დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისის წყალმომარაგებაში არსებული მდგომარეობა და პრობლემები
სულ ნანახია 1751
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

დიდი ხანია, არსებობს სერიოზული პრობლემები აბონენტებსა და წყალმომარაგების კომპანიას შორის ურთიერთობის საკითხში

 

პროექტი „ქუთაისის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა“, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი სამოქალაქო აზროვნება +“  (დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის მიერ) მიუახლოვდა დასასრულს. განვლილი 10 თვის განმავლობაში პროექტის გუნდის მიერ ჩატარებული სამუშაოები მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:

 

· ჩავატარეთ საინფორმაციო-სადისკუსო შეხვედრები ქუთაისის მართვის ტერიტორიულ ორგანოებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან, ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარებთან, გელათის ქუჩის მოსახლეობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ქუთაისის წყალმომარაგების სერვის-ცენტრის წარმომადგენლებთან;

 

· გავმართეთ კონფერენცია „იმერეთის წყალმომარაგება დღეს და ხვალ“, რომლის მიზანს წარმოადგენდა იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის, მაჟორიტარის ბიუროების და წყალმომარაგების სერვის-ცენტრების წარმომადგენლებს შორის ინფორმაციათა გაცვლა, დისკუსია და მომავლის ხედვის წარმოდგენა საკუთარი წყალმომარაგების შესახებ. ასევე იმერეთის თერთმეტივე მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის წყალმომარაგების საკითხებში ცენტრალური ხელისუფლების ინსტიტუტების მონაწილეობის შესაძლებლობათა განხილვა, საბოლოოდ ჩამოყალიბებული საერთო აზრიდან გამომდინარე დეკლარაციის მიღება, გავრცელება და განხორციელების დაწყება;

 

· გავმართეთ სატელევიზიო გადაცამები ტელეკომპანია „რიონი“-ს მეშვეობით და პირდაპირ ეთერში მაყურებელთა ზარებზე პასუხით, რადიოგადაცემა „ძველი ქალაქი“-ს ეთერით;

 

· გამოვაქვეყნეთ სტატიები გაზეთ „P.S.“-ში („პოსტსკრიპტუმი“);

 

· მუშაობდა ტელეფონის „ცხელი ხაზი“ - 24-24-62, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა წყალმომარაგების აბონენტების საკონსულტაციო მომსახურეობა პრობლემურ საკითხებზე;

 

· ყოველთვიურად ვახორციელებდით ქუთაისში მიმდინარე წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოების საექსპერტო და საზოგადოებრივ მონიტორინგს, შესაბამისი ანგარიშების მომზადებით და ზემოქმედების ობიექტებზე მიწოდებით. ასევე წყალმომარაგების აბონენტების თხოვნის შესაბამისად ჩავატარეთ რამდენიმე დათვალიერება მათ საცხოვრებელ ადგილზე მისვლით;

 

· გამოვეცით ბეჭდვითი საინფორმაციო მასალა (ბუკლეტი, ბროშურა);

 

· ორჯერ ავიღეთ გელათის ქუჩაზე განთავსებული ბუნებრივი „შოთას წყარო“-ს წყლის სინჯი (ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური). წყლის სინჯების აღება განპირობებული იყო გელათის ქუჩის მოსახლეობის ეჭვით, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მოხდა მათთვის სასმელი წყლის მოწოდების ერთადერთი საშუალების - „შოთას წყარო“-ს დაბინძურება. 2013 წლის დეკემბერში აღებულმა სინჯმა უჩვენა წყლის ხარისხის საკმაოდ სავალალო მდგომარეობა, თუმცა 2014 წელს აღებულმა სინჯმა აჩვენა, რომ წყაროს წყალი დაწმენდილია და არ არის მავნებელი ჯანმრთელობისათვის. საგამოცდო ლაბორატორია „მიკრობიოლოგი“-ს შეფასებით დეკემბერში აღებული სინჯის მაჩვენებლები შეიძლება ახსნილი იყოს იმ პერიოდში არსებული მეტეოროლოგიური პირობებით (თოვლი, ძლიერი წვიმა).

 

ასევე მონაწილეობას ვიღებდით ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციათა საინფორმაციო-საკონსულტაციო ყოველთვიურ შეხვედრებში. აღნიშნული შეხვედრების მიზანია ქალაქში არსებული წყალმომარაგების პრობლემური საკითხების განხილვა და მათ გადაჭრაზე ზრუნვა.

ჩვენი პროექტის დასაწყისი ვადებში დაემთხვა ქუთაისის წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას და მოხდა გარკვეული აქცენტის გადატანა მისი მიმდინარეობის მონიტორინგზე. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის პროექტის დასრულების შემდეგ გაგრძელდება მისი პროგრამის გარკვეული კომპონენტები - წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგი, აბონენტების ადვოკატირება და ტელეფონის „ცხელი ხაზის“ მუშაობა.

 

პროექტის დასკვნითი ნაწილი ასევე დაემთხვა ვადებში ნაკლებად მასშტაბურ, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხს - რიონჰესის დასახლების წყალმომარაგებით უზრუნველყოფის საკითხს, რომლის პრობლემებზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ „P.S.“-ში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წინა სტატიაში.

 

3 მაისს ქუთაისში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც აღნიშნა, რომ ქუთაისში მიმდინარე წყალმომარაგების სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში რიონჰესის დასახლება, სადაც 1600 მოსახლე ცხოვრობს, უახლოეს მომავალში სასმელ წყალს პირველად მიიღებს.

 

მთავრობის მეთაურმა პროექტზე პასუხისმგებელი პირები და შესაბამისი უწყებები გააფრთხილა, რომ პროექტის მიმდინარეობას პირადად დააკვირდებოდა და პროექტით გათვალისწინებული ვადების დაცვას მოითხოვს.

 

2014 წლის საქართველოს მთავრობის ?805 განკარგულებით დადგინდა, რომ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“, საკუთარ სახსრებში წარმოქნილი ეკონომიის ფარგლებში, განახორციელოს ქ. ქუთაისში რიონჰესის დასახლების წყალმომარაგების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით.

 

2014 წლის 13 მაისს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ქ. ქუთაისში რიონჰესის დასახლების მაგისტრალური მილმდენის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოებზე.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო 8 ფირმამ, საბოლოოდ გაიმარჯვა შპს GM HIDRO-მ. სამუშაოები ითვალისწინებს 4,5 კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობას რიონჰესის დასახლებამდე,    „მუხნიანი“-ს სატუმბი სადგურიდან მომავალი მაგისტრალზე მიერთებით.

სამუშაოები, სავარაუდოდ, დამთავრდება მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს და მოსახლეობა შეძლებს სასმელი წყლის მიღებას. თავდაპირველად სასმელი წყლის საფასურის გადახდა მოხდება ფიქსირებული (სულადობრივი) გადასახადის შესაბამისად, ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოების შემდეგ, რაც გულისხმობს შიდა ქსელის გაკეთებას, მოხდება უკვე ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟება.

 

ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნული მტკივნეული და მრვალწლიანი პრობლემის გადაჭრა წარმოადგენს არა მარტო ხელისუფლების, წყალმომარაგებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის აქტიურობის შედეგს, არამედ, პირველ რიგში, ეს შედეგია რიონჰესის მოსახლეობის და მისი ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლების აქტიურობისა და მათი პროცესში ჩართულობისა.

 

აუცილებელია აღინიშნოს კიდევ ერთი დადებითი ფაქტი - ქუთაისის წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობის კონსულტანტ კომპანია „ეპტისა“-ს მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით გადაწყვეტილი აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების მოწვევა, რათა მათ 2014 წლის ზაფხულში, სამი თვის განმავლობაში, დაგეგმონ და განახორციელონ ღონისძიებები, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას წყალმომარაგების პროექტის, მისი ვადების და მიმდინარეობის, აგრეთვე მიზნებისა და შედეგების შესახებ. მიაწოდოს საზოგადოებას მათთვის საჭირო ინფორმაცია, ჩაატაროს გამოკითხვები და უპასუხოს მათ კითხვებს წყლის უსაფრთხოებისა და ხარისხის, წყლის გონივრულად მოხმარების თუ სხვა საკითხებში.

 

დაგეგმილი ღონისძიებებიდან გამოვყოფდით შემდეგს:

 

· მოსახლეობის ინფორმირებულობის კვლევის განხორციელება ქუთაისში, რომლის მიზანია მიმდინარე წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის განსაზღვრა. აგრეთვე გარკვევა, თუ რა ინფრომაციას ფლობს ადგილობრივი მოსახლეობა პროექტის მიზნებზე, ვადებზე, მოსალოდნელ შედეგებზე, წყლის ხარისხზე  და მოსახლეობისთვის საინტერესო სხვა თემებზე. ამასთან კვლევის მიზანია მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით ყველაზე აქტუალური  საკითხების გამოვლენა, რომლებზეც მოსახლეობას სურს დამატებითი ინფორმაციის მიღება. კვლევაში გათვალისწინებული უნდა იყოს გენდერული საკითხები და ქალი მომხმარებლების პრობლემები.

 

· „კარდაკარ“ კამპანიის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც სარეაბილიტაციო უბნებზე მცხოვრებ მოსახლეობას მიეწოდება ამომწურავი ინფორმაცია პროექტის მიზნების, მიმდინარეობის და შედეგების შესახებ, აგრეთვე დაურიგდებათ ბროშურები და პასუხი გაეცემა მათ კითხვებს.

 

· ინფორმაციათა გაცვლა პროექტის მიმდინარეობის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობასთან, არასამთავრობო სექტორთან, ადგილობირივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სოციალურ ლიდერებთან თუ სხვა დაინტერესებულ პირებთან.

 

ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნულ საკითხებში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა გაზრდის პროექტის გამჭვირვალობას და მის ეფექტურობას მოსახლეობის ინფორმირების მხრივ, აგრეთვე მნიშვნელოვნად შეამცირებს პასუხგაუცემელ კითხვებს, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. აუცილებელია, რომ მსგავსი აქტივობები არ ატარებდეს მხოლოდ ერთჯერად ხასიათს და ხორციელდებოდეს სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების სრულ პერიოდში.

 

დასასრულს, სტატიაში მოყვანილი რიგი პოზიტიური ინფორმაციების შემდეგ, სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ ის პრობლემები თუ უცნაურობები, რომლებიც თან ახლავს დღევანდელ ქუთაისის წყალმომარაგების საკითხს.

 

კერძოდ, ქუთაისში ავტოქარხნის მართვის ტერიტორიულ ორგანოს წყალი მიეწოდება 24-საათიან რეჟიმში, რისთვისაც თითოეული აბონენტი, ვისაც აღრიცხვის კვანძი არ გააჩნია, იხდის სულადობის მიხედვით შესაბამისი ტარიფით. იმავე ტარიფით იხდის ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მცხოვრები აბონენტი, რომელიც წყალს იღებს 8 საათს დღე-ღამეში და ბერი თევდორეს ქუჩის აბონენტი, რომელიც წყალს იღებს დღე-ღამეში მხოლოდ 4 საათის განმავლობაში. ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას - ასოციაცია „ასა“-ს, მიმართა ქუთაისში, დავით აღმაშენებლის 125 ნომერში მცხოვრებმა წყალმომარაგების აბონენტმა ბიჭიკო გურულმა, რომელიც იმავე თანხას იხდის ერთ სულზე, მაგრამ მას საერთოდ ვერ აწვდის წყალს ქუთაისის წყალმომარაგების ქსელი. ბატონი ბიჭიკო 3 წელზე მეტია, დადის ყველა ზემოქმედების მქონე ინსტანციაში და აწვდის ინფორმაციას (შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენით) ამის შესახებ, თუმცა...

 

ეს მაგალითი მხოლოდ ერთია მრავალთაგან, თუმცა ისიც გვაძლევს საშუალებას, დავასკვნათ, რომ უკვე დიდი ხანია, არსებობს სერიოზული პრობლემები აბონენტებისა და წყალმომარაგების კომპანიას შორის ურთიერთობის საკითხში. 2016 წლის 16 მარტისთვის შეპირებულ 24-საათიანი თუ გაუმჯობესებული წყალმომარაგებამდე კი საკმაოდ დიდი დრო რჩება, პრობლემამ კი უკვე მიიღო სისტემური ხასიათი.

 

ამიტომ აუცილებელია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ და მასთან არსებულმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა უფრო აქტიურად და ქმედითად იმუშაოს აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტაზე და პატიოსნად დაიცვას გადამხდელი წყალმომარაგების აბონენტების კანონიერი უფლებები.

 

ნებისმიერი ქმედებები წახალისდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მასზე არ/ვერ განხორციელდება მუდმივი ზედამხედველობა დადგენილი წესების შესაბამისად ყველას მხრიდან, მაკონტროლებელი ორგანოებიდან (ჩვენ შემთხვევაში ეს არის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია), სამოქალაქო საზოგადოებიდან (არასამთავრობო ორგანიზაციების მეთაურობით) და მომხმარებლებიდან. ასეთი პირობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ უფლება-მოვალეობათა შესახებ ინფორმაციათა სრულყოფილად ცოდნის შემთხვევაში. მომსახურეობის ყველა სახეს აქვს, ან უნდა ჰქონდეს, თუ არ აქვს, მომსახურეობის პირობები. წყალმომარაგების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის მიერ 2008 წლის 26 ნოემბერს მიღებულია დადგენილება ?32 „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“. მასში მუხლი 2-ის „ძირითადი პრინციპები“ პუნქტი 1 მიმწოდებელს ავალდებულებს, „უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი ხარისხის წყლით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო წყალმომარაგება კანონმდებლობის, ამ წესების და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად“. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით თვალსაჩინოა ინდივიდუალური მრიცხველების დაყენების/შეცვლის დროს, ამიტომ:

 

1. თქვენი ნებართვის გარეშე არ დააყენებინოთ ან გამოაცვლევინოთ აღრიცხვის კვანძი;

2. აღრიცხვის კვანძის ან მისი რომელიმე ელემენტის გამოცვლამდე კომპანიამ ოფიციალურად უნდა შეგატყობინოთ, თუ რა მიზნით მოხდა მისი გამოცვლა და გასაწევი სამუშაოთა ღირებულება;

 

3. თუ კვანძი ტექნიკურად გამართულია და ლაბორატორიულმა შემოწმებამ ვერ აღმოაჩინა მისი დაზიანება, თქვენ უფლება გაქვთ, კვანძის ან მისი ელემენტების გამოცვლაზე უარი თქვათ;

 

4. თუ მომწოდებელმა რაღაც მიზეზით მოითხოვა კვანძის ან მისი ელემენტის გამოცვლა, შეგიძლიათ, შესაბამისი დასკვნის მიღების შემდეგ, დაუშვათ სამუშაოზე მომწოდებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში შესრულებულ სამუშაოთა დანახარჯების ანაზღაურება დაგეკისრებათ თქვენ.

 

 

ამდენად, თითოეულმა წყალმომარაგების აბონენტმა, პირველ რიგში, თვითონ უნდა შექმნას საკუთარი დაცვის სისტემა საკანონმდებლო ბაზის ცოდნით.

 

 

პროექტის გუნდი

 

სტატია მომზადებულია პროექტის „ქუთაისის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაციის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა“ ფარგლებში.

 

 

ტელ: 24-24-62

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია