დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ათწლიანი დავა ამორტიზებული შენობისთვის
ათწლიანი დავა ამორტიზებული შენობისთვის
ავტორი: მარიამ პატარაია
სულ ნანახია 2323
ავტორი:
მარიამ პატარაია
მსგავსი სიახლეები

ქუთაისელი ფოტოგრაფი ლია ჯოჯუა წმინდა ნინოს ქ. №23-ში მდებარე ყოფილი ფოტოატელიეს შენობის დაბრუნებას ითხოვს. მისი თქმით, 10 წლის წინ ატელიეს შენობა მას შპს „მერკურის“ დირექტორმა, ბესო სურმავამ, მოტყუებით წაართვა. 10 წლის წინანდელი დავის განახლებას ლია ჯოჯუა სასამართლოში გეგმავს.

წმინდა ნინოს ქ. ?23-ში მდებარე ორსართულიანი შენობის პირველი სართული უკვე ათი წელია, დავის ობიექტია. მოქალაქე ლია ჯოჯუა შპს „მერკურის“ დირექტორისგან იმ ფართის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც, მისივე თქმით, მისმა მეუღლემ 1987 წელს ააშენა. მიუხედავად იმისა, რომ შენობა დიდი ხანია, ამორტიზებული და უფუნქციოა, ჯოჯუა მის დათმობას არ აპირებს.

„26 წლის წინ ჩემმა მეუღლემ, ჯუმბერ ჭრელაშვილმა, საკუთარი სახსრებით ააშენა ეს ატელიე. 8 წელი ვმუშაობდით ერთად და არავინ შეგვდავებია არაფერში. 2003 წელს კი, ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, შპს   „მერკურის“ დირექტორი ბესო სურმავა მოვიდა და ჩაატარა ინვენტარიზაცია. ამის უფლებას მას მაშინ საყოველთაოდ გამოცხადებული პრივატიზაცია აძლევდა. აღრიცხული ნივთები, რომელიც ჩემს მეუღლეს ეკუთვნოდა, ხელწერილის საფუძველზე გადმომცა. მალევე, 500 დოლარი გამომიგზავნა. მე ჩავთვალე, რომ ეს თანხა იყო  მისი მხრიდან გამოჩენილი ყურადღება დაქვრივებული ქალის მისამართით, თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ამის სანაცვლოდ ფოტოატელიეს შენობა მიითვისა. როგორ შეიძლებოდა 500 დოლარის სანაცვლოდ დამეთმო ეს შენობა, რომელიც ბევრად უფრო ძვირად იყო შეფასებული იმ დროს? ახლა, როცა ჩემს კუთვნილ ქონებას ვითხოვ, მთავარ არგუმენტად სწორედ იმ ხელწერილს იყენებს, რომლითაც დამათმობია ატელიე. ყველგან გავიარე კონსულტაცია, მაგრამ მას ჯერ კიდევ შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჰქონდა კავშირები და ვერაფერს მივაღწიე. გადაწყვეტილი მაქვს,  სასამართლოში ვუჩივლო და ჩემი ქონება დავიბრუნო, რომელიც ფარატინა ხელწერილის საფუძველზე დამათმობინა,“ - ამბობს ლია ჯოჯუა.

ხელწერილში კი, რომელიც მთავარ დოკუმენტად იქცა, გარდა ლია ჯოჯუას მიერ ინვენტარის ჩაბარებისა, წერია, რომ ჯოჯუას შპს „მერკურის“ დირექტორის მისამართით არანაირი პრეტენზია არ გააჩნია. მართალია, დოკუმენტი არც ბეჭდით და არც ნოტარიულად არის დამოწმებული, მაგრამ, ბრალდების ადრესატები ამბობენ, რომ ხელწერილის მიხედვით, ლია ჯოჯუა საკუთარი ხელმოწერით ადასტურებს, რომ ბესო სურმავას მისამართით პრეტენზიები არ გააჩნდა. ახლა კი მისი მოთხოვნები  მათთვის გაუგებარია. 

შპს „მერკურის“ კადრების უფროსი ინსპექტორი და საქმეთა მმართველი  დალი ქობულაძე კი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ლია ჯოჯუას ფოტოსტუდიის ფართი არც არასდროს ეკუთვნოდა და, შესაბამისად, ბესო სურმავა მას ვერაფერს წაართმევდა. მისი თქმით, ჯოჯუა ფოტოატელიეს შენობაში იჯარით იმყოფებოდა, ისევე, როგორც ქალაქში არსებული საყოფაცხოვრებო ობიექტების ყველა დროებითი მფლობელი. მას შემდეგ კი, რაც ჯოჯუამ ვერ შეძლო საიჯარო თანხის გადახდა, მას ფართი დაატოვებინეს.

„იჯარით გათვალისწინებული თანხის გადახდასთან დაკავშირებით მას პრობლემები ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა, როცა ის ფართი, სადაც  ფოტოატელიე ჰქონდა გახსნილი, ადგილობრივი ხელისუფლების ადმინისტრირების ქვეშ იყო მოქცეული. მას შემდეგ კი, რაც „მერკური“ საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს დაქვემდებარებას გამოეყო და კერძო ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, ლია ჯოჯუას იჯარის თანხამ სოლიდური ციფრი შეადგინა და შპს-ს ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, მისთვის ფართის დათმობა მოეთხოვა. რა საკუთრებაზეა საუბარი, მას ამ შენობის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტიც კი არ აქვს,“ - ამბობს დალი ქობულაძე.

რაც შეეხება ფოტოატელიეს შენობას, ქობულაძის განცხადებით, სურმავამ იგი შპს „მერკურის“ დაარსებისთანავე შეისყიდა და ახლა კერძო საკუთრებას წარმოადგენს.

აქვს თუ არა წმინდა ნინოს ქ. ?23-ში მდებარე ყოფილი ფოტოატელიეს შენობის ნასყიდობის ხელშეკრულება და ვისგან შეიძინა აღნიშნული ფართი სურმავამ? „მერკურის“ წარმომადგენლები შეკითხვებზე  პასუხისგან თავს იკავებენ. მათი თქმით, ისინი დეტალებში ვერ ერკვევიან.  თავად სურმავასთან დაკავშირება კი ვერ მოხერხდა, რადგან იგი ადგილზე არ აღმოჩნდა და არც სატელეფონო ზარს პასუხობს. „მერკურის“ წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ იგი ამჟამად ქალაქში არ არის, თუმცა, დაუდასტურებელი ინფორმაციით 27 სექტემბერის დილას (საგაზეთო მასალის მომზადების დღე) სურმავა საკუთარ ოფისში იმყოფებოდა.

ლია ჯოჯუა სურმავას წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარს უახლოეს დღეებში შეიტანს. მისი თქმით, შესაბამისი კონსულტაციები მან იურისტებთან უკვე გაიარა.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია