დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს ხელისუფლება არასწორ პოლიტიკას ახორციელებს ნარკომომხმარებელთა მიმართ
საქართველოს ხელისუფლება არასწორ პოლიტიკას ახორციელებს ნარკომომხმარებელთა მიმართ
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 2274
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე

ჩემი რეპრესია, შენი რეგრესია

 

26 ივნისი ნარკოტიკებთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

 

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მოწინავე ქვეყნების გამოცდილების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევის ნაცვლად, ჯიუტად აგრძელებს რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას, რომლის ერთადერთი შედეგი ნარკომომხმარებელთა გაზრდილი რიცხვია, ნარკოდანაშაულის მატება, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის აყვავება და მომრავლებული, სიცოცხლისთვის გაცილებით საშიში ტოქსიკური ნარკოტიკია.

 

 

ზიანის შემცირების ქსელის წევრი ორგანიზაცია „ახალი გზა“ და მომხმარებელთა თვითორგანიზაცია „რუბიკონი“ წლებია, რაც საქართველოს მასშტაბით ნარკოტიკებთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლას აწარმოებენ.  მათი წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არასწორ პოლიტიკას ახორციელებს ნარკომომხმარებელთა მიმართ, რაც უფო მეტად ზრდის მომხმარებელთა რაოდენობას. მათი თქმით, ხელისუფლებას პრობლემის არსი გააზრებული არა აქვს.

 

ნარკომანია საქართველოში ერთ-ერთი უმთავრესი და გადაუჭრელი პრობლემაა.

რას აკეთებს სახელმწიფო ნარკომანიის პრობლემის აღმოსაფხვრელად, არსებობს თუ არა ქვეყანაში რეაბილიტაციის ცენტრები და ვის უნდა მივმართოთ ამ პრობლემასთან დაკავშირებით. რას აკეთებს საქართველო ნარკომომხმარებელთა რესოციალიზაციისათვის? როგორია საზოგადოების დამოკიდებულება მომხმარებელთა მიმართ? - აი, კითხვები, რაზეც სახელმწიფოს პასუხი უნდა ჰქონდეს...

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის, ირაკლი გამყრელიძის განცხადებით, რესოციალიზაციის სისტემა არ არსებობს საქართველოში.

 

„არ არსებობს არცერთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უშუალოდ რესოციალიზაციაზეა ორიენტირებული. ნაწილობრივ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებიც ამ კომპონენტს შეიცავს,  მაგრამ სახელმწიფო მიდგომა ნარკომომხმარებელთა რესოციალიზაციის მიმართ არ არსებობს. დღეს პრეცედენტული არის ერთი წლის წინ დაწყებული დანაშაულის პრევენციის და პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ განმეორებით, დანაშაულის პრევენციის პროგრამები, ჯერ ინერგება და მოცულობითად ძალიან დიდი არ არის, მაგრამ ისინიც ამ შედეგს იძლევა. იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, საქართველოში იმ პირთა დიდ ნაწილს, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში არიან, მათ აქვთ, ან ჰქონიათ ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები. ეს არის რთული სისტემა, იმიტომ, რომ რესოციალიზაციის სისტემა მიბმულია დასაქმებაზე, რომელიც, ზოგადად, პრობლემაა ქვეყანაში. ასევე მიბმულია მოტივაციის ინსტრუმენტებზე. ალბათ, ჩვენ ჯერ არ ვართ მზად იმისთვის, რომ სახელმწიფო დონეზე ასეთი მასშტაბური პროგრამები გვქონდეს. თუმცა, ამის ადვოკატირება  სპეციალისტების და ექსპერტების მხრიდან მიდის. აქტიური დისკუსიის საგანი იყო აღრიცხვიდან მოხსნის საკითხი, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაიწყო მარეგულირებელი და საკანონმდებლო ბაზის გადახედვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს საკმაოდ გართულებულია ნარკომანიით დაავადებული პირის, მომხმარებლის აღრიცხვიდან მოხსნის სისტემა და გვინდა, რომ ეს გამარტივდეს, რათა უფრო მოტივირებული იყვნენ ეს ადამიანებიც, რომ მოიხსნას ეს იარლიყი,“ - აცხადებს ირაკლი გამყრელიძე.

 

საქართველოს მასშტაბით, ნარკომომხმარებელთა დასახმარებლად რამდენიმე საშუალება არსებობს, თუმცა უმთავრესია მეტადონის ჩანაცვლების პროგრამა.

 

 მეტადონის ჩანაცვლების პროგრამის რამდენიმე ცენტრი არსებობს. იმერეთის რეგიონში კი ასეთი ერთადერთი ცენტრია, რომელშიც სხვადასხვა რაიონიდან საკმაოდ ბევრი მომხმარებელი დადის. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული ცენტრის პაციენტს თავდაპირველად, ერთჯერადად 220 ლარის გადახდა უწევს პროგრამაში ჩასართველად, ხოლო შემდეგი თვეების განმავლობაში - 110 ლარს იხდიან. ვინაიდან იმერეთის მასშტაბით აღნიშნული ცენტრი ერთადერთია, პროგრამაში ჩართულ ადამიანებს ყოველდღე სიარულში გაცილებით მეტი ხარჯი აქვთ, ვიდრე მკურნალობა უჯდებათ.

 

და მაინც რა არის მეტადონის პროგრამა?

 

მეტადონი ხანგრძლივი მოქმედების სინთეზური პრეპარატია, რომელიც პირველად  XX საუკუნის 60-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიყენეს. წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული იყო აზრი, რომ ნარკომანიის მკურნალობის ერთ-ერთი საშუალება იყო ნარკოტიკებისაგან  სრული თავშეკავება. ჩანაცვლების თერაპიის პრინციპი კი მდგომარეობს იმაში, რომ მეტადონის სისტემატურად მიღების ხარჯზე ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირი შეამცირებს სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას, ხოლო შემდგომში კი სრულებით უარს იტყვის მასზე.

 

მკურნალობის ხელმისაწვდომობის საკითხი საქართველოში, ზოგადად, პრობლემურია. სტაციონარული მკურნალობა, ჩანაცვლებითი თერაპია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გარკვეული კრიტერიუმების მქონე პირთათვის უფასოა, ზოგისთვის   თანაგადახდით. არის ასევე სხვა მიმართულებებიც, რომლებიც მკურნალობის შემდგომ მოტივირებულ პაციენტებს ეხმარება.

 

ფსიქოლოგ დავით ფორჩხიძის  განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოების პროგრესული ნაწილი დიდი ხანია მიხვდა, რომ ნარკოტიკების აკრძალვა არაეფექტურია. ყოველთვის ჩნდება ახალი ნარკოტიკი და ადამიანის ბუნებაში სულ არის სწრაფვა სასიამოვნოსაკენ. ამ გაგებით ნარკოტიკი და ალკოჰოლი ერთი და იგივეა.

 

„საქართველოში ნარკომომხმარებელთა დასახმარებლად რამდენიმე მეთოდი ხორციელდება, ერთ-ერთი ზიანის შემცირებაა. მომხმარებლისთვის წამლის სწრაფი აკრძალვა უშედეგოა, ამისთვის არსებობს მეტადონის პროგრამა. თუმცა, აქაც არის პრობლემა, როგორც თანხებთან დაკავშირებით, ასევე კონფიდენციალობის დარღვევის გამო.  წლების მანძილზე ვიმუშავეთ საქართველოში და საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ მეტადონის პროგრამის გადასახადი შარშან 30%-ით შემცირდა,“ - ამბობს დავით ფორჩხიძე.

 

მისი თქმით, არსებობს  კიდევ ერთი მეთოდი, ეს არის „შპრიცების გაცვლის“ პროგრამა, რათა ერთი და იგივე ნემსის გამოყენება არ მოხდეს მომხმარებლებში, ეს კი ამცირებს სხვადასხვა დაავადებების გავრცელებას.  ამ პროგრამაში, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თავად ყოფილი მომხმარებლები მონაწილეობენ.

 

კითხვაზე: რა ბედი ეწევა ადამიანს მას შემდეგ, რაც დაასრულა მეტადონის პროგრამა? - დიდი ხანია, მსჯელობა მიმდინარეობს.

 

„ამისათვის სახელმწიფოს მიერ დიდი ყურადღებაა საჭირო, ამ გზის გავლის შემდეგ უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ დაავადებულ ადამიანებს. ამისათვის კი სახელმწიფო არ არის მზად, არც ეკონომიურად და არც შეგნებით. პირველ რიგში, სარეაბილიტაციო ცენტრები უნდა მომრავლდეს ქვეყანაში, რაც მეტადონის პროგრამის შემდეგ მკურნალობას უზრუნველყოფს,“ - განაცხადა დავით ფორჩხიძემ.

 

„უნდა მოხდეს კანონის ლიბერალიზაცია, რაც იმაში გამოიხატება, რომ მოხდეს მომხმარებელთა დეკრიმინალიზაცია. ეს ადამიანები, ნარკოტიკების მომხმარებლები დასჯის ნაცვლად, უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ მკურნალობით, რეაბილიტაციით, ზიანის შემცირების პროგრამებით, რაც არის ერთადერთი  სწორი მიდგომა, ეს მოწინავე ქვეყნების გამოცდილებამაც აჩვენა,“ - ამბობს ორგანიზაცია „ახალი გზი“-ს სუბკოორდინატორი ზაზა ქარჩხაძე.

 

ნარკოტიკებთან  და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის დღეს ქუთაისი გამოეხმაურა. მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართული  შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების:           „ახალი გზისა“ და „რუბიკონის“ ორგანიზებით გაიმართა.

ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმ სირთულეებზე ისაუბრეს, რასაც საქართველოში აქვს ადგილი ნარკომანიასთან ბრძოლის გზაზე.

 

ამ ეტაპზე ნარკოტიკების მომხმარებელთა ქსელი და ზიანის შემცირების ქსელი აწარმოებს კამპანიას კანონის ლიბერალიზაციის მოთხოვნით, რომლის სლოგანია „ჩემი რეპრესია, შენი რეგრესია“.  აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით  მიმდინარეობს მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება პეტიციაზე.

 

მიმდინარე წლის 26 ივნისს, 15 საათზე ზემოთაღნიშნული ორგანიზაციები  საქართველოს პარლამენტთან გამართავენ აქციას. პეტიცია 100 ათასი ადამიანის ხელმოწერით გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია