დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
BP-მ იმერეთში 131 პროექტი დააფინანსა
BP-მ იმერეთში 131 პროექტი დააფინანსა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 3968
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი
მსგავსი სიახლეები

2012 წლის ოქტომბრიდან „საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია“ ახორციელებს პროექტს სახელწოდებით: „მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი დასავლეთის მიმართულების საექსპორტო ნავთობსადენის (ბაქო-სუფსის) მარშრუტისათვის“ (SBDP at WREP).

 

პროექტი ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის  კომპანიის ფარგლებში.

 

პროექტის მიზანია დასავლეთის მიმართულების (ბაქო-სუფსის) საექსპორტო მილსადენის გასწვრივ მდებარე თემების კეთილდღეობის გაუმჯობესება ბიზნესის წამოწყების ხელშეწყობის გზით, რაც თავის მხრივ დაეხმარება BP-სა და თემებს შორის ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

 

მიზნობრივ თემებს წარმოადგენს მილსადენის გასწვრივ არსებული დასახლებული ტერიტორიები, სადაც დონორი ორგანიზაცია თავისი კეთილი ნების გამოხატვით დაეხმარა მოსახლეობას ბიზნესის ხელშეწყობის თვალსაზრისით. როგორც „საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციაში“ აცხადებენ, ზემოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში  116 სოფელში 285 ბიზნეს-იდეა დაფინანსდა, მათ შორის, სამხარეო დანაყოფებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა იმერეთი, სადაც 131-მა ბენეფიციარმა მიიღო თითოეულმა 1200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში (საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით 960 დოლარი).

 

საგულისხმოა, რომ იმერეთში ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტი აღმოჩნდა ჭიათურა, სადაც 19 პროექტი დაფინანსდა. ჭიათურა იმერეთში ყველაზე ნაკლებად განვითარებულია აგრობიზნესის კუთხით. სკაუტური მოძრაობის წარმომადგენლებმა მიზნობრივ თემებში პირველ ეტაპზე ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები, რომელმაც დააინტერესა მოსახლეობა (როგორც წესი, საგრანტო პროექტებამდე სოფლის მოსახლეობას ხელი იშვიათად მიუწვდებოდა ხოლმე) და დიდი ინტერესის გამო თითოეული სოფლიდან მინიმუმ 15-მდე სააპლიკაციო ფორმა შეივსო. განაცხადები შეეხებოდა სასათბურე მეურნეობისა და ინკუბატორების მოწყობას, მეჩაიეობას, მეფრინველეობას, მეცხვარეობას, მეფუტკრეობას, მეთხეობას, მეღორეობას, მებოცვრეობას, წვეთოვან სარწყავ სისტემას, მეყვავილეობას, სწრაფი კვების მომსახურეობას,  სოკოს წარმოებას და ასე შემდეგ.

 

სააპლიკაციო ფორმების შევსებისათვის სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის წარმომადგენლები იძლეოდნენ მითითებებსა და რეკომენდაციებს, ხოლო შერჩეულ ბენეფიციარებს ჩაუტარდათ ტრენინგები ბიზნეს განაცხადების მომზადებაში, მოგება-ზარალის დათვლაში, ბუღალტერიასა და მარკეტინგში, ასევე ადამიანური რესურსების მართვაში. დაფინანსების მიღების შემდეგ გაგრძელდა მონიტორინგი და კონსულტაციები. დაგეგმილია ერთდღიანი კონფერენცია, რომელზედაც ბენეფიციარები თავიანთ საქმიანობას გააცნობენ ერთმანეთს.

 

შეცვალა თუ არა ამ პროექტმა ბენეფიციარების მატერიალური და სოციალური მხარე? ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც ბუნებრივად ისმება. 15 მუნიციპალიტეტში, რომელთა ტერიტორიაზეც მოხდა გრანტების გაცემა, ბენეფიციართა უმეტესობა მოულოდნელად თვლიდა ასეთი ტიპის თანამშრომლობას.   

    

 „მართალია, ჩემი იდეა ორიგინალურიც იყო და რისკებთან თითქმის არ არის დაკავშირებული, მაგრამ ბოლო წუთამდე არც ვფიქრობდი, რომ ვინმე დამაფინანსებდა. სკეპტიკური განწყობის მიუხედავად, შევავსე სააპლიკაციო ფორმა და გრანტიც მოვიპოვე. ამის გამო მინდა, მადლობა ვუთხრა სკაუტებსაც და BP-საც“ - განაცხადა ჩვენთან საუბარში სამი შვილის დედამ, ქალბატონმა ნონა ნოზაძემ, რომელიც სოფელ შუა გეზრულში ცხოვრობს. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ყველაზე მოშორებულ სოფელ შუა გეზრულში სამი პროექტი დაფინანსდა, მათ შორის არის მინი ინკუბატორიც. მარო ხოჯანაშვილი, რომელიც უმაღლესი განათლების მქონე პირია, განაცხადა: „90-იან წლებში იძულებული გავხდი, დამეტოვებინა ჭიათურაში პედაგოგის პოზიცია და სოფელში წამოვსულიყავი.  აქამდე უხელფასოდ, სამსახურისა და პერსპექტივის გარეშე ვცხოვრობდი. სოფლის მეურნეობის ტრადიციული მიმართულებები მხოლოდ საოჯახო მოთხოვნებს მიკმაყოფილებდა, ისიც ნაწილობრივ. როცა მეზობლის დაჟინებული რჩევით დავიწყე საგრანტო განაცხადზე ფიქრი და სოფლის მოთხოვნებს კრიტიკული თვალით შევხედე, მივხვდი, რომ კარგი იქნებოდა მინი ინკუბატორის გაკეთება. მე ჭიათურიდან ყველაზე მოცილებულ სოფელში ვცხოვრობ და ვისაც ფრინველის მოშენება უნდოდა, საინკუბაციო კვერცხი ან ჭიათურაში უნდა ჩაეტანა, ან კიდევ ზესტაფონში. თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ ისეთ მასშტაბზე მეფიქრა, რომელიც სოფლის მოთხოვნას დააკმაყოფილებდა. პირველივე ჩეკვა წარმატებული აღმოჩნდა, 300-ზე მეტი წიწილი გამოიჩეკა, ასამდე წიწილი მაშინვე გაიყიდა, შემდეგ კი ფასნამატით გავყიდე და მოგებაც დატოვა.  მოთხოვნა ბევრად უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე მიწოდება შევძელი. სწრაფად გავრცელდა მეზობელ სოფლებში ჩემი ინკუბატორის ამბავი და, ალბათ, ხუთი ათას წიწილსაც უპრობლემოდ გავყიდდი.  ვფიქრობ, რომ უფრო დიდი ინკუბატორი შევიძინო, ან მეორე ასეთივე. სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციამ დროულად და დაპირებისამებრ შეასრულა ყველა პირობა.  BP-სა და სკაუტების მადლობელი ვარ,  რომ ხელი შეგვიწყვეს!“

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია