დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სასტიკი რეალობა - ახალგორელთა „უსახელო, უსტატუსო და უგვარო ქალაქი“, რომელსაც მხოლოდ დასახლება უწოდეს
სასტიკი რეალობა - ახალგორელთა „უსახელო, უსტატუსო და უგვარო ქალაქი“, რომელსაც მხოლოდ დასახლება უწოდეს
ავტორი: ლიკა ჩახუნაშვილი
სულ ნანახია 4786
ავტორი:
ლიკა ჩახუნაშვილი

2008 წლის აგვისტოს ომი ქვეყანამ მწარედ იწვნია. დავკარგეთ ასობით ქართველი ჯარისკაცი, მშვიდობიანი მოქალაქე და მთავარი... მტერი მეზობელი ამჯერად ნაბიჯით კი არ შემოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე, არამედ მათი საზღვრები კილომეტრობით გაიზარდა ჩვენი მიწებით. შემდეგ კი, შესაბამისად, გაჩნდა ახალი დასახლებები.

 

წეროვანის დასახლებაში 2000-ზე მეტი კოტეჯია განთავსებული. ადგილი, სადაც ერთ დროს კოღოებისა და ჭაობების ნავსაყუდელი იყო, დღეს ერთ დიდ „ოჯახად“ გადაქცეულა. სხვა რა შეიძლება, ვუწოდოთ ამ დასახლებას, როცა სტატუსი არ გააჩნია. არხები, წყალი,  გზა, უმუშევრობა და ცხოვრება 400 კვადრატულ მიწის ნაკვეთზე ერთ-ერთი მთავარი სატკივარია აქ ჩასახლებული დევნილებისთვის.

 

ვაჟა ხარაბაძე ხუთი წელია ამ დასახლებაში ცხოვრობს. ის ახალგორიდან 2008 წლის აგვისტოს ომს გამოექცა.

 

„ხალხი უმუშევარია, გადასახადებს ვერ ავუდივართ. ჩვენი შემოსავალი ყოველთვიური დახმარება 45 ლარია, ამ თანხით ოჯახი გამოვკვებო თუ გადასახადები გადავიხადო? ეს კოტეჯებიც არ არის ხარისხიანად გაკეთებული. ვისაც ჰქონდა საშუალება, გააკეთა, თავიდან გადახურა. მიწის ფართობი რომ მქონდეს, დავამუშავებდი და ნათესებს მოვიყვანდი. კი ხედავთ, რა ფართზეც ვხოვრობ, 400 კვადრატ მიწაზეა ეს კოტეჯი ჩადგმული. სამსახურის თაობაზე არაერთხელ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ, ამაოდ.“

 

ვაჟა ხარაბაძე ახალგორში მიმოსვლის საკითხზეც გვესაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს საბუთი „ფორმა ცხრა“, რომლის საშუალებითაც თავის ძირძველ სახლს ორ კვირაში ერთხელ სტუმრობს.

 

ნუნუ მღებრიშვილი, რომელიც წეროვანის დასახლებაში არასამთავრობო ორგანიზაციას „ჩვენ ჯანსაღი მომავალი“ წარმოადგენს, ნათლად იცნობს აქაურ ბრობლემებს. „ზაფხულში ამ დასახლებაში არის გაუსაძლისი მდგომარეობა. ხალხს არ აქვს სასმელი წყალი. გზა კი ხედავთ, რა მდგომარეობაშია და წარმოიდგინეთ, ზაფხულის სიცხეში აქ რა პირობები იქნება. რაც შეეხება ტრანსპორტს, არის მხოლოდ კერძო ტრანსპორტი, მუნიციპალური ტრანსპორტი აქ არ დადის. საბავშვო ბაღი არის, სკოლაც,  რომელიც 1000 ბავშვზეა გათვლილი. არის ასევე მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი. რაც შეეხება პოლიკლინიკას, ქირით არიან ერთ-ერთ კოტეჯში განთავსებული. არ არის არცერთი ბანკის ფილიალი. რამდენიმე თვეა, „ლიბერთი“ ბანკმა დადგა ბანკომატი,“ - განმარტავს ჩვენთან საუბარში ქალბატონი ნუნუ.

 

ლიანა დილიმაშვილი  ცხინვალიდან ახალგორის რაიონში სოფელ იკოთში ჩაასახლეს 90იან წლებში. აგვისტოს ომის შემდეგ კი ახალგორიდან წეროვანის დასახლებაში მოუხდა გადმოსვლა. ცხოვრება დევნილობიდან დევნილობაში და „კოტეჯური“ პრობლემები.

 

„მე ვარ ახალგორის რაიონი, სოფელ იკოთიდან. იქ ვცხოვრობდი, მაგრამ სად ვარ ახლა, თქვენც კარგად ხედავთ. იმ ავადსახსენებელმა აგვისტოს ომმა გამანადგურა.

 

ჩემი შვილებიანად გამოვიქეცი და წამოვედი. მეუღლე არ წამოვიდა, იქ დარჩა, მაგრამ ორი წლის წინ გარდაიცვალა, აქ გადმოვასვენეთ. ჩემს შვილებს გახედვაც არ უნდათ ახალგორისკენ, იმდენად დიდი ტკივილი გადაიტანეს. მე საბუთი მაქვს და ხანდახან დავდივარ ჩემს სახლში. ბოლოს ახალ წელს ვიყავი. იკოთში სულ ქართველები ცხოვრობენ, შევიწროვებით, რა ვიცი, არავის არ ავიწროებენ. ჩემი გოგო საზღვარგარეთ წავიდა, ბავშვებს ვერ აუთავდა და რა ექნა? შვილიშვილებს მე ვხედავ. ასე შემოვრჩი აქაურ სახლკარობას. კომუნალური გადასახადი ერთი წელია, არ გადამიხდია, არ მაქვს და რა გადავიხადო? გაზის გადასახადი იმდენი იქნება, რომ არ ვიცი. ვერ ვიტყვი, რომ აქ ადვილია ცხოვრება. ზამთარში საშინელი ქარია და ზაფხულში იწვის ყველაფერი. აფრიკის სინდრომი გვჭირს უკვე.“

 

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილი ყველა იმ მოგვარებად და მოუგვარებად საკითხებზე გვესაუბრა, რაც ამ დასახლების მცხოვრებლებს აწუხებთ.

 

„ჩვენი მცხოვრებლების 95%-ს აქვს დევნილის სტატუსი. დევნილის სტატუსი არ აქვს, მაგალითად, იმ ადამიანს, ვინც 2008 წლის შემდეგ მოიყვანა ცოლი. ყოველ სამშაბათს აქ მოდიან იურისტები და ვცდილობთ, რაღაცნაირად დავეხმაროთ ამ ხალხს. ჩვენ ვართ ახალგორის მუნიციპალიტეტი და ვალდებული ვართ, კარგი ადვოკატირება გავუწიოთ ამ ხალხს. რაც შეეხება გაზის დავალიანებას, გაგზავნილია ჩვენი მხრიდან წერილი ენერგეტიკის მინისტრთან, კახა კალაძესთან და ველოდებით პასუხს. სამომავლოდ კი, ყოველ ზამთარში გვექნება კვოტა და ყველა დევნილს ეცოდინება, რამდენი უნდა დახარჯოს. ძალიან ბევრ ოჯახს აქვს დავალიანება, ზოგს 800 ლარი. ეს მართალია, არ განულდება, მაგრამ შეძლებისდაგვარად გადანაწილდება. ვიწყებთ ასევე წყლის დაქსელვას, რაც ნახევარ მილიონზე მეტი ჯდება. მთავარი გაკეთებულია, წყალი შემოყვანიალია და 2014 წელში დასრულდება ოჯახებში შეყვანა.

საკრებულოს თავმჯდომარე კოტეჯების დამტკიცების თემასაც შეეხო და განმარტა, რომ ადამიანს, რომელსაც არ აქვს კერძო საკუთრებაში დამტკიცებული კოტეჯი, ის სახელმწიფო საკუთრებას ვერ გაყიდის. წეროვანის დასახლება, როგორც ადგილობრივები განმარტავენ, სამ ნაწილად იყოფა: ზემო, შუა და ქვემო ნაწილად. შედარებით საცხოვრებლად კარგ ადგილად ზემო ნაწილი ითვლება და, შესაბამისად, იქ ის მოსახლეობა დაასახლეს, რომლებიც ახალგორში ცენტრალურ ადგილას ცხოვრობდა. დამისამართება კი შემდეგნაირად არის, მაგ: მეთხუთმეტე რიგის ბინა ?5 და ა.შ.

რაც შეეხება არჩევნების თემას, ეს საკითხი, ცოტა არ იყოს, ბუნდოვანი და გაურკვეველი ჩანს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გვითხრა,     „უსახელო, უსტატუსო და უგვარო ქალაქი, რომელსაც მხოლოდ დასახლება უწოდეს, არჩევანს აკეთებს მცხეთის გამგებლის და დეპუტატის სასარგებლოდ. სხვა მხრივ, აქაურ მაცხოვრებლებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ. ამის შემდეგ მცხეთა ნიშნავს ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს. ჩვენი ლეგიტიმაცია ჰაერშია გადმოკიდებული, არჩევნები აქ არის მტკივნეული თემა. დევნილებმა აირჩიეს მცხეთის დეპუტატი. ნებისმიერი არჩევნები, გარდა საპრეზიდენტოსი, წინააღმდეგობაში მოდის სხვა არჩევნებთან.“

 

როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე თავის კაბინეტში მსგავს საკითხებზე გვესაუბრებოდა, კარებში განერვიულებული ქალბატონი შემოიჭრა.

 

„თუ სამართლიანობის აღდგენა გინდათ, ჩვენგან, ლენინგორიდან(ახლანდელი ახალგორი) დაიწყეთ ამ სამართლის აღდგენა, უპატრონოდ რომ ვართ დარჩენილები. ბევრმა რუკაზეც არ იცის, სად არის ლენინგორი. ერთი შვილი მყავს, უკანონოდ ამომიღეს დევნილთა სიიდან და დახმარებასაც ვერ ვღებულობთ. საჯაროდ ვამზეურებდი ამ დამპალი მთავრობების შეცდომებს და ამიტომ შემიწყვიტეს სტატუსი. სამართალს ვეძებთ და ვერ ვიპოვეთ სამართალი. ქართული, რუსული თუ ამერიკული ოცნება არ ვიცი მე. ვითხოვ დევნილის სტატუსის აღდგენას,“ - შემოგვჩივლა ლენა ღუნაშვილმა.

 

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, ამ ქალბატონს სტატუსი შეუჩერდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავის კოტეჯში ჩაწერილი ჰყავს გათხოვილი შვილი, თავისი შვილებით და, აქედან გამომდინარე, სამინისტრომ ეჭვქვეშ დააყენა ქალბატონი ლენას დევნილობის სტატუსი.

 

ფაქტია, რომ საქართველოს ასეულობით მოქალაქეს უწევს კოტეჯური ცხოვრება, სადაც წელიწადის ყველა სეზონი დასამახსოვრებელია. ქარი, წვიმა, აფრიკული გაუდაბნოება და ა.შ. მაშინ, როცა ვაიმეზობელი მცოცავი მავთულხლართებით ისევ მოიწევს ჩვენსკენ და საკუთარ მიწა-წყალზე დევნილი ქართველები  „ფორმა ცხრით“ დადიან.

 

 

 

 

მასალა მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“-ს და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის ორგანიზებით, მედიატურის ფარგლებში.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია