საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
„ჩვენ, საერთოდ, გვყავს პრეზიდენტი?“
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 1115
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა ქუთაისში - ვინ უნდა მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას ხელი?

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება ერთჯერადად პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მესამე სამიტის ფარგლებში ასოცირების შესახებ ხელშეკრულების განხილვა ბოლო პერიოდში აქტუალურ თემად იქცა. მსჯელობის საგანი გახდა, თუ ვინ მოაწერს ხელს აღნიშნულ დოკუმენტს - პრეზიდენტი, თუ პრემიერი.

 

დავინტერესდით საზოგადოებრივი აზრით და ქუთაისის მოსახლეობას მივმართეთ კითხვით: მათი აზრით, ვინ უნდა მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას?

 

ქუთაისელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ქვეყნის პირველმა პირმა უნდა მიიღოს.

 

გოჩა აბდალაძე: „ჩვენ, საერთოდ, გვყავს პრეზიდენტი? სხვას რას აკეთებს, აბა, ქვეყანაში? არაფერი არ შეუცვლია სასიკეთოდ, ახლა კი ასეთ მნიშვნელოვან საქმეს სხვას აბარებს. ეს არ არის სწორი?“

 

ჯუმბერ არაბიძე: „თუ სახელმწიფო გვქვია, წესით და რიგით მარგველაშვილმა უნდა მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, მაგრამ ჩვენი პრობლემაც იმაშია, რომ ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, ამიტომ რა მნიშვნელობა აქვს, ვინ აიღებს თავზე ამ საქმეს.“

 

ზაურ ამაღლობელი: „რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი, აბა რისი პრეზიდენტია, თუ ასე გადააბარა სხვებს მისი მოვალეობები.“

 

ნუკრი ბურჯანაძე: „როგორც წესი, პრეზიდენტი უნდა ასრულებდეს ასეთ მნიშვნელოვან ფუნქციას, მაგრამ, ჩემი აზრით, მარგველაშვილს ის მთავარი „ძარღვი“ აკლია, რაც ღარიბაშვილს აქვს, ეს სახელმწიფოს მართვაზე სწორად მიდგომის და თანამდებობაზე კარგად მორგების უნარია. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მათგანი მოაწერს ხელს დოკუმენტს, მთავარი ის არის, რა შედეგებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას ეს ხელშეკრულება. მაგრამ, მაინც ვთვლი, რომ საქართველოს პრეზიდენტი უფრო უნდა აქტიურობდეს ასეთ მნიშვნელოვან საკითხებში.“

 

თეიმურაზ მჟავანაძე: „ჩვენ მარგველაშვილს ვანდეთ სახელმწიფო, მას დავუჭირეთ მხარი იმიტომ, რომ საქართველოსთვის სასიკეთო საქმეები გაეკეთებინა, მაგრამ მე, პირადად, მისი გაკეთებული კარგი ვერაფერი დავინახე. ქვეყანაში პირველი პირია და, შესაბამისად, თვითონ უნდა ასრულებდეს იმ ვალდებულებებს, რაც მას აკისრია და არ უნდა გადაამისამართოს მისი მოვალეობები თანამდებობის სხვა პირებზე.“

 

ცნობილია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება ბრიუსელში 2014 წლის 27ივნისს დაიდება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმების დადების უფლებამოსილება პრეზიდენტის მოვალეობის სფეროშია, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა ეს მოვალეობა ერთჯერადად საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუთმო.

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია