დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„წინასაარჩევნო გარემო არის უფრო ღია, ვიდრე ერთი წლის წინ“
„წინასაარჩევნო გარემო არის უფრო ღია, ვიდრე ერთი წლის წინ“
ავტორი: ცოტნე პაატაშვილი
სულ ნანახია 1916
ავტორი:
ცოტნე პაატაშვილი

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მიზნით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის ხელმძღვანელმა 25 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე წინასაარჩევნო გარემო მოკლედ ერთი ფრაზით შეაფასა - დღეს წინასაარჩევნო გარემო არის უფრო ღია და უფრო კეთილგანწყობილი, ვიდრე ერთი წლის წინ.

„ამ ორი დღის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიურად ვიმუშავეთ, გვქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა, მათ შორის - პრემიერ მინისტრთან, ძირითად საპრეზიდენტო კანდიდატებთან, პარლამენტის სპიკერთან, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, უშიშროების საბჭოს მდივანთან, იუსტიციის მინისტრთან, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან,“ - განაცხადა წინასაარჩევნო დელეგაციის ხელმძღვანელმა მარიჩელ მატეუ პიმ. დელეგაციაში სხვადასხვა ევროპული პარტიების წარმომადგენლები შედიოდნენ.

დელეგაციის ხელმძვანელმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ამჟამად შექმნილია უფრო ღია, კონკურენტული და პლურალისტური საარჩევნო გარემო და საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჩაატაროს ისეთი საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის მიმართაც მოქალაქეებს ექნებათ ნდობა და რომელიც დააკმაყოფილებს ევროპის საბჭოს სტანდარტებს. 

„საარჩევნო კამპანიისას უნდა გამოირიცხოს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციის მხარდამჭერთა მიმართ და მათი დაშინება, ყოველგვარი ზეწოლა არჩეულ და დანიშნულ თანამდებობის პირებზე, რათა მათ ვადამდე დატოვონ დაკავებული თანამდებობები,  აგრეთვე  საარჩევნო პროცესში ნებისმიერი  გაუმართლებელი ჩარევა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ საარჩევნო კამპანიისას გამოვლენილი ყველა სავარაუდო დარღევა. უნდა გატარდეს მკაცრი და თანაზომიერი სანქციები,“ - ნათქვამია დელეგაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც მარიჩელ მატეუ პიმ აღნიშნა, დელეგაციამ შეხვედრების განმავლობაში მიიღო ინფორმაცია უმცირესობათა მიმართ არაშემწყნარებლური დამოკიდებულების შემთხვევების შესახებ.

 „აქ არ არის გადამოწმებულ ფაქტებზე საუბარი, უბრალოდ, მინდა ვთქვა, რომ შეხვედრების დროს საპრეზიდენტო კანდიდატებმა აღნიშნეს და გააკეთეს განცხადებები იმის თაობაზე, რომ ამგვარ შემთხვევებს აქვს ადგილი და ჩვენ ვთქვით, რომ ყოველგვარი ასეთი ძალადობა საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერი აქციების დროს დაუშვეებლია და უნდა გამოირიცხოს,“ - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა მარიჩელ მატეუ პიმ. 

 

წინასაარჩევნო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული შეფასებები...

„დარწმუნებული ვარ, ისინი ხედავენ იმ ძალიან დიდ განსხვავებას, რომელიც შარშანდელ და ამჟამინდელ  არჩევნებს  შორის არის. მათ აინტერესებთ რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების საკითხი და თვითონ საარჩევნო სიის თემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. წელს საარჩევნო გარემოს კუთხით საკრიტიკო დიდი არაფერია, რაც ქვეყნისთვის პროგრესია. ჩვენ ამაზე ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ იმისათვის, რომ მომავალი წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ უფრო კარგ გარემოში და დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარდეს,“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა თამარ ტალიაშვილმა კი სტუმრებს სამინისტროში განხორციელებული რეფორმები და ღონისძიებები გააცნო. შეხვედრაზე არჩევნების პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის საკითხებზე ისაუბრეს. 

სტუმრები მინისტრის მიერ ბრძანებით დამტკიცებული „არჩევნების პერიოდში უწყების მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციას“ გაეცნენ, რომელიც არჩევნების პერიოდში პოლიციელთა უფლებამოვალეობებს, კანონით დადგენილ აკრძალვებსა და შეზღუდვებს განსაზღვრავს. 

„ჩვენ ვისაუბრეთ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი, რომ ჩვენ ამ არჩევნებს 2012 წლისას არ ვადარებთ, იმიტომ, რომ ჩვენ სააკაშვილის სისტემას და რეჟიმს თვისობრივად არ ვედრებით, ჩვენ ვედრებით ევროპას და გვინდა, რომ ამ არჩევნებს ევროპის სტანდარტებით შეხედონ. ის, რაც ჩასასწორებელია, რაც ანგარიშგასაწევია, ამაზე სწორედ რომ ყველაზე მაღალი ევროპული სტანდარტებით ვიმსჯელოთ,“ - განაცხადა მმართველი კოალიციის      „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი  მარგველაშვილმა.

„იმედი მაქვს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ისევე აქტიურად იქნება ამ არჩევნების მონიტორინგში ჩართული, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა. დღეს დეტალურად ვისაუბრეთ თუ რა მდგომარეობაა, როგორია საარჩევნო გარემო. ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომელიც არსებობს. ჩვენი კოლეგები ევროსაბჭოდან განსაკუთრებით შეშფოთებულნი არიან იმ ძალადობის შემთხვევით, რომელსაც ადგილი აქვს კამპანიის პერიოდში. იმედი მაქვს, ხელისუფლება მათ შეშფოთებებს ადექვატურად მიუდგება და იმედი მაქვს, ისეთი არჩევნების ჩატარებას მოვახერხებთ, რომელიც ქვეყანას გამოადგება. ჩემი, როგორც ოპოზიციის ლიდერის და პრეზიდენტობის კანდიდატის მთავარი ამოცანაა, ისეთი არჩევნები ჩატარდეს, რომ ამით ქვეყანამ და ხალხმა მოიგოს და საქართველოს წინსვლა გაგრძელდეს,“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან საუბარი იყო საარჩევნო გარემოზე, იმაზე რომ რეალურად საარჩევნო გარემო შიშისგან უფრო თავისუფალია, ვიდრე ეს ერთი წლის წინ იყო, თუმცა სამართლიანობა საბოლოოდ ნამდვილად არ აღმდგარა. თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს საარჩევნო გარემოს თვალსაზრისით თანაბარი პირობები არ აქვთ. მე ვარ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებული, როდესაც „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს ბევრი პრივილეგია აქვთ, მათ შორის თავისუფალი საეთერო და სარეკლამო დრო, მე კი ამის უფლება და საშუალება არ მაქვს,“ - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ. მისივე თქმით, მან დელეგაციასთან სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ვლაპარაკობთ სამართლიანობის აღდგენაზე და არა რევანშზე ან პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე, ევროპელებს კარგად ესმით, რომ სამართლიანობის აღდგენა ქვეყნის ნორმალური განვითარებისა და ეკონომიკური წინსვლისთვის მნიშვნელოვანია. მათ გაიკვირვეს როდესაც ვუთხარი, რა აბსოლუტურად არადემოკრატიული ფორმულირებაა მოძებნილი იმისთვის, რომ მე თავისუფალი საეთერო დრო არ მქონდეს. იმედი მაქვს, მათი მხრიდან ეს საკითხი ხაზგასმული იქნება,“ განაცხადა ბურჯანაძემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია საქართველოში კვლავ ჩამოვა არჩევნების დღეს - 27 ოქტომბერს, ოღონდ სრული შემადგენლობით. დელეგაცია 32 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული და ის საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდება.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია