დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეს კი, ნამდვილად უსამართლობაცაა და უკანონობაც
ეს კი, ნამდვილად უსამართლობაცაა და უკანონობაც
სულ ნანახია 1799
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

სტატიის დაწერის დროს ბევრი ვიფიქრე, რა დროს დამეწერა ამ საკითხის გარშემო და გადავწყვიტე მისი გამოქვეყნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ, რადგანაც შესაძლებლობა გვქონოდა, ყველა მერობის კანდიდატის გამოსვლები მოგვესმინა, გაგვეანალიზებია და გაგვეკეთებია ნებისმიერი დასკვნა: რა არის ხალხისათვის მთავარი სირთულე და როგორ ხედავდნენ მას მერობის კანდიდატები.

 

ამდენად, ასეთი ვითარებიდან გამომდინარე, შემოგთავაზებთ ჩვენს მცირე ხედვას, რაც ჩამოყალიბდა ქუთაისის მოსახლეობასთან ურთიერთობიდან გამომდინარე. ვეცდებით, ყველა სირთულე გავამყაროთ კონკრეტული მაგალითებით.

 

ჩემო მკითხველო, მოემზადე იმ სირთულეების გადასალახად, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა და რის გამოც არამარტო თქვენი მდგომარეობა უარესდება, არამედ ქალაქისიც და შესაბამისად, ჩვენი სამშობლოსი.

 

მაშ ასე, დავიწყოთ იმ სირთულეების განხილვა, რომელიც შეიქმნა ჩვენს მიერ არჩეული მთავრობის სუსტი მუშაობით:

 

1. 2009 წელს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, საქართველოს რაიონებში (გარდა თბილისისა, ბათუმისა და საჩხერის) გაერთიანდა ადგილობრივი თვითმმართველობისა თუ მმართველობის დაქვემდებარებაში მყოფი წყალკანალის შპს-ები და ჩამოყალიბდა აღმოსავლეთში - „აღმოსავლეთის წყალი“ და დასავლეთში - „დასავლეთის წყალი“. ეს პროცესი განვითარდა ისე, რომ არავის უკითხავს ქუთაისის მთავრობისთვის, რას ფიქრობდა, როგორ მოხდებოდა მის მიერ შექმნილი თუ მემკვიდრეობით მიღებული ქონების გადაცემა, თანახმა იყო თუ არა პროცესის მხარდაჭერისათვის, საერთოდ, სად მოიაზრებოდა ნახმარი წყლის კანალიზაცია და სხვა.

ასეთი შერწყმისა თუ ნაძალადევი გაერთიანების შექმნის შემდეგ, ექვს თვეში, 2010 წლის იანვარში მოხდა შედარებით დისკრიმინაციული მოთხოვნის შესრულება - ჩამოყალიბდა ორი კომპანია. რომელთაგანაც ერთ-ერთს წარმოადგენს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, რომელსაც გადასცეს ყოველგვარი სიკეთე - აქტივები, ხოლო მეორეს დაუტოვეს ყველაფერი სიგლახე - პასივები (ვალები, მკვდარი ტექნოლოგიები). ანუ ევროპისკენ მიმავალი მთავრობა არღვევს მის ძირითად კანონს დეცენტრალიზაციის შესახებ და წყალმომარაგებას ხდის მკაცრად ცენტრალიზებულს, რაც აზრადაც კი არ მოსვლიათ კომუნისტებს.

 

აქ ყველაზე საგანგაშოა ადგილობრივი ხელისუფლების ქონებისა და უფლებების დიქტატორული მეთოდით მითვისება ცენტრალური ხელისუფლების მიერ ისე, რომ ქუთაისის მთავრობას სიტყვაც კი არ ამოუღია ხალხის, დარგის, სერვისის მიწოდებისა და მისი უფლებების შესახებ.


ამ დღიდან (2014 წლის იანვრიდან) იწყება წყალმომარაგების კომპანიის თავგასულობა, უზნეობათა თაიგულის „მირთმევა“ საკუთარი აბონენტებისათვის და მათი გარყვნა - ანუ ჩართვა მათ კორუფციულ - ყაჩაღურ სქემებში.

 

აქ იბადება კითხვა - „ნუთუ გაერთიანებული კომპანიის მუშაობას არავინ აკონტროლებს, ან ყურადღებას არ აქცევს?“ დიახ, ბატონო ჩემო, აქცევს და მერე როგორი დამოუკიდებელი კომისია, რომლის თავისუფლებასთან რას წარმოადგენს საქართველოს თავისუფლება და უხდით არა ათასებს, არამედ ათი ათასებს, მაგრამ რად გინდა?.. ქუთაისურად რომ ვთქვათ „შემოვევლე ჩვენს პარლამენტს“! ამ კომისიაში ჩართო ჩვენი ინტერესების დაცვის მიზნით ისეთი კარგი ორგანო, რომელსაც უწოდებენ „მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი და მისი სამსახური“, რომელსაც კი სურს, საქმე კარგად იყოს, მაგრამ მაშინ როგორ გავრყვნათ საზოგადოება?

 

ზემოთ თქმულის მკაფიო დადასტურებაა საზოგადოებრივი დამცველის 2011 წლის 2 მაისის ?303-05/11 წერილი წყალმომარაგების კომპანიაზე. „...კომპანია არაუფლებამოსილია, მოითხოვოს მომხმარებლიდან წყალმომარაგების გადასახადის ანაზღაურება“. საქმე ეხება დავით აღმაშენებლის 125-ში მეხუთე სართულს მაღლა მცხოვრებ აბონენტებზე, რომლებიც წყალს საქალაქო ქსელიდან ვერ იღებენ.

 

თქვენი აზრით, კომპანიამ რა ქნა? წერილი წაიღო იქ, სადაც...

 

ამის შემდეგ 2012 წლის 12 იანვარს იგივე დამცველი წერილით (?87-01/12) კვლავ მიუთითებს კომპანიას, რომ მოაგვაროს ურთიერთობა აბონენტებთან. კომპანიაც აგვარებს საკითხს - უგზავნის წერილის წერილს, რომ ახალ გადასახადს კი არა, ძველ ვალს თუ არ გადაიხდით, სასამართლოში გიჩივლებთო. ზოგი შეშინდა და გადაიხადა (ჩაერთო ყაჩაღობის სისტემაში), ხოლო ზოგიერთი კი კვლავ განაგრძობს ბრძოლას კანონიერებისათვის (არ გაირყვნა). ისე ამოწურა თავისი მოღვაწეობის ვადა აღნიშნულმა დამცველმა, რომ შედეგს ვერ მიაღწია. კვლავ შეტევა, არამარტო კანონიერი, არამედ ლოგიკური მოთხოვნით, კომპანიაზე - „შენგან მოწოდებულ წყალს რომ მივიღებ, ფულსაც მაშინ გადაგიხდი“,  პასუხობს პატიოსანი საზოგადოება აღმაშენებლის 125-დან, კომპანია კი გულზე სკდება - ვინაა ეს ხალხი და რა არის აქ გაუგებარი, რა მნიშვნელობა აქვს, წყალი საიდან გაქვს - ფული მე უნდა გადამიხადო.

 

და აი, ახალი დამცველის ახალი წინადადება - „...მომხმარებელმა კომპანიასთან ანგარიშსწორება უნდა განახორციელოს შეღავათიანი ტარიფით“, რომელსაც ქალბატონი ნინო გულუაშვილი უგზავნის კომპანიას წერილით ?793-10-13 და თარიღით 17 ოქტომბერი 2013 წელი.

 

კომპანიის რეაგირება ძველებურად დუმილია. მოკლედ, კომპანია პიტალოა - პიტალო, ვინ მიეკარება, მას უნდა და კანონს დედა უტირა, არაფრად ჩააგდო, ხალხის მცდელობიდან გამომდინარე, პარლამენტი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია თავისი დამცველითა და აღმასრულებელი დირექტორით, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობას ხმა ვერ ამოაღებინა, თითქოს არც ქუთაისი იყოს მის გამგებლობაში, არც ქუთაისელებისთვის იყვნენ ისინი მოწოდებული და არც მისი ყოფილი ქონება იყო ის, რითაც ხორციელდება წყალმომარაგება დღევანდელ ქუთაისში. პირიქით, ქუთაისი ცდილობს, გააუმჯობესოს ქსელი და კომპანიის მაგივრად ხარჯავს ფულს, რამდენიმე ასეულ ათასებს (გთხოვთ, იხილოთ 2013 წლის ქუთაისის ბიუჯეტი).

 

ამდენად, ჩემო მკითხველო, წყალმომარაგებასთან დაკავშირებით შემოგთავაზებდით, ხშირად შეახსენოთ ადგილობრივ თვითმმართველობას, ევროპისაკენ სიარულის დროს მიხედოს დეცენრალიზაციის პროცესს, სამართლებრივი ბაზის შესრულების შესახებ არამარტო მომხმარებლიდან, არამედ მიმწოდებლიდანაც მოითხოვოს (წყალმომარაგების კომპანიიდან), კანონქვემდებარე აქტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 32 დადგენილება, თარიღით 26 ნოემბერი 2008 წელი „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“.

 

2. ყველაზე დასანანი ფაქტია ის გარემოება, რომ ქუთაისის პენსიონერთა და ვეტერანთა პროფკავშირში გაერთიანებული პენსიონერები უკვე წელიწადზე მეტია, ითხოვენ განმარტებას 2007-2008 წლის ქუთაისის წყალმომარაგების სარეაბილიტაციო პროგრამის გრანტით გამოყოფილი, უკვე შეძენილი 21 ათასზე მეტი ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძი რატომ არ დაუდგეს მათ, რატომ ახდევინებენ მათ ყველას განურჩევლად 100 ლარს, როგორ შეარჩიეს 7840 აბონენტი, რომელთაც უფასოდ დაუყენეს აღნიშნული კვანძები და სად წაიღეს დარჩენილი 13 ათასი აღრიცხვის კვანძი, რომელიც ჩვენთვის გამოყოფილი გრანტით შეიძინეს, ჩამოიტანეს ქუთაისში და იდო წყალკანალის საწყობში.

 

ჩემო ძვირფასო მკითხველო, ყველა აღნიშნული საკითხის გარშემო უნდა მიაკითხოთ ადგილობრივ თვითმმართველობას, ანუ ქუთაისის მერიას, ისინი ხელფასს სწორედ ასეთი და ამისდამაგვარი სერვისები მიწოდებაში იღებენ და თუ კარგად იმუშავენებ, პრემიასაც და დანამატსაც თქვენ გადაუხდით.

 

3. ახლა რაც შეეხება წინასაარჩევნო დაპირებების დარიგებას მერობისა თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატებიდან, რატომღაც საკმაოდ ხილულ და ყოველთვის ცნობილ საკითხებს ეხებიან, ისეთს, როგორიცაა წყალმომარაგების, გზების, განათების და სხვა საკითხები. ერთადერთი კანდიდატი, რომელიც შეეხო ქუთაისის ინტერესებისა და ჩვენი ღირსების დაცვას, არის თემურ შაშიაშვილი. დანარჩენისათვის ეს საკითხები ტაბუდადებულია. არ ახსენდებათ? საინტერესოა! აქ ისმის კითხვა - ერთმა კაცმა უნდა დაიცვას ქალაქისა და მასში მცხოვრებთა ინტერესები? რა გვეშველება იმ შემთხვევაში, თუ შაშიაშვილს არ აირჩევენ? რატომ ვერ ვახერხებთ ჩვენ ამის გაკეთებას და რა გვიშლის ხელს?

 

4. ყველაზე საინტერესო ის საკითხია, ახალი მერი რომ ჩაჯდება თავის სავარძელში, უკვე უნდა იცოდეს მუნიციპალური ქონების შესახებ - სად არის, რა არის, რამდენადაა შეფასებული, ვართ ამ პროცესისათვის მზად? ან როდისთვის ვიქნებით ამისათვის მზად. ამდენად, ჩემო კარგო მკითხველო, ახლადარჩეული ადგილობრივი თვითმმართველობისათვის ყოველდღიური ჩვენი ყურადღებითა და რაღაცების შეხსენებით, უნდა ვეცადოთ, ქუთაისის რეალურად შეჩოჩებას არამარტო ევროკავშირის ხელშეკრულების ზონაში, არამედ რეალურად, თვისობრივად და აზროვნებით ევროკავშირში შესვლა ჩვენი ადათ-ჩვეულებებსა და ტრადიციებზე დაყრდნობით.

 

ბატონო მკითხველო, იქნებ იმაზეც იზრუნოთ, რაც აქამდე თავში არ მოსვლია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ქუთაისის ბიუჯეტის გაზრდისათვის. იქნებ, დაგვეწყო ზრუნვა იმაზე, რომ ქუთაისში არსებულ მეტალის ბოძებს უპრაკუნოდ რომ ხმარობს ყველა (ენერგო-პრო ჯორჯია, საკაბელო ტელევიზია, სატელეფონო ხაზები), ვისაც მოესურვება, დაგვეწესებინა გადასახადები.

 

მოკლედ, მშვიდობა ქნას პარტიებმა და ჩვენ უკვე მზად უნდა დავხვდეთ იმ საკითხებს, რომლებიც გადაწყდება 15, 27 ივნისს.

 

ახლა კი ამით დაგემშვიდობებით,შემდეგ შეხვედრამდე!

 

 

სტატიის სიუჟეტი მომზადდა პროექტის დირექტორ ზაზა ხელაძესთან ერთად

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია