დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რამდენი ავტომობილი ირიცხება ქუთაისის მერიის ბალანსზე და რა თანხა უჯდება ბიუჯეტს მათი შენახვა?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 2136
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

ადგილობრივი თვითმმართველობების კეთილი ნება თუ შსს-ს მიერ შეწერილი მანქანები?

 

ქუთაისის მერიის ბალანსზე, ჯამში, 84 ავტომანქანა ირიცხება. მათგან ნაწილი მსუბუქია, ნაწილი კი მიკროავტობუსი და სამაშველო სამსახურის მანქანები,  რომელთაგანაც ზოგი მუშა მდგომარეობაშია, ზოგიც  სპეციალურ სადგომსა და ავტომობილთა ნაგავსაყრელზეა  გადაყვანილი.

 

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქუთაისის მერიის ბალანსზე მყოფი მანქანებიდან, 4 „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი შსს-ს იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ემსახურება(?). „პაზის“ მარკის ავტომობილით კი საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა სარგებლობს, როგორც აღმოჩნდა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, ქუთაისის ხელისუფლებამ ავტომანქანა სოფელ პერევისთვის შეიძინა.

 

როგორც მერიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი გელა ვაშაყმაძე აღნიშნავს,    „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს არსებობდა კანონი, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფოდა გარკვეული რაოდენობის თანხა ავტომობილების შესაძენად, რომლებიც დროებითი ნათხოვრობის ფორმით შსს-ს სამმართველოებს გადაეცემოდათ სამართალდამცავთა მომსახურებისთვის. თუმცა შსს-თვის გაწეული დახმარება ამით არ ამოიწურებოდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტებიდან მათი კომუნალური გადასახადებიც იფარებოდა.

 

ბოლო ორი წელია, არსებული კანონი გაუქმდა, თუმცა ქუთაისის მერიის მიერ შსს-თვის გადაცემული მანქანებიდან მხოლოდ 5 ოპელის მარკის მანქანა დაბრუნდა, რომელთაგანაც სამი შედარებით კარგ მდგომარეობაშია, ორი კი გადაადგილებისთვის გამოუსადეგარია. არსებული კანონი მანქანების მუშა მდგომარეობაში დაბრუნებას არ ითვალისწინებდა, რის გამოც ავტომობილების შესაკეთებლადაც  ხარჯები კვლავ ადგილობრივმა ბიუჯეტმა უნდა  გაიღოს.

 

ქუთაისის მერიის ბალანსზე ირიცხება სასწრაფო დახმარების ორი მანქანა, რომლებიც არამუშა მდგომარეობაშია.

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მერიის ბალანსზე მყოფი გასაყიდად გატანილ მანქანებს საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით მაღალი ფასი ადევს, რაც მათ გასხვისებას, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის.

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია მანქანებზე ადგენს გასაყიდ ფასს. ეს ფასები მაღალია. ეტყობა, რახან მერიის მანქანაა, დაბალ ფასს ვერ ადებენ. თუმცა შეფასების შემდეგ მერს უფლება აქვა ფასი გაანახევროს, მაგრამ ასე არ ხდება. შესაძლოა, თავს იკავებდნენ ფასების შემცირებისგან, რადგან მანქანის გაყიდვით ბიუჯეტის განიავება არ დააბრალონ,“ - აღნიშნა მერიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა გელა ვაშაყმაძემ.

 

 

მერიის საკუთრებაში არსებული მანქანებიდან 32 ავტომობილი სახანძრო  დაცვისა და სამაშველო სამსახურის განკარგულებაშია.

 

ბალანსზე არსებული ავტომობილების შენახვა და საწვავი ბიუჯეტს სოლიდური თანხა უჯდება.

 

მერიის 2014 წლის ბიუჯეტიდან  ავტოტექმომსახურებაზე 100 000 ლარია გათვალისწინებული. წინა წლების მონაცემებთან შედარებით აღნიშნული თანხა შემცირებულია. აღნიშნულ მომსახურებაზე 2012 წელს 149 238 ლარი გამოიყო, 2013 წელს კი 121151, 64 ლარი.

 

ავტოტექმომსახურებასთან შედარებით გაზრდილია საწვავის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა. თუკი მერიის თანამშრომლების ტრანსპორტირებისთვის ბიუჯეტი 2012 წელს 323163, 10 ლარს იხდიდა, აღნიშნული ხარჯი 2013 წელს 4044711,24 ლარს შეადგენდა. 2014 წელს კი საწვავის შესყიდვისთვის 490 000 ლარია გამოყოფილი, რაც წინა წელთან შედარებით 85288.76 ლარით მეტია.

 

მერიის საკუთრებაში არსებული ავტომობილები და საწვავის ხარჯები არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების ოპონენტების განსჯის საგანი. ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფი „ქართული ოცნება“ მაშინდელ ადგილობრივ ხელისუფლებას თანხების ხელოვნურად გაზრდაში ადანაშაულებდა და მისი შემცირებისკენ მოუწოდებდა.

 

თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც ვითარება არ შეცვლილა. გასულ წელს მმართველობის გადაბარების დასაწყისში მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თენგიზ თოფურიძე აცხადებდა, რომ მერიის საკუთრებაში არსებული ავტომანქანების რაოდენობა უნდა შემცირებულიყო, რადგან მისი ხარჯები ბიუჯეტისთვის მძიმე ტვირთი იყო.  მიუხედავად ამისა, მიმდინარე წელს მერიას არცერთი ავტომობილის პრივატიზაცია არ მოუხდენია.

 

მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილების რაოდენობა საარჩევნოდაც აქტუალური თემაა. ოპოზიციური პარტიები აღნიშნავენ, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში მხოლოდ 5 ერთეული ავტომობილი დარჩება.

 

და საერთოდაც, მერიის თანამშრომლებს ველოსიპედით სარგებლობას ურჩევენ.

 

84 მანქანიდან 12 არამუშა მდგომარეობაშია, 15  დაზიანებული 2 კი - ჩამოსაწერი, თუმცა, ვიდრე მათი გაყიდვა არ მოხდება,  თუნდაც ჯართის სახით, მათი რაოდენობა ვერ განულდება და კვლავ მერიის ბალანსზე დარჩება.

 

მთავრობის  დადგენილებით, შესაძლოა, მომავალში საჯარო მოხელეებისთვის ერთი და იგივე მარკის ავტომობილების შეძენა მოხდეს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია