დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„პლანის მოწევაზე კაცის დაჭერა ვის გაუგია? ეს ველურობაა!“
„პლანის მოწევაზე კაცის დაჭერა ვის გაუგია? ეს ველურობაა!“
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 5383
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე

ირაკლი ღარიბაშვილი: მანამ, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ეს არ მოხდება...

 

უკანასკნელი წლების განმავლობაში მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში არაერთხელ იქნა დასმული საკითხი მარიხუანის, როგორც „მსუბუქი  ნარკოტიკის“ ლეგალიზაციის შესახებ, რომელსაც პოპულარობით ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მთელს პლანეტაზე. მარიხუანა ახალგაზრდებში ყველაზე პოპულარული ნარკოტიკია, რომელსაც სიამოვნების მისაღებად იყენებენ, მას, დაახლოებით, 150 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

 

 ეს საკითხი დავის საგანი გახდა საქართველოშიც. ამაზე საუბრობენ როგორც ექიმები, ასევე პოლიტიკოსები. რას  შეიძლება ველოდოთ და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს მარიხუანას ლეგალიზაციამ?

 

დავიწყოთ იქიდან, თუ რა არის მარიხუანა?

 

მარიხუანა, იგივე კანაფი Cannabis Sativa  - როგორც სამკურნალო, საყოფაცხოვრებო და მსუბუქი თრობის პოპულარული საშუალება უძველესი დროიდანაა გავრცელებული.

 

კანაფის თესლი და მისგან დამზადებული შინაური წამლები აღმოჩენილი იქნა არქეოლოგიური გათხრების შედეგად როგორც აზიის, ასევე ევრაზიის კონტინენტზე.

 

იგი აღმოჩენილია ძველი ეგვიპტის სამარხებშიც და თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლით.

 

კანაფის სამშობლო ცენტრალური აზიაა.

 

კანაფი ცნობილი იყო ანტიკურ მსოფლიოშიც. ქირურგი დოსკორიდე, რომელიც კანაბისს ანასტეზიისათვის იყენებდა ახსენებს მის თვისებას გამოიწვიოს „სიამოვნების მომნიჭებელი ფანტომი და წარმოსახვა“.

 

ტკივილის გასაყუჩებლად  საჭირო იყო ჰაშიშის ძალიან დიდი დოზა, რომელიც მზადდებოდა კანაფის ფისისგან და იწვევდა ჰალუცინოგენურ თვისებებს...

 

ეს უბრალო, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი მცენარე უკვე საუკუნეების მანძილზე არაერთხელ გამხდარა კამათისა და სკანდალის მიზეზი. მის ლეგალიზაციას ჰყავს როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები.

 

მარიხუანას ლეგალიზების მომხრეთა პირველი და ყველაზე მთავარი არგუმენტია - ლეგალიზაციის შემდეგ იმ  ახალგაზრდების რიცხვის საგრძნობი შემცირება, რომლებიც მოიხმარენ  „მძიმე ნარკოტიკებს“, რადგან, მათი მტკიცებით, როდესაც არ იქნება დასჯადი მარიხუანას მოხმარება, მომხმარებლები თავად გაიაზრებენ მის გავლენას და თანდათანობით შემცირდება მომხმარებელთა რაოდენობაც.

 

მეორე არგუმენტით კი მარიხუანას ბაზაზე დამზადებული პრეპარატების გამოყენება სამედიცინო თვალსაზრისით გამოიყენება.

მედიცინის მიხედვით, კანაფის შემცველ პრეპარატებს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ღებინების საწინააღმდეგო ეფექტი, გამოიყენება ასთმის, მძიმე სკლეროზის, გლაუკომის და ა.შ. დაავადებების წინააღმდეგ.

 

თუმცა, მარიხუანის გამოყენებას სამედიცინო თვალსაზრისით ასევე გააჩნია უარყოფითი მხარეებიც.

 

მართალია, მისი ფასი, ეფექტურობა არ დგას ეჭვქვეშ და ამ მხრივ კანაფს კონკურენტი არ ჰყავს, მაგრამ გასათვალისწინებელი და სიღრმისეულად შესასწავლია თანმდევი ეფექტები, რომელიც შეიძლება თან ახლდეს ასეთი პრეპარატების მოხმარებას.

რთული იქნება ასევე მხოლოდ სამედიცინო მიზნით მის გამოყენებაზე კონტროლი.

 

ასე რომ, მარიხუანას ლეგალიზაციზე საკმაო ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები გამოითქმის დღემდე, თუმცა, როგორც ჩანს, მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, სამედიცინო თვალსაზრისით მაინც, მისი ლეგალიზაცია  აუცილებლად მოხდება. საქართველოს კანონმდებლობაში კი მარიხუანას ლეგალიზაციის კანონმა „ფეხი ვერ მოიკიდა“.

 

საქართველოში მისი მოხმარება მკაცრად ისჯება, თუმცა, მიუხედავად კანონმდებლობისა, მაინც მიმდინარეობს დეკრიმინალიზაციის საკითხის განხილვა.

 

კანონში შესატანმა ცვლილებებმა, რომელიც მარიხუანას დეკრიმინალიზაციას შეეხება, ბოლო დროს საზოგადოების აქტიური ჩართულობა გამოიწვია.

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ არსებული ხელისუფლების მმართველობის განმავლობაში მარიხუანას ლეგალიზაცია არ მოხდება.

 

„ეს არც განიხილება და მანამ, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ეს არ მოხდება. ანუ არ მოხდება დეკრიმინალიზაცია. რაც შეეხება მუხლების გადახედვას, ამაზე კიდევ შეიძლება, ვიმსჯელოთ,“ - ამბობს ღარიბაშვილი.

 

მრავალფეროვანი დამოკიდებულება არსებობს საზოგადოებაში, ახალგაზრდების უმეტესება კი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს მარიხუანას დეკრიმინალიზაცია.

 

ამ თემაზე გაზეთი „პოსტსკრიპტუმი“ დაინტერესდა. ჩავატარეთ გამოკითხვა ქუთაისში ახალგაზრდებსა და ასაკოვან მამაკაცებს შორის. დამოკიდებულება არაერთგვაროვანი აღმოჩნდა, ჩვენდა გასაკვირად, გამოკითხული ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი არ ეთანხმება მარიხუანას დეკრიმინალიზაციას, ასაკოვანი ხალხი კი მიიჩნევს, რომ უნდა მიიღოს სახელმწიფომ აღნიშნული კანონი, რადგან, ამ შემთხვევაში, „აკრძალული ხილი ტკბილია“-ს გამონათქვამი მოქმედებს და უფრო ეტანებიან დანაშაულს.

 

გოჩა ხოსმაზარაშვილი: „მარიხუანა არ აყენებს დიდ ზიანს ადამიანის ორგანიზმს, ალკოჰოლიკები უფრო აგრესიულები არიან, ვიდრე მარიხუანას მომხმარებლები. ჩემს გარშემო  90% ეწევა მარიხუანას, მათ შორის მეც ვეწეოდი ადრე, მაგრამ არ მგონია, რომ რაიმე ცუდი გავლენა მოეხდინა ჩემზე ამ მცენარეს, მოწევის გამო პატიმრობით არ უნდა დაისაჯოს ადამიანი.“

 

გოირგი ლიონიძე: „არ უნდა მოხდეს დეკრიმინალიზაცია. არ არის სასიამოვნო, ქუჩაში რომ უგონო მდგომარეობაში თავისუფლად დადიან ახალგაზრდები, მაგრამ სასჯელის ფორმა პატიმრობის სახით არ მიმაჩნია სწორად, რაიმე სხვა მეთოდები უნდა შემუშავდეს სახელმწიფოში მარიხუანას აკრძალვისთვის.“

 

მამუკა არდიშვილი: „რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს დეკრიმინალიზაცია, რადგან ახლა რა საშინელებებსაც მოიხმარენ ახალგაზრდები, შეიცვლება და მარტო მარიხუანას დასჯერდებიან.“

 

ლევან გიორგობიანი: „პლანის მოწევაზე კაცის დაჭერა ვის გაუგია? ეს ველურობაა. სდიონ გამსაღებლებს. ეს არ ნიშნავს, რომ მოვუწონოთ ახალგაზრდებს ასეთი საქციელი, უბრალოდ, ახალგაზრდამ მოწია, ამის გამო არ უნდა დაისაჯოს, კანონი შედარებით ლიბერალური უნდა იყოს ამ საკითხში.“

 

დავით მიქაძე: „უნდა მოხდეს დეკრიმინალიზაცია, მარიხუანას მომხმარებელი არ უნდა ისჯებოდეს კანონით, სიგარეტი უფრო ცუდ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. პატიმრობა არ არის მისაღები ჩემთვის, შეიძლება, რაღაც მცირე ჯარიმით შემოიფარგლოს მთავრობა.“

 

ამჟამად, საქართველოს კანონმდებლობით, მარიხუანას მომხმარებელი, როდესაც პიროვნებას მარიხუანას მოწევაზე დააკავებენ, ჯარიმდება 500 ლარით, განმეორებით ფაქტზე - 2 000 ლარით და მესამე ფაქტზე არის მხოლოდ პატიმრობა ან კიდევ უფრო გაზრდილი ჯარიმა.

მიიღებს თუ არა საქართველო მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კანონს, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა, თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით, აშკარაა საზოგადოების არც ისე მკაცრი დამოკიდებულება.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია