დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რისთვის იხდიდა სასჯელს კოტე ლომიძე და აპირებს თუ არა მერობისთვის ბრძოლას?
რისთვის იხდიდა სასჯელს კოტე ლომიძე და აპირებს თუ არა მერობისთვის ბრძოლას?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 3004
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

დიმიტრი კოპალიანი ადრე დაბრუნდა ქუთაისში,  მისი გამოცდილების ადამიანი   10 წელიწადში დასჭირდება ქალაქს, - ამბობს კოტე ლომიძე

 

ექსკლუზიური ინტერვიუ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელთან

 

კოტე ლომიძე ქუთაისის საზოგადოებამ  მიმდინარე წლის ივნისში გაიცნო,  როდესაც ქალაქის ახალარჩეულმა მერმა, დიმიტრი კოპალიანმა, იგი ვიცე-მერის პოსტზე წარადგინა, სოციალური საკითხების კუთხით. მაგრამ მოვლენათა უცნაური განვითარების გამო, ბოლო ორი თვის განმავლობაში ორჯერ დაინიშნა მერის მოვალეობის შემსრულებლად და ქალაქის თავის ფუნქციები  გადაიბარა. როგორც თავად აღნიშნავს, დაკისრებული მოვალეობისთვის  წარმატებით თავის გართმევა იყო იმის წინაპირობა, რომ მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა მეორედ ჩააბარეს.

სამთვიანი მუშაობის მიუხედავდ, კოტე ლომიძის მიმართ მრავალი კითხვა არსებობს. რას საქმიანობდა ვიცე-მერის თანამდებობაზე დანიშვნამდე, რა გეგმები აქვს და როგორ აფასებს ქუთაისში განვიათარებულ მოვლენენს, ამ და სხვა საკითხებზე  ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გაზეთ „P.S.“-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

კოტე ლომიძე: 1966 წლის 15 ივნისს ქუთაისში დავიბადე, მშობლები ქუთაისელები არიან, მყავს მეუღლე და ორი შვილი. 1989 წელს დავამთავრე მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე, ვსწავლობდი მოსკოვში, მსუბუქი მრეწველობის უნივერსიტეტში. მოსკოვშივე ვმუშაობდი  წინდების ქარხანაში ზეინკლად, მაგრამ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო დავბრუნდი.   რის     შემდეგაც, დავიწყე  მუშაობა           „საქინტურისტმშენში“,  ვიცე-პრეზიდენტად. მუშაობა მომიწია კერძო სტრუქტურებში, მქონდა კერძო ბიზნესი. ვარდების  რევოლუციის შემდეგ  გახლდით გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილე. შემდგომ  ნაძალადევის რაიონის    „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი, მაგრამ  2009 წლის მოვლენების დროს, მთელი ჩემი შემადგენლობით ოპოზიციაში გადავედი, ისე, რომ არ დავეკითხეთ არავის, ეს იყო ლევან გაჩეჩილაძის პოლიტიკური აქტიურობის პერიოდი.

ოპოზიციაში გადასვლის მიზეზი ბევრი რამ იყო, რაზეც ახლა არ ვისაუბრებ. რისკის ქვეშ დავაყენე ის ხალხი, ვისაც ჩემი სჯეროდა. აქციაზე სიტყვით გამოსვლისთანავე დამირეკა უცნობმა პირმა და დამემუქრა, რომ ჩემი საქციელის გამო, თვენახევარში საპყრობილეში ამოვყოფდი თავს და ასეც მოხდა. ზუსტად თვენახევარში, ფულის მითვისების ბრალდებით, მე და ჩემი უფროსი, მერაბ მაისურაძე, ოთხი წლით ციხეში გამოგვკეტეს. 25 სასამართლო პროცესი ჩატარდა, მოწმეები ვერ გვცნობდნენ, მაგრამ ჩვენი სიმართლე მაინც ვერ დავამტკიცეთ. წელიწადნახევარი გლდანის ციხეში ვიჯექით, შემდეგ კი რუსთავის მე-16-ე კოლონიაში გადაგვიყვანეს. პოლიტპატიმართა პირველ ათეულში ვირიცხებოდი. 13 იანვარს ამინისტირებულ 180 კაცთან ერთად გამოვედი, დამტკიცდა ჩემი უდანაშაულობა, რისთვისაც ნასამართლეობა მომეხსნა. ციხიდან გამოსვლისთანავე „ქართულ ოცნებაში“ გავწევრიანდი.

- ბატონო კოტე, ვისგან მიიღეთ შემოთავაზება ქუთაისის ვიცე-მერის თანამდებობა დაგეკავებინათ და ამდენწლიანი განშორების შემდეგ იცნობდით თუ არა ქალაქის პრობლემებს?

- გამოცდილების გამო შემომთავაზეს ეს თანამდებობა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიმყოფებოდი ქალაქში, ქალაქის პრობლემებს მეტ-ნაკლებად ვიცნობდი. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ უარესობისკენ დამხვდა შეცვლილი ყველაფერი. ბევრ სიბინძურეს აქვს ადგილი ამ ქალაქში, ადამიანები ერთმანეთს ატყუებენ, პატიოსანი ადამიანების დეფიციტიცაა ქუთაისში. ხელოვნურად ქმნიან პრობლემებს, ნუ მომთხოვთ დაკონკრეტებას, რადგან ბევრია უკანონობა და ეს ჩემი მხრიდან პოლიტიკური განცხადება იქნება.

- იმ დროის განმავლობაში, რაც მერის მოვალეობის შემსრულებლის თანმადებობა გიჭირავთ, არაერთი პრობლემის წინაშე დადექით, როგორ ფიქრობთ, რამდენად გაართვით თავი ამ გამოწვევებს?

- ჩემი მეგობრები იძახიან, რომ ძალიან კომუნიკაბელური ვარ. თუნდაც იმ აქციების დროს,  რაც მერიის წინ გაიმართა. მე, პირადად, ჩავედი მათთან და გავესაუბრე, მაშინ, როცა შემეძლო, ვიცე-მერისათვის დამევალებინა. მე მესმის ამ ხალხის პრობლემები, ამიტომ ვცდილობ, გამოსავალი ვიპოვო. რაც შეეხება მძღოლების თემას, ის  კონკრეტული ადამიანების მიერ იყო მართული, ქუთაისში მოჯადოებული წრეა, ერთ პრობლემას მოაგვარებ, მაშინვე მეორე აგიფეთქდება.

- აღნიშნულ თანამდებობაზე  ოთხ ნოემბრამდე რჩებით, რის შემდეგაც, შესაძლოა, კვლავ კონკურსი გამოცხადდეს, აპირებთ თუ არა კონკურსში მონაწილეობის მიღებას?

- ბევრი გამოწვევა დგას ჩემს წინაშე, გაბედული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, თუ ეს პრობლემები მოვაგვარე, ამ შემთხვევაში მივცემ თავს უფლებას, კონკურსში მივიღო მონაწილეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვიბრძოლებ ამ პოსტისთვის. ერთი შემიძლია გითხრათ, ქუთაისს არ ეყოლება მარიონეტული მთავრობა და მარიონეტი მერი. ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა საბინაო პრობლემაა, რომლის დაძლევასაც ვცდილობთ, ხალხი  ყველა სიკეთეს, განსაკუთრებით, არჩევნების შემდეგ იგრძნობს. ახლა რთული პერიოდია. სიტუაცია დალაგდება, უბრალოდ, უნდა გააქტიურდეს მოსახლეობა, ყველამ თავისი სამსახურით უნდა შეგვიწყოს ხელი, ადგილობრივი ბიზნესი უნდა გააქტიურდეს და მივიღებთ იმ ქუთაისს, რაც ეკადრება ასეთი ისტორიის ქალაქს. ვაპირებ, მოვიწვიო პროფესიონალები, რომლებიც ქვეყნიდან არიან გასულები, მათი მუშაობაც გამოადგება ქალაქს.

- თუმცა, ამერიკიდან დაბრუნებულმა დიმიტრი კოპალიანმა ადგილობრივ თვითმმართველობაში გუნდური მუშაობა ვერ შეძლო, რატომ არ მოხდა მისი პროფესიონალიზმის გამოყენება?

- დიმიტრი კოპალიანს არაჯანსაღი გარემო დახვა, მუშაობის საშუალება არ მიეცა, ბევრი გამოწვევაა ამ ქალაქში და ეტყობა დიმიტრის ადაპტაცია გაუჭირდა. მე ასეთი პატიოსანი ადამიანი, როგორიც დიმიტრი კოპალიანია, არ მინახავს, ის არის თავის საქმის პროფესიონალი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი ადგილი განათლების სისტემასა და მეცნიერებაშია, ის ამ სფეროდან უფრო გამოადგება ქალაქს, თუ შევძლებთ ამ ქალაქის ფეხზე დადგომას, კოპალიანის გამოცდილების მქონე ადამიანი 10 წელიწადში დასჭირდება ქუთაისს, ის ცოტა ადრე დაბრუნდა ქალაქში.

- ბატონო კოტე, 2013 წლის ქუთაისის ბიუჯეტის შესაძლო სეკვესტრის შესახებ ინფორმაცია აქტიურად ვრცელდება. როგორ ფიქრობთ, რა პრობლემების გამო დადგა ბიუჯეტის შეუსრულებლობის საკითხი?

- უბრალოდ, თვითონ ბიუჯეტის ფორმირება იყო არასწორო. მართალია ჩვენს ოპონენტებს სხვა წარმოდგენა აქვთ, მაგრამ ყველასთვის კარგად არის ცნობილი,  რა მეთოდებით ცდილობდა წინა მთავრობა ბიუჯეტის შევსებას, ეს ხდებოდა  ტერორით და დაშანტაჟებით, ამიტომ უხერხულია მათი შენიშვნები. რაც შეეხება ბიუჯეტის შესრულებას, მართლაც არის პრობლემები, ოქროს ორი თვე დავკარგეთ ჩვენ, რადგან არცერთი პროექტი არ ხორციელდება, დაგვიანებით გავიდა ქონება აუქციონზე, მაგრამ ვცდილობთ, იჯარაზე გატანით მოვიძიოთ თანხები და ბიუჯეტი შევავსოთ. იმედს არ ვკარგავთ, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტს შევავსებთ. უბრალოდ, დროში ვართ ხელშეშლილები. როდესაც ვსაუბრობ ბიუჯეტის არასწორად დაგეგმაზე, მხედველობაში მაქვს, თუნდაც,  მერიის სოციალური სამსახურის ბიუჯეტი, რომელიც თითქმის სრულად გაიხარჯა 5 თვეში და, ფაქტობრივად, 7 თვისთვის თანხები არ დაგვრჩა, მაგრამ მოვახერხეთ და სხვა სფეროდან მოვახდინეთ თანხების მოზიდვა, რათა სოციალურად დაუცველი არცერთი მოქალაქე ზამთრის პერიოდში პირველადი დახმარების გარეშე არ დარჩეს. ჩვენ შეძლებისდაგავარად ვეხმარებით ჩვენთან მოსულ ყველა გაჭირვებულ ადამიანს.

- რა პროექტების განხორციელებას გეგმავთ უახლოეს მომავალში?

- ჩვენთან თბილისიდან იყო დელეგაცია ჩამოსული და გვქონდა მსჯელობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის იაპონური ელექტრო ავტობუსებით ჩანაცვლებაზე. ქუთაისი იქნება ექსპერიმენტალური ქალაქი და პირველად ჩვენთან დამკვიდრდება აღნიშნული ტრანსპორტი, რომელიც არის ეკოლოგიურად სუფთა, არ მოიხმარს საწვავს და დენზე დაიტენება. მათი შენახვა 10-ჯერ იაფი ჯდება. არ მინდა იფიქროს ვინმემ, რომ ამით მძღოლებს რაიმე პრობლემა შეექმნებათ, პირიქით, მათ მუშაობა გაუადვილდებათ და გადასახადიც ნაკლები ექნებათ. სწორედ ისინი იმუშავებენ, რომლებიც ამჯერად მუშაობენ ქალაქის ტრანსპორტზე. რაც მთავარია, გაიაფდება მგზავრობის საფასური, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ამ დროისათვის, მხოლოდ იდეის დონეზეა და მოლაპარაკებები გრძელდება. ჩვენ გვაქს ცენტრალური ხელისუფლების იმედი, რომ ქუთაისში აღნიშნული პროექტი განხორციელდება. არაა გამორიცხული ელექტრო ავტობუსების შეძესაძენად ფული ადგილობრივმა ბიზნესმენებმაც ჩადონ. შესაძლებელია საქალაქო ტრანსპორტი მუნიციპალურ ტრანსპორტად გადაკეთდეს, რაც ტრანსპორტს მონოპოლიისგან გაათავისუფლებს, თუმცა, ეს მარტივი პროცესი არ იქნება. ქუთაისი პატარა ქალაქია და ყველამ კარაგად იცის, ვინ რას ფლობს, რამდენიმე პიროვნების ხელშია ქალაქის ტრანსპორტი. ერთ ადამიანს, დაახლოებით, 10 ხაზი აქვს, თუმცა ეს ადამიანები არ ჩანან. როგორც კი ხდება მათი ხაზის 15-17 პროცენტით გადაფარვა, ეგრევე გაფიცვა ხდება, უბრძანებენ მძღოლებს და ისინიც მუშაობას აჩერებენ. მათ ჰგონიათ, რომ ჩვენ არაფერი ვიცით. ჩვენთვის ყველაფერი ცნობილია, მაგრამ დაუწერელ კანონს ვიცავთ, რადგან გაფიცვები არ გვჭირდება და მძღოლებსაც ვუფრთხილდებით.

- აქვე მინდა გკითხოთ, როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელი და როგორც რიგითი მოქალაქე, ბოლო 10 წლის განმავლობაში ქალაქის 10 მერიდან, რომლის საქმიანობას შეაფასებდით მეტ-ნკლებად წარმატებულად?

- მიჭირს ვისაუბრო სხვების საქმიანობაზე, მაგრამ მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით, ფალიანის მერობის პერიოდს შევაფასებდი დადებთად, თუმცა, ზოგადად, ქუთაისს წარმატებული მერი არ ჰყოლია. კოპალიანის მუშაობას ვერ შევაფასებ, რადგან მას მუშაობის საშუალება არ მიეცა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია