დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაგისტრატი სასამართლო - რეფორმის წარმატებული ნაბიჯია!
მაგისტრატი სასამართლო - რეფორმის წარმატებული ნაბიჯია!
ავტორი: ნატო გუბელაძე
სულ ნანახია 3614
ავტორი:
ნატო გუბელაძე
მსგავსი სიახლეები

ინტერვიუ ბაღდათის მაგისტრატ მოსამართლე, ციცინო მოსიძესთან

 

 

საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია, რომ 2005-2006 წლებში დაწყებული სასამართლო რეფორმის ფარგლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით რაიონული (საქალაქო) სასამართლოები საქმეებს განიხილავენ პირველი ინსტანციით. ამავე პერიოდიდან შემოღებულია მაგისტრატი მოსამართლის ინსტიტუტი, რომლის მთავარი ამოცანაა, მცირემნიშვნელოვანი დავების სწრაფად და გამარტივებულად განხილვა და გადაწყვეტა. 

 

მაგისტრატი მოსამართლის ინსტიტუტის შემოღების შემდეგ, რეფორმის ფარგლებში, ეტაპობრივად განხორციელდა სასამართლოთა გაერთიანება.

 

ქუთაისის სასამართლოს შემადგენლობაში ამჟამად სამი მაგისტრატი მოსამართლე მუშაობს - ბაღდათის, ტყიბულისა და წყალტუბოს.

 

ჩვენი საგაზეთო მასალების ციკლში წარმოგიდგენთ მათთან ინტერვიუებს და გაგაცნობთ იმ წარმატებებსა თუ სირთულეებს, რაც მაგისტრატი მოსამართლეების საქმიანობის ნაწილია.

 

ამჟამად ჩვენი გაზეთის სტუმარია ბაღდათის მაგისტრატი მოსამართლე, ქალბატონი ციცინო მოსიძე.

 

 

 

ამონაწერი მოსამართლის CV-დან

 

ციცინო მოსიძე 1996 წელს დაამთავრა ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

 

1997-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის ბაღდათის ინსტიტუტის იურიდიულ მეცნიერებათა კათედრაზე მასწავლებლად, ხოლო შემდეგ, 2005 წლამდე - ამავე კათედრის დოცენტად.  

 

2002-2005 წლებში, პარალელურად, იყო ადვოკატთა კოლეგიის, ხოლო შემდეგ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი და მუშაობდა ბაღდათის რაიონის ადვოკატურაში ადვოკატად.

2005 წელს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შემდეგ დაინიშნა ბაღდათის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

 

2006-2007 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

2008 წლიდან დაკისრებული ჰქონდა ბაღდათის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.

 

2010 წლის 1 მარტიდან დაევალა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

 

2010 წლის 22 სექტემბრიდან ახორციელებს მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილებას ბაღდათის მუნიციპალიტეტში. ამავდროულად, არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

 

 

კანონის განმარტება:

 

 რას ნიშნავს მაგისტრატი მოსამართლე, რა უფლებამოსილება გააჩნია მას? როგორ საქმეებს იხილავს?

 

 კანონის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში შეიძლება, შედიოდნენ მაგისტრატი მოსამართლეები. მაგისტრატი მოსამართლე ეწოდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. მაგისტრატი მოსამართლე საქმეს განიხილავს ერთპიროვნულად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 მაგისტრატი მოსამართლეები სამოქალაქო სამართლის კუთხით პირველი ინსტანციით განიხილავენ: ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 2000 ლარს; უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეებს, გარდა შვილად აყვანის, აგრეთვე გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის,  გამარტივებული წესით გადახდის და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეებისა, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს. ასევე, განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენისა და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

ადმინისტრაციული სამართლის კუთხით მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით; სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით; სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხის თაობაზე; სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის თაობაზე; საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავასთან დაკავშირებით; მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე ბრძანების გამოცემის თაობაზე. შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის  მიმართვის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ.

 

სისხლის სამართლის კუთხით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის კომპეტენციაა ადამიანის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისა და იძულებით ღონისძიებასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოტანა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამომძიებლის ან/და პროკურორის უკანონო ქმედების გამო საჩივრის გადაწყვეტა, ასევე ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 


დიალოგი

 

- ქალბატონო ციცინო, თქვენ, როგორც მაგისტრატი მოსამართლე, როგორ აფასებთ, რამდენად ეფექტურია ამ ტიპის სასამართლო, რა უპირატესობები აქვს მას ადგილობრივი მოსახლეობისთვის?

 

- მაგისტრატი მოსამართლის ინსტიტუტი შემოღებულია მცირემნიშვნელოვანი დავების სწრაფად და გამარტივებულად განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით. საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი სამოქალაქო საქმეების დაჩქარებული წესით განხილვას. ამ თვალსაზრისით მიმაჩნია, რომ საკმაოდ ეფექტურია ამ ტიპის სასამართლო, ვინაიდან მხარეები მოწადინებულნი არიან, სწრაფად გადაწყდეს მათი საქმეები.

 

 უპირატესობას რაც შეეხება, არის ის, რომ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს კანონით დადგენილი ოდენობის ნახევარს, რაც უფრო ხელმისაწვდომს ხდის სასამართლოსთვის მიმართვას დავის გადასაწყვეტად. ამასთან, საქმეები სწრაფად და მარტივად განიხილება, ასევე – ტერიტორიულადაც ხელმისაწვდომია, ვინაიდან მაგისტრატი მოსამართლე თავის უფლებამოსილებას ახორციელებს იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც განმცხადებელი (მოსარჩელე) ცხოვრობს.

 

საქართველოში მოქმედებს მართლმსაჯულების ელექტრონული პროგრამა. ელექტრონულ პროგრამაში პირველი ინსტანციის ყველა სასამართლოა ჩართული, მათ შორის – ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოც. ეს პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობს.  მიმდინარეობს გარე მომხმარებლების, კერძოდ ბანკების, ადვოკატების და სხვადასხვა უწყებების ჩართვა ამ პროექტში, რითაც უფრო ხელმისაწვდომი გახდება მხარეებისათვის სასამართლო. მათ შეეძლებათ სახლიდან, ოფისებიდან გაუსვლელად ნახონ თავიანთ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან საქმის მასალები ატვირთულია ელექტრონულად.

 

სასამართლოებში ასევე მიმდინარეობს სასამართლო სხდომების აუდიო ჩაწერა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია საქმის სწრაფად განხილვისათვის. ადრე  ხელით იწერებოდა სხდომის ოქმები და მხარეებს გარკვეული შენიშვნები ჰქონდათ ოქმებთან დაკავშირებით. დღეს ეს პრობლემა არ არსებობს. ერთობლიობაში ყველაფერი ეს ხელს უწყობს საქართველოში სწრაფი, ხარისხიანი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას. ამჟამად ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოში არ მიმდინარეობს სხდომების აუდიო ჩაწრა, მაგრამ დაგეგმილია და უახლოეს მომავალში დამონტაჟდება სპეციალური აპარატურა და მოხდება სასამართლო სხდომების აუდიო ჩაწერა.

 

- როგორ შეაფასებდით სასამართლოს მიმართ მოსახლეობის ნდობის საკითხს, რამდენად გენდობათ და აქვს სამართლიანობის იმედი?

 

- მიმაჩნია, რომ სასამართლოს მიმართ მოსახლეობის ნდობა გაზრდილია. ამაზე მეტყველებს საქმეთა გაზრდილი რაოდენობა.  ვფიქრობ, რომ მოსახლეობის ნდობის გაზრდა დამოკიდებულია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სტაბილურობაზე, მოსამართლის დამოუკიდებლობასა და ობიექტურობაზე, ასევე – მომსახურების ხარისხზე.  ძალიან ბევრია შემთხვევა, როდესაც მხარეები არ ასაჩივრებენ მათ საწინააღმდეგოდ მიღებულ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ ამის სრული შესაძლებლობა გააჩნიათ. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ფაქტები მოქალაქეების სასამართლოსადმი ნდობით არის გამოწვეული. ანუ მხარეებს ეჭვი არ ეპარებათ მოსამართლის ობიექტურობაში, მიუკერძოებლობასა და კომპეტენტურობაში.

 

- წელიწადში, დაახლოებით, რამდენი საქმის განხილვა ხდება, რა საკითხებზე მოგმართავენ ძირითადად?

 

- წელიწადში, დაახლოებით, 50-60 საქმის განხილვა ხდება ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოში. ეს მაჩვენებელი სტაბილური არ არის და მერყეობს. შეინიშნება საქმეთა მატების ტენდენცია. გაზრდილია აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა რაოდენობა და გასულ წელს მიაღწია 215-ს. წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია აგრეთვე – აღკვეთის ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების რაოდენობა. მოქალაქეები ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოს მომართავენ, ძირითადად, უდავო წარმოებისა და საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე.

 

- რა მიგაჩნიათ თქვენს საქმიანობაში ყველაზე დიდ სირთულედ, რა პრობლემებს აწყდებით?

 

- მოსამართლის საქმიანობა თავისთავად რთულია, უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია როგორც მოქალაქეების, ასევე – სახელმწიფოს წინაშე. მოსამართლეს ხომ სახელმწიფოს სახელით გამოაქვს გადაწყვეტილებები. მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს კანონიერი, ამასთან – სამართლიანი.

 

პრობლემებს რაც შეეხება, გეტყვით, რომ მე, როგორც მაგისტრატ მოსამართლეს, რაიმე სირთულე და პრობლემა არ მაქვს, მაგრამ თუ ამ საქმიანობას დავამატებთ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმიანობას, გეტყვით, რომ ერთადერთი პრობლემა შეიძლება იყოს იმ დროის სიმცირე, რასაც ვატარებ ოჯახთან და შვილებთან ერთად.

 

 მიმაჩნია, რომ მოსამართლეთა დატვირთულობიდან გამომდინარე, თავისუფალი დროის სიმცირის პრობლემა არსებობს დღეს საქართველოში. ვფიქრობ, რომ ამ პრობლემის მოგვარება მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდით იქნება შესაძლებელი.

 

- რამდენად წარმატებულად მიგაჩნიათ სასამართლო რეფორმის ეს ნაწილი -  მაგისტრატი სასამართლოების არსებობა - და, პრაქტიკიდან გამომდინარე, რაიმე ცვლილების ან დახვეწის საჭიროებას ხომ არ ხედავთ?

 

- მთლიანად სასამართლო რეფორმა მიმაჩნია წარმატებულად, მათ შორის – მაგისტრატი სასამართლოების არსებობა. ვფიქრობ, რომ გაამართლა ამ პროექტმა - რა მიზნით  და რა ამოცანების გადასაწყვეტადაც შეიქმნა ეს ინსტიტუტი, სრულად განხორციელებულია. მთავარი ამოცანა იყო  მცირემნიშვნელოვანი დავების სწრაფად და გამარტივებულად განხილვა და გადაწყვეტა, რაც მიღწეულია. თითქმის  ყველა დავა ერთ პროცესში მთავრდება, რადგან განიხილება დაჩქარებული წესით, სწრაფად და მარტივად.

 

- ქალბატონო ციცინო, ჩვენი საუბრის დასასრულს, მინდა, მოსამართლეთა დანიშვნის ვადებზეც გკითხოთ. თქვენთვის ცნობილია, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ნორმა კონსტიტუციურად ამოქმედდა, თუმცა პარლამენტი აპირებს სამწლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას მოსამართლისთვის. როგორია თქვენი აზრი ამ საკითხზე?

 

- ვფიქრობ, რომ მოსამართლეებისათვის სამწლიანი ვადის დაწესება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს ეწინააღმდეგება. მით უფრო, იმ მოსამართლეების მიმართ, რომლებმაც 10 წელი იმუშავეს მოსამართლედ და არ ჩაუდენიათ სისხლის სამართლის დანაშაული და არ დაურღვევიათ ეთიკის ნორმები. სამწლიანი საგამოცდო ვადის დაწესება ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ სასამართლოს საქმიანობაში უხეში ჩარევა იქნება.

 

ზოგადად, საგამოცდო ვადის დაწესება შეიძლება, გამართლებული იყოს იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი პირველად შეუდგება პროფესიულ საქმიანობას, სანამ მას სრულყოფილად არა აქვს ჩამოყალიბებული პროფესიული უნარ-ჩვევები, მისი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში არ აქვს გამოყენებული. ამდენად, ჩემთვის გაუგებარია, რას ემსახურება სამწლიანი საგამოცდო ვადის დაწესება პრაქტიკოსი მოსამართლისათვის,  რომელმაც 10 წელი კეთილსინდისიერად იმუშავა. სავსებით შესაძლებელია, მოსამართლის განვლილი მოღვაწეობის ერთიანი შეფასებით მოხდეს მისი უვადოდ დანიშვნა. მოსამართლის საქმიანობის შემფასებელია თვით მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა სააპელაციო და საკასაციო გასაჩივრება გათვალისწინებულია კანონმდებლობით. სწორედ ზემდგომი სასამართლო ამოწმებს მოსამართლის გადაწყვეტილების ხარისხსა და დასაბუთებულობას, რომელიც მან მიიღო თავისი შინაგანი რწმენით, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ვფიქრობ, რომ მოსამართლეებზე მონიტორინგის დაწესება მოსამართლეთა საქმიანობას საფრთხეს შეუქმნის და მოსამართლე გადაწყვეტილების მიღების დროს იფიქრებს, მოეწონებათ თუ არა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მონიტორინგის ჩამტარებელ პირებს. მიმაჩნია, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა სასამართლოს დამოუკიდებლობის მთავარი გარანტი იქნება, რადგან ხელისუფლების ცვალებადობა არ უნდა ახდენდეს სასამართლოზე ზეგავლენას.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია