დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაკა გორგოძე: „ყველაზე დიდი სირთულე საზოგადოების სამართლებრივი განათლების დაბალი დონეა“
მაკა გორგოძე: „ყველაზე დიდი სირთულე საზოგადოების სამართლებრივი განათლების დაბალი დონეა“
სულ ნანახია 2026
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

გაზეთი „P.S.“ აგრძელებს ინტერვიუების ციკლს ქუთაისის სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეებთან. ბაღდათისა და ტყიბულის შემდეგ, დღეს ჩვენი რუბლიკის სტუმარია წყალტუბოს მაგისტრატი მოსამართლე მაკა გორგოძე.

 

 

- ქალბატონო მაკა, თავდაპირველად, გთხოვთ, გაგვეცნოთ და მოკლედ გვიამბოთ თქვენი პროფესიული გზის შესახებ, რა ეტაპები გაიარეთ, ვიდრე მაგისტრატი მოსამართლე გახდებოდით?

 

- მე გახლავართ მოსამართლე მაკა გორგოძე. დავიბადე და ვცხოვრობ ქალაქ ქუთაისში. აქვე დავამთავრე მე-5 საშუალო სკოლა, ასევე ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მოგვიანებით ვსწავლობდი ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში, სამართლის ისტორიის სპეციალობით. ასევე  გახლდით საერთაშორისო ეკონომიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი კრიმინოლოგიის მიმართულებით. ვმუშაობდი სადისერტაციო თემაზე „რეციდიული დანაშაულობის კრიმინოლოგიური დახასიათება“ პროფესორ ოთარ გამყრელიძის ხელმძღვანელობით. 1997 წელს მუშაობა დავიწყე ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტში ლექტორ-მასწავლებლად. 1998 წლიდან კი ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის კრიმინალისტიკური ტექნიკისა და ტექნიკური ექსპერტიზის კათედრაზე ასევე ლექტორ-მასწავლებლად. პარალელურად გახლდით უნივერსიტეტის იურისტი. მალე ტექნიკურ უნივერსიტეტში დაარსდა სამართლის კათედრა და, შესაბამისად, ვმუშაობდი უკვე მომავალ იურისტებთან. ვკითხულობდი ლექციებს სამართლის ისტორიის, სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის განხრით. ტექნიკური უნივერსიტეტის ა. წერეთლის უნივერსიტეტთან შერწყმის შემდეგ, ვმუშაობდი იურიდიული ფაკულტეტის შემადგენლობაში. ჩემი საუნივერსიტეტო-პედაგოგიური საქმიანობა გრძელდებოდა ათი წელი. 2007 წლის გაზაფხულზე მუშაობა დავიწყე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის სპეციალისტად, რამდენიმე თვეში დავინიშნე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსად. 2007 წლის ნოემბრის თვიდან დავინიშნე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ. 2009-2012 წლებში მივლინებით მოსამართლის უფლებამოსილებას ვახორციელებდი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში. 2012 წლიდან ისევ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დავბრუნდი, ამჟამად უფლებამოსილებას ვახორციელებ წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოში, თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე, განვიხილავ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განსჯად საქმეებსაც.

 

- როდის დაიწყო საქართველოში მაგისტრატი სასამართლოს ფუნქციონირება და  რა უფლებამოსილება გააჩნია მას? როგორ საქმეებს იხილავს?

 

- 2006 წლიდან დაწყებული სასამართლო რეფორმის კვალდაკვალ მაგისტრატი სასამართლოები პირველად ე.წ. გაერთიანებულ სასამართლოებში დაარსდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს რეორგანიზაცია განხორციელდა 2010 წელს და მის  შემადგენლობაში 3 მაგისტრატი სასამართლო შევიდა: წყალტუბოს, ბაღდათისა და ტყიბულის. მაგისტრატი სასამართლოს განსჯადია: ა) ქონებრივი დავები, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 2000 ლარს; ბ) უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეები, გარდა შვილად აყვანის, აგრეთვე გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის, გამარტივებული წესით გადახდის და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეებისა, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება აღემატება 2000 ლარს. გ) საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დავები, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე. ასევე მაგისტრატი მოსამართლის კომპეტენციაა ადამიანის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისა და იძულებით ღონისძიებასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოტანა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამომძიებლის ან/და პროკურორის უკანონო ქმედების გამო საჩივრის გადაწყვეტა.

 

- თქვენ, როგორც მაგისტრატი მოსამართლე, როგორ აფასებთ, რამდენად ეფექტურია ამ ტიპის სასამართლო, რა უპირატესობები აქვს მას ადგილობრივი მოსახლეობისთვის?

 

- მაგისტრატი სასამართლოს ეფექტურობას, თავად ამ სასამართლოს არსი და მისი განსჯადობა განაპირობებს. მოქალაქეებისათვის გაცილებით ადვილია, მიმართოს მისი მუნიციპალიტეტის ცენტრში არსებულ სასამართლოს და მიიღოს ის სამართლებრივი შედეგი, რაც უადვილებს მას სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობას, ასევე საშუალება ეძლევა სასამართლოს გზით მიიღოს გადაწყვეტილება იმ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებზე, როგორიცაა, მაგალითად, იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა, ვალდებულებითი სამართლის საფუძველზე წამოჭრილი დავა და ა.შ.

 

- როგორ შეაფასებდით სასამართლოს მიმართ მოსახლეობის ნდობის საკითხს, რამდენად გენდობათ და აქვს სამართლიანობის იმედი?

 

- მინდა აღვნიშნო, რომ სასამართლოსადმი ნდობის საკითხის შესახებ კვლევები სისტემატურად წარმოებს, როგორც სასამართლოს შიგნით, ასევე არასამთავრო ორგანიზაციების მიერ. შესაბამისად, არსებობს სტატისტიკური მონაცემებიც, რომლებიც ადასტურებენ, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა ყოველწლიურად იზრდებოდა და უკანასკნელ პერიოდში საკმაოდ მაღალ ნიშნულსაც აღწევს.  ეს, პირველ რიგში, განპირობებულია მოსამართლეთა კორპუსის მაღალი პროფესიონალიზმით, ასევე სასამართლო აპარატის მოხელეთა კვალიფიკაციით. სასამართლო ხელისუფლება ზრუნავს როგორც მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ასევე ხშირია ტრეინინგები და სწავლებები აპარატის თანამშრომელთათვისაც. ნდობის საზომად შეგვიძლია გამოვიყენოთ ის განწყობაც, როგორიც მოქალაქეებს მაგისტრატი სასამართლოს მიმართ აქვთ. ისინი ხშირად იხდიან მადლობას აპარატის თანამშრომელთა მხრიდან გაწეული სამუშაოსათვის. ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებათა გასაჩივრების პროცენტული მაჩვენებლის დაბალი დონე, ვფიქრობთ, მათი კმაყოფილების უტყუარი დასტურია.

 

- წელიწადში, დაახლოებით, რამდენი საქმის განხილვა ხდება, რა საკითხებზე მოგმართავენ ძირითადად? ხომ არ გაიხსენებთ რამდენიმე საქმეს, რომელიც დაგამახსოვრდათ გამორჩეულად.

 

- წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 700 საქმის განხილვა ხდება. ძირითადად ესაა სამოქალაქო, ადმინისტრაციული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და სისხლის სამართლის საქმეები. ასევე იხილება, დაახლოებით, 350-მდე სამართლებრივი იძულების ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების საკითხის შემოწმებაზე შუამდგომლობები.

სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას, როცა მოსამართლე ყველა კატეგორიის საქმეს იხილავს, მას  ბევრი საინტერესო და დასამახსოვრებელი საქმე ხვდება. საქმე გამახსოვრდება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, მაგალითად, განსაკუთრებული სირთულით, ასევე მხარეებით, რომელებიც ძალიან კვალიფიციურები, ან პირიქით, ძალიან არაკვალიფიციურები არიან, ერთ საქმეზე ბრალდებულების სიმრავლით და სხვა. შესაბამისად, რომელიმე კონკრეტულ საქმეს ვერ გამოვყოფდი.

 

- ქალბატონო მაკა, რა მიგაჩნიათ თქვენს საქმიანობაში ყველაზე დიდ სირთულედ, რა პრობლემებს აწყდებით?

 

- სასამართლოს საქმიანობაში და, საერთოდ, მართლმსაჯულების განხორციელებისას, განსაკუთრებულ სირთულეებს საზოგადოების სამართლებრივი განვითარების დაბალი დონე წარმოადგენს. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია მაგისტრატი სასამართლოს განსჯად საქმეებზე. რადგანაც, უმეტესად, ასეთ საქმეებზე მხარეებად თავად სამართლებრივი ურთიერთობის პირები მონაწილეობენ და არა ადვოკატები და იურისტები. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩვეულებრივ სამოქალაქო საქმეზე, დარბაზში შემოსვლისას რომელიმე მხარე ტირილს იწყებს იმ საფუძვლით, რომ სასამართლოში არასდროს ყოფილა. მანდატურსა და მოსამართლის თანაშემწეს დიდი ძალისმევა სჭირდება, რომ ასეთი მხარეები საქმის განხილვისათვის განაწყონ. შესაბამისად, მოსამართლესაც უფრო მეტი დრო ეხარჯება ასეთი დავების გადასაწყვეტად. ყოფილა შემთხვევები, როცა მხარე აპროტესტებს განმარტებას გადაწყვეტილების გასაჩივრებისა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს. ასევე განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება იმის ახსნას, რომ დასავლეთ საქართველოს ყველა სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საჩივრდება.

 

- რამდენად წარმატებულად მიგაჩნიათ სასამართლო რეფორმის ეს ნაწილი -  მაგისტრატი სასამართლოების არსებობა - და, პრაქტიკიდან გამომდინარე, რაიმე ცვლილების ან დახვეწის საჭიროებას ხომ არ ხედავთ?

 

- მაგისტრატი სასამართლოს არსებობა საერთო სასამართლოების სისტემაში, საკმაოდ წარმატებულია. უპირველესად აღსანიშნავია, რომ საქმეებიდან განიტვირთა რაიონული და საქალაქო სასამართლოები. მართლმსაჯულება უფრო ეფექტური და სწრაფი გახდა. პრაქტიკულმა გამოცდილებამ ცხადჰყო, რომ რეფორმა წარმატებით განხორციელდა.

 

- გიგრძვნიათ თუ არა თქვენი საქმიანობის განხორციელებისას რაიმე სახის ზეწოლა? საერთოდ, რამდენად დამოუკიდებელია, თქვენი აზრით, დღეს ქართული სასამართლო და ათბალიანი სისტემის საშუალებით, როგორ შეფასებას მისცემდით დამოუკიდებლობის ხარისხს წინა ხელისუფლებისა და დღევანდელი ხელისუფლების პირობებში?

 

- მოსამართლის უფლებამოსილებაში შესვლამდე, ჩვენ ყველამ დავდეთ ფიცი, რომ ვიქნებოდით დამოუკიდებლები და დავემორჩილებოდით მხოლოდ და მხოლოდ კანონს. თუ რომელიმე მოსამართლე თავს უფლებას აძლევდა და აძლევს, ფიცი გატეხოს და რაღაც გარემოებების გათვალისწინებით საკუთარი თავისუფლება, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა შეიზღუდოს, ეს, რა თქმა უნდა, არა მარტო სასამართლოს, არამედ მთლიანად საზოგადოების და სახელმწიფოს პრობლემაა. ჩემი დამოუკიდებლობის მაჩვენებელი სასამართლო სისტემაში, როგორც ძველი, ისე ახალი ხელისუფლების პერიოდში, არის და იქნება მაღალ ნიშნულზე და, ეს უპირველეს ყოვლისა, ჩემი პიროვნული მახასიათებლებითაცაა განპირობებული.

 

- თქვენთვის ცნობილია, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ნორმა კონსტიტუციურად ამოქმედდა, თუმცა პარლამენტი აპირებს სამწლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას მოსამართლისთვის. როგორია თქვენი აზრი ამ საკითხზე?

 

- სახელმწიფოს ძირითად კანონში ამოქმედებული ნორმა მოსამართლეთა სამწლიანი გამოსაცდელი ვადის შესახებ, მოსამართლეებში ცალსახად უარყოფით დამოკიდებულებას იმსახურებს. მაგალითად, მრავალწლიანი სტაჟის მქონე მოსამართლისათვის ასეთი ვადის დაწესება, ვფიქრობ, მართლმსაჯულების განხორციელებისას მოსამართლის „სითამამეს“ გადაწყვეტილების მიღებისას, ფრთებს შეუკვეცავს. რაც, თავისთავად, მის მიუკერძოებლობას და დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ დააყენებს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია