამარჯვება მიულოცა და დასძინა, რომ მას ბარიერი ძლივს გადაალახვინეს.

 

ასეა თუ ისე, ქუთაისმა ახალი მერი აირჩია, რომელიც პოსტს 3 წელი დაიკავებს. ქუთაისში აქტიურად განიხილებოდა მურღულიას თბილისში რეგისტრაცია, რის გამოც მან არჩევნებში  ხმა თბილისის მერობის კანდიდატს მისცა. ნაწილი ფიქრობდა, რომ ეს სულაც არ იყო ტრაგედია, თუმცა რადიკალურად განწყობილი ქუთაისელები მურღულიას თბილისში ჩაწერას არ პატიობენ, მათი განცხადებით, მურღულია ქალაქს უპატივცემულოდ მოექცა, ვინაიდან მის მოქალაქეობაზეც კი უარი თქვა.

არადა, ფაქტობრივი საცხოვრებელი არც თუ ისე გადამწყვეტი ფაქტორია ამ შემთხვევაში, რადგან ამომრჩეველთა 50,75%-მა მხარი დაუჭირა არა თბილისელ მურღულიას, არამედ  ქუთაისის კეთილდღეობას.

 

ახლადარჩეული შოთა მურღულია  მერის პოსტის დასაკავებლად ემზადება, ქალაქი კი ახალი საკრებულოს მოლოდინშია.

 

თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული სიების შედეგები თითქმის  მერების ხმათა ანალოგიურია.

 

ხმების 48,42% „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო; „ნაციონალურმა მოძრაობამ“  - ხმების 26,33%, მესამე ადგილზე 10,18-ით ბლოკი „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“ გავიდა,  4,96% ერგო „დავით თარხან მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, ხოლო მეხუთე ადგილზე მიღებული ხმების 4,62%-ით „ლეიბორისტული პარტია“ გავიდა.

 

 

საკრებულოს 25 მანდატიდან ათივე მაჟორიტარული მანდატი „ქართული ოცნების“ კანდიდატებს ერგოთ.

 

მურმან გუბელაძე - ავტოქარხანა;

ნატო ქათამაძე - გამარჯვება;

ბექა ყანჩელი - ავტომშენებელი;

ზაზა ლომინაძე - უქიმერიონი;

თეიმურაზ ნადირაძე - ქალაქ-მუზეუმი;

ნიკოლოზ ლატარია - საფიჩხია;

ლელა ქელბაქიანი - კახიანოური;

კახაბერ დვალიშვილი - ძელქვიანი;

ირმა პეტრიაშვილი - ნიკეა;

ლაშა გვენეტაძე - სულხან-საბა.

 

 

პროპორციული სიით 7 ან 8 დეპუტატის შეყვანას შეძლებს მმართველი გუნდი, რომელთა ვინაობაც საბოლოო შედეგების მიხედვით გახდება ცნობილი.

4 მანდატი მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“. საკრებულოში კვლავ მოხვდებიან და ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შექმნიან დავით გოგისვანიძე, ბესიკ ბრეგაძე, გია უკლება და ამირან ძოწენიძე. გოგისვანიძე და უკლება წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატები იყვნენ, ბესიკ ბრეგაძე კი მცირე ხნით ქუთაისის მერის პოსტს იკავებდა, რომელსაც საკრებულოს იმჟამინდელმა უმრავლესობამ იმპიჩმენტი გამოუცხადა. რაც შეეხება ამირან ძოწენიძეს, მას ჯერ ქუთაისის ვიცე-მერის, შემდგომ კი იმერეთის ვიცეგუბერნატორის პოსტი ეკავა.

 

ქუთაისის საკრებულოში ორი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“. სიის პირველი და მეორე ნომრით დეპუტატის მანდატის მფლობელები  დავით წიტაიშვილი და ვახტანგ გაბუნია გახდნენ, თუმცა არაა გამორიცხული „ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია“-ს მხოლოდ ერთი მანდატი ერგოს.

 

„პატრიოტთა ალინსს“ მხოლოდ საკრებულოს ერთი მანდატი ერგო. ალიანსის სახელით საკრებულოში დავით ჯანაშია შევა.  „ლეიბორისტული პარტიის“ კუთვნილ მანდატს კი სამსონ გუგავა დაიკავებს.

 

საკრებულოში ვერ მოხვდა ვერცერთი დამოუკიდებელი დეპუტატი. რაც შეეხება გენდერულ ბალანსს, დაცული არც ამჯერად იქნება, თუმცა დეპუტატ ქალთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. 25-წევრიან საკრებულოში სამი ქალი დეპუტატი შევიდა.

 

მანდატის გარეშე დარჩა „არასაპარლამენტო ოპოზიციაც“. ქუთაისელთა არჩევანით უკმაყოფილო სიის პირველი ნომერი გოგი წულაია ხელისუფლებას „ამოთხრით“ კვლავ ემუქრება.

 

„თუ გგონიათ, საკრებულოში ჩემი არშეშვებით დამთავრდება ყველაფერი, ძალიან ცდებით. გარედან ვიბრძოლებ და მაინც ამოვთხრი,“ - აცხადებს წულაია.


უკვე აქტიურად განიხილება საკრებულოს თავმჯდომარის ვინაობა. ამ დროისთვის მხოლოდ ორი კანდიდატი ხდება საჯარო. ესენი „რესპუბლიკელი“ ნატო ქათამაძე და ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი დავით დვალია, თუმცა ისინი ინფორმაციის დაზუსტებისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებენ.

 

ქუთაისის მე-5 მოწვევის საკრებულო მუშაობას ქუთაისის საოლქო კომისიის მიერ გამოცხადებული საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყებს.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია